დათა ახალაიას ადვოკატი გამოძიებას ითხოვს
16 აპრილი, 2013
1801
print

დათა ახალაიას ადვოკატი მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, გამოიძიონ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დათა ახალაია და მეგის ქარდავა საქართველოში იმყოფებიან.

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, ახალგაზრდული გაერთიანება „გიყვარდეს საქართველოს“ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათა ახალაია და მეგის ქარდავა ზუგდიდში იმყოფებიან, ჰყავთ ადამიანების კონკრეტული დაჯგუფება, ასევე აქვთ პოლიციის ფორმები და 19 აპრილს ანუ ნაციონალების აქციის დღეს აფხაზეთის საზღვართან პროვოკაციას აპირებენ. სოციალურ ქსელში ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციითვე, 19 აპრილს ახალაია-ქარდავას მხრიდან პროვოკაცია იგეგმება ბიძინა ივანიშვილის მისამართითაც.

აღნიშნულ ინფორმაციას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ცილისმწამებლურს უწოდებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მან ზემოაღნიშნული ინფორმაციის წყაროს დასახელება ითხოვა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ წყარო არის ყოფილი პოლიციელი, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში „ნაციონალების“ გვერდით იდგა.

„აღნიშნული პასუხის გაცნობისთანავე დავუკავშირდი 112-ის ოპერატორს, გამოვიძახე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც ვაცნობე, რომ ახალგაზრდული გაერთიანება აღნიშნულ ინფორმაციას ყოფილ პოლიციელზე დაყრდნობით ავრცელებდა. მე მოვითხოვე გამოძიების დაწყება ინფორმაციის გამავრცელებელ პირთა მიმართ და იმ პოლიციელის დაკითხვა, რომელზეც ინფორმაციის გამავრცელებლები მიუთითებდნენ, როგორც ინფორმაციის წყაროზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა, ხანგრძლივი თათბირისა და ზემდგომ პირებთან სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ განმიცხადეს, რომ ჩემ მიერ მითითებულ გარემოებებს ოქმში არ შეიტანდნენ, ხოლო თავიანთ მხრივ მირჩევდნენ, რომ თუკი რამე პრეტენზია გამაჩნდა ახალგაზრდული გაერთიანება „გიყვარდეს საქართველოს“ სახელით გავრცელებული ინფორმაციის გამო, მიმემართა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციისთვის“, - აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, გამოძახების ოქმში სამართალდამცავებმა დააფიქსირეს, რომ მან უარი თქვა ოქმზე ხელის მოწერაზე და სწრაფად დატოვეს გამოძახების ადგილი.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ინფორმაცია მივაწოდე 112-ის ოპერატორს (საუბარი ჩაწერილია) და შსს-ს გენინსპექციის ცხელ ხაზს. დანაშაულის მომზადების შეტყობინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ტელეფონით ვაცნობე შსს-ს სამორიგეო ნაწილს და მოვითხოვე გამოძიების დაწყება - თუმცა ამაოდ... ჩემ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულები არიან, დაიწყონ გამოძიება,“ - აცხადებს ზაქარეიშვილი.

დათა ახალაიას ადვოკატი კატეგორიულად მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ახალგაზრდული გაერთიანება „გიყვარდეს საქართველოს“ სახელით გავრცელებული ინფორმაციის შესწავლის მიზნით; გამოვლინდნენ და დაიკითხონ ინფორმაციის გამავრცელებლები და მათ მიერ დასახელებული წყარო - შსს-ს თანამშრომელი.

„დარწმუნებული ვარ, ობიექტური გამოძიების შემთხვევაში უსათუოდ დადგება პროვოკაციული და პიროვნების სახელის გამტეხი დეზინფორმაციის გამავრცელებელთა პასუხისმგებლობის საკითხი,“ - აღნიშნავს ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა