სამართლიანობის გამარჯვების დასაწყისი და სამართლიანობის ზეიმის მეორე ეტაპი
14 მაისი, 2013
1670
print

შსს-ის ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ გაავრცელა.

შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხვედელიძე უკვე დააკავეს და ის ბრალს აღიარებს. შსს-ს ცნობითვე, გენერალურმა ინსპექციამ გელა ხვედელიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა, საია-ს აზრით, გელა ხვედელიძეს, როგორც მაღალი თანამდებობის პირს, ბრალი უნდა დაუმძიმდეს. შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ გავრცელებული მასალა წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გადაიღო და მათი მიზანი იყო ფარესიშვილის დაშანტაჟება, მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და თავიანთ სამსახურში ჩაყენება იძულებითი გზით.

"ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს და სხვა კადრები მიკვლეული იქნა და დაილუქა დადგენილი წესით. თუმცა არ გვაქვს იმის გარანტია, რომ მათი ასლები წინა ხელისუფლების ხელში არ არის. ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მინდობილი ჰქონდა, სხვებთან ერთად, ჩემს ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს. ჩემთვის არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩემმა პირველმა მოადგილემ ჩაიდინა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ შსს-ს თანაშრომლისთვის შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და მტკივნეულად მიიღო მის მიმართ მედიით გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო ცილისმწამებლური განცხადებები და ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით დამოუკიდებლად გაავრცელა. მისი ფიქრით, ამგვარი ხერხით შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისმწამებლური კამპანია," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ის არ აპირებს, ისეთი მინისტრი იყოს, რომელიც ხელს აფარებს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს და ჩაგრავს ხელქვეითს.

"საქართველოში ეს ეპოქა დასრულდა და დარწმუნებული ვარ, არასდროს დაბრუნდება. ყოველთვის ვიქნები თითოეული ადამიანის, კოლეგის დამცველი, მაგრამ კანონის დარღვევა არავის ეპატიება. არავის არასდროს უნდა ეპატიოს დანაშაულის ჩადენა. სწორედ ეს არის ისტორიულ, ევროპულ ოჯახში დაბრუნების ერთადერთი გზა," - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ხვედელიძის დაკავება მისთვის ძალიან მძიმე იყო.

ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის განცხადებით კი, გელა ხვედელიძეს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილიც უნდა "მიჰყვეს". მისი თქმით, სწორედ ამ შემთხვევაში იზეიმებს სამართლიანობა.

"გელა ხვედელიძის დაკავება სამართლიანობის გამარჯვების დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა. მოვითხოვ, ლაშა ნაცვლიშვილმა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რადგან, დარწმუნებული ვარ, ისიც უნდა მიჰყვეს გელა ხვედელიძეს. ეს იქნება სამართლიანობის ზეიმის მეორე ეტაპი," - აცხადებს ფარესიშვილი და აღნიშნავს, რომ მასალებს, რომლებიც გია ხუხაშვილის, გელა ხვედელიძისა და ლაშა ნაცვლიშვილის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ გააჩნია, გამოძიებას გადასცემს.

"გელა ხვედელიძის წინააღმდეგ მე ვაწარმოებდი უფლებადაცვით კამპანიას. თუ ის მართალი იყო, შეეძლო, ჩემთვის ეჩივლა და სასამართლოს გზით დაემტკიცებინა ის, რომ მე ცილს ვწამებდი, თუმცა, ამის ნაცვლად მან ბინძური ხერხები გამოიყენა. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მასალებს, რომლებიც მაქვს ხუხაშვილის, ხვედელიძისა და ნაცვლიშვილის წინააღმდეგ, გამოძიებას გადავცემ," - დასძინა ფარესიშვილმა. ამასთან, ჟურნალისტი გელა ხვედელიძეს და თავად შს სამინისტროს სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ფარესიშვილმა თანხის ოდენობა არ დააკონკრეტა, რადგან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე იურისტებთან გაივლის კონსულტაციას. გიორგი ფარესიშვილის თქმით, მას იურიდიულ კონსულტაციებს «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია» გაუწევს და სარჩელის მომზადებაშიც სწორედ ეს ორგანიზაცია დაეხმარება.

ფარესიშვილის საპასუხოდ, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პირობას დებს, რომ თუ ჟურნალისტი გამოძიებას მასალებს წარუდგენს, ლაშა ნაცვლიშვილის, გია ხუხაშვილისა და გელა ხვედელიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ობიექტური გამოძიება ჩატარდება. ამასთან, მთავარი პროკურორის თქმით, მისმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გელა ხვედელიძის დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენაში დიდი როლი შეასრულა.

"გელა ხვედელიძემ გაავრცელა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რაც დანაშაულია. სწორედ ამის გამო იქნა ის მხილებული. სხვათა შორის, ამ საკითხის გადაწყვეტაში, შს მინისტრთან ერთად, როგორც პროკურორმა, დიდი როლი ითამაშა ლაშა ნაცვლიშვილმა. ის პირადად მონაწილეობდა ამ საქმის გახსნაში. რაც შეეხება ლაშას ან სხვათა მიმართ იმ ინფორმაციას, რასაც ფლობს ფარესიშვილიმ მან უნდა მოგვმართოს, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და ჩვენ შევუდგებით გამოძიებას. ვიქნებით იმ მოვალეობის შემსრულებლები, რასაც კანონი გვაკისრებს. ჯერჯერობით მისგან ვისმენთ მხოლოდ იმას, რომ მას აქვს ფაქტები და მონაცემები კანონდარღვევების შესახებ, მაგრამ რეალურად არ ვიცით, რაზე გვესაუბრება. ამიტომ, აქამდეც ვერაფერს შევისწავლიდით და ვერც მომავალში ვერაფერს შევისწავლით, თუ კონკრეტულად არ წარმოადგენს რაიმე ინფორმაციას. როგორც კი ფარესიშვილი მის ხელთ არსებულ მონაცემებს წარმოადგენს, გპირდებით, გამოძიება ჩატარდება ობიექტურად. ჯერჯერობით პროკურატურაში არანაირი მასალა არ შემოსულა და მხოლოდ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერით ვისმენთ, რომ რაღაც "კვერცხების ბიზნესზეა" საუბარი," - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

"მთავარია პასუხისმგებლობა და კანონის უზენაესობა"

გელა ხვედელიძის დაკავებას გუშინ მთელი დღის მანძილზე ეხმაურებოდნენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, შს მინისტრის პირველი მოადგილის დაკავება არ არის ორდინალური მოვლენა. უსუფაშვილის თქმით, მან გელა ხვედელიძე, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაიცნო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ხვედელიძემ წინასაარჩევნო პერიოდში დიდი შრომა ჩადო და ის მათი საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო.

«მოადგილის დაკავება შს მინისტრის სერიოზული და კომპლექსური გადაწყვეტილება იყო. მე ამ წუთამდე გაოგნებული ვარ - რატომ და როგორ მოუვიდა გელა ხვედელიძეს ის შეცდომა, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. ადამიანურად თანავუგრძნობ, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაგრძნობაზე უფრო მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა და კანონის უზენაესობა," - აცხადებს უსუფაშვილი.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეფასებით, გელა ხვედელიძის დაკავება ძლიერი სიგნალია იმისა, რომ მთავრობა კრიმინალს არ შეურიგდება.

"ჩვენი ხელისუფლება არ შეურიგდება არც ერთ კანონდარღვევას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ხელების ფათურს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ეს არის ძლიერი მესიჯი, ძლიერი სიგნალი ყველასთვის - სამართალდამცავ სტუქტურებში მომუშავე პირებისა თუ საჯარო მოხელეებისთვის და სიგნალი იმისა, რომ ასეთ კრიმინალთან ბრძოლაში შეურიგებლები ვიქნებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის გულდასაწყვეტია, რომ ეჭვმიტანილი სწორედ ის ადამიანია, ვისაც ყველა ვიცნობთ და ვენდობოდით, მაგრამ კანონზე ზევით არავინ უნდა იდგეს," - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩინოვნიკი გაწირა, რათა დანარჩენების ბრალეულობა დაეფარა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ეს ჩანაწერები გავრცელდა, პრემიერმა ყოველგვარი აპელირების გარეშე კადრების ჩაწერასა და გავრცელებაში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა. ბარნოვის თქმით, საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პრემიერის ეს განცხადება და სწორედ საზოგადოების ზეწოლის და "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობის გამო მოუწია პრემიერს "მსხვერპლის გაღება იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ეს იმიჯი". ბარნოვის განცხადებით, მათ პრემიერის რეაქციის გამო ეჭვი უჩნდებათ, რომ ის პირადად იყო დაინტერესებული აღნიშნული კადრების გავრცელებით და პირადად იყო დაინტერესებული რეალობის დაფარვით, გამომდინარე იქიდან, რომ ფარესიშვილის მიერ ნახსენებ კორუფციულ სქემაში, ხვედელიძის გარდა, პრემიერთან დაახლოებული ორი პირი - ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი ფიგურირებენ.

"ჩანაწერის გამოქვეყნების ბრალი მართლაც მხოლოდ ხვედელიძის კისერზე რომ იყოს, რა ვუყოთ იმ ბრალდებებს, რის გამოც ხვედელიძემ გადაწყვიტა ამ კადრების გავრცელება. ეს რომ უსაფუძვლო ბრალდებები ყოფილიყო, ამას ხომ არ გააკეთებდა?!" - განაცხადა ბარნოვმა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ საფუძველიანი ეჭვი, რომ პრემიერმა თავისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩინოვნიკი გელა ხვედელიძე გაწირა, ხოლო დანარჩენ ორს - ხუხაშვილს და ნაცვლიშვილს ხელს აფარებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, პრემიერი ცდილობს, ხალხი სიცრუეში აცხოვროს. ბარნოვი მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ აწარმოოს გამოძიება და დეტალურად გამოიძიოს ის ბრალდებები, რამაც გელა ხვედელიძეს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა.

მთავრობასთან კითხვები აქვს საპარლამენტო უმცირესობასაც. დეპუტატი გიორგი კანდელაკი შს მინისტრის პირველ მოადგილის დაკავების ფაქტს მიესალმება, თუმცა აინტერესებს, რატომ აფარებდა ხელს გელა ხვედელიძეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. კანდელაკის თქმით, ის ფაქტი, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გამო მაღალი თანამდებობის პირი დაისჯება, მისასალმებელია.

"მიუხედავად ამისა, რჩება კონკრეტული, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვები. კერძოდ, საინტერესოა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რატომ შეჰყავდა პრემიერ-მინისტრს საზოგადოება შეცდომაში ამ საკითხზე და რატომ აფარებდა ხელს გელა ხვედელიძეს. ამავე დროს, თუ ჟურნალისტ ფარესიშვილის მიერ ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის მხილება სანდოა, რატომ არ არის სანდო მის მიერვე სხვა პირების, კერძოდ, ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის მხილება. სამივე ამ პიროვნებას მან თანაბრად დაადო ხელი," - განაცხადა კანდელაკმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების პათოსს იზიარებს და ჩანაწერების ისტორიის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს.

"გამოძიებულ უნდა იქნეს, როგორც ჩემი შემხებლობა ამ ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან, ასევე ყველა იმ და სხვა ბრალდებების გარემოებები, რომლებიც ისმოდა ჩემი მისამართით მთელი ამ კამპანიის განმავლობაში. გამოძიებულ უნდა იქნეს ჩემი მხრიდან ბიზნესთან შესაძლო გარიგებების და მასზე ზეწოლის ყველა ფაქტი, რაზეც იყო საუბარი ამ ხნის განმავლობაში და შესაძლოა, იყოს მომავალშიც. ვსაუბრობ ბიზნესზე და არა სახელისუფლებო ბერკეტების ბოროტად გამოყენებით სახელმწიფო რესურსების პირადი ან პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მითვისებაზე. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ, რამდენადაც არ უნდა აწუხებდეს ეს "ნაციონალურ მოძრაობას" თუ სხვა ინტერესჯგუფებს," - აცხადებს ხუხაშვილი და აღნიშნავს, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს აღარ გააკეთებს.

ჩანაწერების ახალი სერია

შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძის დაკავების შემდეგ,გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა ელისო კილაძემ ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი თქმით, ამ ჩანაწერში აღწერილია ხვედელიძის საუბარი ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილისა და სახალხო კრების წევრ ლაშა ამირეჯიბის შეხვედრისას. კილაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ სად გაიმართა აღნიშნული შეხვედრა და ვინ მიაწოდა მას ფარული აუდიოჩანაწერი. მისი განმარტებით, შეხვედრაზე შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ სახალხო კრების წევრ ლაშა ამირეჯიბს მეგობრულად ურჩია, რომ ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილთან ურთიერთობა შეეწყვიტა. კილაძის თქმით, შეხვედრაზე გელა ხვედელიძემ ამირეჯიბს უთხრა, რომ ფარესიშვილის შესახებ არსებობს ვიდეოჩანაწერი და მანვე საკმაოდ ვულგარულად აუხსნა ფარული ვიდეოჩანაწერის შინაარსი. კილაძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო კვერცხების ბიზნესს - ხვედელიძემ ამირეჯიბს განუცხადა, რომ საქართველოში გარკვეულ ჯგუფებს კვერცხები 6 ცენტნახევრად შემოაქვთ. კილაძის შეფასებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კვერცხების ბიზნესის შესახებ კარგად ინფორმირებულია. მისივე ინფორმაციით, საიტი kvercxebi.com, რომელზეც განთავსდა გიორგი ფარესიშვილზე ფარული ვიდეოჩანაწერი, საქართველოდან აშშ-ში გადარიცხული ფულით შეიქმნა.

ელისო კილაძე ხვედელიძის დაკავების შესახებ შს მინისტრის გადაწყვეტილებას სამართლიანსა და უპრეცედენტოს უწოდებს. ამასთან, ჟურნალისტი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რომ თანამდებობიდან გადააყენოს თავისი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. კილაძის შეფასებით, ლაშა ნაცვლიშვილის ზედამხედველობით გამოძიება ობიექტურად ვერ წარიმართება.

გელა ხვედელიძის, გიორგი მამაცაშვილის და ლაშა ამირეჯიბის შეხვედრის შესახებ თავად სახალხო კრების წევრმა ლაშა ამირეჯიბმაც ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორი გელა ხვედელიძე იყო. ამირეჯიბის განცხადებით, მათ ფარესიშვილისა და კვერცხების ბიზნესის გარდა, ასევე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის შესახებ. ამირეჯიბის ინფორმაციით, გელა ხვედელიძემ მას განუცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს თავად იძიებდა და სამინისტროს ერთ-ერთ სამმართველოში არასწორი ქმედებები იკვეთებოდა.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე 1966 წლის 14 ოქტომბერს ზესტაფონში დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი. 1993-2004 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროებისა და შს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო ახალი მოწვევის პარლამენტის წევრიც და დეპუტატის უფლებამოსილება მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გამო შეუწყდა.

 

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა