საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავ ცვლილებებია
02 მარტი, 2013
1844
print

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (GPB) გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით, მე აღარ ვარ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, ისმის შეკითხვა - პროფესიონალი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ქმნის არხის პოლტიკას „მოამბის“ გუნდთან ერთად და ეს პოლიტიკა ყველა რეზოლუციაში, დასკვნაში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი დაბალანსებული სამსახური, რატომ გაათავისუფლა არხის ხელმძღვანელმა. ბუნებრივია, ამით მეც დავინტერესდი და ბარათაშვილს ვკითხე კიდეც, მაგრამ მას არგუმენტი არა აქვს,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა. ის არხსა და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ საუბრობს, თავისი გათავისუფლების მიზეზად კი მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლების თემაზე მომზადებულ რეპორტაჟს მიიჩნევს.

„მე მაქვს უფლება, მქონდეს ჩემი ვარაუდები. მე ველოდი, რომ ბარათაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, განსაკუთრებით გუშინდელი რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც იუსტიციის მინისტრის განათლებას ეხებოდა.

ბარათაშვილი რამდენჯერმე დამიკავშირდა და მთხოვა, რომ რეპორტაჟი არ გაკეთებულიყო, თუმცა რატომ არ უნდა გასულიყო ეთერში, პასუხი არ ჰქონდა. ამან დააჩქარა ის პროცესი, რაც ჩემ მიმართ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მან რამდენჯერმე ღიად დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება „მოამბის“ საინფორმაციო პოლიტიკის გამო. არის შეკითხვა, რა შეიძლება არ მოსწონდეს მას, როცა „მოამბეში“ ყველა მხარის პოზიცია და ინტერესი დაფიქსირებულია. მისი სურვილი იყო, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის თემა და პრემიერის ბრიფინგები, ასევე რამდენიმე სხვადასხვა საკითხი, რომლებიც ახალი ხელისუფლების ქმედებებს ეხება, მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში განხილულიყო. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ეს არ არის კერძო ტელევიზია და არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, გათავისუფლებამდე გიორგი ბარათაშვილისგან სამი წინადადება მიიღო.

„პირველი - შემომთავაზა ფული, მეორე - შემომთავაზა სხვა თანამდებობაზე გადასვლა, რაც დღესაც ძალაში რჩება და მესამე - თუ არ დავაკმაყოფილებდი მის მოთხოვნას, მიიღებდა ჩემი მოხსნის გადაწყვეტილებას. მან რამდენჯერმე მითხრა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, მე საინფორმაციო სამახურიდან წავიდე. იგივე პრობლემა გვქონდა 2 ოქტომბრის შემდეგ გია ჭანტურიასთანაც, მაგრამ მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია და არხიდან თვითონ წავიდა. ამასთან, არავისთვის არის უცხო ბარათაშვილის ნათესაური კავშირები კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი ტრიპოლსკისთან. მათ შორის იყო გარკვეული გარიგება, რომ გადავსულიყავი სხვა თანამდებობაზე და საინფორმაციო პოლიტიკის ხელმძღვანელი ყოფილიყო სხვა ადამიანი,“ - განმარტა ხათუნა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდს მიმართავს და ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, სანამ ბორდი მომხდარის შესახებ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

„მივმართავ სამეურვეო საბჭოს - დაინტერესდეს, რა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ შეიძლება იყოს არხის გენერალური დირექტორი, როცა ამბობს, რომ მას საინფორმაციო პოლიტიკის გამო პრობლემები აქვს. ასევე მინდა, მივმართო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართულნი არიან მაუწყებლის განვითარების პროცესში - ჩაერთონ და გამოიკვლიონ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. მე წასვლას არ ვაპირებ. მინდა ,“მოამბის“ მთელ კოლექტივს ვთხოვო, მშვიდად განვაგრძოთ მუშაობა, არსად მივდივარ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე,“ - დასძინა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილს გუშინვე უპასუხა საოზგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა. მისი განცხადებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის მიმართ მისი შეთავაზება უკვე გაუქმებულია და მას აღარ შეეძლება ძველ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება.

მისი თქმით, გენერალური დირექტორის მრჩეველის თანამდებობა უფრო მაღალია - დირექტორი გადაწყვეტილებებს ბერძენიშვილთან ერთად მიიღებდა.

„შევთავაზე ახალი კონტრაქტი, რომელიც ხათუნა ბერძენიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით გენერალური დირექტორის მრჩევლად გადაყვანას გულისხმობს. სამეურვეო საბჭოს 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, ახალი სტრუქტურა შეიქმნა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტი აღარ არსებობს. საინფორმაციო სამსახურს ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც შიდა კადრებიდან შეირჩევა. ახალი სტრუქტურა 1 მარტიდან უნდა ჩაშვებულიყო,“ - განაცხადა ბარათაშვილმა.

ბარათაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებებს პოლიტიკურ ზეწოლასთან სიცრუედ აფასებს.

„წულუკიანის განათლების შესახებ სიუჟეტთან დაკავშირებით არ დამირეკავს. სატელეფონო კონტაქტი არ მქონია ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ორი კვირის წინ შევხვდი და შევთავაზე ახალი კონტრაქტი. არანაირ ფულის შეთავაზებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. რვა თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე გვქონდა ლაპარაკი. ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი, რომელიც შვიდი წუთით ადრე გამოიყვანა ეთერიდან. ეს ფაქტი მე ვთქვი ბორდთან. სიცრუეა ის, თითქოს მე მინდოდა პრემიერის ბრიფინგების პოზიტიურად გაშუქება,“ - ამბობს გენერალური დირექტორი.

ბარათაშვილის განცხადებით, დღემდე არანაირი პრობლემა თანამშრომლობის დროს არ შექმნილა და იგი არასდროს არ ჩარეულა ბერძენიშვილის მუშაობაში.

სხვა სიახლეები
12 იანვარი, 2015 სატელევიზიო გლობუსი
03 ნოემბერი, 2014 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება
16 მარტი, 2013 „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი საპარლამენტო კომიტეტში
12 თებერვალი, 2010 MTV მუსიკალური აღარაა
22 სექტემბერი, 2009 ყველაზე ხანგრძლივი სერიალი დაიხურა