პანტომიმა კანონსა და მორალს შორის
07 ნოემბერი, 2012
1602
print

“სინეტიკ თეატრი” ისევ თბილისშია

1992 წელს ამირან შალიკაშვილის საავტორო თეატრში “სტუმარ-მასპინძელი” დაიდგა. იმ დროისთვის ამ თეატრს ყავდა ერთდერთი რეჟისორი - თავად ამირან შალიკაშვლი. ჯოყოლას როლს ასრულებდა ახალგაზრდა პაატა ციქურიშვილი. დასში ასევე რამდენიმე თვე მუშაობდა ირინა ციქურიშვილი. რომელსაც ამ ეტაპისთვის უკვე დამთავრებული ჰქონდა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო სასწავლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ შალიკასვილის ქორეოგრაფიული ლექსიკისა და სტილის გარდა ათვისებული უნდა ჰქონოდა არა მხოლოდ კლასიკური საბალეტო სკოლის სრული კურსი, არამედ ეროვნული ცეკვები.

მათგან განსაკუთრებულად საფუძვლიანად ქართული ცეკვა. ციქურიშვილების მუშაობა შალიკასვილის დასში, მით უფრო პაატა ციქურიშვილის ჯოყოლობა, ალბათ საოცრად ეფექტური არგუმენტია სამისოდ, რომ ამირან შალიკაშვილის პრეტენზია “სინეტიკ თეატრის” “სტუმარ-მასპინძლის” დადგმის საავტორო უფლებებზე საზოგადოებისთვის საყურადღებო პოლემიკად ჩაითვალოს. მაგრამ ისინი, რომელბმაც ნახეს ვაშინგტონში მოღვაწე დასის წარმოდგენები თბილისში ორ დასის ხელმძღვანელების წარსული კავშირების გარდა სხვა დეტალებზეც მიუთითებენ. ქორეოგრაფიულ ენაზე, სტილსა და ხშირად მოძრაობათა წყობაზეც. რამაც იმაზე ადრე მოგვაგონა შალიკაშვილის თეატრი, ვიდრე ამას თავად შალიკაშვილი განაცხადებდა…

“24 საათში” “სინეტიკ თეატრის” შესახებ, მის წარმატებებსა და სიახლეებზე ხშირად დაწერილა. პირადად მეც დამიწერია. მათზე და მათ შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე. “სინეტიკ თეატრი” ძალიან წარმატებული დასია ვაშინგტონში. 1997 წელს დაარსებულ თეატრს დღეს უკვე საკუთარი ბინა აქვს. 50 წარმოდგენა და ბევრი პრემია. მათ შესახებ ორი დღის წინაც მოგახსენეთ. განსაკუთრებით წარმატებულია დასის ქორეოგრაფი და სოლისტი ქალბატონი ირინა ციქურიშვილი.

8-9 ნოემბერს “სინეტიკ თეატრი” რუსთაველის თეატრში წარმოადგენს უკვე მეორე დადგმას - “მეფე ლირს”. სავარაუდოდ შექსპირის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი განსხვავებული აღმოჩნდება ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელისგან”. ამას კი ალბათ განაპირობებს თემაცა და ესთეტიკაც, რომელსაც ქორეოგრაფამდე ქმნიან ტექსტების ავტორები. თუკი “სტუმარ-მასპინძელის” დადგმისას ციქურიშვილებს ჰქონდათ ამირან შალიკაშვილის დადგმა როგორც ნიმუში. “მეფე ლირისთვის” მათ ექნებოდათ მთელი მსოფლიო თეატრალური გამოცდილება და რაც ყველაზე გავლენიანი იქნებოდა - რობერ სტურუას დადგმა. გავლენიანი კი იქნებოდა იმიტომ, რომ ქიცურიშვილები მეტ-ნაკლებად ჩაუღმავდებოდნენ ქართული თეატრის გამოცდილებას, რაც ამერიკისთვის უცხო იქნებოდა. ამას გარდა იმიტომ, რომ სწორედ ქართული თეატრის მონაპოვარი მუსიკასა და პლასტიკაში აქციეს საკუთარი თეატრის მნიშვნელოვან საფუძვლებად. რაც ცუდი ნამდვილად არ არის. პირიქით, ძალიან კარგია. ამას გარდა, “მეფე ლირის” მთავარ გმირს ასრულებს ირაკლი კავსაძე. ერთ დროს რუსთაველის თეატრის მსახიობი. იმ თეატრისა, სადაც რამდენიმე ათეული წელია მხოლოდ სტურუას გემოვნებითა და მისი სტილის “დიქტატით” არსებობს. თუმცა ყველაფერი რასაც ციქურიშვილების ლირზე ვწერ ახლა, მხოლოდ ვარაუდია. დაზუსტებით შემიძლია ვილაპარაკო უკვე ნანახზე.

