აკრძალვების უგულვებელყოფის შემდეგ ჟურნალისტები ქვეყნიდან გარბიან
ტორონტო. რეფორმისტი კანდიდატის მირ ჰუსეინ მუსავის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ეშან მალექმა მთელი ირანი მოიარა.
24 საათი 20.10.09
ტორონტო. რეფორმისტი კანდიდატის მირ ჰუსეინ მუსავის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ეშან მალექმა მთელი ირანი მოიარა.
ორი თვე დადიოდა იგი ზურგზე ტომრით, რომელშიც ფოტოაპარატები, ცოტაოდენი ტანსაცმელი და ლეპტოპი ედო და მიმდინარე მოვლენებს ფირზე აღბეჭდავდა. რა იცოდა, რომ სულ მალე ამ ნივთების ამარა დარჩებოდა, ან ქვეყნიდან ცხვრის ფარის დახმარებით მოუწევდა გაპარვა.
29 წლის მალექი ერთი იმ ათეულობით ფოტორეპორტიორთა და ბლოგერთაგანია, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული დაპირისპირებების შემდეგ ან უკვე დატოვეს ქვეყანა, ან გაქცევას ლამობენ. პარიზში დაფუძნებული ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე," რომელიც პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ამბობს, რომ ირანიდან გამოქცეულ ჟურნალისტთა რიცხვმა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდგომ წლებში იმატა.
ქვეყნიდან მასობრივი გაქცევის ეს ტალღა არჩევნების შედეგების პროტესტანტთა მიმართ მთავრობის მხრიდან ძალადობრივი ზეწოლის გაშუქების მცდელობისათვის, ჟურნალისტთა დევნის შიშმა გამოიწვია. როცა თეირანში სისხლიანი დაპირისპირებები დაიწყო, უცხოელი ჟურნალისტები საერთოდ არ დაუშვეს, ადგილობრივი რეპორტიორები და ოპერატორები კი, გააფრთხილეს, რომ სახლებიდან არ გამოსულიყვნენ. ირანელი ჟურნალისტების ნაწილმა ეს ბრძანება უგულვებელყო; ისინი ინფორმაციას ტელეფონითა და ინტერნეტით, აგრეთვე ფოტოსააგენტოებისადმი კადრების მიწოდების გზით ავრცელებდნენ; ახლა კი მათი თქმით, ამის საზღაურს იხდიან.
თეირანში ასობით ჟურნალისტი დააკავეს და ციხეში მოათავსეს. ბევრი მათგანი მთავრობის მიერ აღძრულ მასობრივ სასამართლო პროცესებში იცავს თავს. ერთ-ერთი ჟურნალისტის, აჰმად სეიდაბადის მეუღლე ამტკიცებს, რომ მის ქმარს ციხეში აწამებდნენ.
ქვეყნის მთავრობამ ბოლო სამი თვის განმავლობაში არანაკლებ ექვსი გაზეთი დახურა და მედია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. საინფორმაციო სააგენტო “ფარსი" იტყობინება, რომ პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა მედიას “ძირითადი იარაღი უწოდა"; “იგი ბირთვულზე უარესი იარაღია დასავლეთის ქვეყნების ხელში." ირანის თითქმის ყველა სინფორმაციო სააგენტოს, მათ შორის “ფარსსაც," მთავრობა აკონტროლებს.
20 ივნისს ბ-ნი მალექი გასამხედროებული ფორმირების, “ბასიჯის" მიერ საპროტესტო აქციების ათობით მონაწილის დევნის პროცესს აშუქებდა. სამხედროები საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და სანამ ბ-ნი მალექის ბინის კარს ჩაამტვრევდნენ და დააპატიმრებდნენ, მან ფოტოაპარატის დამალვა მოასწრო. მალექს ასობით სხვა მოქალაქესთან ერთად ერთდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოფიციალურმა პირებმა მისი პროფესია ვერ გამოიცნეს, რადგან მას ფოტოაპარატი ვერ უპოვეს, მაგრამ მისი პირადობის ნომერი ჩაიწერეს.
ბ-ნი მალექი სახლში აღარ დაბრუნდა. რამდენიმე დღეში მეზობელმა შეატყობინა, რომ მისი ბინა გაიჩხრიკა. “აღმოაჩინეს რომ ფოტოკადრებს საერთაშორისო ფოტოსააგეტო “სიპას" ვუგზავნიდი".
იგი გვიამბობს, რომ ყოველ ღამე სხვადასხვა ადგილას ეძინა, მოვლენების გაშუქებას კი, კვლავინდებურად აგრძელებდა, თუმცა ბოლოს განსაჯა, რომ ქვეყანაში დარჩენა მეტად სარისკო იყო და 150 დოლარი გადაუხადა კონტრაბანდისტს, რომელმაც თურქეთისა და ერაყის საზღვართან მდებარე ქენერიაში გადაიყვანა. ქურთი მეგზურის თანხლებით იგი ცხვრის დიდ ფარასთან ერთად ნახევარი საათის განმავლობაში მიფორთხავდა, სანამ ირანის საზღვარს არ გასცდნენ და დამრეც კლდეს არ მიადგნენ.
“კლდიდან ჩამოცოცებას შვიდი საათი მოვანდომეთ, სანამ ჩრდილოეთ ერაყის ერთ შარაგზაზე არ გამოვედით," - გვიამბო მან ერაყიდან სატელეფონო საუბრისას. უსაფრთხოების მიზნით მან არ გაგვიმხილა, რომელ ქალაქში იმყოფებოდა. ქვეყნიდან დევნილი ჟურნალისტები სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობენ და არა საკუთრივ ოპოზიციურად განწყობილ სააგენტოებთან.
სააგენტო “ფარსის" თანამშრომელი, ფოტოგრაფი რეზა მოგჰიმი ამბობს, რომ საპროტესტო აქციების დროს ემოციურად დაიხარჯა.
“საპროტესტო აქციების მონაწილეები ჩემსავით ახალგაზრდები იყვნენ," - გვითხრა თურქეთში მყოფმა 24 წლის მოგჰიმმა სატელეფონო საუბრისას. “გულგრილი ვერ დავრჩებოდი. მწამს, რომ მოვალე ვიყავი, ყველაფერი ფირზე აღმებეჭდა და ამ ხალხის ხმა მსოფლიოსთვის მიმეწვდინა."
“ფარსის" ხელმძღვანელმა ყველა სააგენტოს ფოტორეპორტიორის მიმართ მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა: “შევიტყეთ, რომ ჩვენი ორი ფოტოგრაფი საიდუმლოდ იღებდა სურათებს და უცხოურ მედიას უგზავნიდა," - თქვა ხელმძღვანელმა. “როგორც კი ამის შესახებ მეტ ინფორმაციას მივიღებთ, მზად ვართ დავუპირისპირდეთ მათ."
ბ-ნი მოგჰიმი მეორე დღეს პირველსავე თვითმფინავში ჩაჯდა და თურქეთს თავშესაფარი სთხოვა.