ერთა თასი მოვიგეთ, "ანთიმოზ ივერიელის თასი" შევინარჩუნეთ, მსოფლიოზე ახალ ზელანდიასთან გავედით
16 მარტი, 2014
3624
print

გიგა გურასაშვილი

პირთამდე სავსე ”მიხეილ მესხის” სტადიონი მთელი მატჩის განმავლობაში გუგუნებდა. 27 ათასი ქომაგის თვალწინ ერთა თასის ორ უძლიერეს გუნდს შორის, ევროპული რაგბის ყველაზე პრინციპული მატჩი გაჩაღდა და ბორჯღალოსნების გამარჯვებით - 22:9 დასრულდა.

მიზანი მიღწეულია. ერთა თასი მეშვიდედ მოვიგეთ, "ანთიმოზ ივერიელის თასი" შევინარჩუნეთ, ჯფგუფიდან პირველი ადგილით გავედით და მსოფლიო თასზე C ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან, არგენტინასთან, ტონგასთან და აფრიკის კონტინენტის შესარჩევში გამარჯვებულთან თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

გარდა ამისა, ევროპის მეშვიდე გუნდის პოზიციაც განვიმტკიცეთ და შედეგად  საშემოდგომო ტესტ-მატჩებზე, დუბლინში ექვსი ერის ჩემპიონ ირლანდიის ნაკრებთან  თამაში პატივი დავიმსახურეთ. 

”მიხეილ მესხის“ პირთამდე სავსე სტადიონზე ბერვი რამ მოხდა. საქართველოსა და რუმინეთის გზები მეთვრამეტედ გადაიკვეთა. საქართველომ 22:9 გაიმარჯვა. საქართველო რუმინეთთან ურთიერთშეხვედრებში 9:8 დაწინაურდა. ბორჯღალოსნებისა და „მუხის ფოთლების“ ნამსახურობათა ნუსხა ერთ ფრესაც ითვლის. 
უმთავრეს მეტოქესთან ბორჯღალოსნები ბოლოს ოთხი წლის წინათ დამარცხდნენ. ერთი სიტყვით, ოთხი წელია რუმინელებისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აუღებელ ციხე-სიმაგრედ იქცა.

მსოფლიო თასისკენ 

22 თებერვალს რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე მორიგი გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა, მაგრამ ყველაფერი მაინც 15 მარტს უნდა გარკვეულიყო - საქართველოსა და რუმინეთის თბილისური დაპირისპირებისას. მიზანი პირველობა და მსოფლიო თასზე C ჯგუფში მოხვედრა იყო.

”საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჯამში 30 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ და ამან მის მსვლელობაზე და შედეგზე გავლენა იქონია, - მატჩის შემდეგ თავს იმართლებდა რუმინელთა უელსელი თავკაცი ლინ ჰოუელსი. - თქვენ დამსახურებულად გაიმარჯვეთ, მე კი, როგორც რუმინელთა მწვრთნელი, იმედგაცრუებული ვარ. ჩვენთვის უმთავრესი მიზანი მსოფლიო თასზე მოხვედრა იყო, საქართველოსთვის კი იქ პირველი ადგილით გასვლა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ C ჯგუფი უფრო იოლია. ორივე ჯგუფიდან 12 საუკეთესოს შორის მოხვედრა შესაძლებელია, რაც მომავალ მსოფლიო თასის საგზურს ავტომატურად იძლევა.

ვფიქრობ, ჩვენმა შერკინებამ საქართველოსას სათანადო წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ბურთი ვერ შევინარჩუნეთ რამაც არასასურველ შედეგამდე მიგვიყვანა.

ერთა თასს არ ვაკნინებ, მაგრამ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებმა, განვითარებისათვის რაც შეიძლება მეტი თამაში უნდა ჩაატარონ ძლიერ ქვეყნებთან. ნუ იქნებიან ისინი პირველი დონის ნაკრებები, მაგრამ თუნდაც სამოასთან, ფიჯისთან და ტონგასთან რეგულარული თამაში, ძალიან მნიშვნელოვანია”.

შედეგით კმაყოფილი ჩანდა ბორჯღალოსანთა ახალზელანდიელი დამრიგებელი მილტონ ჰეიგი, მაგრამ იმავდროულად მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიასთან თამაშის პერსპექტივით თავს უჩვეულოდ გრძნობდა: ”მარტო მორაგბეები კი არა, მთელი სამწვრთნელო შტაბი დაძაბულები ვიყავით და თამაშიც ნერვიულად დავიწყეთ. სწორედ ამის ბრალი იყო საწყის წუთებში მიღებული ჯარიმები, მაგრამ 17 წუთის შემდეგ დავმშვიდდით და ხარისხიც გამოვასწორეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუმინეთს ძლიერი ნაკრები ჰყავს გამორჩეული შერკინებით. ამ კომპონენტში მათთან უპირატესობა ვერ მოვიპოვეთ, თუმცა, სხვა მეთოდებით ვძლიეთ მეტოქეს. მსოფლიო თასამდე დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. 

საქართველოსთვის და ბიჭებისთვის „ოლ ბლექსის“ წინააღმდეგ თამაში ეს ისაა, რაც აქამდე არადსროს ყოფილა - განსაკუთრებული შემთხვევაა. რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელისთვის და როგორც კივისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ისეთი რაზეც აქამდე არ მიოცნებია. ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება.

სარბილეზე გასვლამდე (მსოფლიო თასს გულისმხმობს) კიდევ დიდი დროა. ახლა გამარჯვებით დავტკბებით, მერე კი მსოფლიო თასისთვის მოვემზადებით.  ჯგუფში სულ ცოტა ორი შეხვედრის მოსაგებად ვიბრძოლებთ. ეს სრულებით შესაძლებელია. ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. არგენტინაში დავამტკიცეთ, რომ არგენტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია (შარშან არგენტინასთან ტესტ მატჩში 18:29 დავმარცხდით). ინგლისში ჩვენი უმთავრესი მიზანი იქნება ორი შეხვედრის მოგება, რაც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასის საგზურს ავტომატურად მოგვცემს.

ივნისში თბილისის თასი გველის და იქ ბევრს მიეცემა თავისი შესაძლებლობების წარმოჩინების შანსი. თოდუა, ხინჩაგაშვილი, ჟღენტი - ჩვენ დაახლოებით 40-კაციანი სია გვაქვს და ყველას მოუწევს თამაში”.

ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაცია FIRA-ს რუმინელი პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ დარწმუნებულია, რომ საქართველო და რუმინეთი პირველი დონის ქვეყნებს მიუახლოვდნენ, მაგრამ საკლუბო რაგბის განვითარების გარეშე, სამომავლო პერსპექტივები ბუნდოვნად ეჩვენება: ”დღეს დიდი სარაგბო დღე იყო. საქართველოს ნაკრები ბევრად ჯობდა რუმინეთისას და დამსახურებულად გაიმარჯვა. ეს თამაში განსაკუთრებით ჩემთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვისაა მნიშვნელოვანი. გვინდა მსოფლიოს დავანახოთ, რომ პროფესიონალები ვართ და გვინდა რაღაც შევცვალოთ, ამაზე უკეთეს რეკლამას კი, ვერც ვისურვებდით.

ევროპულ რაგბიში იმ მექანიზმის შექმნაზე ვფიქრობთ, რომელიც ახალ ეტაპზე გადაგვიყვანს, ამ თამაშმა კი დაადასტურა, რომ ეს ორი გუნდი სულ სხვა ეტაპზეა. მსგავსი დონის თამაშები ექვს ერზეც არ იმართება. ყოველ შემთხვევაში იმის ფონზე რაც მე აქ ვნახე. წინა მსოფლიო თასის შემდეგ, ორივე გუნდი აშკარად გაიზარდა და დღეს უმაღლესი ხარისხის თამაში შემოგვთავაზა. ჩვენი უმთავრესი მიმართულება საკლუბო რაგბის განვიტარებაა. უნდა შევიმუშაოთ ფორმატი, რომელიც ქართულ და რუმინულ კლუბებს ევროთასებზე რეგულარულად თამაშის საშუალებას მისცემს. ყოველივე კი ნაკრებზეც დადებითად იმოქმედებს.

ექვსი ერის გუნდები უკვე გრძნობენ ჩვენს სუნთქვას. ასე რომ, ახლა ბევრი უნდა ვიმუშაოთ მათ შესავიწროვებლად. წლეულს ირლანდიასთან გიწევთ შეხვედრა. ასეთი შანსი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ და მიზანს უფრო მივუახლოვდებით. და თუ ხარისხიც სათანადო იქნა, ექვსი ერის ორგანიზატორთა პრაგმატულობის გათვალისწინებით, კარის გაღებაზე უარს აღარ გვეტყვიან. მთავარია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ. საქართველო პირველი დონის ნაკრებებთან ძალიან ახლოსაა. ვიცი რა თქვენი შრომიმოყვარეობა, დარწმუნებული ვარ, მალე უმაღლეს დონეზე გადახვალთ, იქამდე კი დრო და მოთმინებაა საჭირო”.

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

მეორე წრე. მეხუთე რაუნდი

საქართველო - რუმინეთი 22:9 (16:9)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ლაშა მალაღურაძე 61), 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე (22. თედო ზიბზიბაძე 57), 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 70); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ანტონ ფეიქრიშვილი 57), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 52), 3. დავით ზირაქაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 57), 4. კოტე მიქაუტაძე (19. გიორგი ნემსაძე 61), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიტო კოლელიშვილი (20. გიორგი ჩხაიძე 67), 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

1 ლელო: ზირაქაშვილი

1 გარდასახვა: კვირიკაშვილი

5 ჯარიმა: კვირიკაშვილი (4), მალაღურაძე

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 მარტი 12:33 კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე