რასმუსენი - უელსის სამიტზე MAP-ზე საუბარი არ იქნება
25 ივნისი, 2014
1932
print

ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალი გაიხსნა. მინისტერიალი ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა.

 მისი თქმით, უელსის სამიტზე არ იქნება საუბარი MAP-ზე, თუმცა, სამიტზე შეთავაზებული იქნება პაკეტი, რომელიც შემუშავდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 "უელსის სამიტზე არ იქნება საუბარი MAP-ზე, თუმცა ალიანსი მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს ნატო-სთან დაახლოების კუთხით. ეს იქნება ძირითადი პაკეტი, რომელიც შემუშავდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით სამიტამდე დარჩენილ პერიოდში. მე, სამწუხაროდ, ვერ დაგისახელებთ ელემენტებს, რომლებზეცაა საუბარი, მაგრამ შეგახსენებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას – საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა და განმარტა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან თანამშრომლობის ახალი, ძირითადი პაკეტი ქვეყანას ნატო-სთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმარება.

 მისივე თქმით, ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით მათი პრინციპები უცვლელია და "ამ პროცესს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეაჩერებს."

 "მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობა, რადგან ეს სარგებელს არა მხოლოდ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, არამედ თავად ალიანსსაც მოუტანს. ჩვენი ძირითადი პრინციპები უცვლელია. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ასპირანტ ქვეყნებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსში ინტეგრირების პროცესში და ამ პროცესს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეაჩერებს. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველო, რომელსაც ალიანსთან თანამშრომლობის ახალ, ძირითად პაკეტს ვთავაზობთ. ეს საქართველოს ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმარება", - აღნიშნა რასმუსენმა.

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით , ნატო-ს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებაში საკმაოდ ზომიერი დამოკიდებულება აქვს.

პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

 "მაგრამ, როგორც ჩანს, ნატო-ს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებაში საკმაოდ ზომიერი დამოკიდებულება აქვს. ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმუმი ამ ზომიერი დამოკიდებულების გათვალისწინებით და შესაბამისად მუშაობა გრძელდება. დეტალები შეთანხმდება იმ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტით მომდევნო კვირებსა და თვეებში. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, ის რაც გაჟღერდა და რაც ეხება სამეკავშირეო ოფისის რაოდენობრივ გაზრდას, ეს არ არის ნამდვილად ის, რისკენაც ისწრაფის საქართველოს ხელისუფლება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, თუკი ამისთვის მზაობა იქნება ჩრიდლოატლანტიკური ალიანსის მხრიდან.

 "დღეს ჩვენ ვატყობთ რომ ასეთი მზაობა ცალკეული წევრების მხრიდან არ არის", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

 ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი , მაია ფანჯიკიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.

 შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის ასახვის შესაძლებლობები განიხილეს.

 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

 "გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, თუ რა არის საქართველოს მოლოდინი და ამბიცია ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით - ეს არის ნატო-ს წევრობა და ამ გზაზე ინტეგრაციული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ საქართველო არის ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი პარტნიორი და ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პარტნიორობა გაღრმავდეს. შეხვედრაზე ხაზი გაუსვი იმას, რომ საქართველოს აქვს ჩვენი პროგრესის ადეკვატური ასახვის მოლოდინი. გენერალური მდივანი ეთანხმება, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევისთვის. გენერალურმა მდივანმა საქართველოს წარმატებით ჩატარებული არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 ბრიუსელის მინისტერიალის ფონზე, აღსანიშნავია ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი არ ეუბნება, რომ ამ წუთას საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის.

"არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ მეუბნება, რომ ამ წუთში საქართველო NATO-ს წევრობისთვის არის მზად", -განაცხადა პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ უელსის სამიტზე საქართველოს პერსპექტივებზე საუბრისას.

 რაც შეეხება საკითხს, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო უელსის სამიტისგან, როგორც აპატურაი აცხადებს, „სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უნდა აისახოს“.

„შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პოზიტიურია, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და არჩევნები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა გადაწყდეს სამიტისთვის, ჩვენ დავინახავთ ნატო-სა და საქართველოს შორის კავშირების გამყარებას. პაკეტი კი შეიძლება, მოიცავდეს ბევრ ელემენტს და ამ ელემენტებს კიდევ განიხილავენ. საქართველო ალიანსისგან მეტ მხარდაჭერას უნდა ელოდოს, ნატო-ს გაზრდილ პერსონალს თქვენს ქვეყანაში, მათ შესაძლებლობას მჭიდრო თანამშრომლობისთვის. პროგრესი უნდა აისახოს“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, ნატო-ს თავდაცვითი მოწყობილობებით საქართველოს უზრუნველყოფა არ შეუძლია რადგან, ნატო-ს, როგორც ორგანიზაციას, თავდაცვითი მოწყობილობები არ გააჩნია.

 "არის ორი განსხვავებული ასპექტი. პირველი ეს ეხება თავდაცვით მოწყობილობებს, რაზეც მინისტრი ალასანია საუბრობდა. ჩვენ ძალიანაც რომ გვინდოდეს, ამ მოწყობილობებით თქვენი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია. ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, ასეთი რამ არ გაგვაჩნია. ეს აქვთ ალიანსის წევრებს და თუ მათ სურთ მსჯელობის გაგრძელება, მოლაპარაკებებს აწარმოებს წევრ ქვეყნებთან. ძალიან კარგად იცით, თუ როგორ მუშაობს ნატო. მაგრამ რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ? – ნატოს აქვს სამეკავშირეო ოფისი თბილისში. შემიძლია გითხრათ, რომ გავზრდით თანამშრომლების რიცხვს აუცილებლად. დამატებითი პერსონალი ჩამოვა", - განაცხადა აპატურაიმ.

 ჯეიმს აპატურაის აღნიშნულ განცხადებებს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა. მისი თქმით, "ჯეიმს აპატურაი მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველო დღეს NATO-ს სრული წევრობისთვის მზად არ არის". ალასანია აღნიშნავს, რომ საქართველო და NATO დღეს საუბრობენ შემდეგ ნაბიჯზე - გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე.

 "ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული წლები, რომ გავხდეთ სრულად მზად პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობით NATO-ს წევრი. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯზე, თუმცა ვთვლი, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში - რუსეთის აგრესია და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი, უნდა გვკარნახობდეს, რომ საქართველოსთან ძალიან მალე დაიწყოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ეს არის ჩვენი სურვილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განმარტებით, თავდაცვით შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხი ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს.

 

"რაც შეეხება თავდაცვისუნარიანობას და თავდაცვით შეიარაღებას, აბსოლუტურად სწორია, რომ ნატო-ს შეიარაღება არის წევრი ქვეყნების შეიარაღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ნატო-ს თავდაცვით შესაძლებლობებზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის წევრი ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ თავდაცვითი შესაძლებლობები, ეს იქნება საჰაერო თავდაცვითი თუ სხვა, ჩვენთვის საჭირო შეიარაღება მათთან ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს. აქვე დავამატებ, რომ ამ კუთხით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, აღარ დავკონკრეტდები, თუმცა მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე საჯაროდ გაცხადდება ამ მოლაპარაკებების შედეგები", - განაცხადა ალასანიამ.

 ...მოგვიანებით, ჯეიმს აპატურაიმ სოციალური ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მან იცის, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დიდი დისკუსია გამოიწვია საქართველოში.

 "ჩემი აზრით, ორი საკითხია მნიშვნელოვანი: პირველი ის, რომ უელსის სამიტზე წარმოვადგენთ უპრეცედენტო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც საქართველო ნატო-ს უფრო სიღრმისეულად დაუკავშირდება, ვიდრე ოდესმე ნატო-ს რომელიმე არაწევრი ქვეყანა.

მეორე - ჩვენ მაინც უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებების წარმოება სამიტის კომუნიკეს შესახებ, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, განამტკიცებს ბუქარესტის ვალდებულებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. აგრეთვე, ცხადყოფს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ მიაღწია ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. ვიცი, რომ ბევრს გული სწყდება ,,MAP""-ის არ მინიჭების გამო, მაგრამ საქართველო ნამდვილად უახლოვდება ნატო-ს. შესაძლოა, მისი ნაბიჯები მკვეთრი და უზარმაზარი არ არის, თუმცა - მტკიცე ტემპით გამოირჩევა. ეს ყოველივე საქართველოს ძველი და ახლანდელი მთავრობის გულმოდგინე მუშაობის და კარგი დიპლომატიის შედეგია", - წერს აპატურაი.

 

თიკა ნიკოლაძე

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს