გიორგი ოვაშვილი: არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა, სამაგიეროდ, ვიცოდით, რა გვინდოდა, ამიტომ ვაკეთებდით...
24 ივლისი, 2014
2766
print

მზეხა მახარაძე

 სიმინდის კუნძული/Corn Island;

გამოშვების წელი: 2014;

წარმოება: ალამდარი ფილმი (საქართველო)Arizona Productions (საფრანგეთი),42film (გერმანია),Axman Production (ჩეხეთი), ყაზახფილმი (ყაზახეთი);

როლებში: ილიას სალმანი, მარიამ ბუთურიშვილი, ირაკლი სამუშია;

რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი; სცენარის ავტორი: ნუგზარ შატაიძე, გიორგი ოვაშვილი, რულოფ იან მინებო; პროდიუსერი: ნინო დევდარიანი, გიიომ დესეი, აიკე გორეჩკა, კარლა სტოიაკოვა, საინ გაბდულინი ;ოპერატორი: ელემერ რაგალი; ჟანრი: დრამა; რედაქტორი: შუნ-მინ კიმი; მუსიკა: იოსებ ბარდანაშვილი;

გაყიდვები: Pascale Ramonda, პარიზი;

ჯილდო: კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი “ბროლის გლობუსი” საუკეთესო ფილმისთვის, ეკუმენური ჟიურის პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, 2014 წელი.

 

“ფილმში თხრობა მიმდინარეობს უმაღლესი გადმოცემის უნარით. გმირების მოქმედებაში ჩანს სიღრმისეული მოტივაცია და ბედისწერა. ფილმის შინაარსი უბრალო და ღრმაა ისევე, როგორ კავკასიის მაღალი ბილიკები. მოხუცი კაცი არქაული იერსახით კუნძულს, რომელიც წარმოიშვა მდინარეში გაზაფხულის წყალდიდობის შედეგად, ნავით მიადგება, მუჭით თიხას აიღებს და გემოს გაუსინჯავს. მოხუც კაცს ნიადაგი მოეწონება და ამ მომენტიდან ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარი პრიზის ნამდვილი კანდიდატი ხდება.” - Lidove Noviny.

“ქართველმა რეჟისორმა მარტივი ინგრედიენტებისგან სამკვდრო-სასიცოცხლო იგავით შექმნა თითქმის უსიტყვო დრამა, რომელმაც კარლოვი ვარის ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღო. გიორგი ოვაშვილმა ემოციურად დატვირთული მინიმალიზმის მასტერკლასი აჩვენა. “სიმინდის კუნძულის” სიუჟეტი თანამედროვე ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის გზაგასაყარზე ვითარდება და მისი ტექსტურა თავისი სიღრმეებით მითისა და ფოლკლორის მსგავსია. ეს არის მკაცრი დრამა, რომელშიც გრძელ პაუზებს შორის არსებობს მოკლე დიალოგები. გამარჯვებული კინოსურათი თავისი გამოსახვით ძველი კინოლეგენდების ბრესონის, ტარკოვსკის, კანეტო შინდოს და ტერენს მალიკის გავლენას ეხმაურება...” - Stephen Dalton, The Hollywod Reporter.

- ელოდით ამ კინონოველის ასეთ დიდ წარმატებას? ეს სიხარული გაიზიარა ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდმაც, საიდანაც ოფიციალური მოლოცვის წერილი გამოაგზავნა EURIMAGES-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტო ოლამ: “ჩვენთვის EURIMAGES-ს ფონდისთვის დიდი პატივია რომ ამ ფილმთან ვასოცირდებით, ფილმის წარმატება ფონდის სისწორის კიდევ ერთი დადასტურებაა, რადგან პოპულარიზაციას უწევს მდიდარ კულტურულ მრავალფეროვნებას, რასაც ევროპული კინო ჰქვია...”

- როდესაც გამოაცხადეს რომ ჩემმა ფილმმა მიიღო “ბროლის გლობუსი”, ძალიან გახარებული ვიყავი… როგორ ავედი სცენაზე და რას ვლაპარაკობდი, არაფერი მახსოვს. გრანპრი ფილმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემთვის როგორც რეჟისორისთვის - ძალიან სასიამოვნო და ვფიქრობ, ასე იმიტომ მოხდა, რომ მთელმა ჯგუფმა ძალიან ბევრი და თავდადებით ვიმუშავეთ. ეს კი არასოდეს იკარგება. ფესტივალის დაჯილდოვების ცენერმონიალზე დარჩენას არ ვაპირებდით, რადგან ბილეთები გვქონდა და წამოსვლას ვაპირებდით, მაგრამ არ გამოგვიშვეს. კინოფესტივალის დირექტორმა კარელ ოხმა ფილმის პროდიუსერებს სთხოვა, რომ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი ფესტივალის ბოლომდე. სინამდვილეში რა ხდებოდა, არავინ იცოდა. კინოფესტივალზე ყველაფერი პროტოკოლითაა გაწერილი, არსებობს Dress-code... მე კლასიკური სტილის პიჯაკი არ მქონდა თან, ამიტომ სასწრაფოდ წამიყვანეს და შავი პიჯაკი ვიქირავეთ. დაჯილდოვებაზე ამ შავ პიჯაკთან მეცვა მწვანე ფერის პერანგი იმიტომ, რომ თან არც თეთრი ფერის პერანგი მქონდა. დარბაზში ვიჯექი, იყო რაღაცნაირი დაძაბულობა, მეც ვღელავდი. ამ დროს ძალიან ძნელია იფიქრო იმაზე, რომ შენი ფილმი არის რაღაცით გამორჩეული თან ისეთ ფესტივალზე, სადაც მთავარ სელექციაში მოხვედრა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. გრანპრი მიუწვდომელი მეგონა, თუმცა სანამ ფილმის გადაღებას დავიწყებდი, ამ მომენტზე სულ ვოცნებობდი. როდესაც “სიმინდის კუნძულის” გადაღებები მიდიოდა, არ ვფიქრობდი პრიზებზე, არანაირ ფესტივალებზე, ჩემი ამოცანა იყო, ფილმი წარმატებით დამესრულებინა. გრანპრის 25 ათასი დოლარი მოჰყვება, რომელიც ნაწილდება პროდიუსერებსა და რეჟისორს შორის. ეს არამხოლოდ რეჟისორის წარმატება, არამედ მთლიანად ფილმის აღიარებაა.

- რატომ გადაწყვიტეთ ამ თითქმის უსიტყვო კინოდრამის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გამართულიყო. თქვენ ხომ ვენეციისა და სან სებასტიანის კინოფესტივალებიდანაც მიიღეთ მოწვევები? ამ ფილმის მიმართ მაყურებლის მხრიდან კარლოვი ვარის კინოფესტივალზე იყო ძალიან დიდი ინტერესი, იყო დადებითი კინორეცენზიები, მეტიც, ეს კინოსურათი, რომელსაც ფილოსოფიური იგავი უწოდეს, კინოკრიტიკის რეიტინგების ლიდერი გახდა... კინოფესტივალის დირექტორი კარლ ოხი პირდაპირ ამბობდა: “ძალიან მიყვარს ქართული კინო, სამი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ ეროვნულ კინოცენტრთან და შემიძლია გითხართ, რომ “სიმინდის კუნძული” ნამდვილი შედევრია...” თქვენ როგორ აღიქვით “სიმინდის კუნძული” დიდ ეკრანზე?

- ჩემი ეს ფილმი პირველად ვნახე დიდ ეკრანზე და ძალიან გამიჭირდა, ეს 100 წუთი იყო ტანჯვის 100 წუთი, - სულ დაძაბული ვიყავი. ჩემი ყურადღება ფილმის ტექნიკურ მხარეზე იყო გადასული, - ხმა, გამოსახულება, მონტაჟი, ეფექტები... ვუყურე, მაგრამ ფილმი ვერც ემოციურად აღვიქვი და ვერც შინაარსობრივად. ვუყურე როგორც კინოპროდუქტს, რომელსაც აკვირდები თუ რამდენად შეიძლება იყოს ის მაყურებლისთვის საინტერესო. ჩემმა პროდიუსერებმა მითხრეს, რომ მაყურებელი მიჰყვებოდა და გრძნობდა ფილმს, მერე დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე იდგნენ და აპლოდისმნეტები რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან რაციონალური კინოპუბლიკა, რომელსაც ემოციები გარეთ არ გამოაქვს. კინოფესტივალზე მაყურებლის, კრიტიკისა და ჟიურის გემოვნება და ფილმის ემოციური აღქმა ერთმანეთს დაემთხვა, რაც ხშირად არ ხდება. როდესაც ვნახეთ, რომ კრიტიკის რეიტინგებში ჩვენების დღიდანვე ვიყავით პირველები, ვამბობდი, რომ ჟიურიზე მეტად კინოკრიტიკის შეფასება ყოველთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან ერთად ჩემთვის მთავარია მაყურებელი. თუ ფილმს იღებს მაყურებელი, თუ მასზე მოქმედებს და აფიქრებს, მე ეს განსაკუთრებით მიხარია. ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის ცხოვრების სტრატეგია, რომელ კინოფესტივალზე გაიმართება ფილმის მსოფლიო პრემიერა... ჩვენ გვქონდა ასეთი სიტუაცია: მაისში მივიღეთ ოფიციალური მოწვევა სან სებასტიანის მთავარი სელექციიდან, რაც ძალიან პრესტიჟული შემოთავაზებაა იმიტომ, რომ ესეც, კარლოვი ვარის მსგავსად, A-კლასის კინოფესტივალია და ვიფიქრეთ, კარგი დასაწყისი იქნებოდა ფილმისთვის. ძალიან დიდი ინტერესი იყო ვენეციის კინოფესტივალიდანაც. სელექციის კომიტეტმა ნახა ფილმი და ასეთი წერილი გამოგვიგზავნეს: “ყველას მოსწონს ფილმი, ყველა დარწმუნებულია, რომ საკონკურსო პროგრამაში უნდა იყოს, მაგრამ საბოლოოდ რომელ პროგრამაში მოხვდებით, ამას გაგაგებინებთ ივლისში.” ჩვენ არჩევანი უნდა გაგევკეთებინა: თუ დაველოდებოდით სან სებასტიანის კინოფესტივალს, მაშინ ფილმი რამდენიმე თვით უნდა გაგვეჩერებინა, - სექტემბრის შუა რიცხვებამდე, არადა, დრო ყველაზე მნიშვნელოვანია კინოსთვის, ფილმი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიტანო კინობაზარზე... ჩვენი ფილმი ჩეხური კორპროდუქციაც არის და ცხადია, იქაურ კინოგაქირავებაში მოექცეოდა. ჩემი ფრანგი პროდიუსერი კარლოვი ვარში შეხვდა კინოფესტივალის დირექტორს კარლ ოხს, იქ გადასცა ფილმის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ვერსია. მერე მათგან მივიღეთ ასეთი წერილი: “ჩვენ არ გვინდა დასრულებული ფილმის ნახვა, უკვე გიწვევთ Official Selection-ში.” კარლოვი ვარის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა თავიდანვე ემოციურად მიიღეს ჩვენი ფილმი. ფესტივალის დირექტორმა ასეთი წერილი გამოგვიგზავნა: “ხვალ არის ჩემი დაბადების დღე და თუ გიორგი ოვაშვილი დაგვთანხმდება ფესტივალში მიიღოს მონაწილეობა, ეს იქნებოდა ჩემთვის დიდი საჩუქარი.” - კარგი, კარლ ოხს მივულოცოთ დაბადების დღე და საჩუქარი გავუკეთოთ! - ვუთხარი ჩემს პროდიუსერებს. ფილმის კარლოვი ვარის ფესტივალზე გატანა სწორი სტრატეგიული ნაბიჯი იყო იმიტომ, რომ ფილმს გაცილებით უფრო გაუადვილდება შემდგომი ცხოვრება. მარტის ჩათვლით ყველაფერი უკვე დაგეგმლია, - ჩვენ სან სებასტიანის ფესტივალზე მივდივართ, ოღონდ არა Official Selection-ში, არამედ პროგრამაში Zabaltegi. ვენეციის კინოფესტივალი ჩვენთვის უკვე დაიკეტა იმიტომ, რომ აქ ითხოვენ მსოფლიო პრემიერას ისევე, როგორც ბერლინის კინოფესტივალზე. ჩვენ მივდივართ ტორონტოს კინოფესტივალზე, შემდეგ ამას მოჰყვება სამხრეთ კორეა... თბილისში სექტემბრის ბოლოს გვექნება პრემიერა და ფილმი უკვე ეკრანებზე გამოვა.

- ტყიბულის წყალსაცავში სპეციალურად ფილმის გადასაღებად შეიქმნა ხელოვნური კუნძული, დარგეს სიმინდის პატარა ყანა და იქვე აშენდა ქოხი... თქვენი ახალი კინონოველა ფსიქოლოგიური დრამაა სამ მთავარ გმირზე, რომლებიც ბედის განგებით მოხვდებიან ერთ პატარა კუნძულზე. ფილმში მოქმედება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საზღვარზე, – მდინარე ენგურზე ვითარდება. მოხუცი ბაბუისა და მისი 16 წლის შვილიშვილი გოგონას ერთი შეხედვით იდილიურ ცხოვრებას ქართველი მესაზღვრე არღვევს და აქ ჩნდება ის კონცეფცია, თუ როგორ შეძლებენ მტრულად განწყობილი ადამიანები ერთ ჩაკეტილ სივრცეში თანაარსებობას. ეს უკვე მეორე სრულმეტრაჟიანი კინოსურათია, რომელშიც ქართულ-აფხაზური თემა გრძელდება. ეს არის კინოსცენარი ადამიანურ ურთიერთობებზე მინიმალური დიალოგებით, მეტი მოქმედებით და კიდევ უფრო მეტი ემოციით, რომელსაც არა მარტო კითხულობ, არამედ ხედავ კიდეც. “ჩვეულებრივ მაყურებელს ფილმი შეიძლება მოსაწყენი მოეჩვენოს, რადგან მოქმედება ძალიან ნელა ვითარდება, მაგრამ მოთმინებით აღსავსე მაყურებლისთვის ეს არის ფილმის დიდ ეკრანზე ნახვის შესანიშნავი გამოცდილება... პირველი დიალოგი 20 წუთის შემდეგ იწყება, შემდეგი კი - 30 წუთიანი სიჩუმის მერეა. გოგოს უსიტყვოდ ესმის, რას მოელიან მისგან” - წერს კინოკრიტიკოსი Peter Debruge Variety-ში. ფილმში მინიმალური დიალოგები აფხაზურ ენაზეა?

- დიახ, იმიტომ, რომ პერსონაჟები - ბაბუა და შვილიშვილი აფხაზები არიან. დიალოგი ფილმში არის ძალიან მცირე, შეიძლება ითქვას, რომ 100 წუთიდან სულ 4-5 წუთი ეთმობა და ამ საუბარს უფრო ინფორმაციული დატვირთვა აქვს. რატომ გავაგრძელე ქართულ-აფხაზური თემა ახალ ფილმშიც? მეც მტკივა და განვიცდი ამ პრობლემას, ვფიქრობ, რომ კიდევ ძალიან ბევრია ამ მიმართულებით სალაპარაკო იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია გამოვხატოთ და ამ ურთიერთობებში ჩვენი ხედვა გაჩვენოთ. საერთოდ, კინოამბის თხობისას მე არასდროს მიყვარს წერტილის დასმა იმიტომ, რომ წერტილი არ არსებობს, ყველაფერი გრძელდება, ცხოვრებაც წერტილის გარეშე მიდის… წერტილის დასმა ფილმის ისტორიაში მაყურებელზე ძალმომრეობას ჰგავს. მან უნდა გააგრძელოს იმ ისტორიის ხედვა, ანუ ფიქრის საშუალებას ვუტოვებ, თავისუფლებას ვაძლევ... 2008 წელს, “გაღმა ნაპირის” გადაღების შემდეგ დავიწყე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი ფილმის სცენარი, თემა, სიუჟეტი, ამიტომ ხშირად მივდიოდი ბატონ ნუგზარ შატაიძესთან, ბევრს ვსაუბრობდით. ერთხელაც ასეთი რამ მიამბო: წვიმების სეზონზე მდინარე ენგურს კავკასიონიდან მოჰქონდა ძალიან ნოყიერი ნიადაგი, რომელიც გაიშლებოდა დაბლობზე, ან მდინარის ნაპირებზე, ან შუაგულში და ეს იყო ძალიან კარგი ადგილი იქაური გლეხებისთვის - ამ მიწაზე მოყავდათ სიმინდის მოსავალი. ეს სიმბოლურად მენიშნა! ვუთხარი ბატონ ნუგზარს: - რას ფიქრობთ, შეიძლება ეს ფაქტი ფილმის საფუძვლად გამოდგეს? მახსოვს, სკეპტიკურად შემომხედა და: - მხატვრული ფილმისთვის ცოტა გართულდება, დოკუმენტური სურათისთვის უფრო შეიძლებაო. გარკევული დროის მერე ჩვენ დავიწყეთ სცენარზე მუშაობა, გავყევით ისტორიას, სიუჟეტში სამი პერსონაჟი მოვიყვანეთ: ბაბუა, ანუ მოხუცი გლეხი, - ცენტრალური ფიგურა, რომელზეც აშენდებოდა მთელი ისტორია, გოგონა, - შინაგანი კონფლიქტისთვის, რომელიც ბაბუას საქმიანობაში ეხმარება, და ახალგაზრდა კაცი, - მტრის მხრიდან მოსული, რომელიც სიუჟეტში გარკვეულ უცნაურ, არაკლასიკურ სამკუთხედს შეკრავდა. სიმინდის კუნძული, სადაც ჩვენ ამ ისტორიას ვათამაშებთ, გარკვეულწილად სამყაროს მინიმოდელია. ეს კუნძული გაზაფხულზე ჩნდება, ასრულებს თავის მისიას, მერე შემოდგომის წყალდიდობებზე ისევ მდინარეს მიაქვს... ეს დაუსრულებელი ციკლია ბუნებაში. ბაბუის როლს თამაშობს ილიას სალმანი, რომელიც ჩემთვის ვიზუალურადაც საინტერესო იყო და სამსახიობო შესაძლებლობებითაც. მე ვნახე მისი შესრულებით თურქული ფილმი “მდუმარების ღამე”, 2012 წლის კინონამუშევარი, ძალიან კარგი ფილმი, კარგად გაკეთებული და ეს მომენტი იყო ჩემთვის გადამწყვეტი, - სრულიად არაორდინალური პერსონაჟი გაჩნდებოდა კუნძულზე, სრულიად სხვა განზომილებიდან... ჩემი ფილმისთვის ყოველთვის ვეძებ განსხვავებულ ტიპაჟებს თავისი ინდივიდუალური ისტორიებით. მარიამი რაღაც სრულიად სხვა სამყაროდანაა ისევე, როგორც თედო ბექაური “გაღმა ნაპირში”, ბედმა გამომიგზავნა, თან რეალურია, თან არარეალური... მარიამი ძალიან ჩაკეტილი ბავშვია, რთულია რამე ათქმევინო, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი შინაგანი ბუნება, მორიდებულობა, უკონტაქტობა დაეხმარა ამ როლის შექმნას, ამ გმირის ხასიათთან ძალიან ახლოს იყო.

- ევროპული კინოკრიტიკა აქტიურად წერდა ფილმის მთავარი გმირების ბუნებრივ თამაშზე, - “100 წუთის განმავლობაში არ არის მომენტიც კი იფიქრო, რომ ისინი თამაშობენ. ისინი ცხოვრობენ ეკრანზე და ესეც გამორჩეული სანახაობაა ფილმში.”

- ასეთი შეფასება ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, ძალიან მიხარია, რომ მარიამი, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა კინოში, ასე კარგად მიიღო მაყურებელმა, ჟიურიმ, კინოკრიტიკამ... როდესაც ვეკითხებოდი: - მოგწონს აქ ყოფნა? თავს დამიქნევდა მხოლოდ. ძალიან ინერვიულა ფილმის ჩვენების დროს, ფილმის წარდგენის მერე ვკითხე, დარჩები მაყურებელთან ფილმის გარჩევაზე? არა, არ მინდაო. რა თქმა უნდა, რთული იყო მარიამის გახსნა კინოში, თავიდან არც იცინოდა, არც იღიმებოდა, ასჯერ უნდა გეკითხა პასუხი რომ გაეცა, ისიც ძალიან მოკლედ, ან თავის დაქნევით. მერე და მერე გაიხსნა, დაიწყო კამერასთან მუშაობა, თანდათან ათამაშდა, - ნაბიჯ-ნაბიჯ... იქ არის სცენები, როდესაც მარიამი წყალშია. გადაღებები ღამით გვქონდა, ციოდა, წყლის ტემპერატურა იყო 15 გრადუსი, ამ დროს უნდა გადავიღოთ 10-15 დუბლი და ერთი საყვედური არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე პირობები იყო სამუშაოდ. მარიამმა მართლაც თავი დადო ამ ფილმისთვის. მან იგრძნო ეს პასუხისმგებლობა, თავიდანვე ძალიან მომენდო, საკმარისი იყო მე მისთვის ცოტა მკაცრად შემეხედა, ის მაშინვე ტირილს იწყებდა. ეს მომენტი “დავიჭირე” და იყო დრამატული, ემოციური სცენები, როდესაც მას უნდა ეტირა ფილმში. ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ამ დროს მე შევუბღვირე, გავუბრაზდი: - რას მიკეთებ, ახლავე სახლში გაგიშვებ მეთქი! და, მაშინვე დაიწყო ტირილი...

- ტექნიკურად რამდენად რთულია წყალზე კინოგადაღებები?

- ეს არის ტანჯვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი. ამას ჭირდება მინიმუმ 3-ჯერ, 4-ჯერ მეტი ბიუჯეტი, ვიდრე ჩვენ გვქონდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ თითქმის შიშველი ხელებით! ძალიან სასიამოვნოა, როდესაც The Hollywod Reporter წერს: “ჩვენ ეკრანზე არ ვხედავთ არანაირ სირთულეს, მაგრამ თუ კარგად ჩავხედავთ, ფილმის მიღმა რა წარმოება იყო ჩატარებული, შეიძლება ჰოლივუდის სტუდიების დიდ ფილმებსაც კი შეშურდეთ ასეთი ფილმის წარმოება...” ამგვარი შეფასება ჩემი ფილმის წარმოებისთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია, მთელმა კინოჯგუფმა თავგანწირვით იმუშავა. ჯერ მარტო კუნძულის აშენება ტყიბულის შუა წყალსაცავში იყო რთული იმიტომ, რომ ამის გამოცდილება არავის არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ევროპაშიც ვერ მოვიძიეთ კომპანია, რომელიც კუნძულს ააშენებდა, ვერავინ აიღო ეს პასუხისმგებლობა... რამდენიმე კომპანიამ საქართველოში იმუშავა, ჩაატარეს კვლევები, გაზომეს, გააკეთეს პროექტი, მაგრამ ბოლოს ყველა უარს ამბობდა: - ამას ვერ შევძლებთ, ხელოვნური კუნძული დაიშლება, ჩაიძირება, ვერ გავაჩერებთ ამ სიღრმე წყალშიო, - გვეუბნებოდნენ. უცბათ გამოჩნდა მშენებელი თემურ ალბექიონი, რომელმაც თქვა: - მე ამას გავაკეთებ, თქვენ ადგილი მაჩვენეთო. წავიყვანეთ ტყიბულის წყალსაცავში: - რა ზომის უნდა იყოს კუნძული? - 1500. - წყლისსიღრმე რამდენია? - 5 მეტრი.- კარგი, მოვიყვან ტექნიკას და 4 კვირაში ავაშენებო! თავიდან შეგვეშინდა, არარეალურად მოგვეჩვენა, მისი თანხმობა, ამიტომ ვკითხე: - გაქვს ამის გამოცდილება? - არა, რად მინდა გამოცდილება, ავდგები და ავაშენებო! - იმედიანად მიპასუხა. - ეს კუნძული თუ ჩაიძირა გადაღებების პერიოდში, ძალიან დაჯარიმდებით-მეთქი. და, იცით, მასაც სულ ეშინოდა, ნერვიულობდა. ამ კუნძულის გარდა, მეორე კუნძულის აშენებაც მოგვიწია. ჯერ აუზი გავაკეთეთ, სადღაც მინდორში მდინარიდან წყალგაყვანილობის სისტემა შემოვიყვანეთ და შევქმენით კუნძულის მინიმოდელი, სადაც გადავიღეთ ფილმის ბოლო სცენები, - როდესაც ეს კუნძული უნდა დაიშალოს, ჩაიძიროს, დაიტბოროს იმიტომ, რომ შემოდგომაზე ეს კუნძულები მდინარეს მიაქვს... ამისთვის ფანტასტიური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდა. ასეთი მუშაობა ჩემთვის და ჩემი ჯგუფისთვის იყო უზარმაზარი გამოცდილება, ძალიან კარგი ჯგუფი მუშაობდა, ჩვენ არ ვიცოდით რა გამოვიდოდა, სამაგიეროდ ვიცოდით რა გვინდოდა, ამიტომ მაინც ვაკეთებდით.

- თქვენს ბიოგრაფიაშია ფილმები აფხაზეთის თემაზე: “გაღმა ნაპირი”, “სიმინდის კუნძული” და “ხიბულა” - ასე შეიკვრება კინოტრილოგია სამშობლოდაკარგული თაობის შვილებისა და მათი შინაგანი სიღრმეების შესახებ... ვისთან ერთად მუშაობთ კინოსცენარზე ფილმისთვის “ხიბულა”?

- სცენარი დასრულებულია, ახლა სცენარის სარეჟისორო ვერსიაზე ვმუშაობ... ჩემთან ერთად სცენარის ავტორი არის რულოფ იან მინებო, რომელმაც ასევე იმუშავა “სიმინდის კუნძულზე”. ის არის ძალიან კარგი სპეციალისტი, ე.წ. სცენარის ექიმი. საბოლოოდ, “სიმინდის კუნძულის” სცენარმა შეძლო მოეპოვებინა დაფინანსება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდიდან. ხიბულა არის სოფელი სამეგრელოში, სადაც ერთ-ერთ ოჯახში აღმოაჩინეს გარდაცვლილი თუ მოკლული საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ეს იქნება დრამა, ოღონდ არც ბიოგრაფიული, არც დოკუმენტური, ეს იქნება მხატვრული კინოსურათი, რომელიც ასახავს ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო დღეებს და დაფუძნებული იქნება 1993 წელს მომხდარ რეალურ მოვლენებზე. ამ თემის კინოში გადატანა უკვე 15-20 წელია მინდა, მაგრამ აქამდე არ იყო ამისთვის მომზადებული დრო. ახლა კი ვფიქრობთ რომ ეს დრო მოვიდა. პროექტი ადგილიდან დაძრულია, ახლა ვიწყებთ კინობიუჯეტზე მუშაობას, - ჩართულები არიან კოპროდიუსერები ფრანგული, გერმანული, ყაზახური მხარე... ფინანსების მოძიება გრძელდება და ვფიქრობ, ამ ფილმისთვის ბიუჯეტის შევსება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ეს იყო “სიმინდის კუნძულის” შემთხვევაში. ამ პროექტით მინდა ამოვწურო საქართველოს უახლესი ისტორიის ეს ურთულესი პერიოდი, აფხაზეთის პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მაწუხებს.

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს