მოძრაობა „ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერი, პარიზში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა მოძრაობა „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდეს. “მედიანიუსის” ცნობით, ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა „ერთიანი საქართველოსათვის“ გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
ეკა ბესელიას თქმით, მისი ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის დროს, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შეფასებისას, ირაკლი ოქრუაშვილმა ნინო ბურჯანაძის პარტიის შეხედულებები გაიზიარა.
„თავდაპირველად, ირაკლი ოქრუაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა რა თემებზე იყო საუბარი, ჩემთვის უცნობია. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური დიალოგი. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და არსებობს ყველანაირი წინაპირობა ირაკლი ოქრუაშვილი ნინო ბურჯანაძეს შეხვდეს. მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის სტრატეგიაში, ჩვენ საერთო ნაბიჯები გვაკავშირებს. ამიტომაც, თემატური თანამშრომლობა, ვფიქრობ ნაყოფიერი იქნება“, _ განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის შეიძლება მოხდეს ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრა.
მისივე შეფასებით, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციების დაახლოებისა, პარტიების რაიმე სახით გაერთიანება დღის წესრიგში არ დგას.