ჯავახიშვილის 14-ში
ძველ სახლზე ჩემს ერთ სტატიასაც უბრალოდ იმ სახლის მისამართი დავარქვი. გამეორება გამომდის, მაგრამ ესეც სახლის ისტორიაა, ეს ისტორიები კი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს...
24 საათი 11.07.10
ძველ სახლზე ჩემს ერთ სტატიასაც უბრალოდ იმ სახლის მისამართი დავარქვი. გამეორება გამომდის, მაგრამ ესეც სახლის ისტორიაა, ეს ისტორიები კი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს...
ეს სახლი ივ. ჯავახიშვილისა და მ. გოგიბერიძის ქუჩების გადაკვეთაზეა, ჯავახიშვილის 14 ნომერში (მას ადრე კალინინის ქუჩა ერქვა, იქამდე - ნიკოლოზის, ქვემოთ ხომ ნიკოლოზის ეკლესიაა, მეორეს კი - ხიდის ქუჩა). აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. სამსართულიანი, კაპიტალური, ძალიან კოხტა სახლია, ეკლექტური სტილის, დიდი გუმბათით, ორივე მხარეს ფართო აივნებით.
წარმომიდგენია, საღამო ხანს სავაჭროებისა და დუქნების კარები ღია იყო. აივნებზე გადმომდგარი ქალაქელები ქუჩაში მოსეირნე ახლობლებსა და ნაცნობებს ესალმებოდნენ. ალბათ ყველა ერთმანეთს იცნობდა. ირგვლივ ფალავანდიშვილების, საგინაშვილების, ვეფხვაძეების, მილოვების (მილაშვილი) სახლები იყო. იყო მეზობლების გადაძახილები...
ამ ქუჩაზე ვიღას არ უცხოვრია. გადასწვრივ, საგინაშვილების სახლში, ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან და დასთან, ელისაბედ საგინაშვილთან ერთად ცხოვრობდა (ახლა იქ ილიას მუზეუმია), იქვე იყო გაზეთ "ივერიის" რედაქცია.
უწინ ამ სახლის პირველ სართულზე "ქოსების დუქანი" ყოფილა, ალბათ გაგიგონიათ. ქართველ მწერლებს ჰყვარებიათ იქ შეკრება. ხელაშვილებს ჰქონიათ ნაქირავები, ქოსები ყოფილან და ეს სახელი ვაჟა-ფშაველას ამიტომ დაურქმევია.
ძველი სახლები ყოველთვის ერთნაირად მოქმედებს ჩემზე: ნოსტალგიური განწყობა მეუფლება. სანამ ახალ შენობებს სული ჩაუდგება, სიძველის შარმს, საკუთარ სახეს შეიძენს, არაერთი წყალი ჩაივლის... ეს სახლიც ასეთია: სადარბაზოში თითქოს ისტორიის ნაბიჯების ხმა ისმის. ევროპული ფასადით, შიგნით ტრადიციული თბილისური ნაგებობაა დაძველებული ღია აივნებითა და შუშაბანდებით, პირქუში სარდაფით, იდუმალი სხვენით, სადაც დახვეული, აჟურული რკინის კიბე აგიყვანთ, უკვე მორყეული და საშიში. შიდა ეზოში სიგრილე და თავისებური სუნია. კიბე ჭრიალებს, კედლებიდან რაღაც ხმები ისმის. აივნიდან არაჩვეულებრივი, ძველი ქალაქის ხედი მოჩანს.
"ძველი სახლი" ჩემთვის მეტაფორაა... წარსულის მოგონებები, სენტიმენტები, რომლებიც საშუალებას არ გაძლევს, ძველი ნივთები მოიშორო, სითბო, რომელსაც განიცდი სახლზე ფიქრისას. მით უფრო, თუ ის შენს წინაპრებს ეკუთვნოდა.
ამ სახლში დღეს მისი მფლობელის შთამომავლები ცხოვრობენ, მეოთხე თაობა. დიდ პაპაზე ნოდარ და სიმონ გძელიშვილებმა მიამბეს.
ბებია ცდილობდა, ჩვენთვის მოგონებები შემოენახაო, თქვეს. ჩვენი წინაპრები წარმოშობით სამაჩაბლოდან, ზემო ხვითიდან ყოფილან (ცხინვალიდან დაახლოებით ორი კილომეტრითაა დაშორებული). თბილისში ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში გადმოსახლებულან, ისე ჩვენი ძირი რაჭიდან არისო.
"ჩვენს დიდ პაპას, გიორგი ლაზარაშვილს ლამაზ გიორგის ეძახოდნენ. ობლობაში გაიზარდა. ყმაწვილობისას თერძთან ხელობის სასწავლებლად მიუბარებიათ. 18 წლისა უკვე ისე დახელოვნებულა, ოსტატს თვითონ შეუთავაზებია, ცალკე უნდა იმუშაო, ჩემი მეწილე გახდეო. დამოუკიდებლად რომ დაიწყო მუშაობა, სახელოსნოებიც გახსნა, კარგი ხელი ჰქონდა. თვითონვე ყიდდა, შეგირდები ჰყავდა, ცოლიც მუშაობდა. ქალაქში ცნობილი თერძი გახდა.
ამხელა სახლი როგორ ააშენა გიკვირთ? მთელი ცხოვრება რაც იშრომა, მას შეალია. მშენებლობა 1904 წელს დაუწყია, ორმოცდაათი წლის იქნებოდა.
იმ პერიოდში ქართველი ვაჭრები და მეწარმეები მომძლავრდნენ და ინდივიდუალური პროექტებით მდიდრულად გაწყობილ სახლებს აშენებდნენ. პაპასაც ეტყობა გამორჩეული სახლი უნდოდა, თან გემოვნებაც ჰქონდა, და გამოჩენილი არქიტექტორი, ერთ-ერთი პირველი დიპლომირებული სპეციალისტი, მაშინ ახალგაზრდა გიორგი ქურდიანი მოუწვევია. ქურდიანის ნაგებობები საქართველოში მრავლადაა, ალბათ იცით... ასეთი ოსტატის აგებულია ჩვენი სახლი.
ჩვენი წინაპრები ძველი ქალაქელები იყვნენ. ეს მიწის ნაკვეთი მათი მამაპაპისეული საკუთრება იყო (მაშინ მიწა ძვირი ღირდა. ქალაქის მმართველობა მოსახლეობას დროებითი სარგებლობისთვის აძლევდა). დიდი ადგილი არ იყო, თანაც კუთხის. არქიტექტორისთვის უთქვამს, ისეთი სახლი მინდა ააშენო, რომ მე, უბრალო კაცმა, ჩემი საყვარელი ქალაქისთვის რამე გავაკეთო, დავამშვენო. ერთი ქალიშვილი მყავს და გვეყოფაო. თორემ იმ თანხით უფრო მოხერხებული სახლის აშენება შეიძლებოდა.
ეს შენობა კარგად ჩაჯდა ამ უბნის ქარგაში. ორ წელიწადში დაუმთავრებიათ. სულ 16 საცხოვრებელი ოთახი გამოვიდა. ფასადს უფრო მეტი მოახმარეს, ლამაზი ჭიშკარი და სადარბაზო კარი, ორიგინალური კიბე გაუკეთეს. ნათესავები ეუბნებოდნენ თურმე, გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან - მოყვარესო.
პაპა მეორე გილდიის ვაჭარი იყო. ის დრო იყო, ქართველობა ვაჭრობასა და წარმოებაში რომ ებმებოდა. გილდიის სამმართველოში ძირითადად სხვა ერის შვილები იყვნენ. კიდევ იმიტომ ააშენა ეს სახლი, რომ ცენზი უფრო ამაღლებოდა. პირველი გილდიის ვაჭარი უნდოდა გამხდარიყო.
მაშინ მოდური იყო სახლების მოხატვა. ფრანგ მხატვარს, დუეს მოახატვინა. მას ქართველი ოსტატები - ჯმუხაძეები ეხმარებოდნენ. არ ვიცი, როგორ მოხვდა ის ფრანგი თბილისში. აკი ამბობდნენ, თბილისი ისეთი ქალაქია, ვინც ჩამოვა და მტკვრის წყალს დალევს, მას ვეღარ დატოვებსო. საერთოდ, თბილისში ისეთი ხელოსნები იყვნენ, ევროპაში არ იქნებოდნენ. ეს მაგიდა, მაგალითად, აქ არის გაკეთებული, ლამის მთელი ოთახის სიგრძეზე იშლება, ას კაცამდე ეტევა.
მოკლედ, იმ დროს ძველი ქალაქი მღებავსაც სიტყვა მხატვარში აერთიანებდა. მაგრამ ეს ხელოსნები არ იყვნენ ხელწამოსაკრავნი... ისინი დამკვეთის ნება-სურვილს და გემოვნებასაც ითვალისწინებდნენ.
სადარბაზო და ოთახების კედლები მოხატეს. საინტერესოა, რომ სადარბაზოს ჭერზე, მრგვალ კარნიზში გაზეთი "ივერია" იყო ჩახატული და შიგ - ყვავილების თაიგული, ოთახის კედლებზე - "ვეფხისტყაოსნიდან" ქაჯეთის ციხის სცენა, საქართველოს სამხედრო გზის ფრაგმენტები, დარიალის ხეობა, ძაუგის შესასვლელი (ორჯონიკიძეს ხომ ძაუგი ერქვა).
პაპა ხელოსანი, ყარაჩოხელი კაცი იყო, მაგრამ ოპერაში ოჯახს თავისი ლოჟა ჰქონდა. ოპერამ ხომ მაშინ მოსახლეობის ყველა ფენა მოხიბლა.
ქალიშვილს, ოლღას, კარგი განათლება მისცა. წმ. ნინოს კეთილშობილთა სასწავლებელი დაუმთავრებია. მაღალ კლასებამდე ამოცანების ამოხსნაში გვეხმარებოდა. სწავლის დროს ვანო სარაჯიშვილისა და ნიკო ცხვედაძის დებთან ერთად ცხოვრობდა ოთახში. მისი მეუღლე, ბაბუაჩემი სიმონ გრძელიშვილი, მათემატიკის მასწავლებელი იყო. ლომონოსოვის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, მისი მამა მომრიგებელი მოსამართლე ყოფილა ონის მაზრაში. მის ერთ ძმას, ალექსანდრეს, სორბონა დაუმთავრებია, პირველ გიმნაზიაში ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა, მეორე ძმა, გიორგი, ცნობილი იურისტი იყო, კოტე - ექიმი".
ოკუპაციის პირველივე თვეებიდან დაიწყეს შეძლებული მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევა. რეპრესიები დაიწყო. 1928 წელს ჯერ სახლის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიები ჩამოართვეს, შემდეგ კი, ვითომ ვერ უვლითო - სახლიც (არადა სახლი ახალი აშენებული იყო) და ოთახ-ოთახ დაარიგეს. სახლში ბერიას მდივანი შეუსახლეს, ასევე "ჟენოტდელის" აქტივისტი, ვინმე ხაჩიკოვა, რომელიც დადიოდა და ამბობდა, ყველას ართმევთ და ამათ რატომ არ ართმევთო. ოთხი ოთახი დაუტოვეს. ასე "ბევრი" იმიტომ, რომ 29 წელს კანონი გამოვიდა, ბინის მფლობელები ექსპლუატატორები არიან და ბინებიდან საერთოდ უნდა გამოაძევოთ, მაგრამ ხელი არ უნდა ახლოთ იმ მესაკუთრეებს, რომლებიც ჯარში მსახურობენ და ვის ოჯახშიც მასწავლებლები არიანო.
"ჩემი პაპა, სიმონ გძელიშვილი, ზემოთაც ვთქვი, ცნობილი მასწავლებელი იყო. მეფის დროს ქალთა მესამე გიმნაზიაში ასწავლიდა. ამიტომ არ გაგვასახლეს, მაგრამ სამამულო ომის დროს, როდესაც ტაგანროგიდან საავიაციო, 31-ე ქარხანა გადმოიტანეს, მუშები შემოგვისახლეს, - განაგრძობს ბატონი სიმონი, - ორი ოთახი მათ დაიკავეს, თითქოს დროებით შეგვზღუდეს, მაგრამ წასვლა აღარ უნდოდათ, ღვეზელებს აცხობდნენ, ყიდდნენ... ბიძაჩემი ფრონტიდან რომ ჩამოვიდა, აიძულა - როგორ, მე საომრად წავედი და ჩემს სახლში აღარ მიშვებთო? თორემ უკვე ბინის ორდერიც ხელთ ჰქონდათ. ბოლო და ბოლოს დააცლევინეს.
დიდი ბებია სახლის ამბავს გადაჰყვა... დიდი პაპა, რომელიც ბავშვობიდან მუხლჩაუხრელად შრომობდა, სახლი რომ ჩამოართვეს, საწყალი, უკვე 72 წლის, დაავადმყოფებული, თავმოყვარე კაცი, არ უნდოდა სხვაზე დამოკიდებული ყოფილიყო და დარჩენილი ჩოხების მასალით ფითილებს აკეთებდა და ბაზარში ყიდდა. ასეთ დღეში ჩააგდეს...
ჩვენი ჩამორთმეული სახლი საერთო-სახალხო ქონებად გამოცხადდა, როგორც ხდებოდა. წლების მერე, საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად, სახელწიფო ხომ მოსახლეობას ბინებით აკმაყოფილებდა, გვერდით ოთახი რომ გათავისუფლდა, შემოვიერთეთ.
მოხატულობა ერთ ოთახშიღაა გადარჩენილი, სხვა ოთახებში შემოსახლებულებმა გააფუჭეს, მთლიანად გამურული იყო და შპალერით დავფარეთ. ალბათ შეიძლება აღდგენა...
ბრეჟნევის ეპოქამდე სადარბაზოს მოხატულობაც შემორჩენილი იყო. ერთ მშვენიერ დღეს, მგონი საპირველმაისოდ, ჩვენი რაიონის რაიკომის მდივნის, ვინმე აზიროვის დავალებით, მოსულან და... ინსტიტუტიდან დაბრუნებულს მთელი სადარბაზო ზეთის საღებავით შეღებილი დამხვდა.
ჩამოვარდა გუმბათზე მიმაგრებული ცინკის ფირფიტაც, წარწერით, რომ ეს სახლი გიორგი ლაზარაშვილმა ააგო. ფასადის ფრაგმენტები ცვივა, რამდენიმე შენახულიც გვაქვს.
შემოსასვლელში აჟურული რკინის ქოლგა იყო, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, ომის დროს დაკარგა. მაშინ გაქრა სადარბაზოს უნიკალური კარი - მუქი ხის, მოჩუქურთმებული, ძველ სახლებს რომ აქვთ, ისეთი, მიხვდებოდით - გამოაღებ კარს და სხვა სამყაროში ამოყოფ თავს. მერე კარის დარჩენილი ნაწილი ვითომ შესაკეთებლად წაიღეს და ისიც დაიკარგა...
სახლის მცხოვრებნიც ხან უკანონოდ კარს ჭრიდნენ, ხან კედლებს ანგრევდნენ. ეს დღესაც გრძელდება. პირველ სართულზე მდებარე მაღაზიის დირექტორმა რემონტის დროს, ორი ოთახის გასაერთიანებლად საყრდენი თუჯის ბოძები გამოაცალა. მაშინ გაჩნდა ეს ბზარი, ბუხარმაც დეფორმაცია განიცადა და გავაუქმეთ. ერთხელ ბეწვზე გადავურჩით ხანძარს.
ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ეს სახლი დაინგრეოდა...
კომუნისტების დროს რეკონსტრუქციის იმიტაციას ქმნიდნენ, საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოსახდენად, ძველ ქალაქზე ვზრუნავთო, მოვიდოდნენ, სასწრაფოდ ფასადს შეალამაზებდნენ, ხარჯთაღრიცხვას შეადგენდნენ, რომ მილიონ-ნახევარი დახარჯეს, ვითომ ფანჯრები, კარები, იატაკი გამოცვალეს, სინამდვილეში მარტო ღებავდნენ.
კომუნისტებს ყურადღება რომ მიექციათ, კოპწია სახლი იქნებოდა, ისევ "საღ-სალამათი". ქურდიანი ამბობდა, ათას მიწისძვრას გაუძლებსო. მართლაც იმდენი ძალა აღმოაჩნდა, ყველაფერს გაუძლო...
ძველი სახლები ისევ მყარად დგანან, მტკიცედ არიან მიწას შეზრდილნი. თბილისურ საცხოვრებელ სახლებშიც ნათლად ჩანს ჩვენი წარსული ცხოვრება, ამიტომ მათ მეტი გაფრთხილება სჭირდებათ.
ასე მგონია, თუ ადამიანს არ უყვარს ძველი სახლები, ძველი ქუჩები, ზოგჯერ არცთუ ისე ლამაზები, მას არც თავისი ქალაქი უყვარს"...
რუსუდან დარჩიაშვილი