წელს ზემოთ არავის ქალები
05 მარტი, 2013
1645
print

ნინო ბასილიას ახალი სპექტაკლი „დივანში“

საქართველოდან ავღანეთამდე 2300 კილომეტრია, ავღანელ ქალებამდე კი ხელის ერთი გაწვდენაა, მაყურებლიდან სცენამდე მანძილი, წარმოსახვითი სივრცე, რომელიც საათსა და 15 წუთში ისე მცირდება, ვერც კი ამჩნევ, ისე ეხვევი შავ ჩადრში. ეს რამდენიმე დღის განმავლობაში ფესტივალ-რესტორაცია „დივანში“ ხდებოდა, რომლის სარდაფში არსებული პატარა სცენაც ნინო ბასილიას სპექტაკლ-პერფორმანსს „წელს ზემოთ შენი არ ვარ“ დაეთმო. თავად სპექტაკლი კი ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტის, ოსნე საიეშტატის „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის“ ციტატებით აწყობილი პიესის მიხედვითაა დადგმული.

ვინც ამ დღეებში „დივანს“ სტუმრობდა, სპექტაკლის მონაწილე კარის შეღებისთანავე ხდებოდა: რესტორაციის ერთი მაგიდა ექვს შავჩადრიან ქალს ეკავა. ისინი არ საუბრობდნენ, არავის უყურებდნენ, არ იმჩნევდნენ ცნობისმოყვარეთა ინტერესს, ერთმანეთსაც არ ეკონტაქტებოდნენ. მაგრამ ასე მხოლოდ უცხოების დასანახად იქცეოდნენ - როგორც კი მაყურებელთან ერთად დარბაზში გადაინაცვლეს, წამსვე თავისუფლები გახდნენ - პირდაპირი მნიშვნელობით თავისუფლებიც, საკუთარი ისტორიის მოყოლისთვის, გულის გადაშლის, უფრო კი რეალურად გათავისუფლებისთვის მზადმყოფნი. თუმცა თავადაც კარგად იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ წამიერი თავისუფლება იქნებოდა, რადგან ისინი ოდესღაც ავღანეთის მსგავს ქვეყანაში, თანაც ქალებად დაიბადნენ...

შარშან ნოემბერში ამავე სივრცეში ნინო ბასილიას რომან „პლასტმასის ნერვის“ პრეზენტაცია გაიმართა (წიგნი წლევანდელი „საბას“ ლონგლისტშია შეტანილი). წიგნის სტანდარტული წარდგენის ნაცვლად სტუმრები მცირე პერფორმანსის მონაწილეები გახდნენ - რამდენიმე მსახიობი ნებისმიერ მსურველს ნაწარმოების კონკრეტულ მონაკვეთს უყვებოდა და ასე აცნობდა მის შინაარსს. რეჟისორმა იგივე ხერხი ახალ სპექტაკლშიც გამოიყენა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ექვსი მსახიობი ქალი მაყურებელს არა გამოგონილ, არამედ ნამდვილ ისტორიებს უყვებიან. ეს სწორედ ის ისტორიებია, რომლებიც ოსნე საიეშტატმა 2001-2002 წლებში ქაბულელი წიგნით მოვაჭრე შაჰ მუჰამედ რაისის (წიგნში მას სულთან ხანი ჰქვია) ოჯახში, მის ცოლებთან და შვილებთან ცხოვრებისას მოისმინა, დაიმახსოვრა, ჩაიწერა, შემდეგ კი ბესტსელერად ქცეულ წიგნად აქცია. წიგნში თანამედროვე ავღანეთის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებაც ვკითხულობთ, თუმცა აქ ყველაზე საინტერესო მაინც ქალების მიერ მოთხრობილი ისტორიები, მათი განცდები, შიშები, ბედნიერებისგან დაცლილი ცხოვრების სცენებია. ამან დააინტერესა ნინო ბასილიაც, რომელმაც მსახიობებს მხოლოდ სახელები და მათი ტრაგიკული ცხოვრების ცალკეული ფრაგმენტები გადაუნაწილა.

შეიძლება ითქვას, რომ „წელს ზემოთ შენი არ ვარ“ სპექტაკლია სპექტაკლში. აქ ერთადერთი მამაკაცი პერსონაჟი რეჟისორია (მის როლს ჯგუფ „პორნოპოეზიის“ წევრი თორნიკე ქარჩხაძე ასრულებს), „მსახიობები“ კი სასტიკი ქმრის მკვლელობისთვის, ქორწინებამდე სექსის, ქმრის ოჯახიდან გაქცევის მცდელობისა და სხვა „მიუტევებელი ცოდვისთვის“ გასამართლებული ქალები არიან (მაკა შალიკაშვილი, მაია ლომიძე, ლელა მეტრეველი, ნინი არჩაია, ანი იმნაძე, ნინო ახობაძე, თინათინ ცისკარაძე). ყოველი მათგანის ისტორია სხვადასხვა სიუჟეტით ვითარდება, თუმცა საბოლოოდ ყველა ერთ მთლიანობაში ექცევა და ამ მთლიანობას ქალების ხვედრი (არა მხოლოდ მუსლიმი ქალების) ჰქვია. უსმენ მათ მონოლოგებს და შეუძლებელია, პარალელები არ გაავლო შენს მეზობლად, სანათესაოში მომხდარ ან უბრალოდ ყურმოკვრით გაგონილ ამბებთან: 15 წლის გოგონას მშობლები ბევრად უფროს მამაკაცზე ათხოვებენ, რომელიც მის სანაცვლოდ ბრინჯს, ზეთს, ცხვრებსა და 600 დოლარს იხდის, არადა, ფიქრობდა, სიყვარულით გათხოვდებოდა; მეორე გოგონას ერთხელ ნანახი ბიჭი უყვარდება, მისგან ბარათსაც იღებს, მალულად ფანჯრიდან დაენახვება, რის გამოც დედა და ძმები ოჯახურ სასამართლოს უწყობენ; მაჭანკალი - ამ გოგონებს მდიდარ, ასაკოვან მამაკაცებზე რომ ათხოვებს, სარფიანად „ასაღებს“, საკუთარი ჩადრის მიღმა კი ცეკვის სურვილს მალავს; და მამაკაცის მონათხრობი, რომლის სრულიად ახალგაზრდა ცოლიც რომელიღაც სხვა ისტორიის მთავარი გმირია. აქვეა სმენადაქვეითებულთათვის ჟესტების ენაზე მთარგმნელიც. ეს მათთვისაა, ვინც ამ პრობლემების მიმართ ხელოვნურადაა დაყრუებული და მაშინაც არ იმჩნევს, როდესაც ყურში ჩასძახიან, რომ ამ სამყაროში ბიჭად დაბადება ღმერთის საჩუქარია; რომ გოგონა მზადაა, ფრჩხილებზე ლაქის წასმისთვის თითები დააჭრან, რადგან უთითოდ მისი ცოლად შერთვა არავის მოუნდება; რომ ეს ქალები საკუთარი სურვილით არასდროს მღერიან და ცეკვავენ და ამიტომაც ჰგვანან მუსიკალური ყუთის ფაიფურის თოჯინებს, მხოლოდ ყუთის მომართვის შემდეგ რომ იწყებენ ოსტატის მიერ მოხაზულ წრეზე მოძრაობას. ...ცეკვავენ და ჰაერში ბუნდოვან ზოლად იხაზება წითელი ხელთათმანის კვალი - ამბოხის სიმბოლო, რომელიც თეთრ ზეწარზე დატოვებულ ლაქასაც გვაგონებს, მაგრამ ფიქრობ იმაზეც, რომ ეს უფრო ამ ქალების სისხლია - ვიღაცის აზრით დაუმორჩილებლობის საზღაურად რომ დაღვარეს, მათთვის კი ცოტაოდენი თავისუფლებისთვის ნებაყოფლობით გაღებული მსხვერპლია.

ნინო ბასილიას გარდა სპექტაკლზე მუშაობდნენ ქორეოგრაფი ნინო ახობაძე და

ხმის რეჟისორი დათო თოიძე, ხოლო კოსტუმები ნანა მელქაძის მოდის სახლს ეკუთვნის. სპექტაკლის „წელს ზემოთ შენი არ ვარ“ ნახვა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ყოველ კვირა დღეს შეგიძლიათ.

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში