რაბათი და ტაო
09 აპრილი, 2013
1838
print

აღიარებით უნდა დავიწყო.

ვადევნებდი რა თვალს ტელესიუჟეტებში მიმდინარე მოვლენებს და რაბათის გარშემო ატეხილ ამბავს, ცოტა გავღიზიანდი და ერთადერთი კითხვა მქონდა, რას ემსახურებოდა ახლა რაბათის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის დეტალებზე ამხელა პოლიტიკური სჯა-ბაასის გამართვა?

ჩემით ეს ამოცანა ვერაფრით ვერ ამოვხსენი, მით უფრო რომ ვერც ის დავიჯერე, რომ ვინმე რაბათის გუმბათის მონგრევას აპირებდა და ვერც იმ კითხვას მოვუსმინე სერიოზულად, როცა ბატონ ვანო მერაბიშვილს პროფესიონალებმა ტკივილიანი კითხვა დაუსვეს - რატომ მავრიტანული სტილი რაბათში? ღიმილი არა ამ კითხვის აბსურდულობამ მომგვარა, არამედ იმ მრგვალი მაგიდის აბსურდულობამ, სადაც ერთ მხარეს ისხდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომელთა პირდაპირი მიზანი ყველგან და ყოველთვის ტელემაყურებლის თვალში ქულების დაწერაა და მეორე მხარეს ისხდნენ ის ქართველი მეცნიერები, რომლთა იმფანტილიზმი იმდენად დიდია, რომ ვერაფრით შეეგუენ პირდაპირ მსხდომთა პირველად ინტერესებს.

გასაოცარი ამბები მხოლოდ ამით არ დასრულებულა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა თითქოს და ახლა აღმოაჩინა, რომ იშხანსა და ოშკში სარესტავრაციო სამუშაოებს თურქეთი ახორციელებს (ეს საკითხი ერთი წლის წინ გადაწყდა) და რომ ეს სამუშაოები სავალალოდ ხორციელდება. ვფიქრობ, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ქართულ მასმედიას მეხსიერება საერთოდ არ აქვს, ამიტომაც პირდაპირ ფაქტების შეხსენებაზე გადავიდეთ.

მოლაპარაკებები  თურქეთისრესპუბლიკასთან -   უახლოესი წარსული

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის შესახებ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის რამდენჯერმე განახლდა მოლაპარაკება. კონკრეტულად ტაო-კლარჯეთში არსებულ რამდენიმე ქართულ ძეგლზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. რამდენჯერაც ქართული მხარე მოლაპარაკებებს შეაყოვნებდა ან დრო სხვადასხვა პრობლემების გამო იწელებოდა, თურქეთის მოთხოვნები იცვლებოდა. იცვლებოდა ჩამონათვალი ოსმალური კულტურის იმ ძეგლებისა, რომელებიც საქართველოს ტერიტორიაზეა და თურქეთის რესპუბლიკის სურვილით, ტაოს ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო. ცვლილებები და გართულებები ალბათ დიპლომატიურ ურთიერთობებში გაწელილი მოლაპარაკებების შედეგია და გასაგებია. მკითხველმა უფრო კონკრეტულად რომ გაიგოს, თუ რა იგულისხმება ამ აღდგენით სამუშაოებში, განვმარტავ:

თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული სამი ან ოთხი ტაძარი უნდა გამაგრებულიყო ქართველი რესტავრატორების მიერ. ქართველების მიერ განხორციელებული აზომვითი სამუშაოებისა და სარესტავრაციო-სამშენებლო სამუშაოების საფუძველზე. საუბარი იყო ოშკში პერიოდულად წირვის ჩატარებაზე და სამონასტრო ცხოვრების აღდგენაზეც. ანალოგიურად აღდგებოდა ან გამაგრდებოდა საქართველოს ტერიოტორიაზე ოსმალური კულტურის ძეგლებიც - აქ იმუშავებდნენ თურქი სპეციალისტები. ფინანსებს გაიღებდა ის ქვეყანა, ვის ამჟამინდელ ტერიტორიაზეც არის ძეგლი. თუმცა, ოშკის შემთხვევაში სავარაუდოდ გამოჩნდებოდა დამატებითი დონორები, რაკი ოშკი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად არის აღიარებული და მისი დაცვა-გადარჩენის აუცილებლობა შარშან არაერთმა საერთაშორისო ფონდმა აღიარა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. პრობლემის ასე გახმაურებამ (რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს, განსაკუთრებით ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს ირინე გივიაშვილს) ააჩქარა თურქეთის რესპუბლიკაც. პარალელურად საქართველოში გამწვავდა დისკუსია - გვიღირდა თუ არა ოშკი, იშხანი, ხახული და სხვები იმად, რომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი ხელახლა აგებულიყო...

3-4 წლის წინ ერთ მხარეს დადგნენ მეცნიერები, რომლებიც ჩუმად, მაგრამ პერმანენტულად ასაბუთებდნენ, რომ ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების არსებობა უზამრაზარი საფრთხის წინაშე გახლდათ და რომ ერთი მეჩეთის აშენება ქრისტიანობას საქართველოში საფრთხეს არ უქმნიდა, მე კი დავამატებდი, რომ საფრთხეს არ უქმნიდა, თუკი ერის რწმენა იყო ჯანსაღი, ღრმა და არა ზედაპირული. მეცნიერები ჩუმად მსჯელობდნენ იმიტომ, რომ მათი ეს არგუმენტები საპატრიარქოს საწინააღმდეგო მოსაზრებად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დასაწყისში თურქეთის რესპუბლიკა მხოლოდ არსებული რამდენიმე ძეგლის აღდგენას ითხოვდა და არა არარსებული აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენებას, თუმცა რამდენიმე წლის თავზე ხელშეკრულების ტექსტს ეს პუნქტიც დაემატა. ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების აღდგენის მომხრეთა არგუმენტები ძალიან იოლად ითრგუნებოდა პოლიტიკური ოპოზიციის უმწვავესი პათოსით. მაგალითად ამჟამად უმრავლესობის წევრი მურმან დუმბაძე აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას სამშობლოს ღალატად მოიაზრებდა. ღმერთისა და ერის წინაშე ღალატად აღიქმებოდა ეს პროცესი მართმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ. სიმართლე რომ ვთქვათ, საზოგადოების დიდი ნაწილი დაიძაბა და ამ მოსაზრებას მიემხრო. აზიზიეს მეჩეთის აღდგენა რამდენიმე პოლიტიკოსმა და სასულიერო მოღვაწემ საზოგადოებას დიდ საფრთხედ დაუსახა. თურქეთის სახით კი დროებით შექმნეს მტრის ხატი და ტელეეთერში ლამის გააცოცხლეს ოსმალეთის იმპერია.

აზიზიეს მეჩეთის საკითხი იმდენად საფრთხე არ იყო, რამდენადაც სუსტი მოლაპარაკებების შედეგი. შეიძლებოდა როგორც ხმაურის თავიდან აცილება, ისე მოლაპარაკებების მარცხის. ამისთვის ალბათ ტაო-კლარჯეთის ძეგლების რესტავრაცია უნდა გამხდარიყო ოსმალური კულტურის ძეგლების რესტავრაციის საპირწონე და არა აღდგენის. კულტურის პოლიტიკის მაშინდელი ხელმძღვანელობა აღნიშნავდა, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ და რომ თურქეთი მეჩეთის აშენებას ითხოვდა და თუ ეს არ მოხდებოდა, ქართველი მეცნიერები ვერ შეეხებოდნენ ტაოს პროცესებს.

წინასაარჩევნოდ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ყველა მოერიდა. ტაო-კლარჯეთის ძეგლების თემა დარჩა ტელევიზიებში გასარჩევ თემად მხოლოდ. შედეგად მივიღეთ ის, რომ 2012 წლის ადრე ზაფხულში თურქეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა ტენდერი ოშკისა და იშხანის აზომვით სამუშაოებსა და სარესტავრაციო სამუშაოების განსახორციელებლად. გაიმარჯვეს თურქულმა კომპანიებმა. საქართველომ ეს ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც გამარჯვებულმა კომპანიებმა კონსულტაციისთვის მიმართეს ხელოვნებათმცოდნე ირინა გივიაშვილს. ბუნებრივია, კონსულტაციები მკვლევართან თეორიული ცოდნის გაზიარებას ითვალისწინებდა. სწორედ ირინა გივიაშვილმა ამცნო მედიასა და ოფიციალურ საქართველოს ის, რომ ხელშეკრულების საკითხი უკვე წარსული იყო და რომ ოშკისა და სხვა ძეგლების ბედი ქართველების მონაწილეობის გარეშე გადაწყდებოდა. ამის შესახებ რამდენჯერმე „24 საათში“ დაიბეჭდა.

რაბათი

დღეს კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი დასძენს, რომ თურქეთმა ტენდერი ტაო-კლარჯეთის ძეგლების აღსადგენად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც რაბათში მშენებლობა თურქი სპეციალისტების რჩევების გარეშე განვითარდა. აი, აქ პირველად მივხვდი, რომ ტაო-კლარჯეთის ძეგლებსა და რაბათს შორის დღეს რაღაც კავშირი იკვეთებოდა...

მიუხედავად იმისა, რომ რაბათის მაშენებელი ახალქალაქის ფაშა და ათაბაგი - ახმედ ფაშა ჯაყელი გახლდათ, მან ოსმალური კულტურის მახასიათებლების მქონე მეჩეთი („ახმედიე“) ააგო. 1758 წლიდან 1828 წალმდე ფუნქციონირებდა მეჩეთად, შემდეგ კი ეკლესიად გადააკეთეს... მარინე მიზანდარი ხაზგასმით ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობა უნდა გაიმიჯნოს რწმენის საკითხებისგან და ძეგლები უნდა დავიცვათ იმის მიუხედავად, თუ რომელი სარწმუნოების საკულტო ნაგებობაა და ფუნქციურად ვის ინტერესებს ემსახურებოდა. ეს მოსაზრება არა მხოლოდ ამჟამინდელი მინისტრის მოადგილის აზრია, არამედ იმ საერთაშორისო კონვენციებისა, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-გადარჩენის სტანდარტებს ადგენს.

ახლა უფრო კორეტულად , თუ რა აკავშირებს რაბათს ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართულ ძეგლებთან. რაკი რაბათი მიჩნეულია ოსმალური კულტურის ძეგლად და ეს საკითხი ყოველთვის საინტერესო იყო თურქეთისთვის, მათ ჰქონდათ ინიციატივა ჩართულიყვნენ მისი აღდგენის პროცესში. დღეს, როდესაც ქართველი სპეციალისტები სრულიად გამორიცხულნი არიან ტაოში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებისგან და არსებობს დიდი საფრთხე, რომ ყველაფერი ღირებული შეიძლება ამ ძეგლებს დაეკარგოს, მნიშვნელოვანი გახდა თურქეთთან მოლაპარაკებები. მაგრამ როდესაც საქმე შეეხო კულტურულ მემკვიდრეობას და თურქეთთან მოლაპარაკებას, როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, განახლდა შენიშვნები რაბათის რესტავრაციასთან მიმართებაში.

საქართველოს დღეს აქვს სურვილი, აზიზიეს მეჩეთის ადგილი მოლაპარაკებებსა და ახალ ხელშეკრულებაში დაიკავოს რაბათის კომპლექსმა. დღეს უკვე მზად არის ახალი ხელშეკრულების ტექსტი, სადაც არ ფიგურირებს აზიზიეს მეჩეთის რეკონსტრუქცია, დღეს ტაო-კლარჯეთის ძეგლების რესტავრაციაში მონაწილეობის სანაცვლოდ საქართველოს კულტურის სამინისტროს სურს შესთავაზოს რესტავრირებულ რაბათში თურქი სპეციალისტების რეკომენდაციებით ცვლილებების შეტანა.

მაგრამ ეს ცვლილებები არ აღმოჩნდა არც გუმბათის მონგრევა. არც მეჩეთის არქიტექტურული სხეულის რომელიმე ნაწილის მონგრევა. გარშემო ახალი ნაგებობების საკითხზე ზუსტი პასუხები მაშინ ექნებათ, როცა ანალიზში თურქი კოლეგები ჩაერთვებიან. თუმცა გარკვეული პრობლემები უკვე ცნობილია. მაგალითისთვის, როგორც აღნიშნავენ, ახალი აუზებიდან წყალი მეჩეთის საძირკველში ჟონავს და ეს საკითხი მოსაგვარებელია...

კითხვაზე, თუ რა იწვევს თურქი სპეციალისტების კრიტიკას, მარინე მიზანდარი მპასუხობს, რომ ეს არის გადახურვის შეფერილობა და ახალი ცხაურების სტილი კედლებზე. მართალია ბევრი რამ დანარჩენი, რაც აშენდა გარშემო რეალურად და თავის დროზე იქ არ ყოფილა, მაგრამ უშუალოდ ძეგლის დანგრევა გეგმაში არ არის. თუკი ტაო-კლარჯეთში მიმდინარე სამუშაოებში ქართველ მეცნიერებსა და რესტავრატორებს ჩართავენ, კულტურის სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას რაბათის კომპლექსში არარესტავრირებული ნაწილების აღდგენისაც. მაგალითად აბანოების რესტავრაციას. ყველაფერი მოხდება თურქი სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით.

ახალი ხელშეკრულების მოლოდინში

ამ ეტაპზე წინ ახალი ხელშეკრულების ტექსტი მიდევს. ეს ხელშეკრულება თურქეთში გაგზავნილი ჯერ არ არის. ხელშეკრულება ჩვენს სამთავრობო უწყებებს შორის მოძროაბს და როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეფერხებულია მისი წარმოება. ხელშეკრულება ეხება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - ქართული კულტურის ძეგლებს და ოსმალური კულტურის ძეგლებს. ხელშეკრულების მიხედვით საქართველო თურქეთს სთავაზობს სამეტაპიან „გარიგებას“.

1. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რაბათის ციხეში ცვლილებების შეტანისა და სხვა ზონების რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთმა დროებით შეაჩეროს იშხანში სარესტავრაციო სამუშაოები, ჩართოს ქართველი სპეციალისტები და გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები.

2. მეორე ეტაპი გულისხმობს, ერთმანეთის ტერიტორიაზე არსებულ თურქული და ქართული ძეგლების აღრიცხვასა და პასპორტიზაციას.

3. მესამე ეტაპზე კი უნდა დაიწყოს ხელახალი შეთანხმებების მომზადება აღრიცხული ძეგლების მდგომარეობის გათვალისწინებით.

ერთი სიტყვით, ცოტა რთული იყო, მაგრამ მაინც გავერკვიეთ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სურს აღდგენილ რაბათში ცვლილებების შეტანა ჩაენაცვლოს აზიზიეს მეჩეთის აღდგენის იდეას. სამინისტროში აცხადებენ, რომ თუკი მუსლიმ ქართველებს დასჭირდებათ ახალი მეჩეთი, მას საქართველოს მთავრობა სხვა რესპუბლიკის დახმარების გარეშე ააშენებს, იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება... იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს „მესიჯი“ პრემიერ ერდოღანს უკვე შესთავაზეს პრემიერების შეხვედრის დროს. თუკი ხელშეკრულება დროულად გადაიგზავნა თურქეთში, თუკი თურქეთის მხარე ჩვენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებისა და დაბნეული მასმედიის გამო არ დაიბნა და ისევ არ გაბრაზდა და თუკი თურქეთი დაგვთანხმდა, რომ რაბათის ციხის რესტავრირებულ ზონებში ცვლილებების შეტანის სანაცვლოდ ტაო-კლარჯეთის ძეგლების რესტავრაციის საკითხი დაგვითმოს, საწინაამდეგო ალბათ ამჯერად მაინც ცოტას ექნება (?!). ახლა მთავარია, ახალი შეთავაზებები თურქეთს იქამდე მივაწვდინოთ, ვიდრე იშხანის უნიკალური იატაკი და სხვა დანარჩენი მძიმე ფიზიკური სამუშაოების პროცესში სულ არ განადგურებულა.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც მასმედიაში გავრცელდა. რაც რაბათის მეჩეთიდან ქრისტიანული ნიშნების გატანას ეხება. საქმე ის არის, რომ ამჯერად ტაძარში შეტანილია ახალქალაქის მუზეუმის რამდენიმე ექსპონატი. რაბათის მეჩეთთან გააზრებულია მუზეუმის არსებობაც. თუმცა ამ მუზეუმში საცავი არ არის. გარკვეულ ექსპონტებზე ჯვარია გამოსახული, რომელთა გატანის სურვილიც მოლაპარაკებების დროს თურქეთის მხარემ დააფიქსირა...

მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა სურვილია, რომ რაბათის საკითხის გადაწყვეტაში ჩაერთოს საპატრიარქო, რაკი მეჩეთი ეკლესიად იყო გადაკეთებული. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუკი დღეს ერთდროულად ყველამ საკუთარ ინტერესებზე გააკეთა აქცენტი, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაიკარგოს. ამ პოზიციების გამყარება ხომ სხვა დროს და კიდევ სხვა ამოცანების გადაჭრით შეიძლება? ხომ შეიძლება ამ ბოლო შანსის შემთხვევაში მაინც ვიყოთ ერთსულოვანნი და ვიწრო ამბიციებს არ გადავაყოლოთ ტაო-კლარჯეთში უპატრონოდ მიტოვებული ჩვენი ძეგლები?!

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
30 ოქტომბერი, 2013 ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
01 აგვისტო, 2013 სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა