ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
12 აგვისტო, 2014
1981
print

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი, 15 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედრის პოვნიდან ერთი საათიც არ იყო გასული, როდესაც შსს-მ საქმის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გარდაცვლილი ოჯახის წევრები და უბრალო ნაცნობებიც კი თვითმკვლელობის ვერსიას თავიდანვე (სხვა თუ არაფერი, კიწმარიშვილის პიროვნებიდან გამომდინარე) გამორიცხავდნენ. დროთა განმავლობაში კი, იმას, რომ კიწმარიშვილს არც დეპრესია აწუხებდა და სამომავლო გეგმებიც დაწყობილი ჰქონდა, დაემატა ფაქტებიც - სხვა მხარეს შებრუნებული კამერა, შეკრული ღვედი, ანთებული ფარები, იარაღი, სადაც ანაბეჭდის მხოლოდ ფრაგმენტებია და სხვა.

კიწმარიშვილის გარდაცვალებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ის მოეკლათ, „რუსთავი 2“ იყო. გარდაცვლილი მთავარი მოწმე იყო ტელეკომპანიის გასხვისების საქმეში და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში, იმასაც ამბობდა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის გამოძიება მისი გვერდის ავლით ვერ მოხერხდებოდა.

12 აგვისტოს ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ -ის გარდა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლებელი იყო, კიწმარიშვილი მოეკლათ.

საჯაიას მტკიცებით, ეს მიზეზი ბარბარე რაფალიანცის საქმეა. ახალაიას ადვოკატმა პრესკონფერენციაზე, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიწმარიშვილი რაფალიანცის გახმაურებულ საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო.

შეგახსენებთ, რომ მცირეწლოვანი ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინა ღამეს, გარდაცვლილი ქვევრში იპოვნეს. მაშინ ”ქართული ოცნების” წევრებმა მცირეწლოვანის სიკვდილში ”ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულეს. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო და მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ღარიბაშვილი ახლა პრემიერ-მინისტრია, რაფალიანცის საქმე კი - გამოუძიებელი.

რომეო საჯაიას მტკიცებით, ეროსი კიწმარიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდა. მისივე თქმით, შეხვედრას, სადაც ბარბარე რაფალიანცის საქმე დაიგეგმა, ესწრებოდნენ პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ეროსი კიწმარიშვილი.

"ჩვენიინფორმაციით, ნაცვლიშვილი და კიწმარიშვილი იყვნენ წინააღმდეგი რაფალიანცის საქმის განხორციელების. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მაინც და მაინც უკავშირდება ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას, მაგრამ არის ძალიან ცუდი ნიშნები - ისე უცებ, პროფესიონალურად არის შესრულებული მკვლელობა, რომ ოჯახსაც კი უჭირს რეალური ვერსიის დადგენა. შესაძლებელია, ეროსი კიწმარიშვილი აპირებდა ამის თქმას და ეს იქნებოდა ძალიან დამაზიანებელი, გამოიწვევდა ხელისუფლების მოშლას, ამ მთავრობის გადაგდებას. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების", - განაცხადა საჯაიამ.

 

მისივე თქმით, "ციხის კადრების ეთერში გასვლამ საზოგადოების შოკი და აღშფოთება გამოიწვია, რაც "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამდა წყალს. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს ტრაგედიებით და პიარით ლეგენდის ვერსიის შეთხზვა, რომელიც დააზარალებდა "ნაციონალურ მოძრაობას".

 

"ეს არჩევნებზე იქონიებდა გავლენას, რასაც უნდა გამოეწვია ხალხის აგრესია "ნაციონალების" მიმართ. ერთ-ერთი გეგმა იყო რაფალიანცის ბავშვის გადამალვა. ის, რომ ბავშვი მოკლულია, ფაქტია, საქმე კი არ არის გახსნილი იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ინტერესებია. თავის დროზე გავრცელდა კულტურის მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის განცხადება, რომ ბავშვი მოკლეს. იქ იყო ალასანიაც. ეს ოჯახი გამოიყენეს ისე, როგორ ცუნდოდათ, ტრაგედია შექმნეს. არც "ქართული ოცნება" და არც ერთი პარტია არ ღირს ბავშვის სიკვდილად", - განაცხადა საჯაიამ და განმარტა, რომ უახლოეს დღეებში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მისთვის უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

iva shilakadze
სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა
24 მარტი, 2014 გიორგი ბარამიძე: “ასეთი მკაცრი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არ მახსენდება”