„სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“ - მარტის გაქირავების მთავარი კერძი
21 მარტი, 2014
5493
print

თქვენს წინ შოკოლადის ასორტი დევს. ყუთში სხვა და სხვა ფორმისა და გემოს შოკოლადები აწყვია, რომლებსაც ერთმანეთის მიყოლებით, ნება-ნება, თითოეულის ბოლომდე დაგემოვნებითა და შეგრძნებით მიირთმევთ. თავიდან უბრალო შოკოლადით იწყებთ, შემდეგში ხილფაფის გულსართი გხვდებათ, მესამეში ამარეტოს კრემი, მეოთხე კი ქიშმიშისა და თხილის ნაზავს გთავაზობს. მიირთმევთ და ნეტარებისგან კრუტუნებთ. უყურებთ „სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტს“ და იმავეს განიცდით...

 

ერთგვარ ნორმადაა მიჩნეული, რომ უეს ანდერსონი ან მხოლოდ კარგ ფილმებს იღებს ან არაფერს. უმეტესად უბრალოდ „კარგს“ საუკეთესო ანაცვლებს, მისი ბოლო ნამუშევარი კი სწორედ ამ კატეგორიაში გადის. „სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“ ჩვენს გაქირავებაში უკვე გამოვიდა და ის სწორედ იმ ხარისხის ნამუშევარს წარმოადგენს, რომლის დიდ ეკრანზე ნახვაც რეცეპტის სახითაა გამოწერილი. უბრალოდ საცოდავობაა ამ სანახაობის მონიტორის ზომაზე შემცირება, მით უფრო, რომ ფილმი არ გახლავთ სამგანზომილებიანი, რაც ნიშნავს, რომ ყურებისას სრული კომფროტი გარანტირებულია.

 

2007 წელს გამოსული „დარჯელინგ ლიმიტედი“ უეს ანდერსონის პირველი ფილმია, რომელიც ვნახე. ფილმი ჩვენს გაქირავებაში იყო გამოსული. „ამირანის“ დიდ დარბაზში მხოლოდ მე, დიკონი, ლეიტო, კიდევ ორი ჩვენი მეგობარი და ათიოდე უცხო ვიჯექით. მაშინ ფილმისადმი დაუინტერესებლობის ორი მიზეზი დაგვისახელეს: ახალგაზრდა რეჟისორის სახელი მაყურებელს პრაქტიკულად არაფერს ეუბნებოდა, სახელწოდებიდან გამომდინარე კი ინდური ფილმი ეგონათ.

 

„დარჯელინგი“ მართლაც ინდური ფილმია: მოქმედება პრაქტიკულად მთლიანად ინდოეთში ხდება, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ინდოელები არიან, ინდურია ფერები, სურნელი, ლოცვა, ჰაერი, ფილმის ერთ-ერთ მწარმოებელ კომპანიას კი სულაც Indian Paintbrush ჰქვია. და თუ ეს ფილმის ნაკლია, მაშინ ნეტა მთელ ქართულ კინოს ამიტაბ ბაჩანი ერქვას!..

 

„სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“ კი ზუბროვკული ფილმია. სწორედ ასე ერქვა ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე ერთ დროს უძლეველ იმპერიას, სადაც მუსიე მენდლის საკონდიტრო მთელ ევროპაში საუკეთესოდ მიიჩნეოდა, მდიდრული სასტუმროების მთავარი კონსიერჟები მხოლოდ L'Air de Panache-ის სუნამოს იპკურებდნენ, ომის დაწყებაზე უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია კი მდიდარი ქვრივის უეცარი გარდაცვალება გახლდათ.

 

ეს უკანასკნელი კი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ფილმის სიუჟეტი სწორედ ამ მოვლენის გარშემო იკვრება: მდიდარ ქალბატონ მადამ დის კლავენ, მისი მემკვიდრეობის ნაწილი (ფასდაუდებელი ტილო «ბიჭი ვაშლით“) კი მუსიე გუსტავის, „გრანდ ბუდაპეშტის“ კონსიერჟის მფლობელობაში გადადის. ნახატს გარდაცვლილის შვილი არ თმობს, ამიტომ გუსტავი იძულებული ხდება, „ბიჭი ვაშლით“ მოიპაროს, რასაც მისი დაპატიმრებაც მოჰყვება.

 

აი, სულ ეს გახლავთ ფილმის სიუჟეტი - სწორხაზოვანი, მარტივი ამბავი დასაწყისით, კვანძის შეკვრითა და ფინალით, რომელსაც თითქმის ორი საათის განმავლობაში ათასგვარი სანელებლით შეზავებულს მივირთმევთ, დრო და დრო კი მუსიე მენდლის ვარდისფერ კექსებსა და რომელიღაც შორეული შატოს საუკეთესო შამპანურს ვაყოლებთ.

 

თუ უეს ანდერსონის კინოს იცნობ, იმთავითვე გაქვს მზაობა, რომ წინ არა მხოლოდ უნაკლოდ აწყობილი, მარმაშივით მოქარგული, ზოგჯერ დაუკრეფავში გადასული, მაგრამ საერთო კალაპოტში მოქცეული ისტორია გელის, არამედ სანახაობრივ სამოთხეში გასეირნებაც. კინოს ისტორიაში უამრავი საკულტო კადრი არსებობს: ველოსიპედის სილუეტი მანათობელ მთვარეზე, წითელი ფეხსაცმელი ყვითელ ბილიკზე, შხაპის ფარდის ფონზე გაელვებული დანა, უდაბნოში ჩამავალი ორი მთვარე და სხვა. „სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“ კი საკულტო კადრების მთელი ნაკრებია, სადაც მეწამული, წითელი, ვარდისფერი, ცისფერი და თითქოს უკონტექსტო შავი იდეალურად თანაცხოვრობენ, მატემატიკური სიზუსტით აწყობილი კადრები ესთეტურ ჟრუანტელს გგვრიან, ხოლო ამ კადრებში მოძრავი პერსონაჟები რეალობაში დაბრუნების საშუალებას არ გაძლევენ.

 

„ბუდაპეშტში“ უეს ანდერსონის საყვარელი მსახიობების თითქმის სრული ანსამბლია წარმოდგენილი: ბილ მიურეი, ჯეისონ შვარცმანი, უილიამ დეფო, ოუენ უილსონი, ედრიენ ბროდი, მეორედ გადაიღო ტილდა სუინტონი, ჰარვი კეიტელი და ედვარდ ნორტონი, ქასთს დაამატა რალფ ფაინსი, მიურეი აბრაჰამსი, ჯად ლოუ, საორის რონანი, ლეა სედუ, მატიე ამალრიკი და მიღებული „მასა“ ალექსანდრე დესპლას წარმოუდგენელი მუსიკით შეაზავა...

 

მარტის გაქირავების მთავარი კერძი სწორედ ეს გახლავთ - ფილმი სახელად „სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“. გემრიელად მიირთვით.

                                                                                                                                          ია ვეკუა

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
30 ივლისი, 2015 ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
22 ივლისი, 2015 კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში
15 ივლისი, 2015 ქართული მოკლემეტრაჟიანი ლოკარნოს კონკურსშია
13 ივლისი, 2015 ლევან გაბრიაძის Unfriended გაქირავებაში გამოდის
03 ივლისი, 2015 სტრიპტიზის დროა!