მკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ
28 იანვარი, 2010
1759
print

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან გუშინ ოთხი წელი გავიდა.

მკვლელობიდან ოთხი წლის თავზე გირგვლიანის ოჯახის წევრები კვლავ ითხოვენ მკვლელების შემკვეთების დასჯას და საქმის ობიექტურ გამოძიებას. ისინი მკვლელობის შეკვეთაში შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელ უფროსს გურამ დონაძეს და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიას ადანაშაულებენ.

გირგვლიანის საქმეზე საქართველოში სამართალწარმოება დასრულდა. სასამართლომ გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრი დასდო შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს ალანიას, ღაჭავას, ბიბილურიძეს და აფციაურს. მათ სასჯელი ჯერ უზენაესმა სასამართლომ შეუმცირა, რის შემდეგაც, ისინი პრეზიდენტმა შეიწყალა, ბოლოს კი, ე.წ. უდოს კომისიის შუამდგომლობით პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.

ქართული მართლმსაჯულების საბოლოო შედეგის მიღებისთანავე, სანდრო გირგვლიანის ოჯახმა განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნა და საქართველოს ხელისუფლება ევროკონვენციის მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა.

სტრასბურგის სასამართლოში პირველი სხდომა 2 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა, გადაიდო, რადგან ქართველმა მოსამართლე ნონა წოწორიამ საკუთარ თავს აცილება მისცა. საქმე ისაა, რომ ნონა წოწორია იმ დროს, როცა სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება მიმდინარეობდა, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, რაც აცილების საფუძველი გახდა.

მანამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება საქმეზე ახალ მოსამართლეს არ დანიშნავს, საქმის განხილვა ვერ გაგრძელდება. საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლომ ახალი მოსამართლის დასანიშნად 12 თებერვლამდე მისცა ვადა. სავარაუდოდ, თებერვალში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 27 იანვარს, ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მანამდე სანდრო გირგვლიანი შარდენის ქუჩაზე მდებარე "შარდენ ბარში" იმყოფებოდა, სადაც მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, ის და მისი მეგობარი ოქროყანაში გაიტაცეს და აწამეს.

გუშინ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შარდენის ქუჩაზე პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც საზოგადოებას მოუწოდეს, რომ სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსცემის ნიშნად შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარებში მისვლისგან 27 და 28 იანვარს თავი შეიკავონ.

სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
01 ივლისი, 2015 მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
15 მაისი, 2015 დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება