„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი საპარლამენტო კომიტეტში
16 მარტი, 2013
2028
print

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გუშინ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას, რომელიც განათლების კომიტეტის სახელით არის ინიცირებული, სხდომაზე დებატები მოჰყვა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა კანონპროექტის მომხსენებელ ელისო ჩაფიძეს მიმართა: „რჩება შთაბეჭდილება, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში კანონპროექტების ავტორების - ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის, ია ანთაძის დასაქმება გსურთ.“ ელისო ჩაფიძემ თავის ოპონენტს უპასუხა, რომ ეს არის სპეკულაცია და საჯარო პირების შეურაცხყოფა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ეს ადამიანები საკუთარი კანდიდატურების წარდგენას არ აპირებენ. ამასთან, ჩაფიძემ დასძინა, რომ ია ანთაძეს კანონპროექტზე საერთოდ ხელი არ აქვს მოწერილი.

ჩიორა თაქთაქიშვილი ასევე დაინტერესდა, რა რეაგირება მოახდინა ელისო ჩაფიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის სკანდალურ განცხადებაზე. „თუ ხათუნა ბერძენიშვილი კომიტეტს მიმართავს, მის საკითხს შევისწავლით. თუმცა, ყველამ კარგად იცის, ვინ ხართ თქვენ და ვინ არის ხათუნა ბერძენიშვილი,“ - პასუხობს თაქთაქიშვილს ჩაფიძე.

კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი მაუწყებელში ჩარევას ემსახურება. უმრავლესობის წევრები კი ოპონენტებს მათი მმართველობის დროს მედიაზე ზეწოლის ფაქტებს ახსენებდნენ.

რაც შეეხება კანონპროექტთა პაკეტს, ის ითვალისწინებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის შემოღებას, აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას, „მასთ ქერისა“ და „მასთ ოფერის“ პრინციპის მუდმივად მოქმედებას და მაუწყებელთა მეტი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

კანონპროექტის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა 15-დან 9 წევრამდე მცირდება. მოქმედი წესით, პრეზიდენტი სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს კონკურსის გზით არჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. კანონპროექტის მიხედვით კი, ამ პროცესს პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოეთიშება და საბჭოს დაკომპლექტებაში, პარლამენტთან ერთად, სახალხო დამცველიც ჩაერთვება.

ცხრა წევრიდან სამს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, სამს კი - უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის დანარჩენი დეპუტატები. მეურვეობის კანდიდატებს კონკურსის წესით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს. ორ კანდიდატს, პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ასევე ღია კონკურსით გზით სახალხო დამცველი ნიშნავს, ხოლო ერთ ადგილს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ავტომატურად დაიკავებს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობებს იმ შემთხვევებში, თუ მის მიმართ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი; ის დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ნორმებს; ზედიზედ ორი თვის განმავლობაში ან წელიწადში 3 თვეზე მეტის დროის განმავლობაში ვერ ასრულებს მეურვის უფლებამოსილებას; თავად გადადგება თანამდებობიდან. მეურვის ინდივიდუალურად ვადამდელი გათავისუფლების მექანიზმი მოქმედ კანონმდებლობაშიც არის. თუმცა, კანონპროეტში სიახლეს წარმოადგენს ის დებულება, რომელიც პარლამენტს შესაძლებლობას უქმნის, უნდობლობა მთელ სამეურვეო საბჭოს გამოუცხადოს, რისი მიზეზიც შესაძლოა, გახდეს საბჭოს უმოქმედობა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროგრამული პრიორიტეტების ან ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში. უნდობლობის გადაწყვეტილებას პარლამენტი მაღალი კვორუმით, სიითი შემადგენლობის ორი მესამედით მიიღებს.

კანონპროექტის თანახმად, სამეურვეო საბჭოს გარკვეული ფუნქციები ემატება, მათ შორის უფლება ექნება, რომ ბიუჯეტში ცვლილებები საკუთარი ინიციატივით შეიტანოს; დაამტკიცოს თანამშრომელთა ხელფასებისა და პრემიების ზღვრული ოდენობები; დაადგინოს თანამშრომლებისთვის შრომის ხელშეკრულებების ძირითადი პირობები იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა ერთ წელზე ნაკლები არ იყოს.

კომიტეტის დღის წესრიგში არსებული ორი კანონპროექტის მიღება კი გუშინ ვერ მოხერხდა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნაფიცი მსაჯულების შესახებ „სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, კომიტეტმა არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია. საქმე ის არის, რომ კანონპროექტის ამჟამინდელი რედაქციის ცვლილება გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს. თუმცა, უმცირესობის და უმრავლესობის წევრები დაინტერესდნენ, მის შესრულებას სასამართლო მოკლე ვადებში შეძლებს თუ არა.

პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის გადაწყვეტილება შეთანხმებით მიიღონ. მთავრობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ 226-ე მუხლის პირველი ნაწილის ისეთ კორექტირებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, თუკი წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე მოხდეს.

მოქმედი კოდექსით კი, თუკი ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განიხილონ, მას ნაფიცი მსაჯულები ვერ განიხილავენ. ნაფიცი მსაჯულები განხილვის პროცესში ვერც იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუკი დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა. ასევე, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასეთ შემთხვევაში საქმეს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებითა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განიხილავს.

მთავრობა ნაფიც მსაჯულთა საკითხზე, დაახლოებით, ერთი თვის წინათ სხვა ცვლილების მიღებას ითხოვდა, მაგრამ მალევე საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა უკან გაიწვია. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 226-ე მუხლის პირველი ნაწილის პირვანდელი ცვლილებების პროექტის თანახმად, ბრალდებული, რომელიც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში ნაფიცი მსაჯულების აცილებაზე იშუამდგომლებს, ვალდებული ხდება, ამგვარი შუამდგომლობის ობიექტური საფუძვლები დაასაბუთოს. ამასთან, ბრალდებულის შუამდგომლობის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების პროცესში ერთვება პროკურორი. ბრალდებულის შუამდგომლობა პროკურორის თანხმობით დაკმაყოფილდება, ხოლო პროკურორის უარის შემთხვევაში, მოსამართლე ბრალდებულის შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს და საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს.

კანონპროექტის ინიციატორებს კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა, რომ შემდეგ განხილვაზე უფრო მეტი ინფორმაცია წარმოადგინონ, თუ სად არის პრეცედენტები იმისა, რომ საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განხილვის გადაწყვეტილებას შეთანხმებით იღებენ.

კომიტეტმა ვერ განიხილა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რადგან მომხსნებლი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთი ციხელაშვილი სხდომაზე არ გამოცხადდა. საკითხზე მსჯელობა ამ მიზეზით უკვე მეორედ გადაიდო. პირველ შემთხვევაში პარლამენტში ციხელაშვილის გამოუცხადებლობის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა.

 

სხვა სიახლეები
12 იანვარი, 2015 სატელევიზიო გლობუსი
03 ნოემბერი, 2014 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება
02 მარტი, 2013 საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავ ცვლილებებია
12 თებერვალი, 2010 MTV მუსიკალური აღარაა
22 სექტემბერი, 2009 ყველაზე ხანგრძლივი სერიალი დაიხურა