რა ბედი ელით "შავ სიაში" მოხვედრილ მსესხებლებს?
01 დეკემბერი, 2009
7999
print

შესაძლოა, ბანკებისა და პრობლემური მსესხებლების ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყოს

"კრედიტინფოს" მონაცემთა ბაზაში 2 ნოემბრისთვის 286 905 ვადაგადაცილებული და გადაუხდელი სესხია დაფიქსირებული. აგვისტოს ომისა და გლობალური საფინანსო კრიზისით გამოწვეული პრობლემების გამო "კრედიტინფოს" ე.წ. შავი სია სულ უფრო და უფრო იზრდება. პრობლემური სესხების მონაცემთა ბაზაში მოხვედრის გამო უამრავ ადამიანს საკრედიტო ისტორია უფუჭდება. "კრედიტინფოს"ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია 6 წლის განმავლობაში ინახება. შესაბამისად, თუ ბანკები პრობლემურ მსესხებლებს არაკეთილსაიმედოთა სიაში შეიყვანენ, ისინი ბანკის მომსახურებას მინიმუმ 6 წლით უნდა დაემშვიდობონ. ექსპერტთა შეფასებით, ვადაგადაცილებული და გადაუხდელი სესხების მონაცემთა ბაზის ზრდა ბანკებისთვისაც დიდი პრობლემაა, რადგან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი ისინი მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში პოტენციური მომხმარებლების უმეტესობას კარგავენ. ბანკებში აცხადებენ, რომ მომავალში სესხის გაცემისას "კრედიტინფოში" მსესხებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას გაითვალისწინებენ თუ არა, ეს ცალკეული ბანკის გადასაწყვეტია.

დაუბრუნებელი კრედიტები ბანკების ზარალს პირდაპირპროპორციულად ზრდის. საბანკო სექტორმა გასული წელი 215 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. პრობლემური სესხების ზრდისა და კრიზისის გამო ბანკების უმეტესობა წელსაც ზარალზე მუშაობს. ბევრმა ბანკმა უიმედო სესხების ამოღების მიზნით იურიდიული ფირმების დახმარებას მიმართა. "საიმედო აუქციონი" პრობლემური სესხების ამოღებაზე "საქართველოს ბანკთან", "თიბისისთან" და "ბაზისბანკთან" თანამშრომლობს. ბანკების მხრიდან "საიმედო აუქციონისთვის" გადაცემული სესხების ოდენობას არც ერთი მხარე არ ასახელებს. ასევე არ სახელდება ის თანხა, რასაც ბანკები იურიდიულ ფირმებს ამოღებული თანხის გასამრჯელოდ უხდიან. არაოფიციალური ინფორმაციით, პრობლემური სესხების ამოღებაზე მომუშავე ფირმებს ამოღებული თანხის 3-4 პროცენტი რჩებათ.

ამ ფირმების მუშაობის ეფექტურობაზე ფირმის წარმომადგენლებს და ბანკებს განსხვავებული შეფასებები აქვთ. "საიმედო აუქციონში" მიიჩნევენ, რომ მათი მუშაობა შედეგიანია. თუმცა, ფირმის წარმომადგენლები მათი მხრიდან ამოღებული სესხების ოდენობას არ ასახელებენ.

პაატა კაპანაძე, "საიმედო აუქციონის" დამფუძნებელი: "საიმედო აუქციონი" 1,5 წელია მუშაობს. ძირითადად მცირე სესხების (1000-დან 3500 აშშ დოლარამდე) ამოღებაზე ვმუშაობთ. ეს შეიძლება იყოს როგორც საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანება, ისე სამომხმარებლო სესხი. "საიმედო აუქციონს" მსესხებლის ქონებაზე ყადაღის დადების უფლება არა აქვს, ეს კერძო აღმასრულებლის საქმეა და მაშინ ხდება, როცა საქმე სასამართლოში მიდის. ჩვენ ბანკის კლიენტებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და სესხების რესტრუქტურიზაციასა და გადახდაზე ვთანხმდებით. კარგად შერჩეული თანამშრომლების მეშვეობით მათთან მოლაპარაკება არ გვიჭირს. "საიმედო აუქციონის" მუშაობა საკმაოდ შედეგიანია. ასე რომ არ იყოს, ბანკები ჩვენთან თანამშრომლობას არ გააგრძელებდნენ. ჩვენი ფირმის მუშაობის ეფექტურობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი სხვა ბანკებმაც გამოთქვეს".

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური მიიჩნევს, რომ პრობლემური სესხების ამოღებაზე მომუშავე კომპანიების ეფექტი ბანკთან შედარებით ბევრად დაბალია.

ირაკლი გილაური: "ამ კომპანიებს ამოსაღებად ჩვენ ძირითადად მცირე, 1000 ლარამდე მოცულობის სესხები გადავეცით. მათი მხრიდან სესხების დაახლოებით 30 პროცენტზე მეტია ამოღებული. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტის ამოღება შეიძლება. "საქართველოს ბანკი" თავისი რესურსებით პრობლემური სესხების 60-65 პროცენტის ამოღებას ახერხებს. სავარაუდოდ, ამ კომპანიებს ფულის ამოღების სათანადო გამოცდილება ჯერ კიდევ არა აქვთ. ამ ეტაპზე თანამშრომლობის შეწყვეტას არ ვაპირებთ. გვინდა ვაცალოთ, ვნახოთ, როგორ შედეგებს გვაჩვენებენ. თუ კარგი შედეგები არ იქნება, ბუნებრივია, ურთიერთობას გავწყვეტთ".

"პროკრედიტ ბანკში" აცხადებენ, რომ პრობლემური სესხების წილი ბანკის პორტფელში 3 პროცენტზე ნაკლებია და მათი ამოღების მიზნით ბანკი იურიდიული კომპანიების დახმარებას არ მიმართავს. "ასეთი შემთხვევა ჩვენს პრაქტიკაში არ ყოფილა". "პროკრედიტბანკი" მომხმარებელთან ურთიერთობას თავად არკვევს," - აცხადებს "პროკრედიტბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ნადირაძე.

თუ დამხმარე იურიდიულმა კომპანიამ მსესხებელს ვალი ვერ გადაახდევინა, საქმე ბანკს უკან უბრუდება. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს გირაოში ქონება ჰქონდა ჩადებული, ბანკს დაგირავებული ქონება თავის ბალანსზე გადააქვს ან აუქციონზე ყიდის და ვალს ამ გზით იბრუნებს. პრობლემად ის მსესხებლები იქცნენ, რომელთაც კრედიტები ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ჰქონდათ აღებული. ასეთ შემთხვევაში ბანკი ამ მსესხებლებს ვალის გადასახდელად მაშინ მიაკითხავს, როცა მათ პირადი ქონება გაუჩნდებათ, ანდა მათ საბანკო ანგარიშებზე რაიმე სახის შემოსავალი გაჩნდება. დაუბრუნებელი სესხის გამო მოვალეებისთვის შემოსავლის ჩამორთმევა 10 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ბანკები აქამდე პრობლემურ მსესხებლებს "კრედიტინფოს" ე.წ. შავ სიაში მოხვედრითაც აშინებდნენ. ამბობდნენ, რომ არაკეთილსაიმედოთა სიაში შეყვანილი მომხმარებლები ბანკების მომსახურებას მინიმუმ 6 წლით დაემშვიდობებოდნენ.

"შავი სიის" პერსპექტივა

როგორც ჩანს, ბანკებმა ასეთ მიდგომას გადახედეს. ახლო მომავალში შესაძლოა, ბანკებისა და პრობლემური მსესხებლების ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყოს. ყველაზე მეტი პრობლემური სესხი "საქართველოს ბანკს" აქვს. ბანკის მთლიან სასესხო პორტფელში ვადაგადაცილებული და დაუბრუნებელი სესხების მოცულობა 7 პროცენტს აღწევს. მიუხედავად ამისა, ბანკში აცხადებენ, რომ სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის გათვალისწინება ერთ-ერთი, და არა ერთადერთი ფაქტორია. "ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებლის კმაყოფილება. "საქართველოს ბანკის" თანამშრომლები ინდივიდუალურად მუშაობენ იმ მსესხებლებთან, რომელთაც სესხის დაფარვისას შეფერხება შეექმნათ. ვცდილობთ, მომხმარებელთან ერთად მოვძებნოთ კლიენტის შესაძლებლობებზე მორგებული და ამავე დროს საკითხის გადაჭრის ყველაზე ოპტიმალური გზა. ბანკის მიზანი არაა, მსესხებლის მიერ გარანტიად ჩადებული ქონების რეალიზაცია მოახდინოს. უფრო მეტიც, 1 ოქტომბერს "საქართველოს ბანკმა" განაცხადა, რომ ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე 2009 წლის 15 ივნისამდე წარმოშობილი დავალიანება ერიცხება, ბანკი ვალდებულების რესტრუქტურიზაციას სთავაზობს. რესტრუქტურიზაცია გულისხმობს საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების გადანაწილებას 24 თვემდე ვადაზე და ყოველთვიურად დასაფარი ფიქსირებული თანხის დადგენას, მაქსიმუმ 125 ლარამდე თვეში. ვალდებულებაზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება. არ იცვლება დავალიანების დაფარვის პირობები - მომხმარებელს კვლავ შეეძლება, მისთვის დადგენილ თარიღში გადაიხადოს.

რაც შეეხება "კრედიტინფოს" "შავ სიას", ამ საკრედიტო ბიუროში ცენტრალიზებულად თავს იყრის ინფორმაცია მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ. საკრედიტო ისტორია შეიძლება იყოს როგორც დადებითი (ვადაგადაცილებების გარეშე გადახდილი სესხი), ისე ნეგატიური (ვადაგადაცილებების არსებობა სესხზე). შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდა ვადაგადაცილება, მაგრამ შემდგომ სესხი დაფარა. ამრიგად, "კრედიტინფო" - ეს არის მშრალი ინფორმაცია საკრედიტო ისტორიაზე და სესხის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. ცალკეული ბანკის გადასაწყვეტია, მომავალში სესხის გაცემისას მიიღებს თუ არა მხედველობაში და როგორ გაითვალისწინებს "კრედიტინფოში" მსესხებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას. სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრედიტო ისტორია მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია," - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

"პროკრედიტბანკში" აცხადებენ, რომ ისინი ტერმინ "შავ სიას" საერთოდ არ იყენებენ და მომავალში ყველა მომხმარებლის საქმეს ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს. რაც შეეხება "თიბისი ბანკს", მის პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა 6 პროცენტზე ნაკლებია. როგორც ბანკში აცხადებენ, მომავალში სესხის გაცემისას "კრედიტინფოს" მონაცემების გათვალისწინება აუცილებელი ფაქტორი არ იქნება. "ბევრ ადამიანს პრობლემა სამსახურის დაკარგვის გამო შეექმნა. ამიტომ, "თიბისი ბანკი" მომავალში მომხმარებელთან თანამშრომლობის მიზნით ყველა მომხმარებლის ისტორიას ინდივიდუალურად შეისწავლის. ზოგადად კი, მომხმარებელთან ურთიერთობის პოლიტიკა ბევრად უფრო ლიბერალური გახდება," - აცხადებს "თიბისი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ძირკველიშვილი. გადაიტვირთება თუ არა ბანკებისა და პრობლემური მსესხებლების ურთიერთობა რეალურად, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014