“სტუმარ-მასპინძელი” ცნობილი 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ დაიდგა. რატომ? მარტივია. ციქურიშვილების თვალწინ ისლამმა ქრისტიანული სამყაროს წინაღმრდეგ გაილაშქრა და სწორედ ამან მოაგონათ ვაჟას “სტუმარ-მასპინძელი”. დადგმაში აშკარაა რეჟისორების სიმაპტია ქრისტიანებისადმი. ზვიადაურის მხარე სამართლიანობისთვის იბრძვის და მუსიკა, რომელზეც “ქრისტიანები” ცეკვავენ მშვიდობისკენ მიგვითითებს. ასეთია თუ არა ტენდენცია თავად ვაჟას ნაწარმოებში? ცხადია ძალაიან სადავო საკითხია. “სტუმარ-მასპინძელი” არა იმდენად დაპირისპირებასა და ერთის მეორეზე უპირატესობაზეა, რამდენადაც განსხვავებული რელიგიების მქონე ტრადიციულ საზოგადოებებში ადამიანის ცნების უპირატესობაზე და იმ ნებაზე, რომელსაც ვერ ერევა ვერც ძველი ტრადიცია, ვერც სიძულვილი და სისხლი. ალბათ ამიტომ ვფიქრობთ ქართველები, რომ ვაჟაზე დიდი ჰუმანისტი, ადამიანისა და ბუნების მოყვარე მწერალი, რომელიც სცდება ლოკალურ ქართულსა და ლოკალურ ქრისტიანულ მორალს ძალიან ცოტა გვყავს. თუკი საერთოდ გვყავს.

თუმცა, ვაშინგტონში აქცენტები ქართველებმა სხვაგვარად დასვეს და ეს აქცენტები იმ დროს და იმ ვითარებაში კომერციულად ყველაზე გამართლებულიც იქნებოდა. საბოლოო ჯამში წარმოდგენის სახით ვხედავთ ჩვენთვის კარგად ცნობილი პანტომიმის ლექსიკას, რომელსაც ადევს ტექსტიც. შუალედებში, შიგადაშიგ და ზემოდან. მოძრაობის თეატრის ქორეოგრაფიული ლექსიკა კი მსგავსი იმიტომ არის, რომ ზუსტად იგივე მოძრაობებს, მანერებსა და ხშირად თანმიმდევრობას მიმართავდნენ და მიმართავენ დღესაც ამირან შალიკაშვილის თეატრში. იმ თეატრში, რომელსაც აწვიმს და ათოვს. შეიძლება მე, როგორც მაყურებელი ყველასგან სრულიად სხვა ტიპის მოძრაობის თეატრს ვითხოვ, მაგრამ ის ფაქტი, რომ შალიკაშვილის სკოლის წარმომადგელები მისი დადმების მსგავსი დადგმებით ასეთი წარმატებულები არიან საქართველოს საზღვრებს გარეთ და მათი “სასწავლებელი-თეატრი” სიდუხჭირეშია, ცხადია უხერხულობის განცდას მაინც ქმნის მაყურებელში და ხანდახან სრულიად გასაგებია ამ თეატრის ხმამაღალი გულისტკივილი.

ამდენი აღიარების შემდეგ კიდევ ერთ აღიარებას გავაკეთებ. ნამდვილად ველოდი, რომ ევროპიდან ამერიკაში წასული ქართველი მოცეკვავეები განსხვავებულ თეატრს წარმოდგვიდგენდნენ. განსხვავებულ მოძრაობასა და პლასტიკას. განსხვავებულ სცენებსა და გადაწყვეტებს. ალბათ ვფიქრობდი რომ განსხვავებულობა გახლდათ “სტუმარ-მასპინძელის” წარმატება საზღვარგარეთ. მაგრამ არა და ესეც გასაგებია. ამერიკელი მაყურებლისთვის ისიც ძალიან ეფექტურია როცა ერთად შერწყმულს წარვუდგენთ ხოლმე ქართულ მუსიკას, ქართულ მოძრაობებს და ქართულ ემოციებს. ამ ემოციებს კი საინტერესოდ აფრქვევენ სცენაზე კახი კავსაძე თავისი დრამატული და ექსცენტრიკული მონოლოგებით, ირინა ციქურიშვილი ემოციური მოძრაობით და დასის უცხოელი ჯოყოლა, ზვიადაური და სხვები. მათგან რამდენიმე მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი ჩანს. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოში ათვისებული ხელობით ციქურიშვილების წყვილმა ესოდენ დიდ წარმატებას მიაღწიეს და თუნდაც ქართული მუსიკისა და ხელოვნების თავისებურებები ასე შორს წაიღეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია, სწორედ ამის გამო, რუსთაველის თეატრიდან გამოსული ყველაზე კრიტიკული მაყურებელიც კი წარმატებებს უსურვებს “სინეტიკ თეატრის” დასს.

ამას გარდა, სავარაუდოდ ქორეოგრაფიულად ბევრად საინტერესო იქნება “სინეტიკ თეატრის” ახალი დადგმები და თანაც ის დადგმები, რომლის დრამატურგია თუ მუსიკა რეჟისორებს არ უბიძგებდა ქორეოგრაფიის სტერეოტიპულ გადაწყვეტისკენ, ეთნოგრაფიულ წიაღსვლებისკენ და თუნდაც პედაგოგის გამოცდილების გამოყენებისკენ. წარმოუდგენელია თუნდაც შექსპირის პიესებს მათგან არ მოეთხოვა სულ სხვა ხედვა, პლასტიკა და დინამიკა, სწორედ ამიტომ შესაძლებელია “სინეტიკ თეატრის” რაობასა და ხედვას ბოლომდე ჯერ არ ვიცნობთ და მის გასაცნობად “მეფე ლირი” ძალიან დაგვეხმარება. ამ ეტაპისთვის ფაქტია, რომ “სინეტიკ თეატრის” ძალიან ფართოა და ის მოიცავს არა მხოლოდ დრამატურგიულ კომპილაციებს, არამედ ევროპული დრამატურგიის მიხედვით განხორციელებულ წამოდგენებსაც. რასაც ვერ ვიტყვით თბილისის პანტომიმის თეატრის რეპერტუარზე. რომელიც დიდწილად საავტორო კონცეფციებს გვთავაზობს. ბოლო პერიოდის დადგმებიდან გვაგოდება წარმოდგენები ქრისტეზე, ტერენტი გრანელზე, წმინდა გიორგიზე და ყოველი მათგანი შალიკაშვილების კონცეფციებს განასახიერებს.

როდის შეიძლება ვილაპარაკოთ პლაგიატზე? შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის სამეტყველო ენა მათი სპექტაკლიდან სპექტაკლში მეორდება და ამ ენას იმეორებენ მისი აღზრდილებიც ევროპასა და აშშ-ში; პლაგიატია მოძღაოებების გამეორება თუ რამე სხვა? თუკი ამ სიღრმეში განვიხილავთ ამ ცნებაას, მაშინ მოგვიწევს თუნდაც youtube-ში ჩავიხედოთ და ვნახავთ რომ შალიკაშვილის დასისთვის ახლობელი მოძრაობებით მოძრაობდნენ საუკუნის წინ დებურო, დეკრუ, ცოტა მერე მარსო და ბევრი სხვაც. მოძრაობათა სტილის ავტორობაზე ლაპარაკი ამიტომაც რთულია. მაგრამ თუკი ერთი დასი მეორეს დაუმტკიცებს რომ ილეთების წყობა, თანმიმდევრობა და კომპოზიციური განაწილება იდენტურია, მაშინ ბუნებრივია საქმე პლაგიატს ეხება და ამირან შალიკაშვილის ავტორობის აღნიშვნა “სინეტიკ თეატრს” აუცილებლად მართებს. თუმცა ასეთ რამეს “სინეტიკ თეატრის” ხელმძრვანელობას მხოლოდ კანონი დაავალდებულებს. როცა საქმე კომერციასა და საერთაშორისო წარმატებას ეხება, მორალი ხშირად სადღაც ქრება.

 

 

 

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში