სამართალ-უსამართლობა და განათლება
18 მარტი, 2014
12583
print

ორიოდ კვირის წინ გაუქმდა სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისთვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სახელს, 15 წელიწადზე მეტია, ატარებს. შესაბამისი თანხის გაცემა განათლების სამინისტრომ შეითავსა. სამაგიეროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო განათლების ცენტრს ქმნის. ცენტრი იმ პროექტებს განახორციელებს, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა, ანუ ამიერიდან საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველების დაფინანსება ირაკლი ღარიბაშვილის სახელს დაუკავშირდება, თანხას კი ისევ სახელმწიფო გაიღებს. მოკლედ, ერთ ქურთუკს მარჯვენა ჯიბეს რომ მოახევ და ფულს მარცხნიდან - ახალმიკერებულიდან ამოიღებ, ასეა საქმე. საქმე, და მთავარი, კი უფრო ისაა, რა კეთდება დღეს საქართველოს განათლების სისტემისთვის.

უფასო სახელმძღვანელოები - ძალიანაც რომ დაძაბოთ მეხსიერება, სხვა ვერანაირ ნოვაციას გაიხსენებთ, ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ განათლების სისტემის სფეროში რომ გაახმოვანა. ეს სიახლე სოციალურ პროექტად მოინათლა და უფასო სახელმძღვანელოებს მათი მოვლის 15 ბალიანი შეფასების სისტემა მოჰყვა. ამ სისტემის დეტალიზება შორს წაგვიყვანს, ფაქტი ერთია - სასწავლო წლის დასრულებისას მშობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევს სახელმძღვანელოს საფასურის ანაზღაურება, თუ მისი შვილი ამ სახელმძღვანელოს, უბრალოდ, არ გადაშლის. სახელმძღვანელოების, თუნდაც, ფასიანის გადაშლა-შესწავლას საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას რომ არ ანიჭებს, ეს იმითაც დაადასტურა, რომ სახელმწიფოს სათავეში მოსვლის შემდეგ, პირველად რამდენიმე წლის მანძილზე, ხელისუფალთაგან წარმატება არავინ მიულოცა წარმატებულ აბიტურიენტებს. სხვათა შორის, ამ წარმატებულთა დიდი ნაწილის არჩევანი სწორედ, ე.წ. "ბენდუქიძის", ანუ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები იყო.

სწავლისა და ცოდნის მიღებისკენ წახალისების ნაცვლად, ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოები, უკვე ორი წელია, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელს პრობლემებს უქმნიან, თანაც წელიწადის ერთსა და იმავე დროს - გაზაფხულზე - აბიტურიენტების მიღების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. შარშან ავტორიზაციის გაუქმება იყო - საუკეთესოდ აღჭურვილ "აგრიუნს" მატერიალურ-ტექნიკური რესურსის სტანდარტის დარღვევას ედავებოდნენ. გარიყულ საქართველოს პრეზიდენტზე რაიმეს დაწერა დღეს წაქცეულისთვის წიხლის დამატებას ჰგავს, მაგრამ სწორედ ის იყო მაშინ განათლების მინისტრი და, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის დროებით შეჩერების დროს, სწორედ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნებოდა ალტერნატიული ბაზა იმისთვის, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის გაგრძელება შეძლებოდათ. “მე უკვე ვმუშაობ იმაზე, რომ ბევრად უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეიქმნას ტექნიკურ უნივერსიტეტში და მეტიც, იქ სწავლა იქნება უფასო“. როგორ იმუშავა, კარგად მოგეხსენებათ.

ახლა კი, აგრარული უნივერსიტეტით სამართალდამცველები დაინტერესდნენ და პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა: "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ საქმე ეხება სსიპ "საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას, "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით, სსიპ ,,სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასა და მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს "აგრომეტის" კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს "აგრომეტის" 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით. მაშინ, როდესაც შპს "აგრომეტის"" საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონების ღირებულებებიც."

სამართალდამცველთა ენა ხშირად ძნელად გასაგებია (ისევ განათლების პრობლემას მივადექით), ამიტომ, მოკლედ ავხსნი პროკურატურის განცხადების არსს: წლების მანძილზე უცოდინარი აბიტურიენტების თავშესაფარი - სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი და მის ბალანსზე რიცხული, საქართველოს აგრარული განვითარებისთვის გამოუსადეგარი უძრავი ქონება ახალი პროექტების განხორციელების გენერატორ აგრარულ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა და პროკურატურა ამას, უბრალოდ, პრივატიზაციას უწოდებს.

დღევანდელ საქართველოში, სადაც საუკეთესო მონაცემებად ნათესაური კავშირები მიიჩნევა და უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომებს ფასი დაეკარგა, გასაკვირი არაა, რომ პროკურატურა "აგრიუნის" რექტორ ლაშა გოცირიძეს 9 საათის მანძილზე ჩვენებას ართმევდა; არც ის, რომ იმავე "აგრიუნის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, უკრაინიდან ახალჩამოსულ კახა ბენდუქიძეს, რომელსაც იქაურმა ხელისუფლებამ ეკონომიკური დარგის საუკეთესო ექსპერტი უწოდა, მთელი დღე პროკურატურის შენობაში ამყოფებდნენ და გარეთ მყოფთ ამარჩიელებდნენ - დაიჭერენ თუ არა.

ბენდუქიძის მომხრეთა კომენტარები რაღა მოსატანია - რუსეთში ფულნაშოვნი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში განათლების პრობლემებზე რეალურად ზრუნავს, მეზობელ-მეგობარ ქვეყანაში ჭკუა მოეკითხება და თან დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ამ ხელისუფლებას (მისი სამოქალაქო სექტორში წასულ, ასევე რუსეთში ფულნაშოვნ, უბრალოდ, ჯერ რეალურად არაფრისგამკეთებელ მამამთავართან ერთად), ცხადია, არ მოსწონს და პრობლემებს უქმნის. სამართალი თუ უსამართლობა იქით იყოს, მაგრამ - განათლება?

 

P.S. 17 მარტს, გვიან ღამით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 650 სტუდენტი ავტობუსებით თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული მამა გაბრიელის ნეშტის მოსალოცად გაემგზავრა. საინტერესოა, აკადემიური საათების გაცდენისთვის მათ პასუხს მოსთხოვენ, თუ ზეგარდმო მადლი ცოდნას ცვლის?

                                                                               სოფიკო ჩხაიძე

 

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი