შერჩევითი სამართალი თუ უსამართლობა
05 მარტი, 2014
2715
print

ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი, ცოტა ხნის წინ იმ დანაშაულისთვის დააკავეს, რომელიც თითქოსდა მაშინ ჩაიდინა, როცა პოლიციაში მუშაობდა. კერძოდ, მას ბრალდება 2011 წელს იმ პირის უკანონო დაპატიმრება და ნარკოტიკის ჩადება, ვინც ”ქართული ოცნებისათვის” ლოგოიან მაისურებს ამზადებდა.

 

გოგა ონიანის დასაკავებლად, პროკურატურამ დაზარალებულის-დავით შათირიშვილის ჩვენება იმყოფინა და სასამართლოს მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოსთხოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გოგა ონიანი 20 000 გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

რამდენიმე დღეში, პროკურატურამ ონიანს ბრალი დიჯეი რემბოს ჩვენების საფუძველზე დაუმძიმა. ლევან მდინარაძემ იგივე დიჯეი რემბომ განაცხადა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე, ”ქართული ოცნების” მაისურებს დარიგების დროს ის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა სამარათალდამცავებმა წაიყვანეს და უთხრეს, რომ სამშობლოს ღალატი ედებოდა ბრალად.

 

"ქართული ოცნების" მაისურები უნდა დამერიგებინა, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე ვიმყოფებოდი, როდესაც მოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი პირი, ხელები გადამიგრიხეს და ავტომანქანაში ძალით ჩამსვეს, რომელშიც წინა სავარძელზე გოგა ონიანი იჯდა. ავტომანქანაში ჩასმისას განმიმარტეს, რომ სახელმწიფოს ღალატი მედებოდა ბრალად, რადგან ორგანიზებას ვუწევდი და ვარიგებდი "ქართული ოცნების" მაისურებს. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოსთან მიმიყვანეს. ონიანმა სამართალდამცველებს მიუთითა, რომ შენობის უკანა მხრიდან შევეყვანე, რადგან ხმაური არ ატეხილიყო და თვალში არავის მოვხვედროდი. დასაკითხ ოთახში ამიყვანეს, სადაც რამდენიმე ადამიანი შემოვიდა. ონიანმა დამიწყო დაკითხვა, ძირითადად ბრალდება მომდიოდა, რომ მე სახელმწიფოს მოღალატე ვიყავი, ის დაკითხვის დროს შეურაცხყოფას მაყენებდა. მითხრა, რომ ვინც მაისურებს ბეჭდავდა და არიგებდა, ყველას დაგვიჭერდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისთვის დამაკავეს, რაზეც ვთქვი, რომ მომხმარებელი არ ვიყავი. ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ, გაირკვა, რომ მომხმარებელი მართლა არ ვიყავი, რაზეც ონიანი გაბრაზდა და თქვა, რომ 7 წელს მომისჯიდა. შემდეგ ჩამიყვანეს გამომძიებელთან, სადაც უნდა გავეჩხრიკე. ამოვალაგე ჩემი ხელით, რაც ჯიბეში მედო, ესენია ფული და საღეჭი რეზინი, მობილური ტელეფონი მანამდე წამართვეს. საფულე არ მქონდა, რადგან არ ვატარებ. შემდეგ ჩვენების ოქმზე ხელის მოწერას მთხოვდნენ, სადაც წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეწერა თითქოს, რაღაც თეთრი ქაღალდი აღმომაჩნდა ჩხრეკისას, რაზეც უარი ვუთხარი. მიმტკიცებდნენ, რომ ეს აღიარებას არ ნიშნავდა, იძულებული გამხადეს ოქმზე ხელი მომეწერა, თუმცა ვთქვი, რომ რაც არ ჩამიდენია, იმას არ ვაღიარდები. ამის მერე უკვე "კაპეზეზე" გადამიყვანეს, შემდეგ კი 10 000-ლარიანი გირაოთი გამათავისუფლეს. ამ ხელისუფლების პირობებში ამნისტია შემეხო და გადახდილი თანხა უკან დამიბრუნდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი აღნიშნული განცხადებით პროკურატურა დაინტერესდება, რის შემდეგაც მე ონიანის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემ, რადგან ვთვლი, რომ მანტიას ამოფარებული დამნაშავე გარეთ თავისუფლად არ უნდა დადიოდეს", - განაცხადა ლევან მდინარაძემ.

 

დიჯეი რემბოს იმედი გამართლდა. მთავარი პროკურატურა მისი განცხადებით დაინტერესდა და ონიანს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე წარედგინა.

 

... ”მანტიას ამოფარებული დამნაშავე” გარეთ თავისუფლად რომ არ უნდა დადიოდეს ალბათ ყველასთვის გასაგებია. გაუგებარი ის არის (ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ნაწილისთვის მაინც) რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა მანტიას არა, მაგრამ პოლიციელის მუნდის ამოფარებული დამნაშავეების დასჯით თუნდაც თენგიზ გუნავას შემთხვევაში. რა ნიშნით მიიჩნევა ”დამნაშავე პოლიციელისდმი” ბრალის წარსადგენად დიჯეი რემბოს ჩვენება საკმარისად და თენგიზ გუნავასი არა? - გუნავამაც ხომ დაახლოებით იმავე საქმეზე დასდო ბრალი პოლიციელებს, რაზეც დიჯეი რემბო გოგა ონიანის დაკავებას ითხოვს?

 

ასაღნიშნია, რომ გუნავას ნარკოტიკის და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდება კი მოუხსნეს სამართალდამცავების მხრიდან ჩხრეკის დროს საპროცესო ნორმების დარღვევის გამო, მაგრამ იმ პოლიციელებს, რომლებმაც დარღვევით ჩაატარეს ჩხრეკა არც 20 000 ლარიანი გირაო გადაუხდიათ, სამსახურებიც შეინარჩუნეს და საერთოდაც, როდის ჩაიდენენ მორიგ დანაშაულს და თან ისე, რომ მუნდირს იქნებიან ამოფარებული, არავინ უწყის.

 

„ამრიგად, მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევიან დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ პოლიციელებმა თენგიზ გუნავას ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. შესაბამისად ამ ნაწილში პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს. ცალკე უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტობრივ უსწორობებს, რომლებიც თენგიზ გუნავას ბრალდების საქმეში ამ უკანასკნელის ჩხრეკისა და დაკავების ოქმში აისახა და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას არსებობს თუ არა პოლიციელთა ქმედებაში მტკიცებულების ფალსიფიკაციის ან სხვა დანაშაულის ნიშნები“ - ნათქვამი იყო მთავარი პროკურატურის მაშინდელ განცხადებაში...

 

სადაც პოლიციელის მუნდირს ამოფარებულ დამნაშავეებზე ვსაუბრობთ, უსამართლობა იქნება არ გავიხსენოთ, აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია, რომელსაც 2013 წლის მარტში ინციდენტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებთან შეემთხვა. იურისტებმა სამართალდმაცავი სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადაჭარბებასა და ხულიგნობაში დაადანაშაულეს და აღნიშნებს, რომ ვალერი თელიამ მათ მანქანით გადაადგილებაში ხელი შეუშალა, ასოციაციის მძღოლს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა უმიზეზოდ მიაყენა.

 

თავად ვალერი თელიამ მომხდარი პროვოკაციად შეაფასა და ბრალდებები უარყო, ადგილზე მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერის მიერ აღნიშნული ფაქტის ამსახველი კადრები კი წაშლილი აღმოჩნდა...

 

 

ისევ გოგა ონიანს რომ მივუბრუნდეთ... ადვოკატი ორივე ბრალდებას უარყოფს და მისთვის ბრალის დამძიმებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

 

ონიანის განმარტებით, დაკავების დროს, დიჯეი რემბომ მარიხუანის ქონა არა მხოლოდ პოლიციაში, არამედ სასამართლოში, ადვოკატებთან და პროკურორებთანაც დაადასტურა.

 

"საინტერესოა, როდემდე უნდა ველოდო ბერა ივანიშვილის მეგობრების მხრიდან მსგავს ბრალდებებს. ძალიან მალე მოვა დრო, რომ დავადასტურებ, ჩემთვის წარდგენილი ორივე ბრალდება უსაფუძვლოა,” - აღნიშნა გოგა ონიანმა.

 

 

"ყველასათვის ნათელი გახდა, რომ თეა წულუკიანის კაშკაშა განცხადება, თითქოს ბაჩო ახალაია მონსტრია, დაიმსხვრა და წარდგენილი 7 ბრალდებიდან ახალაია 6-ში გამართლდა. სწორედ ამას უკავშირდება ჩემს მიმართ ბრალის დამძიმება, იქიდან გამომდინარე, რომ სურთ ჩვენი საზოგადოებაში მარგინალიზაცია", - განაცხადა ონიანმა და განმარტა, რომ გლდანის პოლიციაში მისი თანამშრომლები ამჟამადაც მუშაობენ და ისინი დაწინაურებული არიან, მათ შორის დაწინაურებულია სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე.

 

რაც შეეხება ბრალის დამძიმების შემდგომ პროცედურებს, ონიანის თქმით, პროკურატურას მისთვის აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. თუმცა, ახალი ბრალდება ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მას აღმკვეთი ღონისძიება კვლავ პატიმრობით განესაზღვროს.

 

"არ დამირღვევია და არც ვაპირებ დავარღვიო აღმკვეთი ღონისძიების პირობები, ამასთან, თუკი არსებობს მიმალვის საფრთხე, გასაკვირია, დღეს რატომ დამიბარეს პროკურატურაში და დამიბრუნეს პასპორტი. აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება”, - განაცხადა გოგა ონიანმა.

 

 

მოკლედ, ბაჩო ახალაია ორ საქმეში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, მის ადვოკატს კი ბრალი ჯერ სამი, შემდეგ კი ოთხი მუხლით წაუყენეს.

 

რაც შეეხება, გოგა ონიანის საქმეზე გამოხმაურებებს კი, "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ბაჩო ახალაიას ადვოკატის დაკავება „ადვოკატის ინსტიტუციონალურ დევნად“ შეაფასა.

 

"დააკავეს ადვოკატი გოგა ონიანი, რომელიც გააფთრებული იცავდა მისი დაცვის ქვეშ მყოფებს. უკვე მეექვსე თვეა, გოგა ონიანზე მიდის ზეწოლა. მან მომმართა მე, როგორც "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს. მე მივმართე ევროპის ადვოკატთა ასოციაციას. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი და მოსთხოვა გოგა ონიანზე თავდასხმების შეწყვეტა. როდესაც მე გოგას ველაპარაკე, ეს იყო ხუთშაბათს, მან მითხრა, რომ ამ წერილის შესახებ რომ გაიგო ხელისუფლებამ, 15 ადამიანი დაიბარეს და მასზე ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. აქედან გამომდინარე, სახეზეა ინსტიტუციონალური დევნა ადვოკატ გოგა ონიანისა იმ მიზნით, რომ მან არ გააგრძელოს გმირული ბრძოლა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთა დასაცავად," - განაცხადა ხატიაშვილმა.

 

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, რადგან პასუხისგებაში მიცემა არჩევნებამდე მოხდა.

 

დიმიტროვის თქმით, „როდესაც ასეთი რამ ხდება, ბრალეულობა ძალიან კარგად უნდა იყოს დამტიცებული“.

 

„მე კომენტარს ვერ გავაკეტებ პოლიტიკური პარტიების განცხადებებზე, მაგრამ ნებისმიერ დროს, როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციის ფიგურებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და შეშფოთებები. სწორედ ამიტომ, როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, ძალიან კარგად დამტკიცებული. მე კონკრეტულად არ ვიცი, რაშია საქმე, მაგრამ კარგია, ყველა ამ საქმეში საერთაშორისო დამკვირვებლები გვყავდეს,“ – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

 

თიკა ნიკოლაძე

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა