პრეზიდენტობის დასაწყისი?
19 მარტი, 2014
3457
print

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავზე ნაცარი არ წაიყარა – ამაზე დილის ანონსიც კი მეტყველებდა, რომელმაც გვამცნო, პრესკონფერენცია არსად სხვაგან, არამედ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში დაინიშნაო. ეს უკვე ერთგვარი განაცხადი იყო იმ ორად გაყოფილი საზოგადოებისთვის, რომელიც თითქმის ფსონების დადებამდე მივიდა იმის გარჩევისას, მოუბოდიშებდა თუ დაუპირისპირდებოდა პრეზიდენტი მოქალაქე ივანიშვილს.

 

ისიც ნიშანდობლივი გახლდათ, რომ იმავე ანონსით მოკრძალებულად გვამცნეს, რომ ავლაბრის რეზიდენციაში (ხაზგასმით) დაგეგმილი პრესკონფერენციის თემა ყირიმში მიმდინარე მოვლენებია. ცხადია, გამოცხადებულ თემატიკას შეცდომაში არავინ შეუყვანია: გუშინ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული საქართველოს “ყოფილი” პრემიერ-მინისტრის, მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” არაოფიციალური ლიდერის, “მოქალაქე” ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ.

 

“მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს,” – ასე მიმართა რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციისას სპორტის სასახლეში შეკრებილ ამომრჩეველს. გუშინ კი მის მიერვე უალტერნატივოდ მონათლული, უკვე არჩეული პრეზიდენტით უკმაყოფილება გამოხატა, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ძმის მრჩევლად დანიშვნის გამო საკადრო პოლიტიკა დაუწუნა და ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში რამდენიმე ოფიციალური ღონისძიების გამართვა უსაყვედურა, საყვედურები კი კულუარული, პირადი საუბრების არგუმენტებად მოყვანით გაამყარა.

 

გუშინდელი, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გამართული პრესკონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა მართლაც ყირიმში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი, შუალედური შეფასებით დაიწყო. მისი თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, გლობალურ უსაფრთხოებაზე იქონიოს გავლენა.

“გვინდა, დავაფიქსიროთ ჩვენი დამოკიდებულება ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული იმით, რაც გუშინ მოხდა. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ის მოვლენები, რომელიც განვითარდა უკრაინაში, საფრთხეს უქმნის სტაბილურობას არა მხოლოდ რეგიონში, ისევე იმ გლობალურ წესრიგს, რომელითაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფუნქციონირებდა. ასეთი საფრთხე ორი მიმართულებით იქმნება, პირველი _ ბირთვულ განიარაღებას, რომელსაც ჰქონდა დადებითი ტენდენცია, რისი შედეგიც იყო 1994 წლის შეთანხმება, როდესაც უკრაინამ თავისი ბირთვული არსენალი დათმო, სერიოზული დისკრედიტაცია შეიძლება შეექმნას. მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძნელად თუ ვიხსენებ შემთხვევას, რომ ერთ ქვეყანას მეორეს ტერიტორიები მიეერთებინოს. რა თქმა უნდა, მსოფლიო რუკა იცვლებოდა, ხდებოდა ქვეყნების დანაწევრება, რა თქმა უნდა, არსებობდა კონფლიქტები, მაგრამ არ ხდებოდა ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიების მიერთება. ეს არის პრობლემა გლობალურად მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, უაღრესად მშვიდად, მაგრამ პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება. ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის საკითხები წყდება არა სამხედრო ძალის, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკებების მეშვეობით,” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და, ცხადია, ვერ ასცდა ივანიშვილის მისით უკმაყოფილებაზე კომენტარის გაკეთებას - ბოლოს და ბოლოს თვეების მანძილზე მის დანიშნულ პრეზიდენტს ეძახდნენ.

ბიძინას კრიტიკა მნიშვნელოვანი და მტკივნეულიაო, ვანო მაჭავარიანი და ბიძინა ყველაფერზე ღიად საუბრობენ, ჩემი კომენტარი საჭირო აღარ არისო, კანონზე ვეტოს საკითხი წარსული ამბავიაო, ავლაბრის რეზიდენციაში კომფორტულად ვგრძნობ თავსო…ისიც თქვა, რასაც ორი ადამიანი ლაპარაკობს, იმის საჯაროდ განხილვის მომხრე არ ვარო…

ფსონებმა არავის გაუმართლა – მარგველაშვილი ღიად არავის დაუპირისპირდა, მაგრამ, “მტკივნეული კრიტიკის” მიუხედავად, არც დაწუნებული საკადრო პოლიტიკის უარყოფის პირობა დადო, არც საპრეზიდენტო რეზიდენციის სამარდჟამო დატოვების.. . და საერთოდ, ჭორაობა რა საკადრისიაო.

 

რით არ არის საპრეზიდენტო საქციელი, საწყისი მაინც?

                                                                                                                                 თიკა გურული

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
27 ივნისი, 2016 BREXIT
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება