მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
25 აგვისტო, 2014
1670
print

გიგა გურასაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები წლის უმთავრესი გამოცდის ჩასაბარებლად ჩელიაბინსკის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობას შეუდგა. მსოფლიოს რანგში აყვანილ რუსულ ტატამზე 110 ქვეყნის ნაკრებებს შორის ირაკლი უზნაძის გუნდიცაა წარმოდგენილი, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლას შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთში შეუდგნენ თუ შეუდგებიან.

საქმე ისაა, რომ მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ”ტრაქტორის” არენაზე, სადაც დღეს აიღო სტარტი მსოფლიო პირველობამ, 66 და 100 კილოგრამ წონითი კატეგორიებში საქართველოს ნაკრებს წარმომადგენლები არ ჰყავს. სამაგიეროდ სხვა დანარჩენ წონებში ორ-ორი ძიუდოისტით ვავსებთ ამგვარ დანაკლის. გამონაკლისი მხოლოდ საწყისი 60 კილოგრამია, სადაც ამირან პაპინაშვილის სახით ერთადერთი ძიუდოისტით ვარ წარმოდგენილი. კარგი ისაა, რომ დღესვე მისი წყალობით ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ.

ნაკრების უმსუბუქესი წონითი კატეგორიის წარმომადგენელს ამირან პაპინაშვილს განთესვის წყალობით პირველ წრის გამოტოვება მოუწია, მერე კი ჰოლანდიელ ხეროენ მორენს ვაზარით აჯობა. ბრიტანელ ეშლი მაკენზის ჯერ ვაზარი შეუსრულა და ბოლოს შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე იპონით მოუგო. ფრანგ სოფიან მილუსთან მეოთხედფინალიც დროზე ადრე დაასრულა, მაგრამ იქამდე მეტოქესაც მისცა იუკოსა და ვაზარის ართმევის უფლება, თავად კი იუკო ჩაიწერა და ბოლოს ნახევარი წუთით ადრე წმინდა გამარჯვებაც იზეიმა.

2013 წლის ევროპის ქართველ ჩემპიონს ნახევარფინალში მონღოლ ბოლდბაატარ განბატის სახით გაცილებით ძლიერი მეტოქე ელოდა, მაგრამ უპირატესობა არცერთ მათგანს არ მოუპოვებია. შედეგი ისაა, რომ უილეთო ორთაბრძოლაში ქართველი გაფრთხილებებით (3:2) დამარცხდა.  

ერთი სიტყვით, ამირან პაპინაშვილს ერთგვარი რეაბილიტაციისთვის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რომელიც ისრაელის წარმომადგენელ არტიომ არშანსკისთან ბოლო 15 წამში ვაზარით გამოიყენა კიდეც და საქართველოს საჩემპიონო ყულაბაში პირველი მედალს მიუჩინა ადგილი, პლუს გამოიმიშავა სარეიტინგო ქულებიც.

100 ქვეყნის 388 ვაჟი ძიუდოისტი, ქალთა ნაკრებების ჩათვლით 110 ქვეყანა და ჯამში თავმოყრილი 639 ძიუდოისტი მედლებთან ერთად მდიდარ სარეიტინგო ქულებსაც გამოიმუშავებენ.

ჩემპიონობა 900, ვერცხლი 540, ხოლო ბრინჯაო 360 ქულად ფასობს. ქულებია გათვალისწინებული მეხუთე და მეშვიდე ადგილებისთვისაც (შესაბამისად 180 და 144 ქულა).

ერთი სიტყვით, ოლიმპიური თამაშების შემდეგ, სადაც შესაბამისად ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო 1000, 600 და 400 ქულად ფასდება, ყველაზე მსუყე ქულები სწორედ მსოფლიოზე გაიცემა. კარგი ისაა, რომ მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა ამირან პაპინაშვილმა მესამე ადგილით ამგვარი მონაგარი გაზარდა. ეგაა, უახლოეს რეიტინგში მის დაქვეითებას მაინც უნდა ველოდოთ, რადგან ნახევარფინალში ქართველის მძლეველმა რეიტინგის მესამე ნომერმა მონღოლმა მოგვიანებით ჩემპიონობა იზეიმა და 1666 ქულას 900 შემატა, რაც ჯამში 2566 ქულას და მეორე საფეხურზე დაწინაურებას უდრის. პაპინაშვილი კი 2430 ქულით მესამეზე დაქვეითდება.

ისიც ვთქვათ, რომ რეიტინგის მოწინავე და მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა იაპონელმა ნაოჰიშა ტაკატომ ქართველივით მესამე ადგილი დაიკავა.,მონაგარი კი 2860-მდე გაზარდა.
ხვალ მედლები ვაჟთა 66 და ქალთან 52 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან აღნიშნულ წონებში საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავს.

ირაკლი უძნაძის რჩეული გუნდი, რომელიც 25-30 აგვისტოს ჩათვლით პირად პირველობაში მოსინჯავს საკუთარ ძალებს, ასე გამოიყურება: ამირან პაპინაშვილი (60 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81 კგ.), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100 კგ).

საგულისხმოა ისიც, რომ 31 აგვისტოს პირადი პირველობის დასრულების შემდეგ მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ჩამოთვლილ ძიუდოისტებს შალვა ქარდავა (66 კგ.) და ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ.) დაემატებიან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირაკლი უზნაძის გუნდს შარშან რიოში გუნდურში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობა აქვს დასაცავი. წარმატების შემთხვევაში ტიტულების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. ასეთი მაჩვენებელი კი დღეს მხოლოდ ძიუდოს ფუძემდებლებს - იაპონელებს აქვთ.

და ბოლოს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მონაწილე გვეყოლება ქალთა ასპარეზობაშიც - ჰოლანდიელ ესტერ სტამს (70 კგ.) საქართველოს სახელით მსოფლიო პირველობაზე დებიუტი ელის.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ვაჟები

60 კგ.

1. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2. ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)

3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3. ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)

ქალები

48 კგ.

1. ამი კონდო (იაპონია)

2. პაულა პარეტო (არგენტინა)

3. ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

3. მარია სელია ლაბორდე (კუბა)

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა
21 დეკემბერი, 2013 წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის