ნატო რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად უკეთ მოემზადება
03 აპრილი, 2014
2548
print

უკრაინაში კი “სნაიპერების საქმე” გახსნილად გამოაცხადეს

 

 

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ბრიუსელში ოთხშაბათს მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. ალიანსი თითქმის მთლიანად წყვეტს თანამშრომლობას რუსეთთან და იწყებს თავდაცვითი სტრატეგიის გადახედვას, აღმოსავლეთიდან შესაძლო აგრესიისთვის ადეკვატური პასუხის გასაცემად. ხუთშაბათს უკვე ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინის მიმდებარე ოლქებიდან ჯარებს ნელ-ნელა დააბრუნებს დისლოკაციის ადგილებში, თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებია. რუსეთი ჩვეული “გაღმა შედავების” პრინციპით ნატოს სდებს ბრალს “ცივი ომის” დროინდელი რიტორიკის გამოყენებაში და აპირებს “გაარკვიოს”, ხომ არ უქმნის საფრთხეს მას ნატოს ქვეყნებში ჯარების შესაძლო გადაადგილებები. უკრაინაში კი სამართალდამცავმა ორგანოებმა გაარკვიეს, რომ სნაიპერული ცეცხლი მასობრივი აქციის მონაწილეებს “ბერკუტის” სპეციალური ასეულის მებრძოლებმა გაუხსნეს. უკვე დაკავებულია 12 კაცი.

 

ნატოს მინისტერიალზე გადაწყდა, რომ რუსეთთან შეწყდება სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლობა. შენარჩუნდება მხოლოდ ავღანეთის ოპერაციასთან დაკავშირებული საქმიანი ურთიერთობები, რაშიც ორივე მხარეა დაინტერესებული და პოლიტიკური დიალოგი ნატო-რუსეთის საბჭოს ჩარჩოებში, რომ მოხერხდეს კრემლის დარწმუნება მისი ქმედებების უკანონობასა და დესტრუქციულობაში. მინისტრების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში რუსეთს მოუწოდებენ “დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები საერთაშორისო სამართლის ნორმებში საკუთარი ქმედებების დასაბრუნებლად”. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ყირიმის ანექსიას უწოდა ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევა მრავალი წლის განმავლობაში. მან თქვა, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გადადგან სათანადო ნაბიჯები, რომ დაიცვან თავი ნებისმიერი საფრთხისაგან. რასმუსენმა რუსეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მათი აგრესიის გაგრძელება უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე მოსკოვის მიერ დაშვებული ისტორიული შეცდომა იქნება. ეს გამოიწვევს შორსმიმავალ შედეგებს და რუსეთის შემდგომ საერთაშორისო იზოლაციას.

 

აშშ სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის სიტყვებით ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის უკრაინის კრიზისი გახდა სახიფათო სიგნალი, რომლებსაც ახლა მოუწევთ თავდაცვის ხარჯების გაზრდა. ალიანსის მიერ თავდაცვისთვის უკეთესად მომზადება ბევრი საკითხის გადახედვას გულისხმობს. პირველ რიგში საფრთხეების უფრო სერიოზული ანალიზი განხორციელდება და მომზადდება ახალი სტრატეგია, რომლის კონტურებიც დასამტკიცებლად წარედგინება ნატოს სამიტს. ის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში, კერძოდ უელსში გაიმართება. მომავალში შესაძლოა მოხდეს ნატოს ჯარების დისლოკაციის ადგილების შეცვლაც და რიგი საჯარისო სახეობების, მაგალითად ჰაერსაწინააღმდეგო ან ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაც. ჩატარდება სამხედრო სწავლებები ჯარების მზადყოფნის რეალურად შესამოწმებლად და ხარვეზების აღმოსაფხვრელად, თუმცა ჯერჯერობით არ იგეგმება დამატებითი შენაერთების გადასროლა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირე სახელმწიფოების, პირველ რიგში კი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ. რასმუსენმა შეაქო უკრაინის სამხედროთა თავშეკავებული მოქმედებები ყირიმის კრიზისის დროს და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან გაძლიერდება. დაუზუსტებელი მონაცემებით მხოლოდ წელს უკრაინაში ჩატარდება 8 სამხედრო სწავლება ნატოს მონაწილეობით. ამ ეტაპზე უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას, ამას არც უკრაინის ახალი ხელისუფლება მოითხოვს, რადგან ახლა სხვა რამეა უფრო მნიშვნელოვანი. უკრაინის ნატოსკენ სვლა დამატებითი და ძლიერი გამაღიზიანებელი ფაქტორია რუსეთისთვის. ამას გარდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა არაპოპულარულია ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოან ნაწილშიც და საჭიროა საზოგადოებრივი აზრის უკეთ მომზადება.

 

დასავლეთის აზრით, ამ ეტაპზე მთავარი საფრთხეა რუსული არმიის 40 ათასიანი, საბრძოლოდ გაშლილი დაჯგუფება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან. ევროპაში ნატოს ჯარების სარდლის ფილიპ ბრიდლავის სიტყვებით, ეს არის შეტევაზე გადასასვლელად გამზადებული შენაერთების სრული კომპლექტი: ჯავშანსატანკო სამხედრო ნაწილებით, ავიაციით, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, საველე ჰოსპიტლებითა და ზურგის უზრუნველყოფით. მოსკოვის ბრძანების შემთხვევაში ამ დაჯგუფებას შეუძლია 12 საათში დაიწყოს ფართომასშტაბიანი შეტევა უკრაინაზე და 3-5 დღეში გადაწყვიტოს დასახული შესაძლო ამოცანა: მაგალითად აღმოსავლეთ ოლქებზე კონტროლის დამყარება; სახმელეთო დერეფნის გაჭრა ყირიმამდე ან უკრაინის სამხრეთის მთლიანად გავლა და ფორმალურად მოლდავეთის შემადგენლობაში მყოფი თვითაღიარებულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკამდე მისვლაც კი. ჯერ კიდევ ოთხშაბათ საღამოს ნატოს ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ისინი ვერ აფიქსირებენ რუსეთის არმიის ნაწილების უკანდახევის ფაქტებს მუდმივი დისლოკაციის ადგილებისკენ, რასაც თითქოსდა შეპირდა პუტინი მერკელს ორშაბათს სატელეფონო საუბრის დროს. ამ პირობის შესახებ მაშინ იუწყებოდა მხოლოდ გერმანიის კანცლერის და არა რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პუტინი ამას ნამდვილად შეპირდა მერკელს და რუსული შენაერთები ნელ-ნელა მართლაც დაიხევენ უკან უკრაინის მიმდებარე ტერიტორიიდან დისლოკაციის ადგილებისკენ, სწავლების დროს დასახული ამოცანების შესრულების შემდეგ. კონკრეტული ვადები არ დასახელებულა, ჯერჯერობით კი, როგორც ირკვევა, მხოლოდ ერთი ბატალიონი დააბრუნეს ყაზარმებში.

 

ნატოს გადაწყვეტილებებს კი რუსეთმა ცინიზმამდე მისული განცხადებებით უპასუხა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის სიტყვებით ნატოს გადაწყვეტილება “დეჟავიუს” ეფექტს ქმნის, ტონი კი “ცივი ომის” პერიოდს მოგვაგონებს. ლუკაშევიჩმა გაიხსენა, რომ 6 წლის წინ საქართველოსთან ომის შემდეგ ნატომ უკვე შეაჩერა ურთიერთობა, მაგრამ მერე თვითონვე განაახლა. თანამშრომლობის შეწყვეტა, მისი თქმით, ორივე მხარეს დააზარალებს, ამით კი პირველ რიგში ტერორისტები და მეკობრეები ისარგებლებენ. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა კი განაცხადა, რომ საჭიროა იმის შესწავლაც, თუ რა იგულისხმება ალიანსის წევრ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ნატოს სამხედრო ძალების შესაძლო გაძლიერებაში (?!). თურმე “ცივი ომის” ასოციაციას უქმნის რუსებს ნატოს განცხადებების ტონი, თან მათ მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაუგონარი ქმედების – მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიის შემდეგ.

 

უკრაინაში კი თითქმის დამთავრდა მასობრივი გამოსვლების დროს სნაიპერების მიერ ხალხის დახოცვის საქმის გამოძიება. ეს საკითხი სახოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ქვეყნის შიგნითაც და მას უდიდეს ყურადღებას უთმობდნენ დასავლელი პოლიტიკოსებიც. იყო უკმაყოფილებაც, გამოძიების თითქოსდა გაჭიანურების გამო, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები არანაირ განცხადებებს არ აკეთებდნენ გარკვეული შედეგის მიღწევამდე. გუშინ ამ თემაზე ისაუბრა ჯერ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ მახნიცკიმ, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაქოვმა. როგორც ირკვევა, ხალხს ცეცხლი გაუხსნეს შინაგან საქმეთა სპეციალური ქვეგანყოფილების სკანდალურად ცნობილი “ბერკუტის” კიევის სპეცასეულის (ე.წ. “შავი ასეულის”) მებრძოლებმა. უკვე დაკავებულია 12 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ასეულის მეთაური, რომელმაც მებრძოლებს ცეცხლსასროლი იარაღი დაურიგა. თითოეული დაკავებულის უშუალო დანაშაული ზუსტდება. სნაიპერები ისროდნენ სასტუმრო “უკრაინადან” ასევე “ინსტიტუტსკაიას” და “ბანკოვაიას” ქუჩებზე. მხოლოდ ამ დახვრეტამ 20 თებერვალს 17 ადამიანი შეიწირა. არსენ ავაქოვის სიტყვებით იმ დღების მოვლენების გამოძიება ოთხ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი ეს იყო სნაიპრების მიერ გახსნილი ცეცხლი; მეორე სროლა უშუალო შეტაკებების დროს; ხალხის დაღუპვა შავრაზმელთა რაზმების ე.წ. “ტიტუშკების” ხელით და მეოთხე სამართალდამცავების დაღუპვის ფაქტები. გუშინვე გამოცხადდა. რომ “ტიტუშკების” მოქმედებებს, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს იტაცებდნენ და უსწორდებოდნენ, კოორდინაციას უწევდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო. ხოლო ამ “მოხალისეთა” რაზმებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მინისტრის სანდო თანამოაზრე, მედია-ჰოლდინგ “კონტაქტის” ხელმძღვანელი ვიქტორ ზუბრიცკი.

 

ივა შილაკაძე

 

iva shilakadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს