ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
17 ივლისი, 2014
1605
print

 რა ხდება კონკრეტულ სფეროში, ეს ყველაზე უკეთ ამ სფეროს წარმოადგენელმა იცის. შესაბამისად, ქართული თეატრის მდგომარეობის შესახებ საუკეთესოდ მოეხსენება თემურ ჩხეიძეს, რომელიც, როგორც გაირკვა, „მკურნალობის“ მეთოდებსაც ფლობს და მათ პრაქტიკაში დანერგვაზეც მუშაობს. თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი, მოკლედ კი თემურ ჩხეიძის სახელოსნო ჰქვია პროექტს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ამუშავდება და ორი წლის განმავლობაში სამი სპეციალობის პროფესიონალს თეატრის გაკვეთილებს ჩაუტარებს.

პროექტის მასპინძელი სამეფო უბნის თეატრი იქნება. მისი მონაწილე რეჟისორები, დრამატურგები და თეატრმცოდნეები (ჯერჯერობით სახელოსნოში მხოლოდ ამ პროფესიის წარმომადგენლები მოხვდებიან) სწორედ აქ შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას, პროფესიული უნარების დახვეწას, თანამედროვე მსოფლიო ტენდენციების გაცნობასა და შემდგომში მიღებული ცოდნის დემონსტრირებას. როგორც ნიკა თავაძე ამბობს, ტექნიკურადაც და სხვა რესურსების მხრივაც თეატრი სახელოსნოს მსმენელების მისაღებად მზადაა: „დაახლოებით მსგავს პროექტში მონაწილეობის გამოცდილება უკვე გვაქვს, ამრიგად, ვფიქრობ, თეატრის ჩვეული რეჟიმის დარღვევის ან სხვა პრობლემის საშიშროება არ არსებობს. სამეფო უბნის თეატრი ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას, სპექტაკლების განრიგი და აფიშა უცვლელი დარჩება“.

სახელოსნოში სასწავლო პროცესი თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით წარიმართება. როდესაც ვეკითხებით, თუ კონკრეტულად როგორ შედეგზე აქვს სწორება და, საერთოდ, რამდენი ქულით შეგვიძლია თანამედროვე ქართული თეატრის შეფასება, გვპასუხობს: „კარგი იქნება, თუ იმ ხარისხს მაინც მივაღწევთ, რომელიც 30 წლის წინ გვქონდა, ამრიგად სწორება სწორედ მაშინდელ ხარისხზე მაქვს. საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართული თეატრი ყველასგან გამორჩეული და თვითმყოფადი, ყველაზე პროგრესული და თანამედროვე იყო. უცხოეთში გასტროლებისას გვეკითხებოდნენ კიდეც, ნუთუ თქვენ საბჭოთა კავშირში არ ცხოვრობთო? მაშინ ქართულ თეატრს უდიდესი რეჟისორები ქმნიდნენ, ნიჭიერი თაობა გვყავს დღესაც, მაგრამ მათ აუცილებლად სჭირდება ხელშეწყობა - ჩემი სახელოსნო სწორედ ამაზე იმუშავებს“.

პროექტი უფასოა და არ გახლავთ ერთჯერადი. როგორც კულტურის მინისტრი, გურამ ოდიშარია ამბობს, მისი ხარჯი მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

რაც შეეხება სახელოსნოში მოხვედრას, ამის შანსი უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ მსურველს აქვს, ვისაც თეატრის რეჟისურისა და დრამატურგიის შესწავლა, ასევე თეატრმცოდნის პროფესიის დაუფლება სურს. ცხადია, უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი განათლებისა და გარკვეული გამოცდილების მქონეთ, რადგან სახელოსნო უფრო დარგის წარმომადგენელთა დახელოვნებაზეა ორიენტირებული და არა ბაზისების სწავლებაზე.

საბუთების მიღება 25 აგვისტოდან დაიწყება და 5 სექტემბრამდე გასტანს, შემდეგ დაიწყება გასაუბრების ეტაპი, რომელსაც სხვა გამომცდელებთან ერთად თემურ ჩხეიძეც ჩაატარებს, ოქტომბრიდან კი სახელოსნო მუშაობას შეუდგება.

გაგაცნობთ რეგისტრაციისა და გასაუბრების წესებს: კარგი იქნება, თუ რეჟისორები განაცხადის ფორმას საკურსო ან სადიპლომო ნამუშევრის ჩანაწერს დაურთავენ, დრამატურგებმა პიესა ან სხვა ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოები უნდა წარმოადგინონ, ხოლო თეატრმცოდნეებმა რეცენზიები სპექტაკლებზე ან სხვა სახელოვნებო ნამუშევრებზე.

ამის შემდეგ დაიწყება გამოცდების პროცესი, რომელიც ორ ეტაპადაა დაგეგმილი და თეორიული ცოდნის გარდა პროექტის პოტენციური მონაწილის პრაქტიკულ შესაძლებლობებსაც ამოწმებს.

თემურ ჩხეიძის სახელოსნოში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ კულტურის სამინისტროს ვებგვერდს.

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში
06 ივნისი, 2013 პრე­მი­ე­რა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში - „ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი“