აქტიურ ტალღაზე
ფიზიკის უმარტივესი კანონი გვეუბნება - მოძრაობა მატერიის არსებობის საშუალებაა.
24 საათი 19.02.12
ფიზიკის უმარტივესი კანონი გვეუბნება - მოძრაობა მატერიის არსებობის საშუალებაა.
არ არსებობს მატერია მოძრაობის გარეშე. მას ცვლილებისკენ მივყავართ, რის გარეშეც განვითარება, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა.
რამდენიმე კვირის წინ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ახალი კოლექციები ვიხილეთ. გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი ტენდენცია, მათ შორის ის, რომ ოტ კუტიური აღარ არის "მკვდარი" ხელოვნება. აღარც 90-იანებისთვის დამახასიათებელი ფრაზა "მაღალი მოდა სიკვდილის პირასაა" არის აქტუალური. ოტ კუტიურმა სახე იცვალა, თუმცა სწორედ ამით შეძლო არსებობის გახანგრძლივება. დიზაინერების მთავარი მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ მაღალი მოდის სამოსის წარმოდგენა უკვე შეიძლება ჩვეულებრივი მოკვდავების სხეულზე, ჩვეულებრივ სიტუაციაში. გარდა ამისა, წელს განსაკუთრებით შესამჩნევია ის გარემოებაც, რომ ოტ კუტიური თავისი არსით უფრო და უფრო დინამიკური ხდება. მოდელებზე მორგებული ეს სამოსი აღარ იწვევს ეგვიპტური სტატიკური ხელოვნების ასოციაციას - მასში მოძრაობა, სიარული შესაძლებელი გახდა. დიზაინერებმა თითქოს გააცნობიერეს, რომ ძველი ეგვიპტის რწმენა, თითქოს არსებობა მარადიულია და ამის გამო უძრაობამდე მისული სიმშვიდე გამართლებული, არც ისე მართებულია, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც საქმე ოცდამეერთე საუკუნის მაღალ მოდას ეხება.
ხანდახან ხდება ისე, რომ ალექსის მაბიი შთამბეჭდავ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს ხოლმე. თუმცა, რასაც ის აკეთებს მაღალი მოდის კოლექციებში, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი და ხელოვნური, შესაძლოა მოძველებულიც კი იყოს (სპეციალურად არ ვწერ ძველმოდურს, რადგან აქ აქტუალურ ტენდენციაზე არაა საუბარი). მოძრაობა, ხომ პირველ რიგში, ახალი იდეების არსებობას უკავშირდება. "მოდას კულტურა სჭირდება, სხგვარად ის ცარიელი ხდება", - ამბობენ ვალენტინოში. ამას ეთანხმება მაქსიმ სიმოენსიც (Maxime Simoens). მისთვის შთაგონების წყარო არგენტინელი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმი "შესვლა სიცარიელეში" იქცა. ნოეს შემოქმედებასა და მის კოლექციას შორის განსაკუთრებული კავშირი, შესაძლოა, ვერც დავინახოთ, მაგრამ მოზაიკისა და ფუტურიზმის თემა ამ სამოსს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. აქ არ არის მინიშნება სპორტზე, მაგრამ პოდიუმზე მოდელები იმდენად მოხერხებულად მოძრაობენ, უნებურად გვიჩნდება უცნაური აზრი - ასე ჩაცმულებს ხომ სირბილი და იოგაში ვარჯიშიც კი შეგვიძლია. ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ბოლოსდაბოლოს, ოტ კუტიურში "უძრაობის" ხანის დასასრული ვიხილეთ.
ეს ალბათ არ არის მოულოდნელი. ხელოვნების პრინციპები ცხოვრების სტილთან ერთად იცვლება, ესე იგი, მოდაც. ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე კი აქტიური ცხოვრების წესი ლამის იდე ფიქსად იქცა. აქედან გამომდინარე, მოძრაობისთვის მოუხერხებელი რთული სამოსიც კომფორტმა ჩაანაცვლა. მარტო ეს ფაქტი რად ღირს - ალ კაპონეს ხანაში, როდესაც პოლიცია არალეგალური წვეულებების ხშირი სტუმარი იყო, ქალებმა კოჭებამდე სამოსს პატარა შავი კაბა ამჯობინეს, ერთი უბრალო მიზეზის გამო - მასში სირბილი ხომ გაცილებით იოლი იყო.
