ლიტველი ფოტოგრაფის თბილისური გაჩერება
06 აგვისტო, 2014
2325
print

აქამდე რამდენიმე ათასი კილომეტრი გამოიარა. ალბათ უფრო თვითმფრინავით, მაგრამ, შეიძლება, ეს გზა მანქანით, ველოსიპედით, გორგოლაჭებით ან, სულაც, მფრინავი ხალიჩით დაფარა. გამოიარა კილომეტრები და გაჩერდა. თბილისი დონატას სტანკევიჩუსის ამჟამინდელი გაჩერებაა. მართალია, დროებითი, მაგრამ ზუსტად ისეთი, როგორიც მთელ მსოფლიოში გაფანტული გაჩერებებია. ზუსტად ასეთია ფოტოგალერეა „კონტეინერიც“. ჩვეულებრივ გაჩერებაზე დიდი არც ისაა, მაგრამ ლიტველი ფოტოგრაფის გიგანტური პროექტი მაინც თავისუფლად დაიტია.

„კონტეინერში“ დონატას სტანკევიჩუსის მხოლოდ სამი ნამუშევარია გამოფენილი. თითო ფოტო ერთ მთლიან კედელს ფარავს, რაც გალერეაში შესვლისთანავე ქმნის ქუჩაში აღმოჩენის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის განწყობას. საქმე ის გახლავთ, რომ ლიტველი ფოტოგრაფი ავტობუსის გაჩერებების იღებს. ის, რაც ყველა დანარჩენისთვის ყოველდღიური რუტინა და მარტივი პროზაა, დონატას სტანკევიჩუსისთვის, დიდი ხანია, პოეზიად იქცა. ეს მისი მორიგი პროექტია, მორიგი განაცხადი, საზოგადოების მიკრომოდელის შექმნის ერთგვარი მცდელობა, რომელიც ადვილად შესამჩნევი ერთფეროვნების მიუხედავად, ამავე საზოგადოებას განსხვავებული რაკურსით, განათებითა და ფოკუსით წარმოგვიდგენს.

დონატას სტანკევიჩუსი გაჩერებას გარდამავალი ეტაპის ფუნქციას ანიჭებს. ამბობს, რომ ეს ერთგვარი განსაწმენდელია, შუალედური რგოლია, როდესაც ადამიანი მის მიერ უკვე განვლილ და მომავალში გასავლელ გზებზე ფიქრობს. „გაჩერებაზე ყოფნისას, თითქოს არსად არ ხარ. საიდანღაც მოდიხარ და სადღაც მიემართები, მაგრამ გამგზავრების მოლოდინის რამდენიმე წუთი არსად გამყოფებს. ეს ცალკე მოცემულობაა, აუცილებელი მდგომარეობაა, რადგან ამის გარეშე გზას ვერ განაგრძობ“, - ამბობს ფოტოგრაფი.

როგორც წესი, დონატას სტანკევიჩუსის ნამუშევრები მასშტაბური ზომებით გამოირჩევა, მაგრამ „კონტეინერისთვის“ განსაკუთრებით გაისარჯა და გალერეის კედლებზე განთავსებულ ფოტოებს ნატურალური ზომა მისცა. მისი თქმით, ეს დამთვალიერებელს თავს უფრო კომფორტულად აგრძნობინებს, ბუნებრივ გარემოში ამყოფებს, რასაც გამოფენის ფონად ჩართული საგზაო მოძრაობის ხმის ჩანაწერიც ემატება. ფოტოგრაფი ამბობს: „ეს განწყობითი პროექტია, მხოლოდ ვიზუალური აღქმა საკმარისი არაა, ამიტომ გამოფენაზე განსაკუთრებული გარემოს შექმნა აუცილებელია. აქ მოსულ ადამიანს უნდა ჰქონდეს განწყობა, რომ რაღაცას ელის, რომ დროებითი შესვენების შემდეგ კვლავ შეძლებს გზის გაგრძელებას. ჩვენ ხომ სწორედ ასეთ პირობებში, ასეთი ხმების ფონზე გადავადგილდებით, ვიცვლით გარემოს, თანამგზავრებს და ვიცვლებით თავადაც.“

დონატას სტანკევიჩუსის ნამუშევრებში მოხუცები სჭარბობენ, თუმცა არა იმიტომ, რომ ფოტოგრაფის აზრით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ ისინი გადაადგილდებიან. მოხუცების სახეები მას კონტრასტისთვის დასჭირდა - თანამედროვე რეკლამების ფონზე გაცილებით საინტერესოდ და გამოკვეთილად გამოიყურებიან და უნებურად იმ პროდუქტის რეკლამების გმირებად იქცევიან, რომელსაც თავად ალბათ არასდროს გამოიყენებენ...

ლიტველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გმირები სამუდამოდ აღბეჭდილ კადრში ბუნებრივად აგრძელებენ ცხოვრებას, არ პოზიორობენ, არც კამერისგან გაქცევას ცდილობენ. როგორც დონატას სტანკევიჩუსი ამბობს, ეს მისი ანონიმურობის დამსახურებაა: „როგორც წესი, მანქანით ან ველოსიპედით გადავადგილდები, მაგრამ პროექტის განხორციელების მიზნით თითქმის ერთი წლის განვალობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობდი. ვცდილობდი, ტურისტის შთაბეჭდილება დამეტოვებინა, გამუდმებით ვატარებდი ყურსასმენებს და მუქ სათვალეს, რითიც გაჩერებაზე მომლოდინე ადამიანების ყურადღებას ვირიდებდი. ფოტოაპარატი სახესთანაც კი არ მიმქონდა, ფაქტობრივად, ჯაშუშივით ვმუშაობდი, თუმცა ამ მცდელობამ საუკეთესო შედეგი მომცა.“

დონატას სტანკევიჩუსი თბილისში მხოლოდ გამოფენისთვის არ ჩამოსულა: ჩაატარებს ლექციას თემაზე „როგორ წარმოვადგინოთ ფოტოგრაფია დღეს“, დაინტერესებულ პირებს კი ძირითადად საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. როგორც თავად ამბობს, თანამედროვე ფოტოგრაფია გამუდმებით იცვლის ფორმასა და შინაარსს, ამიტომ მას პრეზენტაციის შესაბამისი პირობებიც სჭირდება. ფოტოგრაფმა უნდა იცოდეს, როგორ შეკრას პროექტი, როგორ დაგეგმოს გადაღებები, განახორციელოს ჩანაფიქრი და დამთვალიერებელსაც წარუდგინოს. რამდენად საინტერესოა დონატას სტანკევიჩუსის პირადი გამოცდილება და რჩევები, ამის გაგება ნებისმიერ მსურველს დღეს კვლავ გალერეა „კონტეინერში“ შეეძლება.

 

 ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე
26 ივნისი, 2015 ArtVilnius-ზე ”კონტეინერი” ჩადგეს
24 ივნისი, 2015 მეორე მსოფლიო ომი ეროვნულ მუზეუმში
27 მაისი, 2015 ქართული ფოტოგრაფიის დღე
24 აპრილი, 2015 განდევნილი ჰიუგოს ფოტომატიანე
24 მარტი, 2015 ჰიტლერის აკვარელს აშშ-ის აუქციონზე გამოფენენ
26 იანვარი, 2015 მხატვრის წიგნი - პირველი გამოცემა
13 იანვარი, 2015 ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაციისთვის მზადაა
08 დეკემბერი, 2014 მზადება ვენეციის ბიენალესთვის
04 ნოემბერი, 2014 „არტისტერიუმი“ მეშვიდედ ბრუნდება