მიზანმიმართული ქმედება MAP-ის წინააღმდეგ?
24 მარტი, 2014
2976
print

გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახსნა, რატომ არ ჩამოვა საქართველოში და არ გამოცხადდება დაკითხვაზე პროკურატურაში. მის არგუმენტებს მნიშვნელოვანწილად ამართლებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სააკაშვილის დაკითხვაზე გამოძახების გამო გაკეთებული კომენტარები.

 

“პუტინის თუ ზოგიერთი ქართველის ოცნება, რომ რაღაცნაირად შემზღუდოს, დარჩება ოცნებად,” - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი დაკითხვაზე დაბარების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

 

როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოდან მისი წასვლის მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალური შეხვედრისას გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შესახებ, რომელიც მის დაპატიმრებას ითვალისწინებდა.

 

"ახლა საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით ცდილობს პუტინი, ჩემი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდოს. ეს უკავშირდება ივანიშვილის და პუტინის შეთანხმებას. ივანიშვილის ვითომ წასვლა თავიდან ბოლომდე განპირობებული იყო იმით, თითქოს ის არაფერ შუაშია და მთავრობა იჭერს ხალხს. მე, რა თქმა უნდა, ჩავალ საქართველოში, მაგრამ არა ახლა, პუტინის სურვილის შესასრულებლად. ჩავალ, როცა ყველანი ერთად მოვამზადებთ სიტუაციას საქართველოში, უკრაინაში, რეგიონში იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ პუტინის მარწუხებისგან. პუტინის ოცნება თუ ზოგიერთი ქართველის ოცნება, რომ რაღაცნაირად მე შემზღუდოს, დარჩება ოცნებად. ოცნებები, უკვე უნდა დარწმუნებულიყავით, რომ არ სრულდება ან სრულდება სრულ კოშმარად," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

გუშინ, საქართველოში მყოფმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის წამოწყებისას, აუცილებელია, საზოგადოებაში არ დარჩეს პოლიტიკური რევანშიზმის განცდა.

 

 

ნატო-ს ჩინოვნიკებთან შედარებით გაცილებით მკაცრია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაცია, რომელიც თავისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლებას ამერიკაში ვიზიტისას მიღებულ მესიჯებს ახსენებს. ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია:

 

"არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება წარმოშობს ლეგიტიმურ წუხილს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საკანონმდებლო და მართლმსაჯულების ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია. როგორც ვაშინგტონში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან უმაღლეს დონეზე შეხვედრისას ითქვა, შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა საქართველოს ლიდერებს, ქართველი ერის ენერგია მომავალს, ძლიერ ეკონომიკას, მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით სწრაფ პროგრესს მოახმაროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტრატეგიული პარტნიორის რჩევების არგაზიარების შესაძლო შედეგებს კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზა ხსნის:

 

“მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო MAP-ს არც იმსახურებს,” - ბრაიზამ ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

ეს განცხადება მან ბრიუსელში გააკეთა, სადაც გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ფორუმი გაიმართა.

 

"მე კომენტარს გავაკეთებ პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და იმაზე დაყრდნობით, რაც აქ მესმის და რაზეც მსჯელობა მიდის. ვაშინგტონიდან ჩამოსულ ფორუმის მონაწილეებს უკიდურესად კრიტიკული და მძაფრი რეაქცია ჰქონდათ, სააკაშვილსაც შეხვდნენ გავრცელებულ ახალ ამბავზე. ნეგატიური შეფასება იყო და თანაც საკმაოდ. იზრდება და უკვე მოახლოვდა პროცესი, რომ საქართველომ სექტემბრის სამიტზე MAP მიიღოს, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო კი ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო MAP-ს არც იმსახურებს იმიტომ, რომ იქ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და შერჩევითი სამართლია. ასეთია იმ ადამიანების განწყობა, რომლებიც ფორუმს ესწრებიან და გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. ვფიქრობ, ამან გადაწყვეტილებაზე ნეგატიური გავლენა უკვე იქონია," - განაცხადა ბრაიზამ.

 

ბრაიზას მოსაზრება გაიმეორა ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ილვესმაც. მისი განცხადებით, თუ საქართველოში გამოძიება ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი სახით გაგრძელდება, ამან შესაძლოა, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესები შეაფერხოს.

„თუ გამოძიება ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი სახით გაგრძელდება, ამან შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფრომების პროცესები. ჩვენ გვაქვს ამის მაგალითი უკრაინაში. ევრომაიდნამდე უკრაინამ რთული პერიოდი გამოიარა. მას შემდეგ, რაც იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს, მნიშვნელოვნად შეფერხდა უკრაინას და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება," - განაცხადა თომას ილვესმა.

 

თიკა გურული

 

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს