არასერიოზულად სერიოზულზე
07 აპრილი, 2014
4445
print

თავისთავად არასერიოზული მგონია, ალექსანდრე ჭიკაიძის სერიოზულად აღქმა.

ფრენოლოგიით გატაცებული ადამიანი მასზე ალბათ გაცილებით მეტი ინფორმაციის მოცემას შეძლებდა, თუმცა, გარკვეული წარმოდგენის შექმნა დღეს “პრაიმ-ტაიმში” გამოქვეყნებული ინტერვიუთიც შეიძლება.

სანამ ინტერვიუს შევეხებოდე, იმ მეთოდს გამოვიყენებ, რომელიც ბოლო ხანებში ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდა – ჭორაობას ვგულისხმობ. “ასავალ-დასავლობას” ნუ დამაბრალებთ და არც თუ უსაფუძვლო ჭორები მსმენია იმის თაობაზე, რომ ბაგებში მცხოვრებ შინაგან საქმეთა ახალგაზრდა მინისტრს შუაღამისას სროლის ხმა მოესმა და ამის გამო ნახევარი ღამით წყნეთის გზა იყო გადაკეტილი. ამ ბაგების სახლთან დილიდან საღამომდე პატრულის ეკიპაჟი დგას, განსაკუთრებული აქტივობა კი ჭიკაიძის სახლიდან გამოსვლის დროს, ანუ სამსახურში წასვლისას შეიმჩნევა: დაცვის სამსახური იკრიბება. ნუ გაგიკვირდებათ და ეს, დაახლოებით, შუადღის 2-3 საათზე ხდება. ძირითადად, ამ დროს მიდის მინისტრი სამსახურში.

ამ ჭორების დამადასტურებლად მეც ისეთივე ერთადერთი ფაქტი მაქვს, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოში დესტაბილიზაციის მზადების. ჩემს შემთხვევაში ეს წყნეთის გზის ნახევარი ღამით გადაკეტვაა, მის შემთხვევაში კი – მავანთა მიერ საბურავების შეძენა. განსახვავება მხოლოდ ისაა, რომ მე გზის გადაკეტვის არაერთი მოწმე მყავს, მან კი საქართველოში საბურავების გაყიდვების “შემაშფოთებელი” ზრდა ჯერ კიდევ უნდა დაადასტუროს – საჯაროდ, სტატისტიკურად. ან ახალი კანონ-პროექტის ინიცირება მოახდინოს – ვის რამდენი საბურავის შენახვის უფლება აქვს. ინფორმაციის საიდუმლო წყაროების დასახელებას კი მეც ისევე ავუვლი გვერდს, როგორც ის.

 ჭიკაიძის ინტერვიუს ცოტა უფრო დეტალურად დავუბრუნდეთ მათთვის, ვისაც არ წაუკითხავს და მხოლოდ ტელევიზიით ამონარიდები მოისმინა. ციტატების მოშველიება შორს წაგვიყვანს და მკითხველსაც მოაწყენს. ამიტომ მოკლედ გთავაზობთ შინაარსს.

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის მზადების შესახებ. ეს საუბარი მოჰყვება ჟურნალისტის შეკითხვას, ნაციონალური მოძრაობის მიერ “არაერთხელ მინიშნებულ, საქართველოში ევრომაიდნის გამეორებაზე”. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს გამორიცხულია, რადგან, რაც უკრაინაში მოხდა, იქაური ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმამ განაპირობა - ეს საქართველოში დღეს არ შეიმჩნევაო. შესაბამისად, ევრომაიდნის ანალოგია ჩვენთან გამორიცხულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში დესტაბილიზაციის მომხრეებს, ჭიკაიძის თქმით, არა მარტო საბურავების შეძენა დაუწყიათ, არამედ, უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები ჩამოუყვანიათ, ტრენინგებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად... ჯერ ერთი, გამოდის, რომ გივი თარგამაძე, რომელსაც წლობით აბრალებდნენ ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში დაწყებული არეულობის ორგანიზებას, ჭიკაიძის აზრით, არავინ ყოფილა(პუტინს აცნობოს, ძებნას შეწყვეტს მასზე) – გარე ძალები დასჭირდა; და მეორე – ევრომაიდანის აქტივისტები დესტაბილიზაციის პროფესიონალები ყოფილან და არა ქვეყნის დასავლური ორიენტაციის მსურველები (დღემდე ეხვეწებოდნენ საქართველოს მთავრობას, მკაფიო პოზიცია გამოთქვით უკრაინის მოვლენებზეო).

 და ბოლოს, ყოველივეს ემატება ის, რომ ჭიკაიძე შესაძლო დესტაბილიზაციის მის მიერ ჩამოყალიბებულ განვითარებაზე და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაცემ პასუხებზე საუბრობს: პოლიტიკური ძალებიო, რომლებიც დესტაბილიზაციას ეცდებიანო და რომელთაც ხალხის შესაკრებად რამდენიმე არასამთავრობოც ჰყავთ შეკრებილიო, ეცდებიან ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმესო და ჩვენ ამაზე საკადრის პასუხს გავცემთო..……პასუხის რაობას არ აკონკრეტებს...

 ჰო, კიდევ, შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერვიუში საკუთარ წარსულსაც იხსენებს. თუ გახსოვთ, თავის დროზე თავად ბიძინა ივანიშვილმაც გვიამბო, რომ ყოფილი ხელისუფლების ბევრ პროექტს მიესალმებოდა და აფინანსებდა კიდეც. ჭიკაიძემაც თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის უფროსად ყოფნისას, ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას მალავდა და ყოველდღიურ მონაცემებში 20-ის ნაცვლად 3 ქურდობის ჩვენებას ყაბულდებოდა. ახლანდელ პრემიერ-მინისტრთან შორეულმა ნათესაობამ თუ ახლობლურმა მეგობრობამ ჭიკაიძე შეცდომაში შეიყვანა და ვერ მიხვდა, რომ შეცდომების აღიარების პატიებას სულ ცოტა 7 მილიარდი მაინც სჭირდება.

 “მსუბუქ ნარკოტიკებს ხომ არ მოიხმართო?” – “პრაიმ-ტაიმში” გამოქვეყნებული ინტერვიუს პასუხად ჰკითხა შინაგან საქმეთა მინისტრს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ. ეს მხოლოდ მისი ვარაუდია, შემოწმების გარეშე რომ ვერ დაადასტურებ. პარლამენტარ ირმა ნადირაშვილის მიერ “ჰაკიმ ფაშას ხელის ბიჭად წოდებულ” მინისტრსაც გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ მისი, ინტერვიუს სახით გამოქვეყნებული აბდაუბდის მიზანი მხოლოდ ის არ იყო, რომ დესტაბილიზაცია, მისი შესაძლო განვითარება და ამ განვითარებაზე პასუხები დაეანონსებინა. ანუ, ამ ინტერვიუში გაჟღერებული სერიოზული მუქარის შესახებ არასერიოზული ფორმით მოგახსენებთ.

ჰაკიმ ფაშაში ვის გულისმობენ, არ ვიტყვი – მცემენ.

                                                                                                                         თიკა გურული

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება