RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ზენკოჯი

სამოთხის გასაღების ძებნაში სიკვდილგამოვლილი კაცი

24 საათი 06.02.10

სამოთხის გასაღების ძებნაში სიკვდილგამოვლილი კაცი

სამოთხის გასაღები ამომავალი მზის ქვეყანაში, ზენკოჯის ტაძრის ბნელ სარდაფში თუ გვირაბშია გადამალულიო რომ გავიგე, მის მოსაძებნად გზას გავუდექი. ცოდვა გამხელილი სჯობიაო. ჰოდა, როცა ზენკოჯის ტაძარი ჩემ თვალწინ მთელი თავისი მშვენიერებით წამოიმართა და აღიმართა, ჯერ აღტაცებისგან შევჩერდი, მერე კი, მის აივანზე სვასტიკიანი ბაირაღებიც რომ დავინახე, უმალ პირკატა მეცა და რაღაც უსიამო ჟრუანტელმა დამიარა. ვიფიქრე, ბუდას ამ წმინდა ტაძარში ფაშისტთა სიმბოლოს, ნგრევისა და ბოროტების სიმბოლოს რა უნდა-მეთქი, თუმცა უმალ გამახსენდა, რომ ეს ბოლოებშეტეხილი ჯვარი ინდურ მითში და ბუდას მოძღვრების მიმდევართათვის მარადიული წრებრუნვის, კვლავშობის და სამსარას ტანჯვის განმარიდებელი ნიშანი იყო. იქვე, აივანზე გამოეფინათ ბორჯღალით დამშვენებული დროშაც, ჩვენებურს რომ წააგავდა, რამაც უფრო დამამშვიდა და დამაწყნარა. დამაწყნარა ტაძრის სიმბოლოთი - აყვავებული სამტოტა ხით დამშვენებული დროშის ხილვამაც, მათთან ერთად რომ ფრიალებდა.

ზენკოჯი იაპონიის სამი უმთავრესი ბუდისტური ტაძრიდან ერთ-ერთია, რომელიც ძველ ნაგანოში მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს თუ მლოცველს მასპინძლობს. მათი განსაკუთრებული მოზღვავება გო-კაიტიოს ორთავიანი ზეიმის დღეებშია, რომელიც ექვს წელიწადში ერთხელ იმართება. ეს ზეიმი არა მხოლოდ იაპონელებს, არამედ ბევრ უცხოელ ბუდისტსაც მაგნიტივით იზიდავს. მათი რწმენით, ამ ტაძარში დაბრძანებული ბუდისტური სამების გამოსახულებას არა მხოლოდ ავადმყოფთათვის მოაქვს შვება და ნუგეში, არამედ მასთან მუხლმოყრილებს სამოთხეში მუდმივ ცხოვრებას ჰპირდება. ზენკოჯის ღვთისმსახურები სწორედ გო-კაიტიოს ზეიმის დღეებში გამოაბრძანებენ ხოლმე ბუდას წმინდა სამების ქანდაკებას, ოღონდ სულის განსაწმენდად, შვების მოსატანად და სამოთხეში მოსახვედრად, უმჯობესია, თუ მასზე მხოლოდ შეხედვით კი არ დაკმაყოფილდებით, არამედ ხელითაც შეეხებით.

ახლა, წარმოიდგინეთ, რა დაემართება ქანდაკებას, მილიონობით ადამიანის თუნდაც მოკრძალებულ-მორიდებული ხელის მოთათუნებისგან? მაგრამ იაპონელები, აბა, რისი იაპონელები იქნებოდნენ, თუ პრობლემას ვერ გადაჭრიდნენ? მათაც აიღეს და ქანდაკების ასლი დაამზადეს - მორწმუნეთა გასხივოსნებისთვის ესეც სრულიად საკმარისიაო, თუმცა ალბათ ყოველი შემთხვევისთვის, გამჭრიახმა იაპონელებმა სხვა, მეტად ორიგინალური გამოსავალიც მონახეს - სამლოცველო დარბაზის შესასვლელთან გო-კაიტიოს დღეებში ბოძს არჭობენ, რომელზეც თოკის ერთ ბოლოს აბამენ, მეორეს კი - “ნამდვილი” ბუდას მარჯვენა ხელზე. ჰოდა, მლოცველი, როცა იმ ბოძს ან თოკს ხელით ეხება, ამგვარად ბუდასაც ეფერება და ამის მერე შეუძლია თავი ცალი ფეხით უკვე სამოთხეში დაიგულოს.

მაგრამ რა ქნას მორწმუნემ, თუ მაინცდამაინც იმ ექვსწლიანი ციკლის იმ ორ თვეში ნაგანოში ვერ მოხვდება? გამოსავალი აქაც გამონახეს, რომელიც მორწმუნეს სამოთხის გარანტიას ნებისმიერ დღეს ჰპირდება - ზენკოჯის სამლოცველოში შესულ ნებისმიერ მსურველს იქაური ღვთის მსახური შუბლზე ტაძრის ბეჭედს ახებს, რომელზეც წმიდა სამების გამოსახულებაა ამოტვიფრული. ჰოდა, ამ ბეჭდით აღნიშნული კაციც გარდაცვალების მერე სამოთხის ზღურბლზე დაუბრკოლებლად გადადის.

ტაძრის მსახურები ზენკოჯში მოზღვავებულებს რაკი ვეღარ აუდიოდნენ, სხვა გამოსავალიც მოძებნეს - სამოთხის გასაღები ტაძრის ბნელი სარდაფის კედელზე ჩამოკიდეს და ის, ვინც მას იმ კუნაპეტში ხელის ფათურით მოძებნის და შეეხება, იმქვეყნად უეჭველად ედემის ბაღში ამოყოფს თავს.

რაღა დაგიმალოთ და, იმ გასაღების მოსაძებნად გრძელ რიგში მეც ჩავდექი, რაკიღა ბუდისტურ სამოთხეში მოხვედრას ბუდა არც ათეისტებს უკრძალავს, არც სხვა სარწმუნოების აღმსარებელთ, მით უმეტეს არ უკრძალავს არც ერთ სხვა მრავალრიცხოვანი, ხშირად ერთმანეთთან მტრად მოკიდებული ბუდისტური სექტის წევრებს.

მაგრამ ვიდრე იმ კუნაპეტში ჩემს ხუთწუთიან თავგადასავალზე მოგითხრობდეთ, ჯერ თავად ეს ტაძარი დავათვალიეროთ და მისი ისტორიაც გავიხსენოთ.

ზენკოჯი ვრცელ ტერიტორიაზე არც ისე მაღალი გალავნით შემოზღუდული სატაძრო კომპლექსია, რომელშიც ძირითადის გარდა სხვა მრავალი დამხმარე ნაგებობაც შედის. ძირითადი ნაგებობისკენ გაჭიმული, ტერასებად დაყოფილი და ერთმანეთთან საფეხურებად დაკავშირებული პირდაპირი გზა აღმართისკენ მიემართება.

ტაძრის უჭიშკრო შესავლელიდან რამდენიმე ათეული მეტრის გავლის მერე, თავი სრულიად სხვა სამყაროში რომ ამოვყავი, ჩემ თვალწინ პირველი შთამბეჭდავი ნაგებობა ჯერ ვეება, პაგოდას ტიპის გაზნექილი სახურავი გამოჩნდა. იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ვიფიქრე, ეს ზენკოჯია-მეთქი, მაგრამ პირველი მთავარი შესასვლელი ყოფილა, რომელმაც ტრიუმფალური თაღი მომაგონა. კიდევ რამდენიმე ათეული მეტრის გავლის მერე უფრო დიდი, ოღონდ ორსახურავიანი ნაგებობა წამოიმართა, რომელიც თურმე ასევე შესასვლელი ყოფილა - გაცილებით მასშტაბური და ტრიუმფალური. ამის მერე - კიდევ რამდენიმე ათეული მეტრი, ისევ ორსართულიანი პაგოდას ტიპის სახურავი და კიდევ უფრო დიდი და მასიური ნაგებობა. მზად ვიყავი ნიძლავი დამედო, რომ ესეც შესასვლელია-მეთქი, მაგრამ რამდენიმე ნაბჯის მერე უკვე ასევე შავი ხით ნაგები ზენკოჯი მთელი თავისი მშვენიერებით წარმომიდგა, რომლის აივანსაც ის სვასტიკიანი ბაირაღები, ბორჯღალიანი და ბუდისტთა სიმბოლოიანი დროშები ამშვენებდა. ტაძრის ფასადი ორსართულიანი ნაგებობისას ჰგავდა, მაგრამ ერთსართულიანი ყოფილა, რომელსაც მეტად დეკორატიული, ორსართულიანი სახურავი ამშვენებდა.

ტაძარი, რაღა თქმა უნდა, “ღმერთის სახლის” სიმბოლოს წარმოადგენს და ზენკოჯის მშენებლებს ყველაფერი ეღონათ საიმისოდ, რომ იქ მისულმა ადამიანმა ეს მთელი სიგრძე-სიგანით შეიგრძნოს. მშენებლებს აქცენტი მის დიდ ზომებზე და სიმტკიცეზე აუღიათ, მისი ფასადის თუ ინტერიერის მრავალი დეტალი კი ფილიგრანულად დაუმშვენებიათ.

ზენკოჯში მიმსვლელი მლოცველი თავდაპირველად გარე ტაძარში (გეზინი) ჯერ კიდევ ფეხსაცმლით შედიოდა, მერე ფეხთ იხდიდა და შემაღლებულ (ტიუძინი) შუა ტატამზე და შიდა ტაძარში (ნაიძინი) გადაინაცვლებდა. ბოლოს იყო ტაძარი, რომელსაც წმიდათაწმიდა (ნაინაიძინი) ეწოდება.

მთელ ამ უმშვენიერეს ნაგებობაში, რომელიც მეტად მასიური ხის ძელებითაა აშენებული, ლურსმანი არსად გამოუყენებიათ.

ყველაფერი კი... ინდოეთში დაიწყო. იქ ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე ხუთი საუკუნით ადრე ერთი მდიდარი ცოდვილი ცხოვრობდა, რომლის ერთადერთი საყვარელი ქალიშვილი მძიმედ დაავადდა. მამამ ვინ აღარ მოუყვანა შვილს სამკურნალოდ, სადღა არ წაიყვანა, მაგრამ ვერსად ვერავინ განკურნა. ბოლოს იმედდაკარგულმა მამამ საშველად ბუდას უხმო. უხმო და უბედურ მამას, მისდა გასაკვირად, თვით ამიდა ბუდა - დასავლეთის სამოთხის მეუფე თავის ოთხ ბოდხისატვასთან ერთად გამოეცხადა. ჰოდა, ცოდვილის ქალიშვილმა თავი უმალ კარგად იგრძნო და მთლად განიკურნა, გამომშვიდობებისას კი ბუდამ გახარებულ მამას სამი ღვთიური ფიგურა დაუტოვა - თავისი და იმ ორ ბოდხისატვასი, რომლებიც წმიდა ხელებით ბრინჯაოსგან იყო დამზადებული.

რაღა თქმა უნდა, ცოდვილმა მამამ უმალ ბუდა ირწმუნა, ბოლოს კი ღრმადმოხუცებული გარდაიცვალა. გარდაიცვალა, მაგრამ სასწაული მოხდა და ბუდას მორწმუნე მამა სხვა ადამიანთა, როგორც კეთილ, ისე ბოროტ ადამიანთა სხეულში აღდგა ინდოეთშიც, კორეაშიც და იაპონიაშიც. თანაც, ყოველი აღდგომისას წმინდა სამების გამოსახულება ადგილს იცვლიდა და ცოდვილის ახალი რეინკარნაციის ადგილისკენ მიფრინავდა. ყოველ შემთხვევაში, ზენკოჯის ბერები ასეთ ლეგენდას ყველას უამბობენ.

იაპონიაში წმინდა სამება VI საუკუნეში გადაფრინდა, მაშინ, როცა იქაური საიმპერატორო კარი იმაზე კამათობდა, ჩვენთვის ახალი რელიგია - ბუდიზმი მივიღოთ თუ არაო.

კამათი ბრძოლაში გადაიზარდა. ამ ბრძოლისას ერთ ხანს გამარჯვების სასწორის პინა მეტად ძლიერი მონონობესა და ნაკატომის კლანებისკენ გადაიხარა, რომლებიც სინტოისტური ფასეულობების ერთგულნი იყვნენ. მათაც აიღეს და წმინდა სამების გამოსახულება არხში მოისროლეს. მალე გამოსახულება ლექმა დაფარა და ბუდას მოწინააღმდეგეთა თვალს საკმაოდ დიდი ხნით დაემალა. ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს იმ ადგილზე, სადაც სამება გაუჩინარებულიყო, ერთი უბრალო კაცი, ვინმე იოსემიცუ ჰონდა მივიდა. მივიდა და მოულოდნელად წყალში ბრინჯაოს წმინდა სამება სქელი ლექიდან გამოჩნდა, გამოანათა, ამობრწყინდა, არხის ზედაპირზე ამოხტა და ჰონდას პირდაპირ ხელებში ჩაუხტა. იმანაც სამება შინ, ნაგანოში წაიღო და საოჯახო საკურთხეველში მიუჩინა ადგილი, ბოლოს კი ახლადაშენებულ ზენკოჯის ტაძარში დააბრძანა. სულ მალე ამ სალოცავის ირგვლივ იაპონური ტრადიციის მიხედვით ქალაქი გაშენდა. ეს 642 წელს მოხდა, როცა ზენკოჯის პირველი ვარიანტის აგება დასრულდა. მერე ტაძარი არაერთხელ დაიწვა და ფერფლისგან აღადგინეს, საბოლოო სახე კი 1707 წელს მიიღო და დღეს იგი იაპონელთა ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს.

ზენკოჯიში მისული მლოცველნი, ისე როგორც იქაური ღვთისმსახურნი, ყველა სხვა იაპონური ტაძრისგან განსხვავებით კაცებიც შეიძლება იყვნენ და ქალებიც. ზენკოჯის დაარსების ისტორიაც მისი ღვთისმსახურებისაგან ყოველდღიურად შეიძლება გაიგოთ, როცა ისინი ლოცვას აღავლენენ. და რაკი ეს უბრალო ჰონდა ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა გამხდარა, მისი ქანდაკება ცოლშვილთან ერთად ბრინჯაოში ჩამოუსხამთ და ტაძრის მთავარ დარბაზში ბუდის გვერდით დაუბრძანებიათ.

ტაძარმა თავისი სახელი ამიდა ბუდას შუბლიდან გამონათებული ღვთიური სხივისგან (ზენკო) მიიღო, სხვა გადმოცემის მიხედვით კი ის იეროგლიფები, რომლებიც იოსემიცუდ იკითხება, ჟღერს როგორც ზენკო.

ბუდისადმი თაყვანისცემა, როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, წმინდა სამებაზე ხელის შეხებით გამოიხატება და სამოთხის ძბილეთის" დაუფლების გარანტიას ზენკოჯის ტაძრის ბნელ სარდაფში მიგნებულ გასაღებზე ხელის მოთათუნებაც იძლევა. და როცა ცდუნებას ვერც მე გავუძელი და სამლოცველო დარბაზიდან ბნელ სარდაფში ვიწრო კიბით ჩამავალ საფეხურებს სხვებთან ერთად ჩავუყევი, უმალ კუნაპეტში ამოვყავი თავი და ვიწრო დერეფანში კისერი რომ არ მომეტეხა, ხელის ფათურით მივყევი დინებას. იმ სიბნელეში სამოთხეც დამავიწყდა და მისი გასაღებიც. ერთი სული მქონდა დღის სინათლეზე როდის ამოვყოფდი თავს. ეტყობა, სხვებიც ასე ფიქრობდნენ, რადგან ხუთიოდე წუთის ბორიალის შემდეგ გვირაბის მეორე მხარეს ამოსულნი შვებით ისუნთქავდნენ ჰაერს და ზეცას ქაცისკროვნებულნი შეჰყურებდნენ.

ეტყობა, იმ სიბნელეში ჩაყვინთვა და კუნაპეტში სიარული სიკვდილის პროცედურის სიმბოლური გავლა იყო, იქიდან თავის დაღწევა და ამოყვინთვა კი - მკვდრეთით აღდგომისა და ნათელში დაბრუნებისა.

არ ვიცი, ამის მერე სამოთხეში მოვხვდები თუ არა, მაგრამ იმით კი ბედნიერი ვარ, უკუნეთიდან თავდაღწეული ნათელ ცას რომ შევცქერი.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, მეც სიკვდილგამოვლილი ვარ.

ავთანდილ გურასაშვილი

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი