მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრები მზადაა
22 ოქტომბერი, 2012
1575
print

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ირაკლი ცირეკიძეს სამწვრთნელო დებიუტი ბრაზილიის სალვადორის (სრული სახელია სან სალვადორ და ბაია დი ტოდუშ უშ სანტუში) მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე ელის.

ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძიუდოს ქართველ გულშემატკივარში მოლოდინიც დიდია და ინტერესიც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაართმევს თავს მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუშინდლამდე ანტალიაში გაფართოებული შემადგენლობით გადიოდა შეკრებას და მხოლოდ მისი დასრულებისთვის უნდა დასახელებულიყო ის ბირთვი, რომელიც ბრაზილიაში დაიცავს ნაკრების ღირსებას. შემადგენლობა დასახელდა. ახალბედა მწვრთნელი გამოცდილ ძიუდოისტებს დაეყრდნო და ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავა, რაც, ალბათ, ბუნებრივია - პირველ ტურნირში წაფორხილების შანსი მინიმუმამდე დაიყვანა.

მსოფლიოს გუნდური პირველობა პირადისგან განხვავებული ფორმატით ტარდება - აქ, შვიდის ნაცვლად, ხუთი წონითი კატეგორიაა. კერძოდ, გაუქმებულია 60 კილოგრამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზობები 66 კილოგრამიდან დაიწყება. 90 კილოგრამს ზევით კი ორი - 100 და მძიმე წონაა გაერთიანებული. ასე რომ, გუნდურში პირველობისთვის იბრძოლებენ 66, 73, 81, 90 და +90 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენლები.

არის კიდევ ერთი რამ: შეზღუდული წონების მიუხედავად, მწვრთნელს უფლება აქვს, თითოეულ წონაში, ორი ძიუდოისტი წაიყვანოს და ამა თუ იმ გუნდის წინააღმდეგ ერთი ძიუდოისტი მეორით შეცვალოს.

ირაკლი ცირეკიძეს ბრაზილიაში ექვსი ძიუდოისტი მიჰყავს. წონაში ორი წარმომადგენლის აყვანის უფლება მხოლოდ 73 კგ-ში გამოიყენა.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრებში ვერ მოხვდებოდა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ.), რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ავსტრიაში თიაქრის ოპერაცია გაიკეთა და დაახლოებით ერთ კვირაში განაახლებს ვარჯიშს. ასე რომ, მის წონაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ამ წონაში ცირეკიძემ შალვა ქარდავა აიყვანა. მეორე ცვლილება მძიმე წონას ეხება. ადამ ოქრუაშვილის ნაცვლად, მწვრთნელმა თავის გამოჩენის შანსი მისცა ახალგაზრდული ნაკრების წევრს ლევან მატიაშვილს. ეს ის მატიაშვილია, რომელმაც სექტემბერში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

...მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, პირველობისთვის იბრძოლებენ მასპინძელთა გუნდი, იაპონია, კორეა, უზბეკეთი, მონღოლეთი, რუსეთი, უკრაინა, კუბა, საფრანგეთი, აშშ, ალჟირი, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და ვენესუელა.

ირაკლი ცირეკიძეს ბრაზილიურ ტატამთან ტკბილი მოგონებები აკავშირებს. 2007 წელს საქართველოს ნაკრების მომავალმა მწვრთნელმა რიო დე ჟანეიროში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. თუ ახლა სამწვრთნელო ასპარეზზეც მიაღწევს წარმატებას...

საქართველოს ნაკრები 24 ოქტომბერს გაემგზავრება სალვადორში.

საქართველოს ნაკრები:

66 კგ.

შალვა ქარდავა

73 კგ.

ნუგზარ ტატალაშვილი

ზებედა რეხვიაშვილი

81 კგ.

ავთანდილ ჭრიკიშვილი

90 კგ.

ვარლამ ლიპარტელიანი

+90 კგ.

ლევან მატიაშვილი

 

სხვა სიახლეები
06 აგვისტო, 2013 სა­ლო­მე მე­ლია მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია
27 ივნისი, 2013 ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ტრი­უმ­ფი მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პის თას­ზე
16 მაისი, 2013 ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვი­ლის გრან-პრი
13 მარტი, 2013 მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდეულები ცნობილია
19 თებერვალი, 2013 გარი კასპაროვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა
13 მარტი, 2012 ჭად­რაკს "დრეს კო­დი" და­უ­წე­სეს
30 ნოემბერი, 2011 არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს
10 ნოემბერი, 2010 კას­პა­რო­ვის პრო­ტე­ჟეს სკან­და­ლუ­რი დე­მარ­ში
13 მაისი, 2010 ანანდმა ტიტული შეინარჩუნა
27 იანვარი, 2010 თბილისის 28 რჩეული