როგორ დავუმეგობრდეთ ყინულის დრაკონს
08 აგვისტო, 2014
1494
print

ჯორჯ მარტინი სისხლისმსმელი, დაუნდობელი, ღვთის პირიდან გადავარდნილი მანიაკი ”მკვლელი” რომ არის, ამაზე მთელი მსოფლიო დიდი ხნის წინ შეთანხმდა. შეხედავ და მაშინვე გრძნობ სისხლის სუნსა და გემოს, ”ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” საყვარელი პერსონაჟები გახსენდება და გონებაში მათი სიკვდილის (უფრო კი სასტიკი მკვლელობის) ათასგვარ სცენას წარმოიდგენ. და უცებ გახსენდება ისიც, რომ ამ ადამიანს საბავშვო ლიტერატურაც აქვს შექმნილი, მაგალითად ”ყინულის დრაკონი”, რომლის ხელახალი გამოცემას თავად ავტორის ინიციატივით იგეგმება.

ეს ნაწარმოები მარტინმა ჯერ კიდევ კარიერის გარიჟრაჟზე, მსოფლიო აღიარების მოპოვებამდე დაწერა. ”ყინულის დრაკონი” პირველად 1980 წელს გამოსცეს, ხოლო 2007 წელს ხელმეორედ გამოვიდა, ამჯერად ივონ გილბერტის გრაფიკაში შესრულებული ილუსტრაციებით. ახალი გამოცემის ილუსტრაციებზე კი ცნობილი ესპანელი ფენტეზი მხატვარი ლუის როიო იმუშავებს, რაც უკვე გახლავთ ხარისხის გარანტი.

ნაწარმოები ”ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში” აღწერილ სამყაროში ვითარდება, არის რამდენიმე საერთო ლოკაცია და პერსონაჟიც, თუმცა სრულიად დამოუკიდებელი ნაწარმოებია და, რაც მთავარია, ის საბავშვოა.

”ყინულის დრაკონის” პროტაგონისტი პატარა გოგონა ადარაა. ის ხანგრძლივი ზამთრის პერიოდში დაიბადა. ამჯერად ზამთარი იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ ცოცხალთა შორის აღარავის ახსოვს, როდის დაიწყო. რადგან ადარა ზამთარში დაიბადა, სიცივე და სუსხი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, მუდამ ყველაზე ცივი ადგილებისკენ იწევს, მისი კანიც მუდამ ცივია და თავად კი არასდროს იცინის. ადარა ერთადერთია, ვინსაც ყინულის დრაკონთან შეუძლია მიახლოვება. ჯერ კიდევ 4 წლის იყო, როდესაც დრაკონს პირველად შეეხო, ხუთი წლისა კი უკვე მასზე ამხერდებული დაჰქროდა. ადარა დრაკონთან მეგობრობს, დანარჩენი ადამიანები კი გაურბიან, რადგან ყინულის დრაკონის მოთვინიერება მანამდე არავის შეძლებია. ერთ დღესაც ადარას მშობლიურ ქალაქს ჩრდილოეთიდან მოფრენილი ცეცხლის დრაკონები დაესხმებიან თავს. ყინულის დრაკონი მათთან ბრძოლაში გაიმარჯვებს, თუმცა მოულოდნელად გაქრება, ქალაქში კი ყინულივით ცივი წყლის პატარა ტბა გაჩნდება. დრაკონის გაუჩინარების შემდეგ ადარას სიცივე ტოვებს და ჩვეულებრივ გოგონად იქცევა.

მოკლედ, ძალიან სევდიანი და საყვარელი ისტორიაა, რომელსაც, იმედია, ჩვენი გამომცემლობებიც თარგმნიან და პატარა მკითხველისთვის გამოსცემენ.

ა, დროს კი რა ხდება ჯორჯ მარტინის მთავარ სამწერლო ასპარეზზე - წერს, კაცი, მეტი რა ქნას! ფრენჩაიზის მეექვსე წიგნი ”ზამთრის ქარები” გეგმის თანახმად მომავალ წელს უნდა გამოვიდეს, მეშვიდე, ”გაზაფხულის ოცნებები” კი, სავარაუდოდ, 4 წლის შემდეგ. მანამდე კი სერიალ ”სამეფო კარის თამაშების” გადაღება გრძელდება, ქასთი და სხვა დეტალები უკვე ცნობილია, მისი ჩვენება კი, ტრადიციულად, გაზაფხულზე განახლდება.

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული