მისი უდიდებულესობის სამსახურში
23 ივნისი, 2014
1687
print

ყურადღებით მისმინეთ, აი, რას გიამბობთ.

გიამბობთ „დიოგენეს“ ახალ გამოცემაზე - „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“. წიგნის ავტორი ბოჰუმილ ჰრაბალია. ის ჩეხია, ნობელის პრემიის ლაურეატი, ოდესღაც აკრძალული, ახლა კი სრულიად ლეგალურად გამოცემული ლიტერატურის ავტორი. სწორედ რომ ლეგალურად, რადგან წლების წინ „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მკითხველი კუსტარულად დასტამბული ტექსტებით ეცნობოდა (ნაწარმოები ჰრაბალმა 1971 წელს დაასრულა, მისი ოფიციალური გამოცემა კი მხოლოდ 1989 წელს გამოვიდა).

„ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ აღსარებითი ტიპის ნაწარმოებია. მისი თხრობა სასტუმრო „პრაღას“ თანამშრომლის მხრიდან ხდება. ეს გახლავთ უკანონოდ შობილი, ტანმორჩილი და ღატაკი იან დიტეს მიერ მოყოლილი ამბავი, რომლის მთავარი გმირიც თავად გახლავთ ან, სულაც, ყველაფერი გამოიგონა და საკუთარი კომპლექსებით თავგაბეზრებულმა დაიბრალა. ნაწარმოები იან დიტეს, იგივე პიკოლიკი იანის „პრაღაში“ მისვლის პირველი დღიდან იწყება და მის კარიერულ სვლას აღწერს. ეს კი იან დიტეს ნამდვილად გამოსდის, რადგან ბავშობიდან სიმდიდრეზე მეოცნებე პიკოლიკისთვის ფულის შოვნისა და გოგონებთან გართობის გარდა სხვა საზრუნავი არ არსებობს. თანამდებობების პარალელურად იან დიტე სასტუმროებსაც იცვლის. ხან მდიდრულ და ხმაურიან ადგილას მუშაობს, ხანაც მიყრუებულ სასტუმროში, სადაც ერთხელ მოულოდნელად ქვეყნის პირველი პირი და მისი საყვარელი გადაწყვეტენ გაჩერებას - ეს კი უკვე მთელი თავგადასავალია! გადის დრო და დიტე პრაღის ერთ-ერთ ძვირფას სასტუმროში იწყებს მიმტანად მუშაობას. სწორედ აქ აჯილდოებენ საპატიო მედლით - ეთიოპიის იმპერატორის უმაღლეს დონეზე მომსახურებისთვის. შემდეგ გერმანელების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის პერიოდი დგება, წლების შემდეგ კი გერმანიას საბჭოთა კავშირი ცვლის.

წიგნი მთარგმნელ სულხან მუხიგულაშვილის წინათქმით იწყება და ავტორისეული ბოლოთქმით სრულდება. აქ ბოჰუმილ ჰრაბალი წიგნის დაწერის შესახებ გვიყვება. „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ ცხელ ზაფხულში, მზისგან გახურებული საბეჭდი მანქანით დაწერილა, ქათქათა ფურცლები კი თურმე ისე აბრმავებდა, რომ ზოგჯერ არც კი უყურებდა, რას წერდა. შემდეგ თავის მართლებას იწყებს: უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ძალიან ვიყავი დაკავებული და, ამიტომ ტექტს ისეთი სახით გთავაზობთ, როგორც პირველ ჯერზე დაიწერაო, ბოლოს კი გვიმხელს: „ზაფხულის ის თვე, როდესაც ამ ტექსტს ვწერდი, სალვადორ დალის „ხელოვნური მოგონებებისა“ და ფროიდის ნაშრომის „შეკავებული აფექტი, რომელიც გამოვლენას საუბარში პოულობს“ შთაბეჭდილებების ქვეშ გავატარე“.

საინტერესო ბიოგრაფია აქვს თავად ჰრაბალსაც (წელს 100 წლისა გახდებოდა): მუშაობდა ლუდის ქარხანაში, კომივოიაჟერად, საზღვევის აგენტად, თეატრალური სცენის მუშად, მაკულატურის შემფუთავად - ამ პროფესიების ადამიანებს კი მის სხვა და სხვა რომანებში შეხვდებით. ჰრაბალის ნაწარმოებები ფართო მითხველმა 60-იან წლებში გაიცნო, ამ დროის ავტორი 50-ს იყო გადაცილებული, თუმცა ასაკს ხელი არ შეუშლია ჩეხოსლოვაკიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მწერალი გამხდარიყო.

1965 წელს გამოსულმა რომანმა „მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი მატარებლები“ საერთაშორისო აღიარება მოუტანა, 3 წლის შემდეგ კი მის მიხედვით ირი მენზელის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ეკრანიზებულია „ვემსახურებოდი ინგლისის მეფესაც“ – 2006 წელს ფილმი კვლავ ირი მენზელმა გადაიღო, ერთი წლის შემდეგ კი „ბერლინალეს“ მთავარ კონკურსში აღმოჩნდა.

ბოჰუმილ ჰრაბალი 1997 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ოფიციალური ვერსია ასეთია: საავადმყოფოს ფანჯრის რაფაზე პურის ნამცეცებით ჩიტების გამოკვებას ცდილობდა და წინასწორობა ვერ შეინარჩუნა, სხვა ვერსიით კი საქმე თვითმკვლელობასთან გვაქვს, რაც ჰრაბალის შემთხვევაში სულაც არაა გამორიცხული - მსგავსი სიკვდილი მის რამდენიმე ნაწარმოებშია აღწერილი.

„ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ სერიის მორიგი წიგნია. ამავე სერიის სხვა ახალი გამოცემებია: ჯონ ბენვილის „ზღვა“ და სემუელ ბეკეტის „მოლოი“.

 

ია ვეკუა

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული