ფურცელაძის 12. 1907 წელი
ეს მხოლოდ ძველ სახლებში ხდება; შეაღებ კარს და რეალური სამყაროდან არარეალურ სამყაროში გადადიხარ.
24 საათი 26.12.09
ეს მხოლოდ ძველ სახლებში ხდება; შეაღებ კარს და რეალური სამყაროდან არარეალურ სამყაროში გადადიხარ.
თუმცა, რატომ არარეალურში. ეს ხომ არც მითია და არც გამოგონილი. ეს ამ სახლის ისტორიაა. ნამდვილად მომხდარი ამბავი. ფურცელაძის 12.
სახლი 103 წლისაა. გერმანელებს აუშენებიათ. რაღაც უცნაური სახლია, ადამიანთა ბედის გადამკვეთი წერტილივით. მართლა განსაკუთრებული სახლია თავისი სურნელით, შეგრძნებებით. რომანტიკულიც და თითქოს მისტიკურიც.
ბესარიონ ჟღენტი აქ თავის პირველ მეუღლესთან - თამარ ცინცაძესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. თამარ ცინცაძე აპენდიციტით გარდაცვლილა. რას წარმოიდგენდა მაშინ ბესო ჟღენტი, რომ მოგვიანებით შეირთავდა მეორე ცოლს, და, მით უმეტეს, რას წარმოიდგენდა ასეთ დამთხვევას, რომ მისი მეუღლის წინაპრები - დიდი ბებია და ბაბუა ოდესღაც ამ სახლში ცხოვრობდნენ.
ბესო ჟღენტის მეორე ცოლი ეთერ გუგუშვილი გახლდათ. ეთერის ბაბუა შოტლანდიელი იყო - ჰენრიხ არჩიბალდ მიორტ სტიუარტი, რომელიც 1863 წელს ჩამოსულა საქართველოში და ქართველი ქალი შეურთავს ცოლად. ჰენრიხ სტიუარტს აუშენებია საქრთველოში რკინიგზა. წიფის გვირაბი და ფუნიკულიორი მთლიანად მისი დაპროექტებულია. სურამში უბოძეს თურმე საგვარეულო მამული, რომელიც მოგვიანებით ჩამოართვეს. ჰენრიხ სტიუარტი იყო ეთერ გუგუშვილის დედის ბაბუა. დღეს ამ სახლში ირინა ჟღენტი ცხოვრობს - ბესო ჟღენტისა და ეთერ გუგუშვილის შვილი. სახლში მე-17 საუკუნის ნივთები და ავეჯია, რომელიც გაჭირვების დროსაც არ გაუყიდიათ. ნაწილი ბესარიონს ეკუთვნოდა, ნაწილი - ეთერ გუგუშვილის წინაპრებს. კედლებზე უამრავი ფოტოსურათია. ბესო ჟღენტი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო და მთელი მწერალთა კავშირი ამ სახლში იკრიბებოდა. განსაკუთრებით 1 მაისსა და 7 ნოემბერს, დემონსტრაციის მერე, ბესოსთან უამრავი ადამიანი მოდიოდა და იწყებოდა დიდი, ხალხმრავალი ქეიფი. ბესო ჟღენტი კარგი თამადა ყოფილა, სუფრას უძღვებოდა და იყო ერთი მხიარულება. ვინ აღარ ყოფილა ამ სახლში - პასტერნაკი, ტიხონოვი, ტარკოვსკი, ტვარდოვსკი... ასევე ეთერ გუგუშვილის მეგობრები - ლავროვი, ულიანოვი, სმოკტუნოვსკი, ფრეინდლიხი, ახმადულინა... მოკლედ, ეს სახლი სხვადასხვა თეატრალური კოლექტივების ფართო აუდიტორია იყო. სტუმრობდნენ ქართველი მსახიობებიც და მწერლებიც. ხშირად მოდიოდა კონსტანტინე გამსახურდია. მაშინ ირინა პატარა იყო. კარგად ახსოვს, როგორ ტუქსავდა ბატონი კონსტანტინე, ქართულად ცუდად ლაპარაკობო. მოდიოდნენ ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი... საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, ფანტასტიკურ დროს ატარებდნენ, ცეკვავდნენ. განსაკუთებით ვასო გოძიაშვილი. ამ როიალზე ეთერ გუგუშვილი უკრავდა. სტუმრებთან ერთად მასაც უყვარდა მოლხენა. ინსტიტუტში კი მკაცრი იყო. დაახლოებით 35 წელი თეატრალურ ინსტიტუტს რექტორობდა. ფეთქებადი ხასიათი ჰქონია, მაგრამ წყენას ადვილად ივიწყებდა. სახლში ცალკე კუთხე შექმნა - "სერჟიკა ფარაჯანოვის". ეს კუთხე დღემდე ხელუხლებელია. ეთერ გუგუშვილი და ფარაჯანოვი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. სერგო ერთი წლით უმცროსი იყო. სკოლიდან მოყოლებული, თითქმის სულ ერთად იყვნენ. ამ სახლშიც ხშირად მოდიოდა. დედას ირინაც დაჰყავდა სტუმრად ფარაჯანოვთან. იმ საოცარი სახლიდან ირინას დღესაც ახსოვს დიდი ხის თეფში, რომელზეც შავი ქინძისთავებით თევზი იყო გაკრული წარწერით: òîñêჭ ïî èêðå.
ეთერ გუგუშვილის დიასახლისობა ერბოკვერცხით ამოიწურებოდა. ყველაფერს ბებია აკეთებდა - ტატიანა ფურცელაძე. მისი მეუღლე ნიკოლოზ გუგუშვილი იყო, დამზადების მინისტრი (იყო ასეთი სამინისტრო). ნიკოლოზ გუგუშვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს. ის დააკავეს შვილის დაბადების დღეზე. მაშინ ეთერ გუგუშვილი 13 წლის ყოფილა. "ამის მერე დედაჩემი არასდროს არ იხდიდა დაბადების დღეს", - იხსენებს ირინა ჟღენტი. ბინიდან გამოასახლეს და სწორედ მაშინ დაკარგულა ეთერ გუგუშვილის ბაბუის - ჰენრიხის არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა. ეთერ გუგუშვილის დედას - ტატიანა ფურცელაძეს ავლბარში, სადღაც კიბის ქვეშ მისცეს ბინა. მარტოხელა ქალი იძულებული იყო ხან დამლაგებლად ემუშავა, ხან - მემანქანედ. თუმცა, ისეთი განათლებული ქალი ყოფილა, ირინას დღემდე უკვირს, როდის ან როგორ მოასწრო ამდენის სწავლა. ეთერ გუგუშვილმა ჯერ უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდეგ - მოსკოვში, "ვგიკში". სამსახიობოზე უნდოდა, მაგრამ არ მიიღეს - თქვენი ქართული აქცენტით ვერ ითამაშებთო. "აქ კი ამბობდნენ, ქართული არ იცისო," - ამბობს ირინა ჟღენტი.
სახლში მაია პლისეცკაიას ფოტოები კიდია. როცა დიდ ბალერინას მძიმე პერიოდი ჰქონდა, დიდ თეატრში ავიწროებდნენ და არც გასტროლებზე უშვებდნენ, ეთერ გუგუშვილს მასზე დაუწერია ვრცელი წერილი, რომელიც დაიბეჭდა ცენტრალურ ჟურნალ "თეატრში", მოგვიანებით კი თხოვნა გაუგზავნა, რომ ჩამოსულიყო საქრთველოში - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ თავისუფლად იცეკვოთო. ასე გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. ეთერ გუგუშვილს საოცრად ჰყვარებია ბალეტი. მეგობრობდა ვახტანგ ჭაბუკიანთან.
ბესო ჟღენტმა და ეთერ გუგუშვილმა 50-იანი წლების ბოლოს გაიცნეს ერთმანეთი. ბესოს უფროსი ქალიშვილი (პირველი მეუღლისგან) მაშინ 15 წლის იყო. ნინიკოს თვითონ უთხოვია ეთერისთვის - მინდა, რომ თქვენ გახდეთ მამაჩემის მეუღლეო. მოგვიანებით, როცა შეუღლდნენ, ბესოს და ეთერს გოგონა შეეძინათ - ირინა. თუმცა, ეთერი სულ ამბობდა, მე სამი შვილი მყავსო.
ბესო ჟღენტი ალბინოსი იყო. ქალების საზოგადოებაში ყოველთვის იქცევდა ყურადღებას და პოპულარობით სარგებლობდა. რბილი ხასიათის ადამიანი, დახვეწილი, მხიარული, მზრუნველი. ცუდი მხედველობა ჰქონდა. ხშირად ხუმრობდნენ: "რაც უნდა, იმას კარგად ხედავსო". სამსახურში გვიან მიდიოდა. ღამით მუშაობდა. დღის ორ საათზე მიდიოდა მწერალთა კავშირში ან ლიტერატურის ინსტიტუტში. შინ საღამოს ბრუნდებოდა და ოჯახი ერთად ვახშმობდა. ცოტას დაისვენებდა, მერე კი ირინასთან იწყებდა თამაშს. მათი სახლის კარი მუდამ ღია იყო სტუმრებისთვის. განსაკუთრებით უყვარდა ახალგაზრდები. ხან ნოდარ დუმბაძე მოჰყავდა სახლში, ხან - გურამ ასათიანი. ცოლ-ქმარს სიცოცხლის ბოლომდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. როცა ეთერის მეგობრები ჩამოდიოდნენ მოსკოვიდან ან სხვა ქალაქებიდან, ბესარიონი ხუმრობდა - გაიხსნა ეთიკოს საერთო საცხოვრებელიო. სტუმრები ზოგჯერ თვეობით ცხოვრობდნენ ამ სახლში. ადრე, დიდი გაჭირვების წლებში, როცა ეთერ გუგუშვილი მოსკოვში სწავლობდა, დედა ბორშით სავსე ქვაბს მოსკოვის მატარებელს ატანდა. ამ ბორშს საერთო საცხოვრებლის ქართველი სტუდენტები მიირთმევდნენ... ეთერ გუგუშვილთან ერთად სწავლობდნენ გიგა ლორთქიფანიძე, თენგიზ აბულაძე.
თეატრზე ორივე შეყვარებული იყო - ბესოც და ეთერიც. ვერიკო ანჯაფარიძე ბესო ჟღენტის კერპი ყოფილა. მხატვარ უჩა ჯაფარიძის მიერ შექმნილი ვერიკოს პორტრეტი დღესაც კიდია ამ სახლში. აქ სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილ ეთერ გუგუშვილის პორტრეტებსაც ნახავთ.
კოტე მარჯანიშვილი ორივეს საოცრად უყვარდა. ოთახში მარჯანიშვილის დიდი პორტრეტიც კიდია. ბესოს და კოტეს ახლო ურთიერთობაც ჰქონიათ. როცა მარჯანიშვილი გარდაიცვალა, ბესო ძალიან დარდობდა თურმე. ეთერ გუგუშვილი მარჯანიშვილს არ იცნობდა. პატარა იყო და არ ახსოვს. თუმცა მოგვიანებით სწორედ მის თეატრალურ მოღვაწეობაზე დაიცვა დისერტაცია. დაცვაზე მთელი მცირე თეატრი მისულა და კოტე მარჯანიშვილის სურათი აჩუქეს დასის ყველა წევრის ხელმოწერით.
თეატრალურ პრემიერებზე ერთად დადიოდნენ. ირინა ჟღენტი იხსენებს: "ბოლოს ერთად ვიყავით "კავკასიური ცარცის წრის" პრემიერაზე. პრემიერის შემდეგ მსახიობები ნახეს. შინ გვიან დავბრუნდით. იყო ცხარე კამათი. დილამდე არც ერთს არ უძინია."
ეთერ გუგუშვილი მეგობრობდა აკაკი ხორავასთან. მისი ფოტოც კიდია კედელზე, თბილი წარწერით ეთერისადმი. "მეც მახსოვს აკაკი ხორავა, - იხსენებს ირინა ჟღენტი, - სამი თუ ოთხი წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა." აკაკი ხორავას წერილი დაუტოვებია, რომელიც ირინას უნდა გაეხსნა თავის ქორწილის დღეს. და კიდევ კონიაკის ბოთლი. ამ წერილს დიდხანს ინახავდნენ. ირინას ქორწილში გიგა ლორთქიფანიძე ყოფილა თამადა და ხორავას წერილიც მას გაუხსნია. ძალიან თბილი და მეგობრული წერილი ყოფილა.
"უშუქობის პერიოდში დედაჩემს ახალი ნიჭი აღმოაჩნდა - თარგმნა დაიწყო. გალაკტიონის 250 ლექსი თარგმნა. ზოგიერთი მართლაც მაღალი დონის თარგმანია. ეტყობა, ნავთის ლამპებს და სანთლებს რაღაც მისტიკური ახლავს. მახსოვს, დედა ყინვაში ხელთათმანებით იჯდა და თარგმნიდა. მედეა ძიძიგურთან მეგობრობდა და მან სთხოვა, საღამო გაემართათ ხელოვნების მუშაკთა სახლში. ეს საღამო 15 წლის წინ გაიმართა. მაშინ დედამ პირველად წაიკითხა თავისი თარგმანი. უნდა მოვაწესრიგო ეს ხელნაწერები. ოჯახური ტრადიცია გვაქვს - ცუდი კალიგრაფიით გამოვირჩევით. ჭირს გარჩევა. ნათარგმნი აქვს "მესაფლავე", "მერი". ვეუბნებოდი, რომ "ლურჯა ცხენებისთვის" ხელი არ ეხლო. მგონი ჩუმად მაინც თარგმნა. ძალიან საინტერესოა "ქარი ქრის". თუმცა, ერიდებოდა - ახმადულინას მერე როგორ გამოვაქვეყნოო."
ბევრი დაწერილა ბესო ჟღენტსა და ეთერ გუგუშვილზე, მათ შემოქმედებაზე, მათ ნამოღვაწარზე, მათ წერილებსა და ნაშრომებზე. მათი შემოქმედების უკან ჩვეულებრივი, ყოველდღიური ყოფაა. "მამას რძიანი ყავა უყვარდა. მას ბებიაჩემი უვლიდა. ბესო, ყავის დროა, - ეტყოდა ხოლმე. ბებიასა და მამას შორის ერთი წელი იყო განსხვავება. მამა დედაზე ოცი წლით უფროსი იყო. მე რომ გავჩნდი, მამა 61 წლის იყო".
გვიან, როცა სტუმრები მიდიოდნენ და ცოლ-ქმარს სამუშაო ჰქონდა, ქმარი კაბინეტში შედიოდა, ცოლი კი აუცილებლად საწოლში მოიწყობდა სამუშაო გარემოს. მაგიდასთან ვერ წერდა.
"ეს ფოტო ძალიან მიყვარს, - (კედელზე შავ-თეთრი ფოტოა, საღამოს პეიზაჟი) - დედაჩემმა მატარებლიდან გადაიღო. ედინბურგს რომ უახლოვდებოდნენ, უბრალოდ, ფოტოაპარატი ფანჯრიდან გაყო და ჩააჩხაკუნა. ძველი აპარატი ჰქონდა, "ზენიტი". დედა და მამა შოტლანდიაში ერთად იყვნენ. იქ შეიტყვეს, რომ დედაჩემის დიდი ბაბუა შოტლანდიელი იყო. გაგიჟდნენ სიხარულით. მამაჩემს კილტი აჩუქეს. მთელი ბავშვობა ვეხვეწებოდი, რომ ჩაეცვა."
ამ სახლში ახალი წელიც საოცარი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა. თეატრალურ ინსტიტუტში, ტრადიციულად 28 დეკემბერს, ხუთმეტრიან ნაძვისხეს დგამდნენ. "მერე ეს ნაძვისხე დედას მოჰქონდა სახლში და ზეიმი აქ გრძელდებოდა. უამრავი ბავშვით, სტუმრებით. დედა გადაიცვამდა თოვლის ბაბუის ფორმას და... ერთხელ, როცა დედა ვიცანი ბეჭდით, სრული პანიკა დამეუფლა. დიდი ტრაგედია იყო. ოთხი წლის ვიყავი".
უცნაური დამთხვევების სახლია. იქნებ ამაშია მისი ერთგვარი მომხიბვლელობის საიდუმლო. "დედაჩემის დიდი ბებია და ბაბუა ამ სახლში 9016-17 წლებში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით მამაჩემი გადმოვიდა და დასახლდა თავის პირველ ცოლ-შვილთან ერთად. მამამ არ იცოდა, რომ ეს სახლი დედას წინაპრებს ეკუთვნოდათ. მაშინ ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით ბედისწერამ დედა თავისი წინაპრების სახლში დააბრუნა. როცა შეუღლდნენ, ხშირად საუბრობდნენ ამ საოცარ დამთხვევაზე. მერე ამ ქუჩას ანტონ ფურცელაძის სახელი დაარქვეს - ის ნათესავი იყო დედის მხრიდან".
ნანა ლომიძე