როდესაც ამ სტატიაზე მუშაობა დავიწყე, უნებურად გამახსენდა გასულ გაზაფხულზე დაწერილი წერილი, რომელიც მოდაში სპორტული სტილის აქტუალურობას ეხებოდა (სტატიასაც ასე ერქვა მგონი, "სპორტული აზარტით"). ეს აზარტი დიზაინერებს ჯერაც არ განელებიათ. ამ გაზაფხულზე ერთ-ერთი უმთავრესი ტენდენცია კვლავაც ეს sporty სილუეტებია, სამოსი, რომელიც აქტიური მოძრაობისთვის იქმნება. ეს სტილი დომინირებდა 2012 წლის უკვე თითქმის გასული ზამთრის კოლექციებშიც. წლევანდელ საკურორტო მოდაში ალექსანდრ ვენგი შთამბეჭდავ კოლექციას წარმოგვიდგენს - ჟაკეტებს ელვაშესაკრავით, სპორტულ ფეხსაცმელს, დაივინგის თემას... თავისი სამოსით ვენგი თითქოს ამბობს: ცხოვრება მარათონია, რომელშიც ფინიშამდე მისვლა მხოლოდ გამუდმებული მოძრაობის შედეგად არის შესაძლებელი.
ასევე ის, რაც Band of Outsiders-მა გასულ სეზონზე გააკეთა, ძალიან შთამბეჭდავია. მან მოახერხა ბოჰემური, სპორტული და ფრეფი სტილის გაერთიანება ისე, რომ იდეის კომპლექსურობა ერთი წუთით არ არის ესთეტიკურად რთულად აღსაქმელი, ამასთან, ეს მოჰიპო სილუეტები კიდევ უფრო მეტ ენერგიულობას მოიაზრებენ, ვიდრე, ვთქვათ, მადონას ჩაცმულობა 80-იანებში. საერთოდ კი, თანამედროვე სპორტული სტილი უფრო მინიმალისტური და სადაა. ამის დადასტურება კი კენზოს, ბოტეგა ვენეტას, სტელა მაკარტნის, ნიკოლ მილერის, ვიქტორია ბექჰემის და სხვა უამრავი მოდის სახლისა და დიზაინერების შემოქმედებაა.
თუმცა აღმოჩნდა, რომ სპორტის თემა პირდაპირ ოტ კუტიურშიც შეიძლება იყოს გამოყენებული. იდეა შესაძლოა, არასტანდარტულია, მაგრამ Maison Martin Margiela-ც სწორედ მათი მატერიალიზებისთვის არსებობს. გასული შემოდგომის პარიზის მოდის კვირეულზე მარჟიელამ სპორტული ქურთუკები შიფონის კაბებთან ერთად წარმოადგინა. ამით მან ხმამაღლა განაცხადა იმის შესახებ, რომ სპორტული სამოსიც ისეთივე ოტ კუტიურია, როგორც დახვეწილი, პომპეზური კაბა, რომელიც მაღალი მოდის ტრადიციულ სახედაა ქცეული.
მოდა შეიცვალა არომატების სამყაროშიც. სამოსის ახალმა ფორმებმა ასევე ახალი, სპორტული არომატი მოიტანა. როგორც წესი, ის ფორთოხლის, გრაიპფრუტისა და სხვა ციტრუსების, ასევე ბერგამოტისა და ილის ნოტებითაა მდიდარი და ენერგიული, მასტიმულირებელი ხასიათით გამოირჩევა. საუკეთესო არჩევანი ახალი პარფიუმებიდან იქნება ქალისთვის Burberry Sport Ice For Women და მამაკაცებისთვის Dior Homme Sport, ასევე Gucci Sport Pour Homme.
თანამედროვე სპორტული სტილი მრავალსახოვანია - ხან აქტიური ქმედებისკენ გვიბიძგებს, ხანაც თავისი ფორმით რელაქსაციისთვის განგვაწყობს. ეს თითოეული დიზაინერის ფანტაზიასა და ალბათ, წელიწადის სეზონზეცაა დამოკიდებული. შესაბამისად, აქტუალური სპორტული სტილის მორგება ისეთი ენერგიული მუსიკის ფონზე შეგვიძლია დავიწყოთ, როგორც Does It Offend You Yeah - Wrestler-ია და მარტინა ტოპლი-ბერდის I Still Feel-ის მსგავსი კომპოზიციით დავასრულოთ. Nike Training Club App for iPhone კი სპორტის ჭეშმარიტ მოყვარულებს კიდევ უფრო აქტიური მოძრაობისკენ უბიძგებს. ერთადერთი, რაც ამ პრაქტიკული აპლიკაციის ინსტალაციის შემდეგ იქნება საჭირო, საკუთარი თავის აქტიურ ტალღაზე მომართვა და ფიზიკის ერთი მარტივი კანონის გახსენებაა.