ფანტაზია - დაუსრულებელი ამბავი
29 აპრილი, 2014
3015
print

 

ეს ამბავი გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო: გერმანელმა მწერალმა მიხაელ ენდემ გამომცემელს დაახლოებით 100 გვერდიანი წიგნის იდეა გააცნო და ნაწარმოების დასრულების ვადაც დაუთქვა. როდესაც დათქმულ დროს გამომცემელი დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ ტექსტი მზად არ იყო, რის მიზეზადაც მწერალმა მთავარი გმირის ”ჯიუტობა” დაუსახელა - ბიჭის არაფრით სურს ამ სამყაროს დატოვება და რეალობაში დაბრუნებაო. სინამდვილეში კი თავად ენდე არ ბრუნდებოდა და სულ უფრო მეტად იძირებოდა მის მიერ შექმნილ პარალელურ განზომილებაში, რომელში სამოგზაუროდაც ქართველ მკითხველს გამომცემლობა ”დიოგენე” გოეთეს ინსტიტუტთან ერთად იწვევს.

ფენტეზი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე რთული და უნიკალური ჟანრია. ჩვენი მკითხველი ამ ჟანრის არც ისე ბევრ მნიშვნელოვან ნაწარმოებს იცნობს, ამიერიდან კი მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში შესულ რომანსაც გაეცნობა. მიხაელ ენდეს ”დაუსრულებელი ამბავი” მკითხველმა პირველად 1979 წელს გაიცნო, თუმცა მსოფლიო აღიარება 80-იანების დასაწყისში, ინგლისურად თარგმნის შემდეგ ეწვია. ანთროპოსოფიის ფუძემდებელ რუდოლფ შტაინერის მიმდევარმა მიხაელ ენდემ საკუთარი შემოქმედების ძირითადი ნაწილი სწორედ საყვარელი ფილოსოფოსის სწავლებების საფუძველზე ააგო. მისი ნაწამროებები ამიტომაც არ მიიჩნევა მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ ლიტერატურად და ის უფროსებისთვისაც საინტერესო საკითხავია.

”დაუსრულებელი ამბავი” ორ პარალელურ სამყაროში - რეალურსა და გამოგონილში ვითარდება. გამოგონილს უბრალოდ ფანტაზია ჰქვია, რაც უკვე ნიშნავს, რომ მკითხველს პერსონაჟებთან ერთად მართლაც წარმოუდგენელი მოგზაურობა ელის. მთავარი პერსონაჟი 11 წლის ბიჭუნა ბასტიანია - ჩუმი, წყნარი ბავშვი, რომელსაც გამუდმებით აბრაზებენ უფროსი ბიჭები. ერთხელაც მათი თავდასხმისგან თავდაღწეული ბასტიანი თავს წიგნის მაღაზიას შეაფარებს, სადაც ტყავის ყდიან ძველ წიგნს იპოვნის. წიგნს ”დაუსრულებელი ამბავი” ჰქვია. ”წიგნის სათაურს ჩაშტერებულს ხან აციებდა, ხან აცხელებდა” - წერს მიხაელ ენდე, ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ბასტიანი წიგნს იპარავს, სხვენში იმალება და კითხვას იწყებს.

”უღრანი ტყის ყველა სულდგმულს სორო-ბუდე-ბუნაგისთვის შეეფარებინა თავი. შუაღამისას ამოვარდნილი ქარიშხალი ღმუოდა გოლიათი ხეების კენწეროებში. გოდოლივით დიდ, მძლავრ ვარჯებს ჭრიალი გაჰქონდა” - ასე იწყება ”დაუსრულებელი ამბავის” ფანტაზიის სამყაროს აღწერა. ამას წიგნის კითხვისას იოლად მიხვდებით, რადგან ორიგინალის მსგავსად, ”დიოგენეს” მიერ გამოცემულ წიგნშიც, ნამდვილი ამბავი წითელი შრიფტითაა დაბეჭდილი, ფანტაზიაში განვითარებული მოვლენები კი ლურჯი ასოებით იკითხება.

ნაწარმოების მეორე მთავარი გმირის, ბიჭუნა ატრეიუს თავგადასავალს სწორედ ლურჯი შრიფტი მოგვითხრობს.

ატრეიუ ფანტაზიის ბინადარია. ფანტაზია განსაცდელშია, მას არაფერი ანადგურებს, რის გამოც ამ ულამაზესი სამეფოს პატარა დედოფალი ძალიან ავადაა, უცნობი სნეულებით შეპყრობილი ნელ-ნელა კვდება. სწორედ ატრეიუს ავალებენ დედოფლის გადარჩენას, რისთვისაც ფანტაზიის ყველა კუნჭულის მოვლა მოუწევს. გზად ის იღბლის თეთრ დრაკონ ფუხურს შეხვდება, რომელზე ამხედრებულიც სამხრეთის ორაკულთან დედოფლის გადასარჩენად რჩევის მისაღებად გაემგზავრება. ირკვევა, რომ ფანტაზიის გადარჩენა მხოლოდ რეალური სამყაროდან მოსულ ბავშვს შეუძლია, რომელმაც დედოფალს ახალი სახელი უნდა დაარქვას. სწორედ აქ ხვდება ბასტიანი, რომ დედოფლისა და, მასთან ერთად, მთელი ფანტაზიის ბედი სწორედ მასზეა დამოკიდებული.

როგორც ”დაუსრულებელი ამბის” მთარგმნელი ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანი ამბობს, მის მიერ შესრულებული სამუშაო ორიგინალი ტექსტის გათვალისწინებით არ გახლავთ მხოლოდ საბავშვო. ”თუ პატარა მკითხველი კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობას ვერ გაიგებს, ლექსიკონში გადაამოწმებს ანაც უფროსს ჰკითხავს, რაც წიგნთან მუშაობის თვისებების გამოსამუშავებლად აუცილებელ პირობად მიმაჩნია”, - ამბობს მთარგმნელი.

მას შემდეგ, რაც წიგნს წაიკითხავთ, შეგიძლიათ მის მიხედვით გადაღებული ფილმებიც ნახოთ. ნაწარმოების პირველი ნაწილის მიხედვით ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი ვოლფგან პეტერსენმა 1984 წელს გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ნამდვილად კარგია, მიხაელ ენდე ნანახით უკმაყოფილო დარჩა და კინოკომპანია Warner Brothers-ს სასამართლოშიც უჩივლა. ის ფილმში შეტანილი კორექტივების გამო განაწყენდა, თუმცა სასამართლომ ენდეს სარჩელი არ დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, Warner Brothers-ი მაინც წავიდა დათმობაზე და ტიტრებიდან მიხაელ ენდეს სახელი საერთოდ ამოიღო. ნაწარმოების ავტორი არც ჯორჯ მილერის მიერ 1990 წელს გადაღებული მეორე ფილმის ტიტრებში იკითხება და არც ოთხი წლის შემდეგ გამოსულ მესამე ფილმში, რომელიც დამოუკიდებელი სცენარის მიხედვითაა გადაღებული და მიხაელ ენდეს მიერ შექმნილ სამყაროსთან მხოლოდ პერსონაჟების სახელები აკავშირებს.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...