ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
04 აპრილი, 2014
2804
print

საკანონმდებლო ორგანოში მხარეთა შორის დაპირისპირება უკვე ყოველდღიურ ნორმად იქცა. დღევანდელი ხმაურის მიზეზი უმცირესობის დეპუტატ გიორგი კანდელაკის სიტყვით გამოსვლა გახდა. უმრავლესობის დეპუტატები კანდელაკის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის „ჰაკიმ ფაშად“ მოხსენიებამ გააღიზიანა.

 

ხმაურით დასრულდა გუშინ გამართული, უფრო სწორად ჩაშლილი ადამიანთა უფლებების კომიტეტის სხდომაც, სადაც შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, კითხვებზე საპასუხოდ, მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე იყო მისული.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ შოთაძისათვის 19 კითხვა ჰქონდა მომზადებული, თუმცა მთავარი პროკურორის მოადგილემ მხოლოდ ორ კითხვას გასცა პასუხი.

 

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმე ერთ-ერთია იმ სხვა საქმეთა შორის, რომელთა გადაფარვის მცდელობად აფასებს საპარლამენტო უმცირესობა „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას.

 

უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ პროკურატურაში დაბარების უწყისი დღეს დილით მიიღო. მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტა, რომ ბოკერია მოწმის სახით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტების გამო დაიკითხებოდა.

 

საქმეს, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორის მდივანი დაკითხეს მინიჭებული აქვს “გრიფი საიდუმლო” და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

 

ბოკერია მიიჩნევს, რომ მისი პროკურატურაში დაბარება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა და აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს "პოლიტიკური დაკვეთა" მკაფიოდ აქვს გამოთქმული.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გიგა ბოკერიას დაკითხვა ერთი წლის წინ აქვს დაანონსებული. „ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის მაისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრემიერობამდე, პრემიერობის დროს და პრემიერობის შემდეგაც არაერთხელ უსაუბრია უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანზე. ივანიშვილი ძირითად ყურადღებას ბოკერიას საერთაშორისო დონის კონტაქტებზე ამახვილებდა და ამბობდა, რომ 2012 წელს ბოკერიამ უცხოელ ლობისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ პიარისათვის 16 მილიონი გადაუხადა. გარდა ამისა, ივანიშვილის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოსაქავეყნებლად, გიგა ბოკერიას მოსყიდული ჰყავდა უცხოური გამოცემები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული გაზეთი Washington Post-ი...

გიგა ბოკერია პროკურატურაში დაბარებას მთვარობის ღრმა კრიზისს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც მისი თანაგუნდელების დიდი ნაწილი ციხეშია, უხერხულიც კი იყო მისი დაკითხვაზე დაბარების ასე დაგვიანება.

„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი არც მისთვის შესაძლო ბრალის წაყენებას და დაკავებას გამორიცხავს.

"მოულოდნელი არ ყოფილა პროკურატურაში დაბარება, ივანიშვილს პრემიერობის დროს ეს არა ერთხელ აქვს ნათქვამი და დაფიქსირებული. ასეც რომ არ იყოს, ყველასთვის აშკარაა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება. სიმართლე გითხრათ, იმ ფონზე, როცა ჩემი თანაგუნდელების მეგობრების ძალიან დიდი ნაწილი ციხეშია ან ბრალი აქვს წაყენებული, ან დღე და ღამე დაკითხვაზე დაატარებენ, უხერხულიც კი იყო, რომ ასე დაგვიანდა ჩემი დაბარება. ...ივანიშვილის წინასწარ დაანონსებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დღეს თუ არა ხვალ ან ზეგ ბრალს წამიყენებენ. ველოდები ბრალის წაყენებას, დაკავებასაც, თუმცა, მარჩიელობა არ მიყვარს," - განაცხადა ბოკერიამ.

 

მისივე თქმით, დაკითხვაზე დაბარება ასევე დაკავშირებულია იმ ღრმა კრიზისთან, რომელშიც ხელისუფლება და "მისი დაკვეთით მოქმედი პროკურატურა" იმყოფება.

 

"ეს ასევე დაკავშირებულია თათუხაშვილის სიკვდილთან, ნუგზარ წიკლაურის ცემასთან და, როგორც ჩანს, ეს დღე ხელისუფლებამ მისთვის სასურველ მომენტად მიიჩნია," - აღნიშნა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა.

გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებამ არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები აღაშფოთა. ამერიკელმა კონგრესმენმა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მაიკლ ტერნერნმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივი დევნის შეცერებისაკენ საქართველოს მთავრობას სპეციალური განცხადებით მოუწოდა.

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებების კრიმინალიზების მცდელობებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას დაბარება პროკურატურაში თან სდევდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების მცდელობას,” - განაცხადა კონგრესმენმა.

„ბოკერია ისევ პროკურატურაში იმყოფება. პოსტსაბჭოელ თაღლითებს აშკარად სჭირდებათ ახსნა, რომ ნამდვილად შეუძლებელია, The Washington Post-ის სარედაქციო საბჭო მოისყიდო,“- განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა რაფაელ გლუქსმანმა.

5 საათიანი დაკითხვის შემდეგ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პროკურატურის კითხვები იმ თემებსა და მიმართულებებს ეხებოდა, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაანონსებული.

 

მისი თქმით, მას კითხვები დაუსვეს იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც არის დოკუმენტირებული, თუმცა ივანიშვილი თვლიდა, რომ ეს არ იყო მიზნობრივი.

 

"ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაწილი გასაჯაროებული იყო. მაგალითად, საჯარო იყო ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა აშშ-ის ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას უწევდნენ კონსულტაციას. მაგრამ ეს არ ცვლის არსს," - განაცხადა ბოკერიამ.

 

თიკა ნიკოლაძე

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!