სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა
03 აპრილი, 2014
2959
print

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომა მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ ისე დატოვა, რომ შალვა თათუხაშვილის საქმეზე უმცირესობის კითხვების უმეტესობა პასუხგაუცემელი დარჩა.

სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა და თითქმის ერთ საათში დახურულ- ჩაშლილად გამოცხადდა. ირაკლი შოთაძე ირწმუნება, რომ პასუხი ყველა კითხვაზე ჰქონდა, თუმცა ამის საშუალება უმცირესობამ არ მისცა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე, შეკითხვებისთვის განკუთვნილ დროს, ნავთლუღის სპეცოპერაციის კადრების ჩვენება დაიწყო. ოპოზიციის შეკითხვას, თუ რატომ გაუშვეს სხდომაზე აღნიშნული კადრები, უმრავლესობის დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა უპასუხა: „იმიტომ, რომ ახალაია არის მკვლელი!“

...უმცირესობის წევრებს მთავარი პროკურორის მოადგილესთან შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით 19 კითხვა ჰქონდა, თუმცა ოპოზიციამ ირაკლი შოთაძისაგან პასუხი მხოლოდ ორ კითხვაზე მიიღო.

ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ სხდომა დახურულად დაწყებიდან თითქმის ერთ საათში გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მსგავს პირობებში სხდომის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.

"ნამდვილად არ აქვს აზრი ამ საუბრის გაგრძელებას. ამით დავასრულებთ ამ სხდომას, ვისაც აინტერესებს მერე შევიკრიბებით და გავაგრძელებთ განხილვას,“- განაცხადა ბესელიამ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის დეპუტატმა მანანა კობახიძემ სხდომის გადადების იდეა პირველივე კითხვა-პასუხის მოსმენის შემდეგ გააჟღერა.

პირველი კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დასვა და სხდომაზე ფოტოები წარადგინა, რომელზეც იმ სახლის ფანჯრები იყო ასახული, საიდანაც, პროკურატურის ინფორმაციით, თათუხაშვილი გაიპარა - ფოტოებზე ყველა ფანჯარას აქვს უძრავი გისოსი. ნადირაშვილმა შოთაძეს შესთავაზა, თავადაც ეცადა გისოსებიდან "გაძრომა".

ირმა ნადირაშვილს მთავარი პროკურორის მოადგილემ უპასუხა, რომ შალვა თათუხაშვილის სახლის ფანჯრიდან გაპარვის ეპიზოდზე გამოძიება არ ჩატარებულა და რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურა თავად თათუხაშვილის ჩვენებას ეყრდნობა.

"ჩვენ არ ჩაგვიტარებია არანაიარი საგამოძიებო ექსპერიმენტი თათუხაშვილის ჩვენების გადასამოწმებლად, თუ რომელი ფანჯრიდან გაიქცა და როგორ გაიქცა. ჩვენ დავეყრდენით თათუხაშვილის ჩვენებას, რომ იგი ფანჯრიდან გაიქცა. ამასთან, ოჯახის წევრების მხრიდან გაკეთდა არაერთი განაცხადება, სადაც აფიქსირებენ, რომ ის ფანჯრიდან გაიქცა," – განმარტა ირაკლი შოთაძემ.

მთავარი პროკურორის პასუხის შემდეგ, ნადირაშვილი დაინტერესდა, როდის ამბობს მართალს შოთაძე.

„როდის ამბობთ მართალს, ახლა თუ გუშინ, როდესაც მე ტელევიზორში გიყურეთ და თქვენ თქვით, სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ თქვენს ფრაზას: „ჩვენ ჩავატარეთ გამოძიება და ის გადაიპარა ფანჯრიდან,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

აღნიშნული კითხვა-პასუხის შემდეგ მანანა კობახიძე კომიტეტს სხდომის გადადების შესახებ წინადადებით მიმართა, მიზეზად კი ის დაასახელა რომ საპარლამენტო სესიაა დანიშნული, რომლის გადადებაც ვერ მოხერხდებოდა.

უმცირესობის წევრების თქმით, მანანა კობახიძემ აღნიშნული წინადადებით კომიტეტს იმიტომ მიმართა, რომ დაინახა, მთავარი პროკურორის მოადგილე მოუმზადებელი იყო.

„პირველივე კითხვაზე? მეორე კითხვაზე გადავდოთ. იქნებ მეორე კითხვაზე პასუხობს ეს კაცი?!“- განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

„თქვენ აღნიშნეთ, რომ თათუხაშვილმა მოითხოვა დაცვა. სად არის მისი ხელმოწერა ამ მოთხოვნაზე? ადამიანი ითხოვს დაცვას და მისი ხელმოწერა არ არის,“ - იკითხა სერგო რატიანმა.

„თქვენ განასაჯაროეთ კადრების მხოლოდ ის ნაწილი, სადაც შალვა თათუხაშვილი ამბობს რომ პროკურატურის მხრიდან მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.არსებობს თუ არა მისი დაკითხვის მთლიანი ვიდეო ჩანაწერი და ის რატომ არ გაასაჯაროეთ? ამ საქმეზე არიან სხვა მოწმეებიც. მაინტერესებს, ყველა მოწმეს გადაუღეთ და შეეკითხეთ, იყო თუ არა მათზე წამების კვალი? თუ ეს დაზღვევის მიზნით მხოლოდ შალვა თათუხაშვილის შემთხვევაში გააკეთეთ?“ - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა

„როდესაც ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრს აკავებთ იმის გამო, რომ მან მიატოვა დასაცავი ობიექტი მისი ბრძანებით, რატომ არ მოქმედებთ იგივენაირად, ამ სემთხვვეაში ადამაინების მიმართ, რომლებსაც თათუხაშვილის დაცვა ევალებოდათ?“ - იკითხა პავლე კუბლაშვილმა.

„თუ თქვენ შალვა თათუხაშვილისგან გქონდათ ხელმოწერილი განცხადება, რომ მას ემუქრება საფრთხე, 25 თებერვლიდან 18 მარტამდე როგორ შეიძლებოდა არცერთი ღონისძიება არ გაგეტარებინათ იმისთვის, რომ გეპოვნათ ეს ადამიანი? იქნებ კი არ გაიპარა, მოიტაცეს ვიღაც ცუდმა ბიძიებმა?“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

აღნიშნული კითხვის პასუხად ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ შალვა თათუხაშვილს და მის ორ ადვოკატს დაფიქსირებული აქვთ, რომ მათ მოითხოვეს, თათუხაშვილის მიმართ დაცვის გამოყენება.

მთავარი პროკურორის აღნიშნულ პასუხს, კუბლაშვილის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა- კუბლაშვილმა იკითხა იყო თუ არა დოკუმენტზე თათუხაშვილის ხელმოწერა, რის შემდეგაც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ უმცირესობის წევრებს შეკითხვებზე პასუხები კიარა, აღნიშნული საქმით სპეკულირება აინტერესებთ.

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრები კითხვებზე პასუხების მისაღებად შემდეგ კომიტეტის სხდომაზე დაიბარა, მთავარი პროკურორის მოადგილემ კი - პროკურატურაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 შეკითხვა, რომელთა დასმასაც დღევანდელ სხდომაზე აპირებდა პროკურატურას წერილობით უკვე გაუგზავნა.

„უმრავლესობამ და კომიტეტის თავმდომარე ეკა ბესელიამ სცადეს ყველაფერი რომ ჩვენ არ დაგვესვა კითხვები. ერთ საათიანი საკომიტეტო სხდომის დაახლოებით 40 წუთი დაიხარჯა იმაში, რომ ჩვენ გვაჩვენეს სხვადასხვა ფილმები, რომელიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არის თათუხაშვილს გარდაცვალებასთან და არის სულ სხვა სისხლის სამართლის საქმე. მოვასწარით მხოლდო ორი კითხვის დასმა და ორივე კითხვაზე მივიღეთ ტყუილი პასუხი. ის რაც დღეს მოხდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილის სხდომაზე მოწვევას ნაჩქარევ გადაწყვეტილებად აფასებს.

„ვფიქრობ, რომ ეკა ბესელიამ ძალიან იჩქარა.სწორი იქნებოდა, რომ 2-3 კვირა დავლოდებოდით ჩვენ გამოძიების დასრულებას და უფრო ლოგიკური იქნებოდა 2-3 კვირის საზოგადოებისთვსი ცნობილი გამხდარიყო ფაქტების თაობაზე. იმიტომ, რომ ბუნებრივია ამ ეტაპზე ბევრი შეკითხვაა და ისიც ბუნებრივია, რომ ბევრ შეკითხვაზე მთავარ პროკურატურას პასუხი ვერ ექნებოდა. ამიტომ, ამ შემთხვევაში მე მიმაჩნიარომ ეკას კომიტეტმა და პროკურატურამ ძალიან იჩქარეს,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

... შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებულ გასაჯაროებულ ჩანაწერებზე უმცირესობის დეპუტატების გარდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც აქვთ. თათუხაშვილის ოჯახი და ადვოკატი გამოძიების მიერ გავრცელებულ მტკიცებულებებს არ ენდობიან.

დღეს გამართულ ბრიფინგზე შალვა თათუხაშვილის ძმებმა, გიორგი და მიშა თათუხაშვილებმა განაცხადეს, რომ მათი ძმა ჩვენების მიცემის დროს ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

 

"აშკარაა, რომ ჩემი ძმა ჩვენებას აძლევდა ზეწოლის ქვეშ. როგორც მასალებიდან ჩანს, ჩემი ძმა ამბობს, რომ 25 თებერვალს გადაძვრა ფანჯრიდან, რაც შეუძლებელი იყო, რადგან ჩვენ პირველ სართულზე გვაქვს უძრავი ე.წ. გისოსები. ვიდეო ჩანაწერის დროს იგი აშკარად ზეწოლის და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა", - განაცხადა გიორგი თათუხაშვილმა.

 

მისივე თქმით, 11 საათიანი დაკითხვის შემდეგ, როდესაც შალვა თათუხაშვილმა პროკურატურა დატოვა, მის ძმებს მისი სახლში წაყვანის უფლება პროკურატურის თანამშრომლებმა არ მისცეს; პროკურატურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ მოწმის სახლში წაყვანა პროკურატურის ვალი იყო.

როგორც მიშა თათუხაშვილმა აღნიშნა, სახლში მისვლის შემდეგ, შალვა თათუხაშვილმა პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და ოჯახის წევრებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"როდესაც მოიყვანეს შალვა, გვითხრა: ძალიან ფრთხილად ვიყოთ, ყველას გვემუქრებიან, ბავშვებს გაუფრთხილდითო. მე შეიძლება დამიჭირონ, ციხეში ჩამსვან და მითხრეს, ციხეში გაიგებ შალვა თათუხაშვილო, შენი ოჯახის წევრები როგორ ნელ-ნელა იღუპებიან ან რაღაც მოსდით" , - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.

თათუხაშვილების ოჯახის წევრებმა ასევე უნდობლობა გამოუცხადეს იმ ორ ადვოკატს, რომლებიც დაკითხვაზე შალვა თათუხაშვილს თან ახლდნენ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ 1 9 კ ი თ ხ ვ ა

პროკურატურის მიერ 2014 წლის 3 აპრილს ოფიცერ თათუხაშვილის საქმეზე გასაჯაროებულ მასალებთან დაკავშირებით.

1. რატომ იქნა ნაჩვენები არასრული ვიდეო, რომელზეც არ ჩანს თარიღი/დრო? საიდან ვიცით, რომ რაც ვიდეოზე ჩანს, მართლა პროკურატურის მიერ მითითებულ დღეს და დროს ხდებოდა?

2. 25 თებერვალს პროკურატურიდან შალვა თათუხაშვილი გამოვიდა ღამის 3.30-ზე. თუ დაკითხვა დამთავრდა 8 საათზე როგორც პროკურატურა ამბობს, რას აკეთებდა შალვა შიგნით რამის 3.30-მდე?

3. გამოქვეყნებულ ვიდეოზე არ ჩანს რა ხდებოდა დაკიტხვის შუაში, როდესაც ადვოკატებს დაატოვებინეს დაკითხვის პროცესი. რატომ?

4. თუ ზეწოლა არ იყო, რატომ დაწერეს ადვოკატებმა რომ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, როცა მათ აქვთ უფლება არ მიეცათ ჩვენება? და რატომ იმალებიან დრეს ეს ადვოკატები, მითუმეტეს თუ ოჯახის ახლობლები არიან?

5. პროკურატურა ამბობს რომ 25 თებერვალს, შალვა თათუხაშვილი დაცვამ მიიყვანა სახლში, საიდანაც ის გაიქცა, გადახტა ფანჯრიდან. ოჯახი აცხადებს, რომ სახლსი ფანჯრებზე გისოსებია და გადახტომა შეუძლებელია. რასთან გვაქვს საქმე?

6. ვინ ახორციელებდა დაცვას? მათი სახელები და გვარები? ამოიღო თუ არა პროკურატურამ საკომუნიკაციო ანძების მონაცემები სად გადაადგილდებოდნენ ეს ადამიანები 25 თებერვალს, დაკითხვიდან თათუხაშვილის გამოყვანის შემდეგ?

7. პროკურატურა აცხადებს რომ ძებნა არ გამოცხადდა რადგან თათუხაშვილის ოჯახის წევრებს არ მიუმართიათ ასეთი თხოვნით პროკურატურისთვის. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ლილოში აღმოაჩინა პოლიციამ თათუხაშვილი და რადგან იძებნებოდა, დააკავეს და დაკიტხვაზე წაიყვანეს. თან არ იძებნებოდა და თან იძებნებოდა?

8. პროკურატურა აცხადებს რომ ძებნა არ გამოცხადდა რადგან თათუხაშვილის ოჯახის წევრებს არ მიუმართიათ ასეთი თხოვნით პროკურატურისთვის. პროკურატურა ასევე აცხადებს რომ თათუხაშვილი გაექცა მისთვის გამოყოფილ დაცვას. თუ ის იყო სპეციალური დაცვის ქვეშ და თუ პროკურატურა ამტკიცებს რომ მას ეშინოდა ახალაიების შურისძიების, ლოგიკური არ იყო რომ ავტომატურად დაწყებულიყო მისი ძებნა? იქნებ მართლა ახალაიებმა მოიტაცეს?

9. დაკითხვის დროს უნდა ჩანდეს პროკურორი და კითხვა - პასუხი, კითხვა - პასუხი. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს რაღაც პრესკონფერენციის მსგავსი. რატომ?

10. სხვა მოწმეებსაც ეკითხება პროკურატურა და იღებს მოწმის ჩვენებებს კითხვით, ხომ არ ქონდა ადგილი მათ წამებას და მათზე ზეწოლას? მხოლოდ თათუხაშვილს კითხეს ეს კონკრეტული კითხვა თუ სხვა მოწმეებსაც? რატომ? თავს ხომ არ იზღვევდა პროკურატურა, რადგან იცოდა, რომ წამების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროებულიყო და ალიბი სჭირდებოდა?

11. თუკი რეალურად აინტერესებდათ, იყო თუ არა თათუხაშვილი ნაწამები, თუკი პროკურატურას ეშინოდა, რომ ცილს დასწამებდნენ და დააბრალებდნენ წამებას და ამიტომ გადაუღეს ეს ვიდეო, თუნდაც იმ ვიდეოზე რატომ არ გადაიღეს ის, რომ სხეულზე არ ქონდა წამების კვალი? არ დანიშნეს სამედიცინო ექსპერტიცა და მხოლოდ სიტყვიერი ჩვენებით შემოიფარგლენ?

12. რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება იმ ორ პროკურორს, ძნელაშვილს და გილაურს, რომლებზეც ოჯახის წევრებს აქვთ ეჭვი, რომ ისინი აწამებდნენ შალვა ტათუხაშვილს? რატომ აგრძელებნ ისინი დღემდე ამ საქმის წარმოებას?

13. პროკურატურა ამბობს, რომ ლილოში თათუხაშვილის დაკავების შემდეგ, ის აღმოჩნდა არაადექვატურ მდგომარეობაში (შესაძლოა ალკოჰოლის მოგმედების ქვეშ). ამის შემდეგ მოხდა მისი დაკიტხვა და ვიდეოზე ეს კადრები ჩანს. რამდენად ნორმალურია ადამიანის დაკიტხვა როდესაც ის არ არის ნორმალურ მდგომარეობაში? შესაძლოა ნასვამია?

14. რატომ არ გაასაჯაროა პროკურატურამ პირველი დაკითხვის ვიდეო, სადაც თათუხაშვილმა პირველად გააკეთა ‘აღიარება’?

15. რატომ არ არის დაცვის პროგრამაში ჩასმის მოთხოვნაზე, ოქმზე, თათუხაშვილის ხელმოწერა? ის რომ სხვა დოკუმენტები კონფიდენციალურია, როგორ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ამ ოქმზე არ არის თათუხაშვილის ხელმოწერა? ანუ, თქვენ რომ მოინდომოთ შეგიძლიათ მეც ჩამსვათ დაცვის პროგრამაში ჩემი ფორმალური თანხმობის, ხემოწერის გარეშე?

16. რატომ არ არსებობს ოქმი, რომლითაც დასტურდება რომ თათუხაშვილი გაექცა მისთვის დაცვის სპეციალური პროგრამით გამოყოფილ დაცვას? რატომ აცხადებს პროკურატურა, რომ თათუხაშვილის გაქცევა ჩაითვა მისგან დაცვის პროგრამაზე უარის თქმად? რამდენად ნორმალურია ეს? რაღაც სახის ოფიციალური დოკუმენტი ხომ უნდა არსებობდეს, რომ სახელმწიფო აღარ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანის დაცვაზე?

17. რამდენად ლოგიკურია, რომ ადამიანი ამბობდეს ზეწოლის გარეშე, კამერების წინ, რომ მას ეშინია ახალაიების შურისძიების, ითხოვდეს სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩასმას, და რამდენიმე საათის შემდეგ გარბოდეს ამ დაცვისგან, ემალებოდეს სახელმწიფო სტრუქტურებს და ამავე დროს ატარებდეს ლილოში გასართობ კლუბებში?

18. პროკურატურა აცხადებს, რომ თათუხაშვილის ოჯახის წევრები არიან ახალაიების გავლენის ქვეშ. თუ შალვა თათუხაშვილი ღიად აცხადებდა რომ მას ეშინოდა ახალაიების შურისძიების და ითხოვდა სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩასმას, რატომ არ უთხრა ეს ყველაფერი საკუთარ ოჯახს? და რატომ აცხადებს ოჯახი, რომ შალვამ მათ მოუყვა როგორ აწამეს, კონკრეტული გვარების მითითებით?

19. თუ ოფიცერი თათუხაშვილი იყო დაცვის ქვეშ და ამავე დროს, მისი მამა, გენერალი გოგი თათუხაშვილი საჯაროდ (ფეისბუქზე) აცხადებდა, რომ შვილი მოსტაცეს, რატომ არ შეატყობინეს მას, ან რატომ არ განაცხადა პროკურატურამ საჯაროდ, რომ შალვა თათუხაშვილი იმყოფებოდა დაცვის ქვეშ, რის შემდეგაც მიემალა დაცვას?

 

თიკა ნიკოლაძე

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!