RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

მუსიე გაბა

“იყო და არა იყო რა… იყო ერთი ბებერი ქალი, ისეთივე, როგორც სხვა ქალი - ადამიანი.”

24 საათი 20.02.10

“იყო და არა იყო რა… იყო ერთი ბებერი ქალი, ისეთივე, როგორც სხვა ქალი - ადამიანი.”

ასე იწყება მისი ერთი ზღაპარი. ბევრს წერდა. მუშაობდა. წერდა დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც. პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. საკუთარ სახლში ჭრა-კერვის ხუთწლიანი კურსები გახსნა და მოზარდებს ზოგად განათლებასაც აძლევდა.

იმდროინდელ ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ვინმე მოხელე სტრელეცკის სახლში მოთავსებული იყო პანსიონი, რომელსაც ქალთა ინსტიტუტის ყოფილი “კლასის დამა”, ტიტულოვანი სოვეტნიკის ქვრივი, ევგენია იაკობის ასული ფავრი ხელმძღვანელობდა. პატარა კატო მას მიაბარეს. თავიდანვე კარგად სწავლობდა. მოგვიანებით ამბობდნენ: კატო ნამდვილი მოძრავი სკოლა იყოო.

“მოძრავი სახლებიც” არსებობენ… და სადაც არ უნდა წავიდნენ, ვინც არ უნდა ესტუმროთ, უამრავ ძველისძველ ამბავს, თავის თუ სხვათა მიერ განცდილს, ისე დაგანახებენ, თითქოს შენც მათთან ახლოს იყავი. ასეთია ჩემი რესპონდენტი, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი გურამ გაბაშვილი.

უკვირს - დღეს ვის გაახსენდა ეკატერინე გაბაშვილი, რევაზ გაბაშვილი? ბატონი გურამის ნაამბობმა ძველ დროში დაგვაბრუნა.

- ზემელზე ვცხოვრობდით. სადაც ახლა მეცნიერებათა აკადემიაა, მანდ იყო ჩვენი სახლი, მოსკოვის ქუჩაზე. ახლა მის პარალელურ ქუჩას ბებიაჩემის - ეკატერინე გაბაშვილის სახელი დაარქვეს. ჩვენს სახლში საინტერესო ხალხი იყრიდა თავს. დიდი სახლი იყო, დარბაზი დაახლოებით 60 მეტრი იქნებოდა. ველოსიპედით სიარული სახლში ვისწავლე. მახსოვს, დარბაზში ფორტეპიანო და რბილი ავეჯი იდგა… ბებია რომ გარდაიცვალა, 18 წლის ვიყავი. როგორ ახერხებდა შვილების გაზრდას, წერას, მუშაობას… კარტსაც კი გვეთამაშებოდა. მან გვასწავლა “კონჩინკის” თამაში. ბოლო წლებში სულ დაყრუვდა, საერთოდ არ ესმოდა, მაგრამ ყოველდღე გაზეთებს კითხულობდა და ყველაფრის საქმის კურსში იყო, ჩვენზე მეტი იცოდა.

ადრე გათხოვდა. ცნობილ იურისტს - ალექსანდრე გაბაშვილს გაჰყვა. ეკატერინე გვარად თარხნიშვილი იყო, ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მისი დედა, სოფიო ვახტანგის ასული, ბაგრატიონ-დავითაშვილი იყო... გაბაშვილები ყოველთვის მეფის კარზე იყვნენ. გონიერი ხალხი იყო, განათლებული.

ეკატერინე და ალექსანდრე გაბაშვილებს ათი შვილი ჰყავდათ. პირველი ხუთი ჩვილობაში მოუკვდათ, მომდევნო ხუთი კი შერჩათ: თამარი (პოეტ კოტე მაყაშვილის მეუღლე), რევაზი, ნინო, გიორგი, ელენე (ცნობილი ენათმეცნიერის მზია ანდრონიკაშვილის დედა).

ეკატერინე ბუნებით თავისუფლების მოყვარე ყოფილა, ვერ ეგუებოდა შეზღუდვებს. მისი მოთხრობებია “თინას ლეკური”, “ღვინია გადაიჩეხა”, “ოჯახის ბურჯი”, ყველასთვის ცნობილი “მაგდანას ლურჯა” და სხვა. ეკატერინე გაბაშვილის სახლში იმდროინდელი ქართველი ელიტა იკრიბებოდა. მათი სტუმრობა და საუბრები შვილებზეც ახდენდა გავლენას. გასაკვირი არ არის, რომ ეკატერინე გაბაშვილის ერთ-ერთი ვაჟი, რევაზ გაბაშვილი, იმდროინდელ პოლიტიკურ ორომტრიალში ჩაება. “ბანკიანობის” დროს თურმე ერთმა ქალბატონმა ვერ მოითმინა და ბრწყინვალე თავადიშვილს, რომელმაც ილია უკმეხად მოიხსენია, ბრწყინვალე ლოჟაში თავზე ქოლგა გადაამტვრია. ეს ქალბატონი ეკატერინე გაბაშვილი იყო.

ბებიაჩემიც და მამას ოჯახიც ილიას ერთგული იყო, ილიას, მისი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიმდევრები იყვნენ. მამაჩემი ამ პარტიის აქტიური წევრი გახდა. 1921 წლის რევოლუცია რომ მოხდა, მამა მთავრობის წევრი იყო. იძულებული გახდა, აქედან წასულიყო და სწორადაც მოიქცა, თორემ, რა თქმა უნდა, დახვრეტდნენ და არც ჩვენ დაგვადგებოდა კარგი დღე. თუმცა, მერე, მამაჩემის გამო, მე და დედა ყაზახეთის უდაბნოში გადაგვასახლეს. 1951 წელი იყო. შობა ღამეს რამდენიმე ათასი ქართველი, ტერიტორიული შეზღუდვის უფლებით, გადაგვასახლეს. იქიდან გამოსვლის უფლება არ გვქონდა. სტალინის სიკვდილიდან ორი თვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს მცდარი ღონისძიება იყო. ჩვენ პირველივე ეტაპში მოვხვდით და საქართველოში დავბრუნდით. გადასახლებულ ქართველებს ორი წლის განმავლობაში ათავისუფლებდნენ. რასაკვირველია, ძნელი იყო იქ ყოფნა, საშინელი… გადაკეთებულ საქათმეში ჩაგვასახლეს, სკინტლის სუნით ყარდა იქაურობა.

ჩვენი იქ ჩასვლა იქაურებისთვის რევოლუცია იყო. წლის ბოლოს შედეგები რომ შეაჯამეს, რაიონმა, ჩვენი წყალობით, 4 წლის მშენებლობის გეგმა შეასრულა, ფოსტა-ტელეგრაფმა კი - 14 წლის გეგმა… დედაჩემი, მარიამ ცისკარიშვილი, თბილისის უნივერსტეტის ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე იყო. გადასახლებაში ვერაფრით ვერ დასაქმდა. ძროხა მხოლოდ სურათზე ჰქონდა ნანახი და ყაზახეთში ძროხებს რომ დაინახავდა, ოთახში შედიოდა და კარს კეტავდა.

მე მშენებლობაზე ვმუშაობდი. მშენებლობას “ოქტომბერი 30 წელი” ერქვა. დიდი უბანი ჩამაბარეს, რადგან მშენებლობას უკვე კარგად ვიცნობდი. მშენებლობის უფროსი იყო ვინმე გალოვკინი, ბრწყინვალე პიროვნება. შემდეგ ყაზახეთის “სახმშენის” უფროსად დანიშნეს. ეს კაცი იმდენად დაგვიახლოვდა, რომ როცა გაგვათავისუფლეს, ჩვენთან ჩამოვიდა სტუმრად.

ჩვენთან ერთად გადასახლებაში იყო ჩხატარაშვილების ოჯახიც. იყვნენ დადიანები, მასხარაშვილები… გრამიტონ ასათიანი ბრწყინვალე ქირურგი და გინეკოლოგი იყო, არაჩვეულებრივად მღეროდა რუსულ რომანსებს… გალოვკინმა ქართული სუფრა რომ დაინახა, გაგიჟდა, ქართული სიტყვა-პასუხი რომ მოისმინა, თქვა: არსად წამსვლელი აღარ ვარ. ეს ნამდვილი თეტრიაო, ამბობდა.

ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი გურამ გაბაშვილი დამსახურებული არქიტექტორია. სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი დიდი ობიექტი აქვს აშენებული. საქართველოში დააპროექტა მიწათმოქმედების ინსტიტუტი, თბილისის მეორე საავადმყოფო, ბორჯომის დიდი პოლიკლინიკა და უამრავი საცხოვრებელი სახლი. ბატონი გურამი ძველი ფრენბურთელია - საქართველოს ჩემპიონი. თბილისის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი და რვა უძლიერესი ქალაქის შეჯიბრების ფინალისტი.

- მაშინ ფრენბურთი იყო მოდაში. ყველა ფრენბურთს თამაშობდა. იმ უდაბნოდან ქალაქში გადასვლის გზებს ვეძებდი… მოკლედ, ჩიმკენტის გუნდი 12 წლის განმავლობაში ყაზახეთის ჩემპიონი იყო. ჩემი დოკუმენტები სპორტკომიტეტში გავგზავნე. მოულოდნელად შინსახკომში (რომელიც სპორტს შეფობდა) უცნაური განკარგულება მოვიდა: “ოლიმპიადაზე წარმოადგინეთ ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის გუნდები. ფრენბურთის გუნდის წარმოდგენა დაავალეთ გადასახლებულ გურამ გაბაშვილს…” აქ კიდევ ერთმა გარემოებამ იმოქმედა. მყავდა უახლოესი მეგობარი - გივი ხუციშვილი. ერთად გავიზარდეთ. გადასახლებაში ჩამოსვლას ვერავინ ბედავდა. ერთ მშვენიერ დღეს იმ უდაბნოში გივი ხუციშვილი გამომეცხადა. მოკლედ, ქუჩაში გივი რომ დავინახე, გადავირიე. ორი დღე ვიქეიფეთ… მერე მკითხა, რა ვქნა, რით დაგეხმაროო. ჩიმკენტში უნდა წახვიდე, საბუთები მაქვს გაგზავნილი და მიაკითხე-მეთქი. წავიდა და თავი წარუდგინა შინსახკომის პოლკოვნიკს. მოკლედ, ჩავედით და ყველა გუნდს მოვუგეთ, მათ შორის, ჩიმკენტის გუნდსაც. ასე გავხდით სამხრეთ ყაზახეთის ჩემპიონები. რომ მივემგზავრებოდით, სატვირთო მანქანაში ჩაგვსხეს, რომ არ გავქცეულიყავით. უკან იარაღიანი ბადრაგი მოგვყვებოდა.

როცა ის გადასახლებაში იყო, მამა, რევაზ გაბაშვილი პარიზში იმყოფებოდა. იქ ერთი საინტერესო ამბავი გადახდენია თავს, ოღონდ ეს უფრო ადრე იყო, შვილის გადასახლებამდე. პარიზში აკაკი წერეთელი მოხსენებას კითხულობდა. მთელი საზოგადოება იქ იყო. მასთან შავწვერულვაშა კაცი მისულა, უთქვამს, ორი საათია თქვენს ცხვირს ვუყურებო. გაჰკვირვებია რევაზ გაბაშვილს, ამას ვის გადავეყარეო. იმ კაცს უთქვამს, უთუოდ ჩემს ატელიეში უნდა მობრძანდეთო. შემდეგ დაბეჭდილი ბარათი მიაწოდა. ბარათზე ეწერა: “იაკობ ნიკოლაძე. როდენის მოწაფე”. სახელოსნოში რომ მივიდა, სველტილოგადაფარებულ ბიუსტს ახედა. “შოთა რუსთაველის ქანდაკებას ვაკეთებ. ორი წელია, ცხვირს ვეძებ. აკაკის მოხსენებაზე სულ თქვენ გიყურებდით და მივაგენიო”. მოგვიანებით რევაზ გაბაშვილმა ეს ეპიზოდი აღწერა კიდეც თავის წიგნში “რაც მახოვს.” “არ ვიცი, რა გვიპოვა საერთო, მაგრამ მისი “შოთა” დიდი ხნის შემდეგ მუზეუმში, გამოფენაზე ვნახე და ვიფიქრე: სად ერეკლე, სად თოროზაანთ თეკლეო...”

ფოტოს ვაკვირდები. ეფექტურია რევაზ გაბაშვილი, სიმპათიური და საინტერესო გარეგნობის. მისი შვილი კი თხრობას განაგრძობს (რევაზის შვილებიდან მხოლოდ ის დარჩა ცოცხალი.)

- ეს მამაჩემია, პარიზში, ქეთო მაღალიშვილის მიერ დახატული… ესეც პარიზია, მე გადავუღე… მამა ძალიან მკვირცხლი და ცოცხალი ბუნების ადამიანი იყო. მრავალმხრივი და ყველაფრით დაინტერესებული, ხელოსნობით დაწყებული და ჰეგელის ფილოსოფიით დამთავრებული.

რევაზ გაბაშვილმა 1902 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. განათლების მისაღებად ბელგიაში გაემგზავრა. შევიდა ქ. ლეჟეს მონტეფიორეს სახელობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში. 1905 წელს, რევოლუციის პერიოდში, ინსტიტუტი მიატოვა და თბილისს დაბრუნდა. დაიწყო რევოლუციური მოღვაწეობა. მოგვიანებით ამასაც დაწერს თავის წიგნში “რაც მახსოვს”: “…თბილისი და საქართველო აფორიაქებულია. 1905 წლის ზაფხულს “გაზაფხულის” სუნი ტრიალებს ჰაერში. კრებები, მიტინგები, დემონსტრაციები, მოთხოვნილებანი, ბომბებისა და თოფ-რევოლვერების სროლა, პოლიტიკური ტყვეების ძალად თუ ნებსით გათავისუფლება, რევოლუციისა და კონტრრევოლუციისგან ხალხი გაოგნებულია, ყველა რაღაცას ელის სიხარულით და თან შიშით...”

თავადაც იღებდა მონაწილეობას არაერთ რევოლუციურ აქციაში. ჩაბმული იყო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმეებში, “წერა-კითხვის საზოგადოება”, თავადაზნაურთა საკრებულო და მისი “მიწათმოქმედების კომისია”, “სათავადაზნაურო ბანკი”, კოოპერაცია, სიღნაღის მაზრის მეთამბაქოეობა, მთიულეთის მეცხვარეობა და სხვა. დააარსა სალიტერატურო ჟურნალი “კლდე”, რომელიც 1912-15 წლებში გამოდიოდა, იყო რედაქტორი, წამყვანი მწერალ-პუბლიცისტი. 1921 წელს რევაზ გაბაშვილი ემიგრაციაში წავიდა, ცოლ-შვილი კი სამშობლოში დატოვა. ერთხანს სტამბულში ცხოვრობდა. იცოდა ათამდე ენა - თურქული, სპარსული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური… სტამბულიდან საფრანგეთში ჩავიდა და ბოლოს პარიზში დასახლდა. პოლიტიკური შრომების გარდა, ისტორია-არქეოლოგიასა და ეთნოგრაფიაშიც მუშაობდა. 1967 წელს ფრანგულ ენაზე დაბეჭდა წიგნი “კავკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში.” ამავე დროს მუშაობდა ლიტერატურისმცოდნეობაში. გურამ გაბაშვილის ცნობით, მას პარიზში დარჩა გამოუქვეყნებელი ხელნაწერი შრომები საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე.

რევაზ გაბაშვილის გახმაურებული 340-გვერდიანი მოგონებათა წიგნი “რაც მახსოვს” 1959 წელს მიუნხენში გამოქვეყნდა. წიგნმა ქართული ემიგრანტული, განსაკუთრებით კი სოციალ-დემოკრატიული წრეების აღშფოთება გამოიწვია.

როდესაც გადაწყვიტეს, მამაჩემისთვის იუბილე გადაეხადათ, მას კომისიისთვის უთქვამს: მოქეიფე კაცი არ ვარ. თუ ჩემი პატივისცემა გინდათ, სამი წიგნი მზად მაქვს გამოსაცემად და ერთ-ერთი, რომელიც გნებავთ, ის გამოეცით. ეს იქნება ჩემთვის იუბილეო. “ცისფერი მთები” ხომ გახსოვთ? აირჩიეს ეს - “რაც მახსოვს”. თან ისე, რომ არავის არ ჰქონდა წაკითხული. უკვე დაბეჭდილ წიგნს რომ გაეცნენ, აღშფოთდნენ. ბოლოს მივიდნენ დასკვნამდე, რომ რევაზ გაბაშვილი უნდა განადგურდეს… მოკვლაც კი უნდოდათ. მე რომ ეს წიგნი წავიკითხე, ვუთხარი: მამა, ეს რა დაგიწერია! საქართველოში ვეღარ დავბრუნდები. ჩემი ყველა მეგობრის მამა გალანძღულ-გათათხული გყავს-მეთქი.

მოკლედ, რამდენიმე წლის შემდეგ პარიზში ჩავიდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი ბიჭებით. პარიზის პოლიციის უფროსს უთქვამს, ესენი რომ არ ჩამოსულიყვნენ, ას წელიწადს ვიცოცხლებდიო. ყოველდღე რაღაც უბედურება ხდებოდა. ბიჭები იცავდნენ მამაჩემს. შეუთვალეს, რევაზ გაბაშვილს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, არც ერთ მენშევიკს ცოცხალს არ დაგტოვებთო.

წიგნში კინოკადრებივით ჩანს იმდროინდელი პოლიტიკური პარტიების თუ დაჯგუფებების მიზნები, იდეები. კითხულობ და თითქოს დოკუმენტურ ფილმს უყურებ. ყუმბარების ლაბორატორია, ციხეები, ღალატი, გამოძიება, ტერორისტები…

“პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ… ბელგიაში სამი წლის ყოფნის შემდეგ სადგურიდან ღამით მოულოდნელად რომ შევედი ჩვენს ბნელ ეზოში, მესამე სართულიდან ყეფა მომესმა. ჩემს დაძახებაზე: “მავრიკ!” გიჟივით ჩამოვარდა ჩემი დატოვებული შავი ძაღლი. კოტრიალით, წკმუტუნით და ალერსით შემომახტა, თითქოს გუშინდელი წასული ვყოფილიყავი… აღარ იცოდა, სიხარულით რა ექნა.

მოგვიანებით საქართველოში ემიგრანტებთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყო. ჩამოყალიბდა ემიგრაციასთან კავშირის საზოგადოება. მისმა თავმჯდომარემ ბატონ გურამსაც მიაკითხა, რათა რევაზ გაბაშვილთან ურთიერთობა დაემყარებინათ.

- წერილი მივწერე მამაჩემს - ვინ ვარ, რას ვაკეთებ, რას ვსაქმიანობ. მივწერე ჩემი დისა და ძმის ამბებიც. მოვიდა გახარებული პასუხი. ამ მიმოწერის შემდეგ მამაჩემმა გამომიგზავნა ვიზა. ჩავედი პარიზში, 50 კაცი დამხვდა. მამაჩემი ემიგრაციაში რომ წავიდა, მე ერთი წლის ვიყავი და, ცხადია, არ მახსოვდა. მოხუცი კაცი რომ დავინახე, ვიფიქრე, ეს არის-მეთქი. მერე ვიღაცამ ხელი მომკიდა და მამაჩემთან მიმიყვანა… თვე-ნახევარი ვიყავი პარიზში. მთელი ქალაქი ფეხით მოვიარე. დღეში 14 საათს დავდიოდი. თვე-ნახევარი ვკამათობდით ყველაფერზე. საოცარი პოლემისტი იყო, წარმოუდგენელი ლოგიკა ჰქონდა. მამას ჰყავდა ან მტრები, რომლებიც, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, ვერ იტანდნენ, ან - ისეთი მეგობრები, რომლებიც მის მზეს ფიცულობდნენ. პირველ სართულზე ცხოვრობდა. მეზობლებსაც ძალიან უყვარდათ. ყოველ დილით ეხმიანებოდნენ. მუსიე გაბა, ხომ არაფერი გნებავთ? მუსიე გაბა, ხომ არაფერი გჭირდებათ? “მუსიე გაბა” - ასე მიმართავდნენ.

50 წლის უნახავ მამა-შვილს საუბარში და კამათში ათენდებოდა თავზე. მსჯელობდნენ, კამათობდნენ ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ქვეყნის ბედზე, პოლიტიკაზე… თავის ერთ-ერთ წიგნზე, რომელიც რევაზ გაბაშვილს შვილისთვის პარიზში უჩუქებია, წაუწერია: “1968 წელს მამა-შვილმა ერთად ჩავაბარეთ “გამოცდანი”; შენ ბეტონ-რკინით სახლებს აგებ, “მსუბუქ” სიტყვით მე, - ზღაპრებსა, შვილის-შვილთ გამოარკვიონ “რა არის უფრო გამძლე ხნით!” პარიზი. 1968 წ.

რევაზ გაბაშვილი გარდაიცვალა პარიზში 1969 წელს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე.

სიცოცხლის ბოლომდე ასეთი იყო - სამშობლოსა და ოჯახის ერთგული. მატერიალურად უკიდურესად შეჭირვებული, უკანასკნელ გროშებს არ ზოგავდა, თვითონ იკლებდა, კანფეტებსა და სარჩოს ყიდულობდა თავისი ეზოს ბავშვებისა და მტრედებისთვის. ამიტომ საყვარელი “მუსიე გაბა” მუდამ გარშემორტყმული იყო პარიზელი ბავშვებითა და მტრედებით... იყო და არა იყო რა... იყო ერთი ქართველი “მუსიე გაბა”...

ნანა ლომიძე

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი