MTV მუსიკალური აღარაა
12 თებერვალი, 2010
2029
print

30 წლიანი ისტორიის მქონე არხზე რებრენდინგი განხორციელდა

თითქმის ისევე, როგორც 1981 წლის 1 აგვისტოს, მსოფლიოში ცნობილმა მუსიკალურმა ტელეარხმა MTV-მ პრაქტიკულად ახალი სიცოცხლე დაიწყო. ამიერიდან მას აღარ ჰქვია მუსიკალური ტელევიზია და მხოლოდ ცნობილი აბრევიატურა შემორჩა. როგორც არხის ხელმძღვანელობა ამბობს, რებრენდინგის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში იდგა, თუმცა მასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, პროცესი ჭიანურდებოდა.

ცხადია, საინტერესოა მიზეზი, რის გამოც "ემტივიმ" თითქმის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში უცვლელი განსაზღვრება დათმო, ამით სიტყვები Music Television ხომ არა მხოლოდ ლოგოტიპიდან ამოშალა, არამედ ზოგადად მუსიკისგან განცალკევებული პროფილიც აღიარა. ეს კი მართლაც ასეა - "ემტივი" დიდი ხანია გასცდა მუსიკალური ტელევიზიის ჩარჩოებს და თანამედროვე გასართობი ინდუსტრიის პრაქტიკულად ყველა სფერო მოიცვა. მუსიკალური სიახლეების ბლოკები და ვიდეოკლიპები, რომლებიც ადრე არხის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი იყო, ნელ-ნელა მეორე პლანზე გადავიდა. მისი ადგილი კი ვარსკვლავებისადმი მიძღვნილმა გადაცემებმა, წვეულებების ამსახველმა სიუჟეტებმა, რეალურმა შოუებმა, ანიმაციურმა ფილმებმა და სერიალებმა დaიკავა.

როგორც ჟურნალი Rolling Stone იუწყება, "ემტივის" მენეჯერები და დიზაინერები რებრენდინგის შესახებ რამდენიმე წლის წინ ალაპარაკდნენ, თუმცა სხვა პრობლემების გამო მომხმარებლის უკმაყოფილო რეაქციისაც შეეშინდათ. ახლა კი არხის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ თანამედროვე მაყურებელი ნებისმიერი ნოვაციის მისაღებად მზადაა და მსგავს ცვლილებებს ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამს. მეტიც, შეიძლება "ემტივის" მუდმივი მაყურებლის უდიდესმა ნაწილმა ვერც კი შენიშნოს, რომ რამდენიმე დღეა ცნობილი ლოგოტიპის მთავარ ასო M-ს "ფეხები" აქვს წაკვეთილი.

არხის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ რებრენდინგი სულაც არ ნიშნავს, რომ მუსიკა არხის ეთერიდან ნელ-ნელა გაქრება, პირიქით, შენარჩუნდება პრაქტიკულად ყველა მუსიკალური გადაცემა და გაიზრდება კლიპების რაოდენობაც, თუმცა მუსიკა "ემტივისთვის" მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. განახლებული არხი საბოლოო სახეს 2011 წელს მიიღებს.

ახლა კი რაც შეეხება ამ სიახლის მოწინააღმდეგეებს. ასეთთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მათ შორის ძირითადად ის თაობაა, რომლის თვალწინაც "ემტივი" დაიბადა და ვითარდებოდა. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ მუსიკოსებიც, რომლებსაც მუსიკალური ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი ხელიდან ეცლებათ. ამის შესახებ ხმამაღალი განცხადება ჯასტინ ტიმბერლეიკმა ჯერ კიდევ 2007 წელს, MTV Video Music Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე გააკეთა: "ჯანდაბა, რა გჭირთ, მუსიკალური არხია თუ საკაბელო ტელევიზია?! მეტი კლიპები გვაჩვენეთ, დავიღალეთ მულტფილმებისა და რეალური შოუების ყურებით!" მაშინ მის სიტყვებს ბევრი მომღერალი გამოეხმაურა, მაგრამ ამაოდ. ახლა კი "ემტივის" მუსიკალურობა სულაც ისტორიას ჩაბარდა.

ცოტა რამ არხის ისტორიიდან: არხის კონცეფცია ჯერ კიდევ 1977 წელს, ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსის ტელევიზიაში დაიბადა. სამი წლის შემდეგ, 1981 წლის 1 აგვისტოს კი ოფიციალურად დაიწყო ტრანსლირება. არხის ყურების საშუალება თავიდან მხოლოდ ნიუ ჯერსის მაცხოვრებლებს ჰქონდათ. საინტერესო იყო არხის ერთერში გაშვებული პირველი კლიპის კონცეპტუალური არჩევანიც - ეს იყო ჯგუფ The Buggles-ის Video Killed the Radio Star, რომელმაც მსოფლიოს პრაქტიკულად პირდაპირ უთხრა, რომ მუსიკალურ სამყაროში ერთი ერა დასრულდა და ახალი დაიწყო. სულ მალე არხმა მაუწყებლობის არეალი გააფართოვა, თაყვანისმცემელთა არმიაც გაიმრავლა და პირველი კრიტიკაც დაიმსახურა - მას რასიზმში დასდეს ბრალი, რადგან არხის ეთერში მხოლოდ თეთრკანიან შემსრულებელთა ვიდეოები ტრიალებდა. არხის ხელმძღვანელობა კი ამ ტენდენციას იმით ხსნიდა, რომ შავკანიანთა კლიპები უხარისხო და უინტერესო იყო. სიტუაცია 1983 წელს შეიცვალა, როდესაც "ემტივის" ეთერში მაიკლ ჯეკოსონის Billie Jean გაუშვეს, რამაც არა მხოლოდ შავკანიან მომღერლებს გაუხსნა გზა, არამედ არხის ეთერში მაიკლ ჯეკსონის ერთპიროვნულ ლიდერობასაც დაუდო დასაბამი. 1984 წელს არხზე პირვლად შეადგინეს ჰიტ აღლუმი Top 20 Video Countdown და იმავე წელს გაიმართა MTV Video Music Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალიც.

სხვა სიახლეები
12 იანვარი, 2015 სატელევიზიო გლობუსი
03 ნოემბერი, 2014 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება
16 მარტი, 2013 „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი საპარლამენტო კომიტეტში
02 მარტი, 2013 საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავ ცვლილებებია
22 სექტემბერი, 2009 ყველაზე ხანგრძლივი სერიალი დაიხურა