შარშანდელი შეცდომა აღარ განმეორდა
26 მარტი, 2014
3167
print

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტმა რეკომენდაციების დოკუმენტი მიიღო

რეკომენდაციები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ეხება. ამასთან, უკვე ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია პოლიტიკური ნიშნით დევნასა და შერჩევით სამართალზე.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარის მილან ცაბრნოხის განცხადებით, ეს რეკომენდაცია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას არ უკავშირდება.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დღეს ეს თემა საქართველოში აქტუალურია და საზოგადოება დაინტერესებულია, თუმცა კონკრეტულად ეს არ ყოფილა ჩვენი საუბრის თემა, ჩვენ არ გვისაუბრია კონკრეტულ ადამიანებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ყველა პარლამენტარს, პოლიტიკოსს, თავიდან იქნას აცილებული ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს ეჭვს, რომ არის პოლიტიკური რევანში და რაიმე ხორციელდება შერჩევითი სამართლის გამო" - განაცხადა ცაბრნოხმა.

კომიტეტის თანათავმჯდომარე თინა ხიდაშელის განმარტებით, დოკუმენტში დაფიქსირდა, რომ დემოკრატიული რეფორმების გატარების შემთხვევაში ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა.

"გასულ წელს, როცა ჩვენ რეკომენდაციების ტექსტის მიღება ვერ მოვახერხეთ, ძალიან დიდი განსხვავება იყო ევროპარლამენტის წევრებსა და საქართველოს პარლამენტის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის. დღეს ეს სხვაობა არ არის. დღევანდელ სხდომაზე ძალიან კარგად ჩანს სხვაობა, რაც ბრიუსელში, სტრასბურგში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არის საქართველოს მიმართ, მათი განწყობა დადებითია", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, სადაც არის რეკომენდაციები სხვადასხვა კუთხით.

"აქ არის რეკომენდაციები დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. საუბარია კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ეს დებულებები უფრო დეკლარაციული ხასიათისაა და გამოხატულია პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მასში დამატებულია ბორდერიზაციის საკითხი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც ევროკავშირმა უნდა გაამახვილოს ყურადღება. დოკუმენტში, ასევე, საუბარია დემოკრატიული რეფორმების გატარებაზე; მათ შორის, აღნიშნულია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების გეგმაც. დოკუმენტის პირველი ნაწილი არის პოლიტიკური განაცხადი და რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, მასში დაფიქსირდა, რომ ევროპული ქვეყნებისათვის ევროკავშირი ღიაა, თუკი ისინი დემოკრატიულ დავალებებს შეასრულებენ. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ", - განაცხადა ხიდაშელმა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ , უმცირესობის დეპუტატის გიორგი კანდელაკის გამოსვლის დროს, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანდელაკმა “როგორც იცის ხოლმე“, ისეთი ლაპარაკი დაიწყო.

"ავდექი და დავტოვე შეხვედრა. კანდელაკს კითხვა უნდა დაესვა, მაგრამ როგორც იცის ხოლმე, დაიწყო ლაპარაკი თვითმმართველობის ორგანოებში ზეწოლაზე, მედიაზე ზეწოლაზე – ვინმე გრძნობთ ზეწოლას?! შეიძლება ამდენი უტიფრობა?! ვეღარ ვიტან ამდენ უტიფრობას-მეთქი – ვთქვი ჩემთვის, ქართულად, ინგლისურად არ მითქვამს. ალბათ, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ რა ვქნა", - განაცხადა ტრიპოლსკიმ.

გიორგი კანდელაკის თქმით, ირაკლი ტრიპოლსკის ქცევა სამთავრობო გუნდის განწყობებს კარგად ასახავს.

"მე ვსაუბრობდი დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმაზე და იმის საჭიროებაზე, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ იფიქროს არა წარსულზე, არამედ მომავალზე, რა დროსაც ირაკლი ტრიპოლსკი წამოხტა, დაიწყო ყვირილი, გამოთქვა მიუღებლობა ჩემი მოსაზრებებისა და გავარდა ოთახიდან. ვფიქრობ, ბატონი ტრიპოლსკის საქციელი, რომელიც წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობის ანტიდასავლურ ბირთვს, რომლებიც სინამდვილეში შეადგენენ კიდევ უმრავლესობის უმრავლესობას, არის სიმპტომური და კარგად ასახავს იმ განწყობებს, რაც არის ამ გუნდის უმრავლესობაში. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და არა ის დეპუტატები, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩნდებიან ხოლმე ტელეეკრანებზე", - განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკის აზრით, შეხვედრაზე დავით ონოფრიშვილის გამოსვლაც არაკვალიფიციური და შეუსაბამო იყო.

"ონოფრიშვილს ყვირილი არ დაუწყია, მაგრამ მისი კომენტარიც იყო ძალიან შეუსაბამო, არაკვალიფიციური, საკმაოდ ემოციური და შურისძიების წყურვილით აღსავსე, რამაც, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარებზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჩემი აზრით," - აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტმა, გასულ წელს რეკომენდაციების დოკუმენტი ვერ მიიღო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობდნენ, რომ ამის მიზეზი სამთავრობო გუნდი გახდა; თინა ხიდაშელმა კი, დოკუმენტის ჩაგდების მიზეზად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეთავაზაბები დაასახელა.

"ყველა მინდა დაგამშვიდოთ - არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ სააკაშვილს დავესესხები - უპრეცედენტო ამბავი მოხდა, როდესაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების შეთავაზებები, რომელიც, ფაქტებიდან გამომოდინარე, უბრალოდ ტყუილი იყო, არ გავიდა. სულ ეს არის. მაგალითად, ბატონი კანდელაკი ითხოვდა, ევროპის კავშირის დეპუტატებს და ჩვენ ერთხმად გვეთქვა, რომ პარლამენტის წევრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, როგორც აღიარებული და ნამდვილი ფაქტი. ჩვენ ავუხსენით ყველას, ვისაც კითხვები ჰქონდა, რომ ეს არ არის სიმართლე. ასეთები კიდევ ბევრი იყო, და არ გავიდა. არ გავიდა იმიტომ, რომ დამთავრდა ის დრო, როდესაც ცალ კარში მიდიოდა თამაში, და როგორც ჩვენმა ბულგარელმა კოლეგამ თქვა სხდომაზე, ის ადრე საქართველოზე მომხსენებელი იყო და კარგად იცის აქაურობა, სრულიად უპრეცედენტო ამბავია ადრე ოპოზიცია არ მახსენდება ამ დარბაზში ყოფილიყოსო. ეს კარგი მაგალითია იმის, რა შეიცვალა საქართველოშიც და მის გარეთაც და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბოლომდე შევეცდებით ჩვენი სიმართლის მიტანას ყველა დონეზე, ყველა ინსტიტუტთან და საბოლოოდ ყველაფერი გამოსწორდება", - განაცხადა ხიდაშელმა.

შარშან, ევროპარლამენტის საპარლამენტთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციების მიღების ჩავარდნასთან დაკავშირებით, თავიანთი ოპონენტებისგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

დოკუმენტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებდა, რომ დოკუმენტს, რომელიც კომიტეტს უნდა მიეღო, ყველა დამსწრე ევროპარლამენტარი ეთანხმებოდა და რეკომენდაციების მიღება საქართველოს სამთავრობო გუნდმა შეგნებულად ჩააგდო.

მისივე თქმით, შესვენებაზე, როდესაც ევროპული მხარე ცალკე თათბირობდა, ხოლო ქართული – ცალკე, მან გააფრთხილა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომ დოკუმენტის ჩაგდება გამოიწვევდა კრიტიკას და ქვეყნისთვის საზიანო იქნებოდა.

"ის პასუხისმგებლობა, რომელიც უკავშირდებოდა დოკუმენტის ჩაგდებას, მათ სრულიად ჰქონდათ გაცნობიერებული და შეგნებულად წავიდნენ ჩვენი სუვერენიტეტისთვის ამ საზიანო ნაბიჯზე", - აცხადებდა კანდელაკი.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი, რომელიც მიღებული შეთანხმებების შესრულების საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს, 1999 წელს შეიქმნა.

თიკა ნიკოლაძე

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
27 ივნისი, 2016 BREXIT
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება