ვისთვის მოაქვს სარგებლობა და რისთვის არის საჭირო ევროკავშირთან ასოციაცია
01 ივლისი, 2014
2011
print

უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის შესაძლო ევროინტეგრაციაზე ლაპარაკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით დღეს ცოტა არაკორექტულია. ევროკავშირმა ნათლად მიანიშნა, რომ ასოციაცია ოფიციალურად არ არის ევროკავშირში შესვლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასოცირების შესახებ ხელშეკრულებებში ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი რომ ყოფილიყო, მისი რატიფიკაციის შანსები ევროკავშირში ნულის ტოლი იქნებოდა. წევრი ქვეყნების პოზიცია გაფართოების საკითხებში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

 

ევროპულ სამართალში ასოციაცია თავისთავად არ ნიშნავს ევროკავშირში შესვლისკენ ნაბიჯის გადადგმას. მსგავსი ხელშეკრულებები ადრე გაფორმებული აქვთ მაგალითად ჩილეს, პალესტინის ავტონომიას და კიდევ ბევრ სახელმწიფოს ან სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. აბსურდი იქნება იმის მტკიცება, რომ პალესტინელები შეიძლება ევროკავშირის წევრები გახდნენ.

 

ასოციაცია ევროკავშირში გაწევრიანება არ არის. მიუხედავად ამისა, უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის შემთხვევაში ასოციაცია - რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია - პოლიტიკურადაც და იურიდიულადაც.

 

მშვიდობის და თავისუფლების გზა

 

ასოციაცია ცივილიზაციურ არჩევანს გულისხმობს. ეს განვითარების ევროპული გზის არჩევანია, რაც გულისხმობს პლურალისტურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, საერთაშორისო სამართლის და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცმას. ამას გარდა ეს არის რუსეთის დიქტატისგან თავის დაღწევაც, სადაც არცერთი ეს პრინციპი, რაც ფუნდამენტურია ევროპაში, არ სრულდება სათანადო დონეზე. ამის დადასტურებაა ყირიმის ანექსიაც, კონფრონტაციულ-პროპაგანდისტული პოზიციაც საერთაშორის თანამეგობრობის ბევრი წევრის მიმართ, ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების და კანონმდებლობის ამჟამინდელი მდგომარეობაც.

 

შეუძლებელია არ წარმოიშვას წინააღმდეგობა იმ უამრავი საქმის გამო, რომელსაც რუსეთი აგებს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო პოზიციის გამო ყირიმთან მიმართებაში, რუსეთის გარიცხვის გამო “დიდი რვიანიდან” და საერთაშორისო სანქციების იმ რეჟიმის გამო, რომელიც სულ უფრო მკაცრი ხდება.

 

ასოციაცია, იმ ვარიანტშიც კი, როდესაც არ არის გამაგრებული უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივით – არის მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდავეთმა აირჩიეს თავისუფლების და მშვიდობის ცივილიზაციური გზა, სადაც მართლმსაჯულება არ არის ფარსი, სადაც ომი არ არის მეთოდი, სადაც უფლებები და თავისუფლება დაცულია.

 

ამ არჩევანს აქვს თავისი ფასი. კარგი ნიშანია, რომ ეს ქვეყნები, რომლებზეც ვლაპარაკობთ, მზად არიან ის გადაიხადონ, რუსეთის მხრიდან ზეწოლის პირობებშიც კი. რუსეთი ევროპის შემცვლელი არ არის. დაძაბულობის გაღვივება, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა და ჯიბის რეჟიმებისთვის გაზის შეღავათების მიცემის პოლიტიკა (მაგალითად როგორც ეს კეთდება ბელარუსში ლუკაშენკოსთვის), არ არის განვითარების ევროპული გზის მიმზიდველი ალტერნატივა.

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ სამმა ქვეყანამ გააკეთა არჩევანი, მაგრამ არჩევანი არსებითად მათ არც ჰქონიათ. ბელარუსად გადაქცევა ამ კონტექსტში არჩევანი არ არის. რუსეთს არ შეუძლია ცივილიზაციური ალტერნატივის შეთავაზება. რუსეთთან არ არის სამართლიანობა, უფლებების პატივისცემა, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება. რუსეთი არ სთავაზობს მომავალს.

 

ფული არაფერს წყვეტს

 

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკამ შეაშინა მოსკოვი. რუსეთმა გააცნობიერა, რომ სხვა ქვეყნებს ვერაფერს შესთავაზებს ფულის გარდა. მაგრამ ფულზე დაფუძნებული ცივილიზაციური იდეის გამოგონება შეუძლებელია. ფული –რესურსია და არა იდეოლოგია ან განვითარების გზა. ცუდ ხელში ის სტაგნაციას და გაპარტახებასაც ნიშნავს.

 

ფულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოს განვითარების გრძელვადიან პერსპექტივისთვის საბაზო ცივილიზაციური არჩევანის თვალსაზრისით. და ეს არჩევანი უკრაინაში, საქართველოში და მოლდავეთში მკაფიოდ იყო გამოხატული. რუსებს, ბელარუსებს, აზერბაიჯანელებს და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მცხოვრებლებს ასეთი არჩევანის გაკეთების საშუალება არ ჰქონიათ.

 

საქმე ის კი არ არის, თუ ვინ მისცემს უკრაინას ან მოლდავეთს მეტ ფულს. საქმე ის არის არიან თუ არა ისინი მზად საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობა იკისრონ. ევროკავშირი დახმარებისთვის მზად არის. ამ გაერთიანების მიზანია ჩამოაყალიბოს მდიდარი და თავისუფალი ქვეყნები თავის საზღვრებთან. როდესაც უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი ასეთები გახდებიან, მათი გაწევრიანების საკითხი კავშირში თავისთავად დადგება და არც წინააღმდეგობას წარმოშობს.

 

ახლა ბანქო ამ ქვეყნების ხელშია. ასოციაციის შესახებ ხელშეკრულება იძლევა არნახულ წვდომას ევროპულ ბაზარზე, მაგრამ მათ წინაშე დგება აქამდე არნახული, აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნები: უკრაინამ, საქართველომ და მოლდავეთმა უნდა მოახდინონ მათი სახელმწიფოებრიობის ყველა ასპექტის მოდერნიზაცია. ამ არაპოპულარულ და მოკლევადიან პერსპექტივაში ხარჯიან ინვესტიციებს შეუძლიათ ნაყოფის გამოღება. მიეცით მათ 10–15 წელი და ასოცირების პირობებში ისინი სხვა სახელმწიფოებად იქცევიან. მიუახლოვდებიან იმას, რაც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის „ნორმალურთან“ ასოცირდება. გახდებიან ნორმალური სახელმწიფოები. ხოლო ნორმალური ქვეყნები შეიძლება იყვნენ ევროკაშირის მეგობრები და მისი ნაწილიც.

 

მოკლევადიან პერსპექტივაშიც ასოცირების მომგებიანობა ცალსახაა. შეგვიძლია დავასახელოთ თუნდ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის თავისუფლება, რაც სავარაუდოდ არ მიეცემათ რუსებს, სანამ ხელისუფლებაში დღევანდელი რეჟიმია.

 

ასოციაცია ჯერ არ ნიშნავს გაწევრიანებას და არც შეიძლება ნიშნავდეს. ასოციაცია – ეს რაღაც უსაზღვროდ უფრო მნიშვნელოვანია: ცივილიზაციური არჩევანი „ნორმალურ სახელმწიფოდ“, მომავლის მქონე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების სასარგებლოდ.

 

დიმიტრი კოჩენოვი

ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი, სამართლის დოქტორი, გრონინგენი

„ბი–ბი–სიდან“ თარგმნა ივა შილაკაძემ

 

iva shilakadze