ჩვენ ვარღვევთ საზღვრებს...
თანამედროვე მოდას მალე მობეზრდება გლობალიზაცია
24 საათი 26.12.10
თანამედროვე მოდას მალე მობეზრდება გლობალიზაცია
"მე მიყვარს თანამედროვე სამოსის შექმნა, ისეთის, რომელიც ადამიანებს განსაკუთრებულობის შეგრძნებას აძლევს, როცა იგრძნობა დამოკიდებულება სამოსსა და სხეულს შორის... თუ ჩემი გაგება გსურთ, ჩემს ნამუშევრებს შეხედეთ." - ასე ხსნის დიზაინერი დემნა გვასალია მოდელირების მისეულ ხედვას, რომელსაც Maison Martin Margiela მოდის ატელიეში კოლექციებზე მუშაობისას ტოვებს.
პარიზამდე მაღალ მოდაში ანტვერპენის გრანდ ავანგარდისტებზე გავლით მოვიდა... დიდ პოდიუმზე დემნას სადებიუტო კოლექცია მამაკაცებისთვის, რომელიც დეკონსტრუქტივიზმის თარგებზე შეიკერა, იყო ექსპერიმენტული და ფუტურისტული შტრიხებით, სადაც ხაზი გაესვა დიზაინერის ინდივიდუალურ ხელწერას. ამ ნამუშევარზე, სადაც "დევს" ბევრი ხმაური ანტვერპენის ქუჩებიდან, ავტორისგან კი ენერგია, "უმი" იმპულსები და კიდევ უფრო მეტი რომანტიზმი, მოდის კრიტიკოსებმა დაწერეს: "დაიმახსოვრეთ ეს ჩვენება! ეს არის სიყვარულის მანიფესტი, ერთგვარი ოდა ანტვერპენზე... ეს არის ნამდვილად ავანგარდული მოდა თავისი ექსცენტრიულობით, მეტიც მამაკაცის ტანსაცმლის მიმართ ახალი ხედვა, რომელიც იშვიათად მიიღებს ძირეულ ცვლილებებს გვასალიას სტილში..."
ექსპერიმენტული კოსტიუმი ამ კოლექციიდან რისკიანი ხელოვანის შინაგან თუ აზროვნების თავისუფლებასთან იდენტურია, აქვე საინტერესოა ის, თუ როგორ თამამად "დგას", ან როგორ "იქცევა" სამოსი მოძრაობისას, ანუ როგორ მოქმედებს ადამიანის სილუეტზე, პლასტიკაზე, თუნდაც, როგორ მოქმედებს ასეთი ვიზუალური იმიჯი "განწყობის თეორიაზე"... გრძნობით, უფრო კი ინტუიციით "აზროვნებამ" ახალგაზრდა დიზაინერს პატარა ქვეყნიდან მოუტანა Christine Mathijs პრიზი მამაკაცის ყველაზე შთამბეჭდავი კოლექციისთვის, გრანპრი წლის საუკეთესო მამაკაცის კოლექციისთვის ITS THREE-ს ტრიესტეს საერთაშორისო მოდის ფესტივალზე, Weekend Le Vif-ს მოდის ფესტივალის ფინალისტობა, ჯილდო Coccodrillo Prize ფეხსაცმლის საუკეთესო დიზაინისთვის, IFF-ის პარფიუმერული პროექტის მთავარი პრიზი... "ტანსაცმელთან დიალოგში" ასეთი ბეგრაუნდით დემნამ მაღალი მოდის იდუმალ Maison Martin Margiela-ს ფილოსოფიაში შეაბიჯა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს დაუჯერებელი წარმატებაა და მისი ამბიციური კარიერა პარიზს უკავშირდება. პარიზში, სადაც დეფილეებზე მუდმივი ფიქრი კიდევ სხვანაირად მართავს "ტვინებს", მიიღო ინტელექტის "კრისტალიზაცია" და შეიცნო მეორე "მე".
- ევროპის ერთ-ერთ უძველეს ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემიაში, რომლის კურსდამთავრებულებმაც Walter Van Beirendonck, Ann Demeulemeester, Dries van Noten, Dirk Van Saene, Dirk Bikkembergs, Marina Yee 80-იანი წლების ბოლოს ლონდონის მოდის კვირეულზე გატანილი კოლექციით ფურორი, "გადატრიალება" მოახდინეს მსოფლიო მოდაში, თქვენ გასწავლიდათ ავანგარდული მოდის ეს ბელგიური ჯგუფი, რომელსაც მსოფლიომ დაარქვა Antwerp Six. როგორ შეიცვალა თქვენი აზროვნების სტილი და კრეატივი მაღალი მოდის ამ უდიდეს ავანგარდისტებთან სწავლის პერიოდში? რომელს გამოყოფდით, ან რას გაიხსენებთ ამ ურთიერთობებიდან? რაზე აკეთებდნენ ისინი სწავლის პერიოდში აქცენტებს?
- ანტვერპენის აკადემია სტუდენტებს აძლევს წარსულის მემკვიდრეობიდან იმის მძაფრ, კიდევ უფრო ძლიერ შეგრძნებებს, რაც "ანტვერპენის ექვსეულმა" წარმატებით დატოვა. Walter Van Beirendrnck, Linda Lopperma და კიდევ სხვა მასწავლებლებმა, რომლებიც არიან 80-იანი წლების მოდის მოძრაობიდან, გვასწავლეს თუ როგორ უნდა გვეაზროვნა შემოქმედებითად. მე პირადად გავიცანი "ანტვერპენის ექვსეული", მათგან მივიღე ის შთაბეჭდილებები, რაც აქამდე მომყვება, მამოძრავებს, თუმცა მივაგენი მოდაში დიზაინის ჩემეულ გაგებასაც, ხედვას, რაც ჩემთვის კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა აკადემიის დამთავრების მერე, როცა რეალობაში "შევეჯახე" მოდას, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრი აღმოჩნდა, ვიდრე ანტვერპენის აკადემიაში სწავლა, სადაც აქცენტი მიმართულია კრეატივზე, დიზაინში საზღვრების გახსნაზე... და ეს იყო გამოწვევა მოდის "გიჟურ" რეალობაში, რადგან აქ ითხოვენ ინოვაციას, ინდივიდუალურ სტილს, ტანსაცმლისადმი განსხვავებულ მიდგომას.
- დემნა, თქვენ ცხოვრობთ პარიზში და უკვე მესამე წელია აკეთებთ გენიოს Maison Martin Margiela-ს მოდის ატელიეს კოლექციების დიზაინს. ეს არის თქვენთვის უკვე იმიჯი, ცალკე ამბიცია, ძალა და კიდევ, ინსპირაცია? როგორ მოხვდით Maison Martin Margiela-ს მოდის სახლში, რომელიც მაღალი მოდის ავანგარდშია და მისი ტენდენციები მსოფლიო მოდაზე ვრცელდება?
- ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში როცა MMM-თან ვიყავი დაკავშირებული, მამაკაცის ტანსაცმლის ხაზით დავინტერესდი. აკადემიის დამთავრების მერე, გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ორი კოლექცია ქალებისთვის, რომელიც ვაჩვენე პარიზში და ამის შემდეგ შემომთავაზეს გავმხდარიყავი Maison Martin Margelia-ს გუნდის წევრი, რაც ჩემთვის ექსტრაორდინალური გამოცდილება იქნებოდა ამ უნიკალური მოდის ავანგარდში, სადაც გუნდური ერთსულოვნებით ჩვენ ვარღვევთ კრეატიულ საზღვრებს, არსებობს ძლიერი შემოქმედებითი იმპულსები... ეს არის "სამუშაო" კლასიკური გაგებით, რაც ჩემთვის სიამოვნებაა, ახალი სივრცეების აღმოჩენა, იმის გაანალიზება, რომ მოდა არის არამხოლოდ კომერციული, არამედ ხელოვნებამდე აყვანილი შემოქმედება.
- Maison Martin Margiela-ს 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ავტორი ხართ, როგორია ამ კოლექციის ესთეტიკაში თქვენი ხედვა, კონცეფცია, სტილი, ხაზი, კრეატიული მესიჯები, ან რა იყო თქვენთვის ინსპირაცია? რომელი ქსოვილების ჰიბრიდზე გააკეთეთ აქცენტი და რომელი ფერია ამ კოლექციის დრამატურგიის დომინანტი? ფერები აქაც ისევე, როგორ თქვენს სადიპლომო ნამუშევარში, სიმბოლურია და შინაარსიანი?
- 2010 წლის ზამთრის კოლექცია აღებული იყო მამაკაცის გარდერობიდან და გადავიდა თავისი სტილით ქალზე. ჩვენ არ ვქმნით კოლექციებს მხოლოდ ინსპირაციაზე, ან ერთი თემის გარშემო. ის, რაც ყოველ დღე ჩვენს ირგვლივ ხდება, დიზაინის შექმნაში გვეხმარება, ჩვენს ხედვას, გემოვნებას აყალიბებს... ეს კოლექცია იყო მამაკაცის კლასიკური ჩაცმულობის მორგება ქალბატონების ტანზე 360 გრადუსში, ოღონდ სილუეტი და პროპორციები რა თქმა უნდა, შეიცვალა ისევე, როგორც მოდელის ფორმები და ტექსტურა. კოლექცია აგებულია ფერების ინსპირაციაზეც, აქ მამაკაცის გარდერობის კლასიკურ ფერთან კონტრასტში გამოყენებული წითელი.
- შეიძლება, რომ Maison Martin Margiela-ს მოდის ატელიეს სამზარეულოში შეგვახედოთ, როგორია ყოველდღიური რიტმი, მუშაობის სტილი...?
- MMM გუნდის მუშაობა იყო და დარჩება დაფარულ პროცესად, რომლის დეტალები არასოდეს გახმაურდება, ეს კი საშუალებას გვაძლევს ჩვენი კრეატიულობა და აზროვნების თავისუფლება შევინარჩუნოთ, რაც გუნდის თავდადებული შრომის შედეგებში აისახება, დიდი კედლის ასაშენებლად აქ ყველა თავის აგურს დებს...
- ვიცი, რომ 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის ავანგარდულ კოლექციაზე მუშაობთ? ამაზე მომიყევით... როგორია ამ ახალი კოლექციის ART-ში ტენდენციები თავისი ფორმებით?
- ახლა ზამთრის 2011 წლის კოლექციას ვაკეთებთ, რომელსაც მარტში წარმოვადგენთ. ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ ტენდენციებზე, ან მათ გავლენაზე, ჩვენ ვქმნით ტანსაცმელს, ხალხის გადასაწყვეტია, ამას ჩაიცვამენ თუ არა. ვფიქრობ, რომ მოდაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იყო თანამედროვე, შექმნა ინოვაციები და შექმნა სილამაზე.
- თქვენს სადიპლომო დეფილეზე ევროპული პრესა წერდა: "ეს სადებიუტო კოლექცია არის არამარტო ნამუშევარი, არამედ ის, რაც მოდის ფარგლებს სცდება, არღვევს ისეთ სტანდარტულ გაგებას, რომ ასეთი შეიძლება იყოს მამაკაცის ტანისამოსი. ეს არის სიყვარულის მანიფესტი, ერთგვარი ოდა ანტვერპენზე... ეს არის ნამდვილად ავანგარდული მოდა თავისი ექსცენტრიულობით, მეტიც - მამაკაცის ტანსაცმლის მიმართ ახალი ხედვა, რომელიც იშვიათად მიიღებს ძირეულ ცვლილებებს გვასალიას სტილში... დემნა გვასალია ახალი სახელია მოდის სამყაროში, თუმცა მას შეუძლია თავისი სწრაფი ნაბიჯებით მაღალი მოდა გახადოს უფრო ფერადი და ორიგინალური." სანამ სადიპლომო ჩვენებაზე დაიწყებდით მუშაობას, თქვით, რომ მაღალი მოდისკენ მიმავალ გზაზე ეს კოლექცია თქვენი სავიზიტო ბარათი გახდებოდა. ახლა, როცა მოვლენებს დროში შორდებით, ისევ ასე ფიქრობთ?
- იცით რა, არ შემიძლია განვსაჯო მამაკაცის ხაზის კოლექცია განსაკუთრებული გამომივიდა თუ - არა. ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის ვცდილობ, მოვუსმინო ჩემს გულს, ჩემს შინაგან ხმას და გავაკეთო ის, რისიც მჯერა მთელი სიყვარულით. ამიტომაც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ინტუიტიური მიდგომა ჩემს ესკიზებს ასეთ სენსუალურ ხასიათს აძლევს. აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩემი ხედვა კიდევ უფრო ღრმა და ზუსტი გახდა, ვცდილობ შევქმნა ისეთი კრეატიული სამოსი, რაც ადამიანებს განსაკუთრებულის შეგრძნებას მისცემს...
- კოლექციებს არც მომავალში დაარქმევთ სახელებს?
- ჩემი აზრით, დასანანია კოლექციაზე 6 თვიან მუშაობას დაარქვა სახელი, - ან ერთი სიტყვა, ან ფრაზა, რომელიც არა მგონია, რომ იყოს მრავლის მთქმელი, რადგან ტანსაცმელი უფრო მეტს "გვესაუბრება" თავის თავზე...
- მამაკაცის ხაზის გარდა უკვე ქალების ტანსაცმლის კოლექციებსაც აკეთებთ, თუმცა თავიდან მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი აირჩიეთ, რატომ? მამაკაცის კოლექცია, სადაც კლასიკური თარგებიდან გამოდიხართ, კონცეფცია ექსპერიმენტს მიყავს და გეომეტრიულ პროპორციებზე "ზის" ფუტურისტული შტრიხებით, როგორი მამაკაცებისთვის შეიქმნა? სტილის გარდა, რა აქვს საერთო თქვენს კოლექციებს? "ტანსაცმელთან დიალოგისას" როგორ "თარგმნით" იმ სტილს, რომელსაც თქვენ ქმნით? თქვენი "ხელის ინტელექტი" მგონია, რომ "აზროვნებს" იმ სტილში, რომლის ინსპირაცია მოდის ქუჩიდან, თუნდაც "უმი" იმპულსებისგან?
- ჩემი კოლექცია შეიქმნა ისეთი მამაკაცებისთვის, რომლებსაც სიახლის არ ეშინიათ, არიან თვითდაჯერებულები, ძლიერები, ექსპერიმენტები კი მათთვის საინტერესო გამოწვევაა.
- თქვენ Demna Gvasalia-ს ბრენდიდან იცვამთ?
- ზოგჯერ მაცვია ჩემი შექმნილი კოლექციიდან, ვატარებ Maison Martin Margiela, იშვიათად Wim Neels... მაგრამ, დრო არ მაქვს ბევრი ვიფიქრო პირად გარდერობზე.
- Christine Mathijs პრიზი მამაკაცის ყველაზე შთამბეჭდავი კოლექციისთვის, გრანპრი წლის საუკეთესო მამაკაცის კოლექციისთვის ITS THREE-ს ტრიესტას საერთაშორისო მოდის ფესტივალზე, Weekend Le Vif-ს მოდის ფესტივალის ფინალისტი, ჯილდო Coccodrillo Prize ფეხსაცმლის საუკეთესო დიზაინისთვის, IFF-ის პარფიუმერული პროექტის მთავარი პრიზი... ეს პრიზები თქვენთვის, ალბათ, ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია, თუმცა, მაინც - რომელს გამოყოფდით? ამ პრიზებიდან რომელმა გაგიყვანათ სხვა კონტაქტებზე, რომელმა “გაცდუნათ” საინტერესო პროექტებით?
- რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა მიღო ყველა ეს პრიზი, განსაკუთრებით როცა სტუდენტი ხარ ენთუზიაზმით სავსე, რაც თავდაჯერებულს გხდის, გაძლევს სტიმულს, ენერგიას... და გიხსნის ახალ კრეატიულ იდეებს. ყოველი პრიზი ჩემთვის წარმატების მომტანი იყო Fashion დიზაინში, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ტრიესტას მოდის ფესტივალს. ეს პრიზი სრულიად მოულოდნელი იყო და ძალიან დიდი წარმატება მომიტანა... იცით, ITS THREE ჩემთვის გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე გრან-პრი, ან გარკვეული აღიარება, რადგან ამ ფესტივალმა მომცა ბევრი მეგობარი და, რაც მთავარია, იმის შეგრძნება, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს! შეუძლებელი არაფერია!..
- კომერციული კოლექცია Labels Inc-სთვის ჩვენებებზე თქვენ იყავით ბელგიელი გრანდების Raf Simons, Dries van Noten, Dries van Noten, ასევე Haider Ackermann, Veronique Branquinho ასისტენტი. როგორ იხსენებთ ამ პერიოდს? რა მოგცათ ამ ურთიერთობებმა?
- ამ განსხვავებულ fashion shows-ზე, ჯერ კიდევ ანტვერპენის აკადემიაში სწავლისას მივხვდი, რომ გლამურსა და ოცნებებს მიღმა დგას უმძიმესი, კიდევ უფრო რთული სამუშაო და ამ ნახევარწლიანი შრომის სიამოვნებას იღებ 15 წუთის მერე.
- რას ფიქრობთ კომერციულ მოდაზე კრეატიული მიმართულებით? თანამედოვე იტალიურ, ფრანგულ ან ამერიკულ ბრენდებზე? "დიდი ოთხეული" - ასე ეძახიან NYC-ს, ლონდონს, მილანსა და პარიზს, რომლებიც მოდის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კვირეულებს ამ თანმიმდევრობით მასპინძლობს. NYC მსოფლიო მოდის ცენტრი, სადაც მოდას ყველა მისდევს და ყველაფერი მოდაა, სადაც ახალი პროექტი ნიუ-იორკული მასშტაბებითაც ძალიან ამბიციურია, ამბობენ, რომ კორპორატიული სტილის NYC მოდის დედაქალაქის იმიჯს კარგავს, არის თუ არა ეს ასე? თქვენ რას ფიქრობთ?
- ჩემი აზრით მოდის ინდუსტრია მაქსიმალურად კომერციული გახდა, არა მარტო NYC-ში, არამედ ყველგან, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება. ახალი თაობა, რომელიც დიდი გამბედაობით უყურებს მომავლის მოდას, წარსულს არ ივიწყებს, ამიტომაც სულ მალე გლობალიზაცია თანამედროვე მოდაში მოსაბეზრებელი გახდება და რაღაც ორიგინალურის ძიებას, მაღალი სტანდარტებისკენ სვლას დაიწყებს. ეს ყველაფერი ბუნების კანონია, რასაც წინ ვერანაირი კომერციული სტრატეგია ვერ აგუდგება.
- Coccodrillo Prize ფეხსაცმლის საუკეთესო დიზაინისთვის აიღეთ. ფეხსაცმლის დიზაინზე მუშაობა გიფიქრიათ?
- ფეხსაცმელები ძალიან მიყვარს. მოდა ჩემთვის მოიცავს მუშაობას ზოგად ვიზუალურ იმიჯზე, სტილზე, ფორმებზე... მე ტანსაცმელის დიზაინის გარდა ვაკეთებ ჩანთებს, აქსესუარებს, თმის ვარცხნილობას, make up... ანუ ყველაფერს, რასაც ვიზუალი მოიცავს თავისი კონცეფციით, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბრებით, რომ ფეხსაცმელები განსაკუთრებით მიყვარს.
- ტოკიოში თქვენს ერთობლივ პროექტს Stereotyps ანტვერპენელ დიზაინერ Helena Lumelsky-სთან ერთად, ხომ არ გაიმეორებთ?
- დიახ, Stereotyps წარმატებული ნამუშევარი იყო, რომლის კონცეფციაც ევროპული ჩაცმის სტილიდან ავიღეთ. მე ახლაც ჩართული ვარ მსგავს პროექტში, ამიტომაც ვცდილობ, ყოველი კოლექცია იყოს უნიკალური თავისი ხასიათით და შინაარსით. ჩემთვის სასიამოვნოა იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც ვგრძნობ, რომ არიან განსხვავებულები თავისი იმპულსებით, ხედვითი სიზუსტით და ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესო ხდება.
- თქვენი ფავორიტი დიზაინერები არიან Peter Hornstein, Madeleine Vionnet , Azzedine Alaia... მაგრამ არიან დიზაინერები მაღალი მოდის მხატვრული ბუმიდან, როლებთანაც ქვეცნობიერი კავშირი გაქვთ და რომლის კოლექციამაც დამატებითი სტიმული მოგცათ?
- ჩემი საყვარელი დიზაინერები არიან ისინი, რომლებსაც ჩემი აზრით, აქვთ ინდივიდუალური ხედვა, სტილის ბუნებრივი შეგრძნება, ანუ თავისი ხელოვნებით არსებული სტერეოტიპებისგან დგანან განცალკევებით, არავის არ ჰგვანან და იქმნიან მომავალს. მე დიდ პატივს ვცემ ასეთ დიზაინერებს.
- თქვენი Art-ბიოგრაფია ავანგარდული მოდის Antwerp Six გრანდებზე გადის, რამდენად რთულია მაღალი მოდის ასეთ გენიოსებთან ურთიერთობაში შეინარჩუნო საკუთარი ინდივიდუალური ხედვა, არ გადაგედოს სხვისი ხელწერა, არ დაემსგავსო სხვას, იყო კრეატიულად თამამი, პროგრესირებადი, განსხვავებულად საინტერესო...?
- მე ვარ ჩემი პირადი გამოცდილების, აღქმის და შეგრძნებების გავლენის ქვეშ და ეს მეხმარება, შევინარჩუნო საკუთარი ხედვა, მაგრამ თავისთავად, ახლგაზრდა ვარ და კიდევ დიდი გამოცდილება მაქვს შესაძენი, ამიტომ თავს სხვებს ვერ შევადარებ. უბრალოდ, მე უდიდესი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება ბევრი ცოდნა შევიძინო მოდის, ადამიანის სხეულის, ასევე ტანსაცმლის მორგების პრინციპებზე და ეს ყველაფერი გადავიტანო ჩემს ნამუშევრებზე. ჩემი აზრით, მხოლოდ ცოდნის შეძენით და შემოქმედებითი განვითარებით ადამიანი შეიძლება გაიზარდოს არამარტო როგორც პიროვნება, არამედ როგორც კრეატიული დიზაინერი. მე ყოველთვის მაინტერესებს ამოუხსნელის ახსნა, სულიერი სამყაროს სიღრმეები, რაც მომავალში აისახება ჩემს ნამუშევარზე.
- თქვენ მაღალ მოდაში "დიდი ანტვერპენიდან" მოხვედით, მაგრამ რა არის ის, რაც გაგყვათ საქართველოდან? არის თქვენს კოლექციებში რაღაც ქართული?
- ქართველი ქალი თავისი დრამატული და მგრძნობიარე ხასიათით, მისი სიამაყე და ენერგია ჩემთვის არსებობს იმ ფასეულობებს შორის, რაც სულ თან დამაქვს და ეს ბუნებრივად გადადის ჩემს ნამუშევრებში. მე მიყვარს ქართული სახეები, როგორც ექსპრესიული და ემოციური, რაც იშვიათად მინახავს სხვაგან, ქართული ფიზიკური აღნაგობა კი ჩემთვის რჩება წარსული მოგონებიდან ყველაზე დასამახსოვრებელ მემკვიდრეობად.
- წარმატებამ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
- წარმატებამ არამარტო შეცვალა ჩემი ცხოვრება, არამედ პიროვნულადაც გამზარდა, უფრო თვითდაჯერებული გავხდი...
მზეხა მახარაძე