გიორგი ბარამიძე: “ასეთი მკაცრი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არ მახსენდება”
24 მარტი, 2014
2765
print

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ირწმუნებოდა, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ევროკავშირისა და დასავლეთის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყვებაო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამჯერად არა ეჭვი, არამედ „ლეგიტიმური შეშფოთება“ გამოთქვა საქართველოში პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება ღია ტექსტით გააფრთხილეს ესტონეთის პრეზიდენტმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ, რომელთა თქმით, თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გამოძიება ასეთი სახით გაგრძელდა, ეს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესებს შეაფერხებს.

„24 საათი“ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს ესაუბრა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი მთავრობა, რომელსაც სჭირდება ჩვენი ყველაზე ძლიერი მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ასეთი ღია და გახსნილი ტექსტით თქმა იმისა, რომ მან თავად არ უნდა დააზარალოს საქართველოს ეროვნული ინტერესები. ის ქმედება, რასაც დღეს ხელისუფლება სჩადის, გამომდინარეობს მათი დაუოკებელი სურვილისგან, განახორციელონ პოლიტიკური შურისძიება და გაანადგურონ პოლიტიკური ოპონენტი. მაგრამ მათი ეს სურვილი რეალურად აზარალებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის ინტერესებს. მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად და შეგნებულად ცდილობს პოლიტიკურ შურისძიებას.

ასეთი მკაფიო და მკაცრი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, მე პირადად, არ მახსენდება. ამ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილს, ვაშინგტონში თავის სატრაბახო ვიზიტის დროს, ამ თემაზე ერთხელ უკვე ნათლად ესაუბრნენ. არადა, ეს ღარიბაშვილს არც ერთხელ არ უხსენებია. ანუ რა გამოდის? - რომ იქაც, ვიზიტისას, იყო ამაზე საუბარი, გაფრთხილება და ესენი კიდევ მაინც ჯიუტად აგრძელებენ ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებას. როდესაც ერთხელ, დიპლომატიურ ენაზე ნათქვამი ვერ გაიგეს, ახლა უფრო მკვახედ და გახსნილი ენით, ყველასათვის გასაგებად უთხრეს... ამგვარი მოქმედებით, საქართველოს მთავრობა თავის მიზანს - „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებას მაინც ვერ მიაღწევს და ვერც მიხეილ სააკაშვილს და მის საქმიანობას შეზღუდავს, მაგრამ დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ეს არის ის, რაც უხარია პუტინს. ეს მთავრობა კი აღნიშნული ქმედებით ახორციელებს პუტინის გეგმებს საქართველოში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, - მან ნათლად და მკაფიოდ თქვა, რომ ხელისუფლება აწარმოებს იმ პოლიტიკას, რომელიც აწყობს პუტინს. ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკური შურისძიებით, ნაცვლად იმისა, რომ აკეთოს საქმე და შეასრულოს დაპირებები. ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი აგრესია, საქართველოს მთავრობას, მოსახლეობის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, საზოგადოება მიჰყავს გახლეჩამდე. ამ ვითარებაში, როდესაც პროკურატურა, რომელიც არაფორმალურად იმართება გადაყენებული კრიმინალის მიერ, არის გამოყენებული როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი ხელისუფლების ხელში. არანაიარ გამოძიებაზე და ობიექტურად საკითხების შესწავლაზე საუბარი არ არის. თუ საზოგადოებას რამე კითხვები აქვს, მიხეილ სააკაშვილი არ გაქცევია არანაირ მწვავე კითხვას და ის საზოგადოების ინტერესებს აუცილებლად დააკმაყოფილებს,“- აცხადებს გიორგი ბარამიძე.

თიკა ნიკოლაძე

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს