უარყოფილი ტენდენციები თბილისის მოდის კვირეულზე
“სულიერი საზრდოს" მაძიებელი ქართველი ინტელექტუალების ოთხმოცდაათი პროცენტისთვის ის ყოვლად უსარგებლო რამეა, მისი ტენდენციები კი ძალიან ჰგავს ცხოვრების ხელოვნურად გართულების უსუსურ მცდელობას და ფულის უაზრო ხარჯვის მუდმივ მოთხოვნილებას, თორემ “რა მნიშვნელობა აქვს, დოლჩე და გაბანას ძვირადღირებულ პალტოს ჩაიცვამ მათი ახალი კოლექციიდან თუ უბრალო, არასახელობით, მაგრამ თბილსა და იაფფასიან ქურთუკს."
24 საათი 28.11.11
-

გიორგი შაღაშვილი
-

-

თამანინი
-

თამუნა ინგოროყვა
“სულიერი საზრდოს" მაძიებელი ქართველი ინტელექტუალების ოთხმოცდაათი პროცენტისთვის ის ყოვლად უსარგებლო რამეა, მისი ტენდენციები კი ძალიან ჰგავს ცხოვრების ხელოვნურად გართულების უსუსურ მცდელობას და ფულის უაზრო ხარჯვის მუდმივ მოთხოვნილებას, თორემ “რა მნიშვნელობა აქვს, დოლჩე და გაბანას ძვირადღირებულ პალტოს ჩაიცვამ მათი ახალი კოლექციიდან თუ უბრალო, არასახელობით, მაგრამ თბილსა და იაფფასიან ქურთუკს."
ეს ჩვენთან, თორემ მსოფლიოსთვის მოდა სწორედაც რომ ისეთივე სულიერი საზრდო და ხელოვნების ისეთივე სრულფასოვანი წარმომადგენელია, როგორიც პოეზია ან მუსიკა. დიალოგი ფერით, ფორმით, სილუეტით და ახლის აღმოჩენის სურვილით - ეს უკვე იმაზე მეტია, ვიდრე ინსტინქტი, დავიფაროთ სიშიშვლე. ლეღვის ფოთლის მოდერნიზებული ვარიანტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა. მაგრამ, როგორც პოეზიის შეფასებისას ვსაუბრობთ მის ცუდ რითმასა და პოეტურ სახეებზე, ასევე, სხვადასხვა კოლექციაც ვერ იქნება უპირობოდ კარგი და მასაც ისევე ვუკრიტიკებთ არასწორ თარგს, უხარისხო ქსოვილსა თუ ნაკერს. თბილისის მოდის კვირეულის პირველ სამ დღეს არც “ცუდი რითმების” ნაკლებობა შეინიშნებოდა.
“თბილისის ივენთ ჰოლის” პოდიუმი თამუნა ინგოროყვას კოლექციით გაიხსნა. ეს გახლდათ სამოსი საქმიანი და თავდაჯერებული ქალბატონებისათვის, ტრადიციულად, ქართველებისათვის საყვარელი შავი და პასტელური ფერებით: შალისა და აბრეშუმის ნატურალური ქსოვილით შექმნილი, ბუმბულებით გაფორმებული, არშიებიანი და უხვნაოჭიანი ყველა სიგრძის კაბები წელთან წვრილი ქამრებით, განიერი შარვლები, რომლებიც ვიზუალურად ქვედაბოლოს უფრო ჰგავს, და კონტრასტული, ნარინჯისფერი პალტოები. როგორც თავად დიზაინერი გვეუბნება: “ეს პრეტაპორტე ლუქსია და ამით ყველაფერია ნათქვამი". სამოსში არ არის უხეში ხაზები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დიზაინი რაიმე ახალს გვეუბნება... თამუნა ინგოროყვას ქალი დახვეწილია, მაგრამ არა ორიგინალური ან ეკლექტური.
კოლექცია ვერ იქნება წარმატებული, თუ ის სულ ცოტათი მაინც არ უსწრებს დროს: “თამანინის" სამოსი არაფრით განსხვავდებოდა ნებისმიერი, ქუჩაში გამვლელი თბილისელი ახალგაზრდის ჩაცმის სტილისგან. მან ჭრელი ბლუზები, ასევე ჭრელი განიერი შარვლები და ისეთი კაბები შემოგვთავაზა, რომლებიც ჭრელი დეტალით იყო გაფორმებული. მამაკაცური ფეხსაცმელი ხაზს უსვამდა სამოსის არცთუ ისე ქალურ სილუეტსა და თავისუფალ სტილს.
თუ ხარ ოდნავ მეტად კრეატიული (რადგან დიზაინერობა არ გულისხმობს უპირობო კრეატივს), დაინტერესებული ხარ მოდით და ქმნი კიდეც სამოსს, ერთი შეხედვით, უმარტივესი დეტალების გამოყენებით, შეგიძლია, არ ჰგავდე სხვას და მაყურებელი შენს კოლექციაზე დააფიქრო კიდეც. უცებ პოდიუმი მომავლიდან მოსულმა ადამიანებმა დაიპყრეს ნიღბებითა და ფეხსაცმელი-კონსტრუქციებით. აქ, რა თქმა უნდა, სიმბოლოებსა და დიზაინერის სათქმელზე დაფიქრდები: ხომ არ სურდა, ჩვენთვის ეჩვენებინა უსახო ადამიანები, რომელთა ღირებულების განმსაზღვრელი მხოლოდ სამოსიღაა? იქნებ, ისინი მხოლოდ ადამიანი-რობოტები არიან და პოდიუმზე ჩვენი მომავალი იწინასწარმეტყველეს? ან, იქნებ, მოდელების სახის დაფარვა კიდევ ერთი მესიჯია იმისა, რომ ისინი თოჯინები არიან, მათი სახეები ჩვენი ყურადღების მიღმა უნდა დარჩეს და მთავარი სამოსია? მაგრამ დიზაინერი წავიდა ავანტურაზე, რომელმაც არცთუ ისე ცუდად იმუშავა და კოლექციასაც მოუხდა.
გუდუ (ლაშა მდინარაძე), დიზაინერი: “მოდელებს მაკიაჟი არ გავუკეთე. დამეზარა მოფიქრება, რა მინდოდა, და ძალიან მარტივად გამოვძვერი. მთლიანობაში, ქართული მოდის ტენდენციებს მსოფლიო მოდასთან გვერდზეც არ ჩაუვლია. ქართველების მიერ შექმნილ სამოსს დიდი ხანი სჭირდება, რომ ერქვას “მოდა".
ქართული და მსოფლიო მოდა რომ სხვადასხვა სივრცეა, ამაზე ხშირად და ბევრს ვსაუბრობთ. სწორედ იმიტომაც ტარდება მოდის კვირეულები, რომ ამ ჯერჯერობით უიმედო თემაზე, დროთა განმავლობაში, ნაკლები ვილაპარაკოთ. თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღე კი ვერ გამოდგა იმედებისა და “სივრცეების დაახლოების" დასაწყისი.
ეთი’ს (ეთი კენჭოშვილი), გოლა (გიორგი ზუმბულიძე), ტატუნა ნიკოლაიშვილი და გიორგი ამირეჯიბი - ეს ის ოთხი დიზაინერია, რომლებმაც პირველად მიიღეს მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულში. გოლას კოლექციას ახლდა სალომე კორკოტაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა, ცოცხალი შესრულება კი განწყობის შექმნას გულისხმობს. განწყობა ცოტათი მატყუარა რამეა - კოლექციის სუსტ მხარეებზე თვალს დაგახუჭინებს. გოლამ მანდილოსნები ბეტმენის ქუდებით მორთო და ამით ეცადა, ჩვენებაში ორიგინალური შტრიხი შეეტანა. გამორჩეული გახლდათ გიორგი ამირეჯიბის მიერ სტამბულში დამზადებული მკაცრი კოლექცია. დღეს გიორგი თურქეთში, "ილგაზლის” მოდის სახლში მოღვაწეობს. მან ჯერ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა და შემდეგ სწავლა კოპენჰაგენში, "საგას” დიზაინის ცენტრში გააგრძელა. 1996 წელს გიორგიმ თბილისის ავანგარდული მოდის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ მუდმივად აჩვენებს კოლექციებს თბილისში, მოსკოვსა თუ სტამბულში.
მოდის კვირეულის მესამე დღეს უკვე გამოიკვეთა ძირითადი ტენდენციები: ყველა სიგრძის კაბები, განიერი შარვლები, ნაკლებად გამოყვანილი სილუეტი, ფერთა არატრადიციული შეხამება, რომელიც ერთი და იმავე ფერის სამეულებითა თუ პიჯაკებითა და მაისურებით გამოიხატება. თუმცა ჩვენების ბოლოს მოვა ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი და გვეტყვის, რომ არანაირი ტენდენციები არ არსებობს. მანამდე კი “ატარეს" (ნუცა ბერიძის), “ატელიე 10ა"-სა (თეონა თავართქილაძე, იკა ბობოხიძე) და ნიკოლოზ გრიგორიანის ჩვენებები გაიმართება.
“ატარემ" პლისეებიანი სამოსი წარმოადგინა ნახევრადმოშიშვლებული ზურგით. მოდელების ზურგი გეომეტრიის გაკვეთილებს და პარალელური თუ ჯვარედინი წრფეებით დაფარული დაფას გაგახსენებთ. “ატელიე 10 ა"-ს კოლექციას კი თან სდევდა მამაკაცური შტრიხები - განიერი კომბინიზონები, მოცულობითი ჯიბეების მქონე პიჯაკები და ქსოვილების სამხედრო სახეები.
დღეს საქართველოში არ არსებობს ბალანსი ავანგარდსა და კომერციას შორის. არიან დიზაინერები, რომლებიც ისეთ ავანგარდზე მუშაობენ, რომელსაც ვერ ჩაიცვამ. უმეტესწილად კი არიან დიზაინერები, რომლებიც კომერციულ, ყოველდღიურ, არაფრით განსხვავებულ სამოსს ქმნიან. ოქროს შუალედის პოვნა ნიკოლოზ გრიგორიანმა ოსტატურად მოახერხა და ავანგარდისა და პრეტაპორტეს მიქსი წარმოგვიდგინა. პროფესიონალურად დამუშავებული ტყავი, გეომეტრიული ფორმები, უხეში ხაზები, მკაცრი ქალი... იქნებ, ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი არც უხდება ზაფხულს.
ნიკოლოზ გრიგორიანი, დიზაინერი: “წარმოდგენილ თხუთმეტ მოდელზე ერთი თვე ვმუშაობდი. შავი ჩემი ფერია, მით უმეტეს, ფერადი ტყავის დიდი არჩევანი საქართველოში არ გახლავთ და რადგანაც მე ტყავზე ვმუშაობ, ეს ფერი უფრო მოსახერხებელი იყო. შევქმენი ქალი, რომლის ნახვაც მსურს. წინა კვირეულზე ახალბედა დიზაინერების კონკურსში ვმონაწილეობდი და ნინო ჩუბინიშვილისა და ლენკა ციციშვილის ფავორიტი გავხდი.”
მოდა რომ მხოლოდ მხედველობის არის გასალამაზებელი რამ არ გახლავთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმ ერთი ძალიან საინტერესო ადამიანის ჩვენებაზე, რომელმაც კვირეულის მესამე დღე დახურა და რომელმაც უარყო ყოველგვარი ტენდენცია.
გიორგი შაღაშვილი, დიზაინერი: “ტენდენციები არ მაინტერესებს. ვაკეთებ იმას, რაც სწორად მიმაჩნია. ტენდენცია მაშინ იბადება, როცა დინების საწინააღმდეგოდ მიდიხარ. მას ქმნიან ადამიანები, რომლებიც საერთო ფონიდან ამოვარდნილები არიან. თუ ვიღაცის ტენდენციებს აყვები, დროს ვერ გაუსწრებ, ვერც ნოვატორი და ექსპერიმენტატორი იქნები. სადილსაც კი შემოქმედებითად უნდა მიუდგე, რადგან ყოველი ახალი მიდგომა თავად ჩვენში იწვევს ცვლილებებს. კოლექციაზე, ჩემ გარდა, დიდი ჯგუფი მუშაობდა. ეს კოლექცია ბევრი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგია. მე, უბრალოდ, დირიჟორი ვარ."
გიორგის ამ ახალმა მიდგომამ ყველა მაყურებელში ნამდვილი კულტურული შოკი გამოიწვია. თითოეული მოდელი პოდიუმზე გარკვეული სიმბოლო გახლდათ და ამ სიმბოლოებს მხოლოდ სხეულის დამშვენების ფუნქცია ნამდვილად არ ჰქონდა. თითოეული მოდელი გახლდათ ასო-ნიშანი, რომლითაც ტექსტი უნდა წაგვეკითხა. მისტიკური პოდიუმი ათასგვარ მაგიას გვთავაზობდა: უცნაურ პიჯაკ-მაისურებს, მულტიფუნქციურ სამოსს, მძიმე, გრძელ კაბებსა თუ უსწორმასწოროდ აკეცილ ბრიჯებს... მაგიური, მძიმე მუსიკა და სემუელ ბეკეტის სცენა, სპექტაკლი Not I სიმბოლოების ამოხსნას გვიადვილებდა. სპექტაკლის ერთადერთი მთავარი გმირი განათებული პირის ღრუ გახლავთ, რომელიც ალოგიკურ ფრაზებს “ისვრის". ეს არის ქალი, რომელიც შინაგან ხმას ესაუბრება. თითოეული ჩვენგანი საკუთარ ხმას უსმენს და შინაგანი ინტუიციით აკეთებს საქმეს. ასეთ დროს არ ვიტყუებით. სწორედ სიტყვაა ყველაზე დამთრგუნველი რამ სამყაროში და სწორედ არასწორად ნათქვამი სიტყვების გამო ხელში ვიღებთ იარაღს და ვიბრძვით. “არ ესროლო" - ამ ფრაზაშია კოლექციის მთელი კონცეფცია.
პოდიუმზეც სწორედ ამ პრინციპით, ყოველგვარი ტენდენციების უარყოფითა და საკუთარი თავის მიყურადებით შექმნილი კოლექცია ვნახეთ და ის ისეთივე გულწრფელია, როგორც თავად გიორგი მაშინ, როცა მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს. დიპლომირებული ექიმის გადაწყვეტილება, გამხდარიყო დიზაინერი, ალბათ ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც მისი ყოველი კოლექცია. ის ახლა დანიაში მოღვაწეობს, თუმცა თბილისის მოდის კვირეულების ხშირი სტუმარია.
თბილისის მოდის კვირეულს დათუნა სულიკაშვილის ჩვენება დახურავს. მანამდე კი რამაზო რომასა და უტა-ლევანის (უტა ბერაია, ლევან მინდიაშვილი) კოლექციებს ვიხილავთ. მოდის ქართველი მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ უტა-ლევანის ტანდემია, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გამოვტოვებთ.
სალომე შენგელიძე