RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ერთ კოშკში ჩატეული ხევსურეთი

ხევსურეთში, მწვერვალ საყველიასგორის მისადგომებთან მოლაშქრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთამსვლელები ერთ ამერიკელს გადავეყარეთ.

24 საათი 24.10.09

ხევსურეთში, მწვერვალ საყველიასგორის მისადგომებთან მოლაშქრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთამსვლელები ერთ ამერიკელს გადავეყარეთ.

ამ 72 წლის კაცს ზურგჩანთა წამოეკიდებინა და აქაურ ხევ-ხუვებში, სოფლებსა თუ ნასოფლარებში, ალპურ ზონაში შორი-შორ მერცხლის ბუდესავით რომ იყო აკრული, მარტოდმარტო დადიოდა.

ჯონი ერქვა. . .

ახალგაზრდობაში ბიატლონით ყოფილა გატაცებული. მერე ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში მეკლდეურობის ინსტრუქტორად უმუშავია, ათი წლით თურქეთშიც გადაბარგებულა და იქაურებს ინგლისურის მასწავლებლად მოვლენია; ყაზახეთში ბავშვებს თხილამურებით სრიალის ათვისებაში დახმარებია...

ახლა ეს ჩვენი ჯონი ხევსურეთშია, ოღონდ აქ არავის არაფერს ასწავლის, თავად ეცნობა აქაურ ბუნებას.

- ერთ მშვენიერ დღეს ჩემი კანადელი მეგობარი შემხვდა. მითხრა, მთელს მსოფლიოში რომ დადიხარ, ყველაფერი გვერდზე გადადე, ჩადი საქართველოში და ხევსურეთიც მოინახულე. უკეთეს ვერაფერს ნახავო. თავად უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში წეილიწადში ორჯერ მარტოდმარტო ჩამოდის, აქაური მთების სილამაზით და მთიელებით აღფრთოვანებულია. ჰოდა, მეც ყურად ვიღე მისი რჩევა. მასავით სამთო ველოსიპედი აქ ჩამოვიტანე, შემოვახტი და ხევსურეთში ამოვედი. ახლა ველოსიპედი ქვემოთ, კორშაში დავტოვე, თავად კი აქ ამოვედი. კორშიდან ყოველდღე გამოვდივარ და მთებში დავდივარ, რა სილამაზეა, რა ფერები და მშვენიერება. აქედან თოვლის მოსვლამდე ფეხს არ მოვიცვლი, - გვითხრა ჯონიმ, ჩვენ კი იმ მშვენიერებასთან ერთად მდინარე ჩირდილის სათავეებისკენ, ხეობის ორთავ მხარეს სოფლებსა თუ ნასოფლარებს ზემოთ ხევხუვებში ერთმა ისტორიულმა ფურცელმაც აგვიყვანა.

ეს ფურცელი 1922 წლის ხევსურეთის აჯანყებას უკავშირდება.

მაშინ, 1922 წლის ზაფხულში, როგორც საქართველოს ეროვნული არმიის პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი წერს, ხევსურებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილს შემოუთვალეს: " რუსების სიმხეცეს ვეღარ ვიტანთ, - წაბილწეს სოფლები, დაანგრიეს ოჯახები. გაგვიძეხ და მტერს შევუტიოთ! " - ო.

- ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხევსურ აჯანყებულებს მართლაც სათავეში ჩაუდგა, - გვიამბობენ სოფელ უკანახოში შემორჩენილი ერთადერთი ოჯახის წევრები, რომლებიც აქ ზაფხულობით თუ ამოდიან. - რუსებმა ხევსურებს რამდენიმე ასეული ჯარისკაცი არაგვის ხეობიდან, გუდამაყრიდან და ხევიდან, სოფელ ჯუთას მხრიდან შემოუსიეს. დიდი ბრძოლები აი იქ გაიმართა, ხეობის ბოლოში, სადაც აქა იქ თოვლის ენები მოსჩანს. რუსებმა ზარბაზნები გამოიყენეს და მათ მოღალატე ქართველებიც მეთაურობდნენ, მაგრამ ქაქუცა მტერს მაგრად დაუდგა და მომხვდური ძალზე აზარალა. რუსებმა მცხეთისკენ დაიხიეს, ქაქუცამ კი მებრძოლთა სიმცირის გამო მათ ბოლომდე არ მისდია და ისევ აქ გამაგრდა. დამხმარე ძალებით გაძლიერებულმა რუსებმა მეორე შეტევისას ქაქუცას რაზმი ალყაში მოაქციეს, მაგრამ ჩოლოყაშვილის გუნდმა რკალი ბრძოლით გაარღვია და კახეთში გადავიდა...

ხევსურეთს, რომელსაც "არასოდეს არ უტარებია ბატონყმობის მძიმე უღელი და მოუდრეკელი თავისუფალი სული მოიტანა მეცხრამეტე საუკუნემდე", წითელარმიელებმა მაინც გადაუარეს. ზარბაზნებით დაბომბეს ხევსურთა სახლ-კარი, გადაწვეს სოფლები, სალოცავები და იქაურობა ააოხრეს.

ამ ყოველივეზე მოგვითხრობენ აქაურები და ის ექსპონატებიც, რომლებიც კორშაში შოთა არაბულის კერძო მუზეუმშია დაცული. ამ მუზეუმში ექსპონირებულ ერთ-ერთ ფოტოზე ვხედავთ იარაღასხმულ, ჯაჭვპერანგიან ხევსურ მეომართა რაზმს, რომელიც ბედის ირონიით 1904 - 05 წლების რუსეთ - იაპონიის ომში იბრძოდა და სამურაებს სძლია.

ხევსურ მეომართა მამაცობის დასტურად ამავე ფოტოს ამშვენებს ამონაწერი "ქართლის ცხოვრებიდანაც": "ერეკლე პირადად გაექანა რამდენიმე ჩინებულითა და შინაყმით თვისითა და შვიდითა ხევსურითა, განჰწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად, ვიდრე სიკვდილამდე იყვნენ ყოველნი მეფესა თანა მყოფნი ქართველ - კახნი მხნედ და უმეტეს შვიდნი იგი ხევსურნი... "

ხევსურ მეომართა საბრძოლო აღჭურვილობა შოთა არაბულის მუზეუმის ერთერთი მშვენებაა და მათზე თანდართული ტექსტი არაერთ საინტერესო ცნობას გვაწვდის.

გავიხსენოთ თუნდაც ხევსურული ფარი და მისი წარწერა:

"ფარმა, რომელიც ძველ ბერძნულ წყაროებშია აღწერილი, უცვლელი ფორმით დღემდე მოაღწია ხევსურეთში. იგი რამდენიმე ფენა რკინის ნაჭრისგან შედგება და მცირე ზომისაა, რათა ადამიანი მუდმივად მზადყოფნაში იყოს. ფარს შავად ღებავენ, რომ ღამით მთავრის შუქშე არ აპრიალებულიყო. ფარის ფორმა - წრე მზეს წარმოადგენს, რომბი - მიწას. ფარი ღირდა 5 გირვანქა ერბო " .

ფარი უხმლოდ რა ბედენაა და შოთა არაბულის მუზეუმში ამ იარაღის კოლექციასაც ნახავთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი მინაწერით:

"ხევსურული ხმალი წარმოადგენდა ქალდიმის ტიპის სწორ ხმალს. ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ვადაჯვრიანი "ფრანგულა" ხმლები. ისინი ადგილზე იჭედებოდა და ძლიერ წააგავდა ევროპულ ხმლის პირებს (სწორი, სამღარიანი და მოკლე ხაშარიანი) ... ფრანგულს ყუის მხარეს გაჰყვება წერტილები და ფრჩხილები. იყო აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან შემოტანილი ხმლის პირებიც, მათ შორის იტალიელი ოსტატების ანდრეა პიერ და დავით ფერარების ხმლები"...

თავის დროზე ხევსურეთში დაცული ხმლების ასეთ კოლექციას გაუოცებია გრიგოლ რობაქიძე, რომელიც აღტაცებული წერდა: " მე ვიწყე სინჯვა ხრმლებისა და გავვოცდი: მათზე ლათინურ წარწერიანი დავინახე. ერთზე ეწერა A.M.D. იყო აქ "Ave Mater Die?" მეორეზე "Genova". როგორ გაჩნდნენ ეს ხრმლები ხევსურეთში. დონ-კიხოტს - როცა ბრძანა ლომის გალია გაეღოთ, ხრმალი მგლის ნიშნით არ აღმოაჩნდაო. მე კი აქ, ქვეყანას მოწყვეტილ ხევსურეთში, მეჭირა ასეთი ხრმალი".

ამ მუზეუმში სხვაც არაერთი უნიკალური ნივთია. როგორც შოთა არაბულმა გვითხრა, აქ, ხევში შემთხვევით უპოვიათ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დამზადებული უნიკალური ბრინჯაოს კოლხური ცული და სამაჯურები, რომლებიც ახლა მის მუზეუმს ამშვენებს.

რა თქმა უნდა, მუზეუმს მრავლად ამშვენებს ხევსურული ტალავარის (ტანისამოსი) ნიმუშები, რომელიც "გამოირჩევა თავისი არქაულობითა და ორიგინალობით (მასალა, აჭრილობა, ქარგულობა). ჩაცმულობის ამ კომპლექსს კავკასიის მასშტაბით ანალოგი არ მოეძებნება. იგი გამოიყოფა, როგორც ყველაზე მდიდრულად გაფორმებული ტანსაცმელი. ხევსურული პერანგის კვარტისებური თარგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველესი ხანის ქალდეველებში, ურარტელებში, ხეთებში, ასირიელებში, ბაბილონელებში" ...

ამ მუზეუმში ნახავთ, საინტერესო მუსიკალურ საკრავებსაც, უნიკალურ შრომის იარაღებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს თუ სამედიცინო ინსტრუმენტებს. ამ ხალხურ სამედიცინო იარაღთაგან ერთ კოლექციას სოფელ ჩხუბადან ალაქანათ ხთისოს ოჯახიდან დაუდევს აქ ბინა; არის სხვათა სამედიცინო ინსტრუმენტებიც, რომელთა პატრონებიც მთელს ხევსურეთში და მის მიღმაც განთქმული დასტაქრები იყვნენ. ამის თაობაზე წერდნენ ქართული ხალხური მედიცინის მკვლევარნი და ამაზე მოგვითხრობენ საარქივო მასალები; ხევსურ დასტაქართა ცოდნას და ოსტატობას აღიარებენ თანამედროვე ცნობილი მედიკოსები, განსაკუთრებით აქებენ მგელიკა ლიქოკელს, რომელსაც 440 ოპერაცია გაუკეთებია, მათ შორის გულ-მკერდში ტყვიით დაჭრილიც ბევრი განუკურნავს, ძვლის ტუბერკულიოზით დაავადებულისთვის შვიდი ნეკნი ამოუჭრია და თავის ტრეპანაციაც არაერთხელ მარტოს ჩაუტარებია, ყველა ეს ოპერაცია კი ლამის 100 პროცენტი კეთილად დასრულებულა.

მარჯვენას ძალზე უქებდნენ ასევე ოჩიაურსაც, რომელსაც 350 დაჭრილისთვის ოპერაცია ჩაუტარებია, მათ შორის 150-მდე თავის ქალის ტრეპანაცია.

შორს იყო გავარდნილი ბეწინა არაბულის, გიგია ლიქოკელის, გუგა და ბაძია ჭინჭარაულების, მაისტელ წიკლაურის აქიმობის ამბები...

კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს შოთა არაბულის მუზეუმი, არადა სულ რამდენიმე წლის წინათ მთელი ხევსურეთი მართლაც ცოცხალი ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო, ახლა კი იქ, ზემოთ დარჩენილი ნასოფლარების ცქერით " ჯაჭვად გადაბმულთ, მხარ-ბეჭ მიყრდნობით" ჩარიგებულ ჭაუხებს გული ჭმუნვით შეპყრობიათ.

ჩვენც გული ჭმუნვით გვევსება, როცა ზოგჯერ ხუვსურეთიდან შეჭირვებული ადამიანების მიერ ჩამოტანილ ძველ სამუზეუმო ხალიჩებს, ხმალ-ხანჯალს, სპილენძის ჭურჭელს თუ სხვა ნივთებს თბილისში, მშრალ ხიდზე გასაყიდად გამოტანილს ვხედავთ. უფრო სამწუხაროა, როცა მათ უცხოელები ეპატრონებიან. და რომ არა შოთა არაბული, ალბათ მისი მუზეუმის ექსპონატებიც მშრალ ხიდზე მოხვდებოდნენ.

ხევსურეთში მუზეუმის დაარსების იდეა პირველად 1984-85 წლებში კობა და ავთანდილ არაბულებმა წამოაყენეს, როცა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" პრობლემური წერილების სერია - "მყივანა წისქვილები" გამოაქვეყნეს და წიგნადაც გამოსცეს, - გვიამბობს შოთა არაბული. - " ხევსურეთში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ამ მუზეუმში ისე უნდა მიიტანონ ხევსურებმა ცივილიზებულ ბარბაროსობას გადარჩენილი ნივთები, როგორც უწინ ხატებში მიჰქონდათ შესაწირი საგნები"-ო, წერდნენ მაშინ არაბულები და ეს საკითხი მთავრობაშიც დააყენეს.

ამგვარად გუდანში, ერთი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე მუზეუმი გაიხსნა, პირველზე კი მაღაზია იყო. მერე ორივე დაიხურა, მუზეუმის ექსპონატები კი შევინახე. მას მერე საკუთარი მუზეუმის დაარსებაზე ვფიქრობდი, ბოლოს ჩემი პროექტით, საკუთარი ხარჯებით და ჩემივე მეგობრის სანდრო შანიძის ფინანსური დახმარებით ამ ხუთიოდე წლის წინათ ეს ხევსურული კოშკი ავაგე და მუზეუმიც მოვაწყვე. ახლა აქ იმ ძველ მუზეუმში დაცული, სახელმწიფო ხარჯებით შეძენილი 84 ექსპონატია თავმოყრილი, არის ნაჩუქარი ექსპონატებიც, ხოლო კოლექციის 70 პროცენტამდე ჩემი პირადი ნივთებია.

ეს ყველაფერი შოთა არაბულს თავისივე კოხტა ხევსურულ კოშკში საქმის ცოდნით და გემოვნებით განუთავსებია. არცაა გასაკვირი, რადგან შოთა არაბული მხატვარია - თბილისის სამხატვრო აკადემია 1984 წელს გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობით დაამთავრა. აქტიურად მონაწილეობდა ერთ დროს თბილისში მეტად პოპულარულ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში. მისი ნამუშევრები თბილისის გარდა ექსპონირებული იყო მოსკოვში, ბაქოში...

ახლა შოთა არაბულის ფერწერას ნახავთ მისსავე მუზეუმის შესასვლელში, რომელშიც ხევსურეთისა და ხევსურების სიყვარული, მისი პატრიოტიზმი ძალუმად იგრძნობა. ამ სიყვარულმა შოთა არაბულს კალამიც ხელში ააღებინა და დააწერინა ნარკვევები ხევსურთა ზეპირსიტყვიერებაზე, ხალხურ მთქმელებზე, ფოლკლორზე... დაიწყო წერა ხუთტომეულისა, "ჩემი ხევსურეთი," რომლის ორი წიგნი - "ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა" და "ნარჩევი ხევსურები" უკვე დასტამბა.

თავადაც ნარჩევი ხევსურია, რაკიღა სხვა ნარჩევ ხევსურებს, მთელ ხევსურეთს, მის ისტორიას, კულტურას ასე უვლის და უფრთხილდება...

ავთანდილ გურასაშვილი

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი