აპატურაი - არ უნდა არსებობდეს აღქმა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის შესახებ
09 ივლისი, 2014
1993
print

თიკა ნიკოლაძე

საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამოქმედო გეგმას ამჯერადაც ვერ ღებულობს. განცხადება იმის თაობაზე, რომ NATO-ს უელსის სამიტზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, MAP-ს ვერ მივიღებთ რამდენიმე კვირის წინ ”ნატოს” გენერალურმა მდივანმა გააკეთა.

”MAP-ზე საუბარი არ იქნება, თუმცა ალიანსი მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს ”ნატოსთან” დაახლოების კუთხით,” - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი კი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში სახელმწიფო მინისტრებს შეხვდა.

აპატურაის განცხადებით, ის საქართველოში ქართულ მხარესთან ერთად ახალ პაკეტზე სამუშაოდ ჩამოვიდა და დარწმუნებულია, რომ უელსის სამიტამდე პროგრესი იქნება.

„ჩამოვედი გენერალური მდივნის დავალებით, რომ ვიმუშავო ქართულ მხარესთან ერთად ახალ პაკეტზე. ახლა დეტალები უნდა განვიხილოთ მინისტრებთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიხილავთ სამიტზე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მოჰყვება ნატო-ს უფრო აქტიური ჩართულობა საქართველოში და ქართველების აქტიური მონაწილეობა დისკუსიებსა და პროგრამებში. ამით გაგრძელდება საქართველოს გზა ალიანსიკენ. სამუშაოები კვლავ შესასრულებელია და დარწმუნებული ვარ, რომ სამიტამდე პროგრესი იქნება,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ და აღნიშნა, რომ საქართველოში ”ნატოს” წარმომადგენლობის გაზრდაა საჭირო.

„ვიზიარებ ფუნდამენტურ სენტიმენტებს, რომ უფრო მეტი, უფრო კონკრეტული პროგრესი უნდა იქნას მიღწეული. მინისტრთან მე ეს საკითხი განვიხილე. საქართველოს დიდი პროგრესი აქვს ევროკავშირთან. საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ნატო-სთან დაახლოების გზაზე წევრობისთვის მომზადებაში. შეფასებებში, რომლებიც ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინეთ, ნათქვამია, რომ საქართველო სტაბილურად მზადდება წევრობისთვის, უახლოვდება ნატო-ს სტანდარტებს და ორგანიზაციას, – ამაში ეჭვი არავის ეპარება. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოში გვჭირდება ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდა“,- განაცხადა აპატურაიმ.

ამასთან, აპატურაიმ ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენატრი და აღნიშნა, რომ ”ნატოსთვის” მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესები ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისაგან დამოუკიდებელი იყოს.

 "სამართლებრივი პროცესები უნდა იყოს დამოუკიდებელი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისაგან, კანონს პატივი უნდა სცენ და როგორც გენერალურმა მდივანმა ბევრჯერ თქვა, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ პოლიტიკური ჩარევის ან მოტივაციის აღქმაც კი. მე გავეცანი დამკვირვებლებისა და ამერიკის ელჩის განცხადებებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით, მაგრამ, ამის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ უნდა არსებობდეს აღქმა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის შესახებ", - განაცხადა აპატურაიმ.

 „ მქონდა შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტთან, – აღნიშნა აპატურაიმ,- ჩვენ ორივენი ძალიან მოხარულები ვართ, რომ მას შესაძლებლობა ექნება, წარმოადგინოს საქართველო ნატო–ს უელსის სამიტზე. ასე, რომ ვიმედოვნებ, ის იქ იქნება მის მინისტრებთან ერთად, რადგან გაიმართება ბევრი შეხვედრა. პრეზიდენტი ასევე დაესწრება აისაფის ღონისძიებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი მის მინისტრებთან ერთად ჩავა.

როგორც დღესვე გახდა ცნობილი, უელსის სამიტს, რომელზეც საქართველოს ”მაპი” არ მიენიჭება, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.

საგარეო საქმეთა მინსიტრმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისათვის სასურველია უელსში გიორგი მარგველაშვილი გაემგზავროს. ჟურნალისტების კითხვა, გაემგზავრება თუ არა უელსის სამიტზე პრემიერი ღარიბაშვილი კი, მინისტრმა უპასუხოდ დატოვა.

”პრემიერს და მთავრობას მიზანშეწონილად, სასურველად მიაჩნიათ ნატო-ს სამიტში საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა,” - განაცხადა ფანჯიკიძემ.

დღეს, თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა.

აპატურაისთავნ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის დაესწრება როგორც ალიანსის სამიტს 4-5 სექტემბერს, ასევე კლიმატის ცვლილებების თაობაზე დაგეგმილ კონფერენციას 27 სექტემბერს. სადაც, როგორც გუშინ ცნობილი გახდა პრემიერ-მინისტრიც მიემგზავრება.

"მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ სქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ისევე, როგორც მთავრობა და პარლამენტი, ყველა მონდომებულია და მუშაობს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, ეს არის ხელისუფლების ცალკე შტოები და ბუნებრივია ისინი აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას და მუშაობენ იმ დღის წესრიგით, რომელიც დგინდება საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. როგორც ნატოს სამიტზე, ასევე გაეროს სამიტზეც საქართველო იქნება წარმოდგენილი პრეზიდენტის სახით, გამომდინარე იმ მოწვევებიდან, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ ორგანიზაციებიდან," - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტმა ჟურნალსიტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას მიღებული აქვს მოწვევა კლიმატის ცვლილებების თაობაზე დაგეგმილ კონფერენციაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე დაუდასტურა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს მისი წასვლა ნიუ იორკში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა სადაც წერია, რომ გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მიწვევით, ნიუ-იორკში დაგეგმილ გაერო-ს სამიტში კლიმატის ცვლილებების შესახებ მიიღებს მონაწილეობას და რომ ”ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეცნობა”.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრება და ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა, დაესწრება სამიტს კლიმატის ცვლილებების შესახებაც... ასევე ცნობილი გახდა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ პირველი ლედების კონფერენციაში მონაწილეობას პრემიერის მეუღლე მიიღებს.

გუშინვე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილმა გაეროს გენერალურ მდივანს საპასუხო წერილი მიწერა, სადაც მიწვევაზე თანხმობაა განცხადებული, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროსთვის გიორგი მარგველაშვილის წერილი არ გაუგზავნია - ამიტომაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური მდივნის მოწვევაზე პრეზიდენტის თანხმობა მედიის საშუალებით გაავრცელა.

...დღეს, პრეზიდენტს ჟურნალისტებმა მას და მთავრობას შორის დისკომუნიკაციის შესახებ კითხეს, მაგრამ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს კონკრეტული პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ "ყველა მუშაობს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე”.

პრეზიდენტს ასევე არ დაუკონკრეტებია საქართველოს მხრიდან ნიუ იორკში გაემგზავრება ერთი დელეგაცია, რომელშიც შევლენ პრეზიდენტი და პრემიერი, თუ ეს იქნება ცალ-ცალკე დელეგაციები.

 "ყველა მუშაობს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. რაც მეტი საქართველო იქნება ასეთი ტიპის საერთაშორისო ფორუმებზე, მით უფრო მნიშვნელოვანი და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მიღებული გვაქვს მოწვევა კლიმატის ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მივეცით ოფიციალური დასტური და ეს დასტური გადავაგზავნეთ გუშინ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
27 ივნისი, 2016 BREXIT
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება