რას ემსახურება ახალი კადრები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმიდან
20 მარტი, 2014
4943
print

ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელ კომპანიაში შემოსავლების სამსახურის შესვლისა და ივანიშვილ-მარგველაშვილის უთანხმოების ფონზე, გუშინ საღამოს ინტერნეტში საქართველოს გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის აქამდე უცნობი ფოტოები გავრცელდა. ვიდეოს, რომელიც ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, ასეთი სათაური აქვს - Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია). კადრების მიხედვით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

 

კადრები, რომელიც გუშინ საღამომდე უცნობი იყო საზოგადოებისთვის, უცნობი არ აღმოჩნდა ზურაბ ჟვანიას ძმისთვის, გოგლა ჟვანიასთვის. გარდაცვლილი პრემიერის ძმამ განაცხადა, რომ ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ფოტოები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში დევს.

 

"ეს რეალური სურათებია. საქმის მასალებში ისინი ნამდვილად დევს. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ვერ გეტყვით,"- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

 

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება ”ქართული ოცნების” მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის ერთ თვეში დაიწყო. ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობდა, რომ ”გამოძიება სწრაფი ტემპით წავიდა”. 2013 წლის აპრილში იმდროინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ”ჟვანიას საქმეზე გამოძიებამ ხელჩასაჭიდი ვერსია მონახა”. ამავე წლის ნოემბერში კი, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ”ჟვანიას საქმეზე არსებული გამოძიების ვერსია შესაძლოა სრულად ამოყირავდეს”.

 

2014 წელს ჟვანიას დაღუპვის საქმეზე კვლავ არალეგალი ინტერნეტმომხმარებლის მიერ ჩაყრილი ფოტოებით ვმსჯელობთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან წელიწადნახევარი გავიდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ”ამოყირავებული” ვერსიის შესახებ საზოგადოებამ რეალურად ჯერ-ჯერობით არაფერი იცის. ხელახალი გამოძიება, რომელიც, თუ თეა წულუკიანს დავესესხებით, ”მთავრობისთვის პრიორიტეტული” უნდა ყოფილიყო, არათუ დასრულებულია, არამედ ისიც კი არ არის ცნობილი კონკრეტულად, რა შეიძლება ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მოტივი გამხდარიყო.

 

...მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც მთავარი პროკურატურა ჟვანიას საქმეზე გამოკვეთილ ახალ დეტალებზე საუბრობდა, ანუ 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. გარდაცვლილი პრემიერის ძმა ამბობს, რომ კადრები, რომლებიც გუშინ ინტერნეტში გავრცელდა, საქმის მასალებში აქამდეც იდო. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილმა - ყოფილმა შს და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, რომ არა ჰაკიმ ფაშა, აღნიშნული კადრების შესახებ არაფერი იცოდა - ამაზე მისივე სიტყვები მეტყველებს:

 

”მინდა პირველ რიგში კომენატარი გავაკეთო გუშინ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით... მართლაც შემზარავი იყო, პირადად ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ამ კადრების ნახვა,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ამასთან, საქართველოს პრემიერმა ივარაუდა, რომ ჰაკიმ ფაშას მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, გამოძიება დაჩქარდება.

 

”ამ თემის ირგვლივ სპეკულაციები გრძელდება. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ეს კადრები გავრცელდა, ვფიქრობ, ბევრი რამ დაჩქარდება,” - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავარ პროკურატურაში კი ამბობენ, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოების გავრცელება გამოძიებისათვის ხელის შეშლის მიზანს ემსახურება.

 

”ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება ერთადერთ მიზანს, ხელი შეეშალოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებს,” - განმარტეს პროკურატურაში.

 

უწყებაში ამბობენ, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო მასალა აღმოჩენილ იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკევებით, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

 

მურთაზ ზოდელავამ დღეს, დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აბსურდი უწოდა მოსაზრებას, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულ გამოძიებას ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა.

 

"თუ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიების ვერსიას ეჭვქვეშ დააყენებდა, მე ჩავდებდი მათ სეიფში და დავუტოვებდი არჩილ კბილაშვილს? თქვენ როგორ ფიქრობთ?" - მიმართა ზოდელავამ ჟურნალისტებს.

 

მისივე მტკიცებით, ჟვანიას საქმის ნაწილი მისი, როგორც მთავარი პროკურორის კაბინეტში იმის გამო ინახებოდა, რომ ის "განსაკუთრებით დელიკატურ მომენტებს" შეიცავდა.

 

"ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა დიდი ხნით ადრე ჩემს პროკურორად დანიშვნამდე. საქმეში იყო გარკვეული დეტალები, გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ეს ნაწილი ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ მთავარ პროკურატურაში ყველაზე დაცულ ადგილას – მთავარი პროკურორის კაბინეტში, სეიფში. ეს, რა თქმა უნდა, იყო სისხლის სამართლის საქმის ნაწილი, მოიცავდა ფოტო და ვიდეომასალას არა მარტო შემთხვევის ადგილის, არამედ შემდგომ, სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ვინაიდან იქ იყო განსაკუთრებულად სათუთი საკითხები და სწორედ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას არ გაეჟონა, ინახებოდა განსაკუთრებით დაცულ ადგილას," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

 

ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას მტკიცებით კი, ჰაკიმ ფაშას მიერ გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

 

"ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ტუჩის არეში არსებული დაზიანება და სხვა არაფერი. მეორე ცხედარს, რაულ უსუპოვს საერთოდ არავითარი დაზიანება არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს წერია დასკვნაში. მე არ ვიცი საიდანაა ეს კადრები. მე ვიცი, რომ ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა პროკურატურა და ვთხოვ, წარმოადგინონ ის ვიდეო, რომლითაც დადასტურდება, რომ აღნიშნული ერთი დაზიანების გარდა ჟვანიას ცხედარს სხვა დაზიანება არ ჰქონია," - აღნიშნა ლევან ჩაჩუამ.

 

მისივე განმარტებით, ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

 

"უნდა ჩატარდეს ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა და მე ამის შესახებ აუცილებლად განვაცხადებ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ფალსიფიცირებული კადრები," - განაცხადა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა.

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის ირინა იმერლიშვილის თქმით, გამოძიებული იქნება ის, თუ როგორ მოხვდა კადრები ინტერნეტში.

 

"ვისურვებდი, რომ ასეთი ტიპის კადრები არ ვრცელდებოდეს ინტერნეტით და იქნება აუცილებლად გამოძიება, როგორ მოხვდა ეს ფოტოები ინტერნეტში," - განაცხადა იმერლიშვილმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გაავრცელა კადრები, მთავარია ის, თუ რა არის მასზე აღბეჭდილი და რამდენად ავთენტურია ის.

 

"ეს არის შოკისმომგვრელი კადრები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ როცა ჩვენ მოვითხოვეთ საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნა ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვიყავით სწორი. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია კადრების შინაარსი და არა მისი ატვირთვის წყარო, რადგან მისი ნამდვილობის არსზე უნდა ვისაუბროთ. კაი კაცი თუ ცუდი კაცი გაავრცელებს კადრებს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ეს კადრები ავთენტურია და მიუთითებს ძალადობის კვალზე, რა თქმა უნდა ეს შოკისმომგვრელია და მოვიდა დრო, ფარდა აეხადოს 21–ე საუკუნის ერთ-ერთ მძიმე დანაშაულს,,"– აღნიშნა ქუცნაშვილმა.

 

”ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მთავრობას შეუძლია, გაასაჯაროოს სრული დოკუმენტაცია, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული კადრების გავრცელების მიზანი არის იმ მითის ხელშეწყობა, თითქოს მკვლელობა მოხდა.

 

”მიზანი არის იგივე მითის ხელშეწყობა, თითქოს იქ მკვლელობა იყო. ჩვენ ამის შესახებ განცხადება არაერთხელ გაგვიკეთებია. მთავრობას შეუძლია, გაასაჯაროოს სრული დოკუმენტაცია, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს. ამასთან დაკავშირებით უმცირესობას არანაირი პრობლემა არ აქვს,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ

 

ჰაკიმ ფაშას მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოების გავრცელებით ხელისუფლებას თემით სპეკულაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ექსპრემიერის გარდაცვალების ფაქტი მისი ხელისუფლების პირობებში უკვე გამოძიებულია.

 

"მე არ ვმონაწილეობ ბინძურ ინტრიგებში, რომელსაც გეგმავენ და რომელსაც აქვს კონკრეტული სარჩული. ნამდვილად არ ვმონაწილებ, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ვინმე ამას დააპირებს, ყველა აგებს პასუხს შესაბამისად. ყველამ კარგად იცის ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, ძალიან კარგად იციან და ტყუილად ჰგონია ვიღაცას, რომ საერთაშორისო არენაზე და თუნდაც საქართველოს შიგნით ბნელა," - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: "ნუთუ არ გვესმის, რა ვითარებაში იმყოფება საქართველო, რა კონკრეტული რისკებია დღეს და ჩვენ ვაპირებთ ეს რისკები და მდგომარეობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი წვრილმანი, პოლიტიკური მდაბიო, ღვარძლიანი ამოცანები განვახორციელოთ?! ესაა ამოცანა დღეს საქართველოსი?! ასეთმა მიდგომამ საქართველო დაღუპა მრავალჯერ. ასეთი მიდგომის გამო საქართველო მრავალჯერ მოხვდა დამპყრობლის ხელში. რამდეჯერ უნდა გაიმეოროს საქართველომ ერთი და იგივე შეცდომა?! რამდენეჯერ ვერ უნდა დავდგეთ ჩვენი პირადი ბოღმის, შურისძიების, ღვარძლის ზემოთ და არ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე?!"

 

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც.

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვა, არამედ - გამოძიების დასრულება.

 

"მე შემიძლია, გითხრათ ერთი, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ამ ფაქტის გამოძიება. მე ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ის მალე დასრულდება. საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

დღეს, რატომღაც არავის უხსენებია ვინმე ჩოკუტაევი, რომელსაც, ვითომდა, საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფს, ეგრეთ წოდებული ჯიხადის ვიდეოების ატვირთვა დააბრალა ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრად მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სწორედ საზღვარგარეთ ყოფნის მოტივით, მისი ავან-ჩავანი ვერავინ გაიგო. ჰაკიმ ფაშაც, ჩოკუტაევის არ იყოს, ისეთივე მოუხელთებელი აღმოჩნდება, როგორც ბათუმში სადისტურად მოკლული მარიამ კოჩლაძის მკვლელობაში ბრალდებული ვინმე ირანის მოქალაქე.

 

თიკა ნიკოლაძე

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!