გამოუცხადებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ გააქტიურდა
02 ივნისი, 2014
3740
print

საქმეში უკვე ჩეჩნებიც ჩართეს

 

 

უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში დაპირისპირება ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და იქ შეგზავნილ რუს მებრძოლებს შორის სულ უფრო მწვავდება და სისხლიანი ხდება. ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტები, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკვე აღარ თამაშობენ მთავარ როლს, მათ საკუთარი ფუნქცია უკვე შეასრულეს. დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უკვე დიდი რაოდენობით გამოჩნდნენ სხვადასხვა ჯურის დაქირავებულები და კავკასიის ომებში გამოწრთობილი ჩეჩნებიც. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს, რაც ბუნებრივია ასეთი სიტუაციისთვის, როდესაც რაიმე გამოკვეთილი ფრონტის ხაზი არ არსებობს. რეგიონში პანტაპუნტით ქრებიან ეუთოს დამკვირვებლები, თუმცა მათი ნაწილი შემდეგ გამოდის კონტაქტზე, ოთხკაციანი ჯგუფი კი ისევ სეპარატისტებმა დაატყვევეს. ჯერჯერობით გაურკვეველია უკრაინა-რუსეთის პოლიტიკური დიალოგის ბედიც. სასწრაფოდ გასარკვევი კი ბევრი რამ აქვთ, ყირიმიდან დაწყებული გაზის მიწოდებით დამთავრებული.

 

რუსეთი ჯერ კიდევ 25 მაისამდე აცხადებდა, რომ პატივს სცემდა უკრაინელი ხალხის არჩევანს, თუმცა ჯერჯერობით ვლადიმირ პუტინი პიოტრ პოროშენკოსთვის პრეზიდენტობის მილოცვას არ ჩქარობს. უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი “უფროსი ძმისთვის” ჩვეულ სტილში აგრძელებს უკრაინის პრეზიდენტის დარიგებას თუ სად უნდა წავიდეს ის და სად არა. კერძოდ ლავროვი პოროშენკოს დონეცკის ოლქში ჩასვლას “არ ურჩევს”. ამას გარდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოროშენკოს ვიზიტი რუსეთში არც დიპლომატიური და არც სხვა არხებით არ განიხილება. პიოტრ პოროშენკომ კი არჩევნების დამთავრებისთანავე გამოთქვა პუტინთან შეხვედრის მზადყოფნა. მისი სიტყვებით ქვეყნის აღმოსავლეთში სიტუაციის მოწესრიგება რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე არ გამოვა. “რუსეთის მონაწილეობის გარეშე ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებაზე ლაპარაკი უაზრობაა. ფორმატი მოიძებნება და პუტინთან შეხვედრა შედგება. კითხვა ის არის - როდის?” - თქვა მან.

 

ერთადერთი სფერო, რომელშიც უკრაინა და რუსეთი იძულებულები არიან აწარმოონ მოლაპარაკებები და თანაც სასწრაფოდ, ეს გაზის მიწოდების საკითხი და მისი ფასია. მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ იური პროდანსა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკს შორის კვირის ბოლომდე მიმდინარეობდა ბერლინში, ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისრის გიუნტერ ეტინგერის შუამავლობით. ამ თემაზე “24 საათი” დაწვრილებით წერდა. ამიტომ აქ მოკლედ შევახსენებთ ჩვენს მკითხველს, რომ უკრაინა თანახმაა გადაიხადოს გაზის ვალი მხოლოდ იმ შეღავათიანი ფასით 268,5 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე, რომელზეც ორ სახელმწიფოს შორის დეკემბერში შედგა შეთანხმება. ეს ფასი ძალაში იყო 1 აპრილამდე. ამ მომენტიდან კი მოსკოვმა ცალმხრივად გააუქმა ყველა არსებული შეაღავათი, კიევში ხელისუფლების ცვლილების გამო და უკრაინას 485,5 დოლარს სთხოვს. ეს გაზისთვის ყველაზე მაღალი ფასია, რასაც რომელიმე სახელმწიფო უხდის რომელიმე მიმწოდებელს. უკრაინა ჯერ კიდევ მაისის დასაწყისიდან იყო მზად დაეფარა დავალიანება 31 მარტის ჩათვლით, ძველი ფასით, რაც დღეისთვის 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ოღონდ ჯერ რუსეთთან მოითხოვდა ხელშეკრულების გაფორმებას იმის თაობაზე, რომ ეს ფასი ამ თარიღის შემდგომაც ძალაში დარჩებოდა. მოსკოვი კი ფასის დაკლებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებდა, რაც უკრაინა ამ 2,2 მილიარდს მაინც დაფარავდა. სულ “გაზპრომი” “ნაფტოგაზს” 3,5 მილიარდზე მეტს სთხოვს. გიუნტერ ეტინგერის შუამავლობით მოხერხდა ნაწილობრივი კომპრომისის მიღწევა და უკრაინამ გადარიცხა შეპირებული თანხის ნახევარი 1,1 მილიარდი. აქედან 786 მილიონი დოლარი შაბათს და დანარჩენი მანამდე. დღეისთვის, ორშაბათისთვის იყო დანიშნული მოლაპარაკებების გადამწყვეტი რაუნდი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის თანახმად ან მოლაპარაკებები ორშაბათს დამთავრდება ხელშეკრულების გაფორმებით, ან სარჩელით სტოკჰოლმის არბიტრაჟში. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ სარჩელი მათ უკვე მომზადებული აქვთ. თუ საქმე სტოკჰოლმამდე მივიდა, ის სავარაუდოდ დიდხანს გაიწელება.

 

წინა კვირაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ეუთოს დამკვირვებელთა კიდევ ორი ჯგუფი დაიკარგა. ერთი ოთხშაბათს, მეორე კი პარასკევს. მეორე ჯგუფი, ლუგანსკის ოლქში შედარებით “ადვილად გადარჩა”. ეუთოს მისიის შტაბბინასთან კონტაქტზე გასვლა ამ ჯგუფმა პარასკევს საღამოსვე მოახერხა. დამკვირვებელთა ოთხკაციანი პირველი ჯგუფი კი, როგორც ვარაუდობდნენ, სეპარატისტების ტყვეობაში აღმოჩნდა. სლავიანსკის თვითმარქვია მერმა პონომარიოვმა დაადასტურა, რომ ჯგუფი მაკეევკაში ჰყავთ, დამკვირვებლბი უსაფრთხოდ არიან, უბრალოდ მათ რაღაც “საეჭვო აპარატურა” აღმოუჩინეს და გაუშვებენ მაშინვე, როგორც კი ყველაფერი გაირკვევა.

 

რუსეთმა კი წინა კვირიდან აქტიურად და ცალსახად შეცვალა უკრაინასთან ბრძოლის ტაქტიკა. მოსკოვმა, როგორც ჩანს, უარი თქვა უკრაინაში თავისი სამხედრო ძალით ღიად შეჭრაზე, მაგრამ არაოფიციალურად უკრაინის აღმოსავლეთში შეუშვა გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი სამხედროები, მათ შორის ჩეჩნებიც. რუსეთმა ნამდვილად მოაცილა უკრაინის საზღვრებს ვითომ სწავლებისთვის იქ გადასროლილი დამრტყმელი საარმიო დაჯგუფების ძირითადი ნაწილი. შენაერთების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნება დაადასტურეს პენტაგონმაც და უკრაინელმა სამხედროებმაც. უბრალოდ ეს პროცესი ჯერ დამთავრებული არ არის და არც ისე სწრაფად მიმდინარეობს, როგორც ამის წარმოჩენა სურს კრემლს. ამერიკელების მტკიცებით, უკრაინის კონტინენტური საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩება რამდენიმე ბატალიონი. უკრაინელი სამხედროები კი აცხადებენ, რომ ყირიმში და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან ერთად ჯერჯერობით კვლავ დგას სულ ცოტა 45 ათასი რუსი ჯარისკაცი.

 

უკრაინის აღმოსავლეთის სეპარატისტულ ოლქებში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის კი რუსეთმა მასიურად შეგზავნა სხვადასხვა ჯურის გამოცდილი მებრძოლები. ამ ხალხის რაოდენობამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა, რამაც გაზარდა სეპარატისტების ბრძოლისუნარიანობა. უკრაინის შინაგან საქმეთა ბატალიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ იაროსლავ გონჩარმა განაცხადა, რომ მისი მონაცემებით უკრაინაში რუსეთიდან დაახლოებით 4500 კაცია შეყვანილი. ესენი არიან სხვადასხვა ცხელ წერტილებში გამოცდილი მებრძოლები, შეკრებილი ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყნიდან.

 

პრობლემაა ის, რომ რუსეთ–უკრაინის საზღვარი სათანადოდ ვერ კონტროლდება. ამაზე ადრე არავის უფიქრია. დღეს უკრაინელები რამდენიმე საშიში მიმართულებით სასაზღვრო ძალების გაძლიერებას ცდილობენ, თუმცა მთელი ზონის დაფარვას ჯერ ვერ ახერხებენ. წინა კვირაში რამდენჯერმე დაფიქსირდა საზღვრის გადაკვეთის მცდელობა ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ. ზოგი მათგანის აღკვეთა უკრაინელებმა შეძლეს, რამდენიმე მანქანამ კი სეპარატისტულ ზონაში მაინც შეაღწია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთს. უკრაინელები ამტკიცებენ, რომ მათ საზღვრებთან კიდევ 40 სატვირთო მანქანაა მობილიზებული დამხმარე ძალით სეპარატისტებისთვის და შესაბამის დროს ეძებს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში გადასასვლელად. საგარეო საქმეთა სამინისატრო დარწმუნებულია, რომ ეს ხდება რუსი მესაზღვრეების სრული უმოქმედობის პირობებში. ხოლო ამ ხალხის შესვლა მათ ქვეყანაში ორგანიზებული და დაფიანასებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ. რუსეთის სასაზღვრო უწყება, ცხადია, ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფების უკრაინაში გადასვლას უარყოფს.

 

უკრაინის აღმოსავლეთში ომგამოვლილი ჩეჩნების გამოჩენის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გავრცელდა. წინა კვირაში დონეცკში ჩეჩნებთან გასაუბრება მოახერხა „ფაინენშალ ტაიმსის“ კორესპონდენტმა. მასთან ლაპარაკისას ამ მებრძოლებს არ დაუმალავთ, რომ უკრაინაში რამზან კადიროვის მითითებით არიან ჩასულები. დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება ამ მიმართულებით სხვა სააგენტოებმაც ჩაატარეს, მათ შორის „ბი–ბი–სიმ“. რეალურად უკრაინაში ჩეჩნების, ოსებისა და რუსეთის სხვა ოლქებიდან გამოცდილი მებრძოლების ჩასვლას არავინ უარყოფს, მათ შორის არც ადგილობრივი სეპარატისტები უბრალოდ ისინი აცხადებენ, რომ ესენი არიან მოხალისეები რუსეთიდან, რომლებიც მათ საკუთარი სურვილით ეხმარებიან. მებრძოლების უკრაინაში გაგზავნა კატეგორიულად უარყო ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა. მან სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ ჩეჩნეთი რუსეთის ნაწილია, მას საკუთარი შეიარაღებული ძალები არ გააჩნია და შესაბამისად ვერც ვერავის გაგზავნიდა უკრაინაში. ხოლო თუ იქ ჩეჩნები ნახეს, ეს ამ ადამიანების პირადი საქმეა. კადიროვის სიტყვებით რუსეთში 3 მილიონამდე ჩეჩენია, მათ შორის ორი მილიონი საერთოდ ჩეჩნეთის გარეთ ცხოვრობს და მას არც შეუძლია და არც ევალება მათი გადაადგილების გაკონტროლება.

 

ბრძოლა უკრაინის აღმოსავლეთში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს, და დონეცკის აეროპორტის შტურმისა და შემდეგ მისი განთავისუფლების ოპერაციამ ბევრი რამე გამოაშკარავა. როგორც გაირკვა, აეროპორტის შტურმში დაახლოებით 200 მებრძოლი მონაწილეობდა და უკრაინელმა სამხედროებმა აეროპორტის გათავისუფლების დროს 100–მდე სეპარატისტი და მათი მხარდამჭერი გაანადგურეს. დონეცკის მერის მტკიცებით მხოლოდ 40–მდე ცხედარი ქალაქის საავადმყოფოების პროზეპტურებშია და მათ შორის რუსეთის მოქალაქეებც არიან. შემდეგ გაირკვა, რომ მხოლოდ 35–დან 45 მდე ცხედარი ჩეჩნეთში ჩაასვენეს. ჩეჩნეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. როგორც ირკვევა, ძირითადად ჩეჩნები იყვნენ იმ სატვირთო ავტომანქანაში, რომელიც უკრაინის ავიაციამ დონეცკის აეროპორტთან გაანადგურა.

 

სეპარატისტებმა საპასუხო წარმატებული ოპერაციაც ჩაატარეს და ხუთშაბათს სლავიანსკთან ჩამოაგდეს უკრაინული ვერტმფრენი, რასაც 14 კაცი შეეწირა.მათ შორის იყო უკრაინის არმის გენერალი სერგეი კულჩიცკი, რომელიც ეროვნული გვარდიის საბრძოლო და სპეც–მომზადების სამმართველოს უფროსი იყო. დონეცკში მოხდა სამხედრო ნაწილზე თავდასხმა, სეპარატისტებმა წინ აიფარეს ჯარისკაცების მშობლები და სამხედრო ბაზის ძირითადი ნაწილი დაიკავეს, ასამდე ჯარისკაცი მათ ჩაბარდა. ოფიცრები ზედა სართულებზე გამაგრდნენ, მაგრამ ძალები აშკარად არათანაბარი იყო.

 

საერთაშორისო მედია ცდილობს ობიექტურობა დაიცვას და გადამოწმების გარეშე ვერ ამტკიცებს, რომ რუსეთიდან ქუჩის ბრძოლებში გამოცდილი სპეცრაზმელების ჩასვლა, მათ შორის ჩეჩნეთიდან, ვინმეს ბრძანებით ხდება. თუმცა საქმეში ჩახედულ ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რუსეთიდან ასეთი რაოდენობით გამოცდილი მებრძოლების ჩასვლა ხელისუფლების ორგანიზებულია. სხვა შემთხვევაში ხომ უკრაინის აღმოსავლეთში დესტაბილიზაცია არც დაიწყებოდა და ამ ხალხს არც თანამედროვე იარაღი ექნებოდა. უკრაინის აღმოსავლეთში ჩეჩენი მებრძოლების გამოჩენის გამო შეშფოთება უკვე გამოხატა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ. იგივე გააკეთა ლავროვთან სატელეფონო საუბარში ჯონ კერიმ.

 

ექსპერტების მტკიცებით ანტიტერორისტული ოპერაცია პრინციპში წარმატებით მიმდინარეობს და შეიძლება უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე კვირაში, უარეს შემთხვევაში კი რამდენიმე თვეში დასრულდეს, ოღონდ იმ პირობით, რომ საზღვრის გაკონტროლება მოხერხდება.

 

ივა შილაკაძე

 

iva shilakadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს