სტუდენტები თამაშობენ
30 ნოემბერი, 2012
1675
print

ფესტივალი “ნიღაბი” 10-17 დეკემბერს გაიმართება

ვისაც სტუდენტური თვითშემოქმედება გაინტერესებთ, გინდათ იცოდეთ, როგორ ავსებენ სწავლისგან თავისუფალ დროს მომავალი ექიმები, ფილოლოგები, მათემატიკოსები ან ისინი, ვინც უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ დიპლომის ასაღებად სწავლობს, მაშინ 10-დან 17 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსს უნდა მიაშუროთ.

სწორედ აქ გახლავთ განთავსებული სამედიცინოს კულტურული ცენტრი - თეატრალური დარბაზი, რომლის სცენაზეც ერთი კვირის განმავლობაში ექვსი სპექტაკლი გათამაშდება, ექვსივე დადგმას კი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სამოყვარულო თეატრალური დასები წარმოადგენს.

სამოყვარულო სტუდენტური დასების პირველი თეატრალური ფესტივალი "ნიღაბი" ფესტივალის მასპინძლის, სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ “ჰიგიას” სპექტაკლ “ომობანათი” იხსნება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ფესტივალის ორგანიზატორი, ნათია გუჯაბიძეა. თავად თეატრს 10 წლიანი ისტორია აქვს და მხოლოდ სამედიცინოს სტუდენტებითაა დაკომპლექტებული. თეატრს საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილებაც გააჩნია - 2004 წელს თურქეთის ქალაქ დენიზლის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთ საუკეთესო დასად დაასახელეს. “ჰიგია” ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო ღინისძიებებშიც. წლების განმავლობაში მომავალი ექიმებისგან შემდგარ სამოყვარულო თეატრს ათამდე სპექტაკლი აქვს გამოშვებული, “ომობანა” კი მისი ჯერჯერობით უკანასკნელი დადგმაა.

შედარებით მოკრძალებული ისტორია აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრ “დასს”. თეატრი ჯერ მხოლოდ სამი წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო რამდენიმე სპექტაკლის დადგმა, მათ შორის, შადიმან შამანაძის "ღია შუშაბანდი", დათო ტურაშვილის "ორი კუნძული შავ ზღვაში", რევაზ გაბრიაძის "შერეკილები" და ოთარ ქათამაძის "აივანი". "დასის" რეპერტუარშია თამაზ მეტრეველის "ქართველებიც", რომელსაც ფესტივალ “ნიღაბზე” წარმოადგენს.

2000 წელს რეჟისორ გოგი გომურაშვილისა და სამხატვრო ხელმძღვანელ თენგიზ ყურაშვილის ინიციატივით დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლასტიკის თეატრს "სხვენი" ჰქვია. თეატრის სახელწოდება მისმა ადგილმდებარეობამ განსაზღვრა - “სხვენი” უნივერსიტეტის შენობის უმაღლეს ადგილასაა განთავსებული. “სხვენი” ძირითადად პანტომიმის ჟანრში მუშაობს, მის რეპერტუარში კი ხუთამდე ამ ჟანრში დადგმული სპექტაკლია. აქვთ დრამატული ნამუშევრებიც - ლაშა თაბუკაშვილის "ჭრილობა", ანტუან დე სენტ-ეგზუპერის "პატარა უფლისწული" და სხვა. ამჯერად დასი გია კაჭარავას რომანის მიხედვით დადგმულ “განკითხვის დღეს” წარმოადგენს.

“ცივი მარწყვის ტორტი” - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ "ალმა მატერის” სამოყვარულო თეატრი Dream Club შემოგვთავაზებს. ის ფესტივალში მონაწილე თეატრებიდან ყველაზე ახალბედაა შესაბამისად, ვერც რეპერტუარის სიმდიდრით დაიკვეხნის, თუმცა ვინაიდან საუნივერსიტეტო თეატრის დაარსება თავად სტუდენტების იდეა იყო, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ Dream Club აუცილებლად შეიქმნის საკუთარ ისტორიას.

2011 წლის ნოემბერში მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური დასის პრეზენტაცია და პირველი სპექტაკლის, მოლიერის “მკურნალი სიყვარულის” პრემიერა გაიმართა. მას შემდეგ დასმა კიდევ ორ სპექტაკლზე დაიწყო მუშაობა - ჩეხოვის “ალუბლის ბაღსა” და “თოლიაზე”. ეს უკანასკნელი უკვე დასრულებულია და სწორედ ის სპექტაკლია, რომლითაც კავკასიის უნივერსიტეტელები ფესტივალზე წარსდგებიან.

“გვიყვარს თეატრი... გვიყვარს სცენა... გვიყვარს თამაში... ამიტომაც ვართ ერთად, ამიტომაც გვიყვარს ერთმანეთი...” - ასე ჟღერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური დასის დევიზი. დასის რეპერტუარში კი საკმაოდ განსხვავებული სპექტაკლებია - საშობაო თემატიკიდან შექსპირის ტრაგედიამდე. ამჯერად ფესტივალის ჟიურის სამსჯავროზე დასს შტეფან ცვაიგის “უცნობი ქალის წერილი” გააქვს.

“ნიღაბის” ჟიური ძირითადად ახალგაზრდა მსახიობებითა და თეატრალებითაა დაკომპლექტებული. მათ შორის არიან: მსახიობები თამუნა ნიკოლაძე, კახა მიქიაშვილი და ბაჩო ჩაჩიბაია, რეჟისორები გოგი თოდაძე და ვანო ხუციშვილი, ასევე თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი. სწორედ ჟიურის ამ შემადგენლობას მოუწევს ფესტივალის რჩეულების გამოვლენა. როგორც ნათია გუჯაბიძემ გვითხრა, გადაწყვიტეს, დაეჯილდოებინათ არა სპექტაკლები და მათი ავტორები, არამედ მხოლოდ დადგმებში მონაწილე სტუდენტი მსახიობები. დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს გაიმართება.

ნათია გუჯაბიძე: “სამოყვარულო თეატრი სტუდენტებს სწავლის სპროცესისგან განტვირთვაში ეხმარება. გარდა ამისა, უყალიბდებათ ახლო ურთიერთობა, იძენენ ახალ მეგობრებს და ხელოვნების გზით კიდევ უფრო იფართოებენ თვალსაწიერს. ყოველთვის გვინდოდა, გვენახა, რას და როგორ თამაშობდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების თეატრალური დასები, ამიტომ გადავწყვიტე, ფესტივალი “ნიღაბი” ჩამეტარებინა და ასე მაინც გაგვეცნო და შეგვეფასებინა ერთმანეთის შემოქმედება”.

“ნიღაბი” წელს პირველად ტარდება და ყოველწლიური იქნება.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში