რუსეთი დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდა
16 მარტი, 2014
2588
print

დასავლეთის დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე არ მოქმედებს, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო. მოსკოვი ყირიმში ჯიუტად ცდილობს საკუთარი გეგმის ბოლომდე მიყვანას. ამას ალბათ მოჰყვება სანქციების შემოღება ჯერ რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, შემდეგ კი სავაჭრო საქნქციები ქვეყნის მიმართაც. მხოლოდ ამან შეიძლება გამოიღოს რაღაც შედეგი, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია რამდენ ხანში. რუსეთი კი ყირიმის გარდა ცდილობს დესტაბილიზაციის გავრცელებას უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზეც, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს გამოიყენოს იქ ჯარის შესაყვანადაც. პროდავლური და პრორუსული ძალების შეტაკებებს დონეცკში და ხარკოვში უკვე შეეწირა სამი ადამიანი, არიან დაჭრილებიც.

 

პარასაკევს ლონდონში შედგა აშშ სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა. ეს მოლაპარაკებები იყო "ყირიმის კრიზისის" მოგვარების ფაქტობრივად ბოლო დიპლომატიური შანსი. დიალოგი 6 საათი გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა. ლავროვმა განაცხადა, რომ მან და კერიმ ვერ მოახერხეს უთანხმოების გადალახვა ყირიმის საკითხზე. თუმცა შეხვედრას რუსმა მინისტრმა მაინც "სასარგებლო" უწოდა. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს არც ჰქონია და არც აქვს უკრაინის აღმოსავლეთში შეჭრის გეგმა. ლავროვმა ისევ გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ყირიმელების "რეფერენდუმის" მიხედვით მიიღებენ და შედარებისთვის დასძინა, რომ ყირიმი რუსეთისთვის იმაზე ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ფოლკლენდის კუნძულები დიდი ბრიტანეთისთვის ან კომორის კუნძულები საფრანგეთისთვის. ჩვენი აზრით ეს შედარება სრულიად არაადეკვატურია ყირიმთან მიმართებაში - ამ ტერიტორიებს ბრიტანეთი და საფრანგეთი არავის ართმევენ, თუმცა რუსეთის დამოკიდებულებას კარგად ააშკარავებს. კითხვაზე სანქციების შემოღების პერსპექტივის შესახებ კი ლავროვმა თქვა, რომ კერისთან შეხვედრისას ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა, ისე ყველასთვის ცნობილია რა ზომების განხილვაც მიმდინარეობს და ეს სასარგებლო არ იქნება არცერთი სახელმწიფოს ეკონომიკისთვის.

ჯონ კერიმაც შეხვედრას "კონსტრუქციული" და "უაღრესად დეტალური" უწოდა. მან თქვა, რომ ლავროვს შესთავაზა პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი, რაც იძლეოდა როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების, ასევე რუსეთის ინტერესების გათვალისწინების საშუალებას, თუმცა რუსმა კოლეგამ ნათლად განაცხადა, რომ პუტინი "რეფერენდუმამდე" არანაირი გადაწყვეტლების მიღებას არ აპირებს. მანაც ისევ დააფიქსირა აშშ-ის პოზიცია, რომ ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმი უკანონოა, მის შედეგებს ცივილიზებული მსოფლიო არ ცნობს, ხოლო რუსეთის პარლამენტის მიერ ყირიმის "რეფერენდუმის" (ყველამ წინასწარ იცის იქ რა შედეგებს გამოაცხადებენ) შედეგების რატიფიკაცია იქნება "ანექსია სათადარიგო შესასვლელიდან". კერის სიტყვებით ყირიმის ანექსია იქნება მსოფლიო წესრიგის დარღვევა რუსეთის მხრიდან, რაც მძიმე შედეგებს გამოიწვევს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რადგან არასწორი მაგალითის როლს შეასრულებს.

 

შაბათს გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანეს რეზოლუცია რომელიც გმობდა ყირიმში რუსეთის აგრესიას. რეზოლუცია არ გავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დოკუმენტს თვითონ რუსეთმა დაადო ვეტო. 15 წევრიდან მხოლოდ ჩინეთმა შეიკავა თავი, დანარჩენი ცამეტივე სახელმწიოფო რეზოლუციის მომხრე იყო. დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა წინასწარ იცოდნენ, რომ რუსეთი ვეტოს გამოიყენებდა, თუმცა დოკუმენტი მაინც შეიტანეს უშიშროების საბჭოში. მათ სურდათ რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია გამოეაშკარავებინათ. აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ ეს კენჭისყრა იყო სამწუხარო და საყურადღებო, რუსეთი კი აღმოჩნდა "იზოლირებული, მარტოხელა და მტყუანი”. მან ისევ გაიმეორა, რომ რეფერენდუმი კვირას "არალეგიტიმური და კონტრპროდუქტიული იქნება, ყირიმის კანონიერ სტატუსზე კი არანაირად არ იმოქმედებს". რუსები კი ისევ ამტკიცებენ, რომ "რეფერენდუმი" გაეროს წესდებას შეესაბამება და გადაწყვეტილება მისი შედეგების მიხედვით უნდა მიიღონ.

 

რუსეთში პირველი დღეების "ურაპატრიოტული" ეიფორიის შემდეგ ნელ-ნელა იწყებენ გააქტიურებას თუ ხმის ამოღებას უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეები. ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ლიბერალური ინტელიგენციის თაოსნობით მომავალლ კვირაში დაგეგმილია "სამშვიდობო კონფერენციის" ჩატარება, რომელზეც უკრაინის წარმომადგენლებსაც მიიწვევენ. შაბათს მოსკოვში ჩატარდა ომის მოწინააღმეგეთა და პუტინის პოლიტიკის მომხრეთა "პარალელური" აქციები. ამ მსვლელობებში მონაწილე ხალხის რაოდენობამ გააჩინა საზოგადოების გამოფხიზლების მცირე იმედი. ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად ძლივს შეაგროვა დაახლოებით 10 ათას კაცამდე, ხოლო "მშვიდობის მარშში" დამოუკიდებელი მედიის შეფასებით 40-დან 50 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ალბათ მოულოდნელი იყო ხელისუფლებისთვისაც და თვით აქციის ორგანიზატორი ოპოზიციონერებისთვისაც. წინა დღეებში არასანქცირებულ "სამშვიდობო" აქციებში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი თუ გროვდებოდა და მათაც თითქმის სრული შემადგენლობით აპატიმრებდნენ.

 

უკრიანაში კი რუსები და მათი ადგილობრივი მომხრეები ცდილობენ დაძაბულობის კერები შექმნან აღმოსავლეთის ოლქებში, სადაც ეთნიკური რუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა მეტია. ეს ნაწილობრივ გამოსდით კიდეც. დონეცკში და ხარკოვში შეტაკებებს მსხვერპლიც მოჰყვა. პარასკევს დონეცკში "ტრადიციულად" გაიმართა ორი აქცია. მოსახლეობის ნაწილი ერთიანი უკრაინის მხარდასაჭერად გამოდიოდა მეორე ნაწილი კი რუსეთის მოქმედებებს უჭერდა მხარს. "უკრაინელების" აქციას პოლიცია იცავდა, თუმცა ეს კარგად ვერ მოახერხა. მათ ალყა შემოარტყეს "პრორუსებმა" და დააყარეს პეტარდები, კვერცხები და კვამლმდენი ყუმბარები. შემდეგ მილიციის კორდონიც გაარღვიეს და ხელჩართული ჩხუბიც დაიწყო, რომელშიც დაახლოებით ორი ათასი კაცი მონაწილეობდა. ჩხუბში დანით მძიმედ დაჭრეს 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც უკრაინის ერთიანობის მომხრეთა აქციაში მონაწილეობდა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელის ვინაობა დადგენილია, მას ეძებენ. პოლიციამ დააკავა არეულობის ყველაზე აქტიური მონაწილეები, მაგრამ "პრორუსებმა" ალყა შემოარტყეს პოლიციის ავტობუსს, საბურავები დაუჭრეს, კინაღამ გადააყირავეს და პოლიციას თავისი მომხრეები მაინც გააშვებინეს.

 

უფრო სერიოზული შეტაკება მოხდა ხარკოვში. იქაც პრორუსებმა ალყა შემოარტყეს შენობას, რომელიც დაკავებული ჰქონდათ ულტრანაციონალისტური "მემარჯვენე სექტორის" აქტივისტებს. ამ უკანასკნელებმა თავდამსხმელებს ფანჯრებიდან დააყარეს "მოლოტოვის კოქტეილები" და ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს. სროლისას დაიღუპა ორი ადამიანი პრორუსების მხრიდან. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია. ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ერთი ადამიანი "მემარჯვენე სექტორის" აქტივისტებს შორისაც. მიმდინარეობს გამოძიება. მხარეები მომხდარს სხვადასხვანაირად ყვებიან, თუმცა არის დიდი შანსი, რომ ეს დაგეგმილი არეულობა იყო. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევსვე, დონეცკის არეულობის შემდეგ ოპერატიულად გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამა, რომ კიევის ახალი ხელისუფლება ვერ უზრუნვლეყოფს წესრიგს უკრაინაში და რუსეთი უფლებას იტოვებს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და თანამემაულეები. განცხადება ეტყობა წინასწარ იყო მომზადებული და მათ "გამორჩათ", რომ არეულობა მოაწყვეს პრორუსულმა ძალებმა, რუსეთიდან ჩასული აქტივისტების და რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით. დაღუპულიც და დაშავებულთა უმრავლესობაც პროუკრაინელების აქციის მომხრეთა შორის იყო. უკრაინელები, საგარეო საქმეთა სამინისტროც და დონეცკის გუბერნატორიც ახცადებენ რომ გაოგნებულნი არიან რუსების ცინზმით და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რეალობას არ შეესაბამება. კიევში ეჭვი აქვთ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას ამზადებს. ხარკოვში სამწუხაროდ ცეცხლსასროლი იარაღი პროდასავლელმა რადიკალებმაც გამოიყენეს.

 

რუსეთმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით სცადა დესანტის გადასხმაც უკრაინის მატერიკულ ნაწილზე, ოღონდ არა აღმოსავლეთ ოლქებში, არამედ ხერსონთან, ყირიმის მახლობლად. ზღვაში შეჭრილ ხმელეთის ვიწრო ზოლზე, "არბატის ისარზე" პოზიციების დაკავება სცადა დაახლოებით 80 კაციანმა ჯგუფმა, რომლებსაც ზურგს უმაგრებდა ოთხი საბრძოლო ვერტმფრენი და ჯავშანტექნიკის სამი ერთეული. არ არის ნათქვამი, მაგრამ სავარაუდოდ გადასხმის მცდელობა შავი ზღვის მხრიდან იყო. უკრაინელებმა დაუყოვნებლივ აღკვეთეს ეს მცდელობა, საქმეში ჩართეს სახმელეთო ნაწილებიც, სადესანტო შენაერთიც და ავიაციაც. რუსეთს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ივა შილაკაძე

iva shilakadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს