„38 მოწმის ჩვენება იდენტურია“
16 აპრილი, 2013
1764
print

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარე მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ახდენს.

გუშინდელი წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა რომეო საჯაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილება დაცვის მხარეს პროკურორის ხელმოწერის გარეშე ჩაბარდა - დადგენილებაზე არ ყოფილა მითითებული არც დრო, არც თარიღი და არც ბრალდებულის ხელმოწერა. ადვოკატის ცნობით, სასამართლოს დადგენილება ხელმოწერით წარედგინა, „რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ფალსიფიკაცია მოხდა“. ადვოკატის ინფორმაციით, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ბრალდების 38 მოწმის ჩვენება იდენტურია, ჩვენებებში დაშვებული შეცდომებიც ერთნაირია, „რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება მტკიცებულებების გაყალბება“.

გუშინდელ პროცესზე ახალაიას ადვოკატებმა ბრალდების დადგენილებისა და სხვა რიგი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლე გადაწყვეტილებას 17 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებს.

როგორც ახალაიას კიდევ ერთმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, სპეცრაზმელებს ჩაუტარდათ რეინჯერთა კურსი, რაც მათ წამებად აღიქვეს. ამასთან ველიჯანაშვილის ინფორმაციით, არსებობს ვიდეომასალა, რომლის დაშვებაც დაცვის მხარემ პროცესზე მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით, ვიდეომასალაზე ასახულია, თუ როგორ ამზადებენ რეინჯერებს და ის წესი, რომლითაც აღნიშნული სპეცრაზმელები მომზადდნენ, საერთაშორისოდ აღიარებულია.

გარდა ამისა, გუშინდელ პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილია. ჯანაშვილი შს მინისტრის მოადგილედ ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროსაც მუშაობდა. უფლებადამცველ თეა თუთბერიძის ინფორმაციით კი, ჯანაშვილი ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველია.

გუშინდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ მისთვის წარდგენილი ბრალდება შეაფასა. როგორც ახალაიამ აღნიშნა, ვერავინ დაარწმუნებს, რომ მისთვის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წარდგინება აუცილებელი იყო. ახალაიას თქმით, პროკურატურამ ბოლო ბრალდება მას შემდეგ წაუყენა, როდესაც აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და გათავისუფლების შანსი გაჩნდა.

„ვერავინ დაადასტურებს იმას, რომ ბრალის წარდგენა ჩემთვის აუცილებელი იყო. ის კონკრეტული დრო და თარიღი, როდესაც პროკურატურამ ბრალის წაყენება გადაწყვიტა, არ იყო გამოძიების საჭიროებით ნაკარნახევი. ეს მოხდა სხვა პროცესის შიშით - რომ არ გავთავისუფლებულიყავი სხვა საქმეზე და არ შეეცვალათ აღკვეთი ღონისძიება. ამიტომ, სრულიად ლოგიკურია, რომ ბრალის წარდგენა მოხდა შეცდომებით. სასამართლომ ეს უნდა გაითვალისწინოს,“ - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

ბაჩო ახალაიას წინასასამართლო პროცესი 17 აპრილს, 14:00 საათზე განახლდება. მას ბრალად ედება შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს პოლიტიკური შეხედულებების გამო სპეცრაზმის შვიდი თანამშრომლის წამების ორგანიზება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა