რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
08 სექტემბერი, 2014
1983
print

თიკა ნიკოლაძე

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე არ გაზრდილა და ამის დასამტკიცებლად სტატისტიკას იშველიებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობა დასაფასებელია და საზოგადოების აღშფოთებას კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს აბრალებს. მოკლედ, თუ მთავრობის წევრებს დავუჯერებთ, ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა მაგრამ, რატომღაც, მასობრივი რეიდები დაწყება მაინც საჭიროდ მიიჩნიეს.

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე მოხდა და ე.წ. რეიდების შედეგები ძალიან კარგია და საზოგადოება პოზიტიურად და დადებითად აღიქვამს. მისი თქმით, პოლიციელები სპეციალურ საპოლიციო კონტროლს მაქსიმალური სიზუსტით და კანონის დაცვით ასრულებენ.

"ეს არ არის რეიდები, როგორიც საბჭოთა რეალობისთვის იყო ცნობილი, არ არის 20 წლის განმავლობაში ძველ პოლიციის შესახებ კანონში ჩარჩენილი რეგულაცია. ეს არის სრულიად ახალი, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ამ რეგულაციის შემოღების დროს ხანგრძლივი დებატები გვქონდა პარლამენტში, რათა მომხდარიყო ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა. ეს ღონისძიება ემსახურება პრევენციულ ღონისძიებებს მიმართულს მოქალაქეთა დაცვის მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა. პოლიციელები ამ ღონისძიებას მაქსიმალური სიზუსტით და კანონის დაცვით ასრულებენ," - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით, სტატისტიკური მონაცემების დაჯამების შემდეგ გახდება ცნობილი. ასევე ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი.

რაც შეეხება, იმას, იყვნენ თუ არა შესაბამისად მომზადებული პოლიციელები, იზორია აცხადებს, რომ, მინისტრის ბრძანებით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის კანონიერი განხორციელების კონტროლი დავალებული აქვს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

"ყველა ფაქტი შესწავლილი იქნება, რომელიც სამართალდარღვევას ავლენს. როგორც კი ახალი კანონი მივიღეთ, რამდენიმე თვე გაგრძელდა პრაქტიკული შესწავლა კანონის, რომ პოლიციელებს მიეღოთ მაქსიმალური ინფორმაცია. მათ დიდი ხანია რაც ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ერთია, რომ პოლიციელმა იცის რა ფარგლებში მოქმედებს, მეორეა, მოქალაქემაც იცოდეს რა ფარგლებში აქვს პოლიციელს მოქმედების საფუძველი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს აქვს პრეტენზია, არ იცის, რომ პოლიციელს ამ კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში ზედაპირული დათვალიერების და შემოწმების უფლება აქვს. ჩხრეკის უფლება კი აქვს მაშინ, როდესაც სამართლებრივი საფუძველი წარმოიშობა. დარწმუნებული ვარ, ხშირ შემთხვევაში მოქალაქემ არ იცის პოლიციელის კანონიერი უფლების შესახებ და სასურველია გაეცნოს," - განაცხადა იზორიამ. ...

მაგრამ ერთია, რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე და მეორეა, რას ამბობს ის ხალხი, ვინც რეიდების „მსხვერპლი“ გახდა. მაგალითად, დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი პოლიციელის მიერ მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ძალოვანი უწყებიდან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს და მომხდართან დაკავშირებით შს მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

„6 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 11 საათზე მეგობართან ერთად, ავტომანქანით ნათესავის სანახავად მივდიოდი. ავტომანქანა მის სახლთან, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე გავაჩერეთ. ამ დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც გამოჩნდა (ნომრით #7204). პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა, ჩვენკენ გამოემართა და მანქანის მინაზე უხეშად რამდენჯერმე დააბრახუნა. შუშა ჩამოვწიე და ვიკითხე თუ რა ხდებოდა. პატრულმა უხეში ტონით მანქანიდან გადასვლა მომთხოვა. კვლავ ვიკითხე მიზეზი, რაზეც პასუხად მივიღე: "შენი საქმე არ არის, გეუბნები გადმოდი მანქანიდან!" რის შემდეგაც ის თავად აღებს კარს და ჩემს გარეთ გადაყვანას ცდილობს.მანქანიდან გადმოსულმა კვლავ ვიკითხე უხეშობის მიზეზი და პასუხად ისევ: "შენი საქმე არ არის!" მივიღე. უშედეგოდ ვცდილობდი მისი ვინაობის დადგენას, ისე, როგორც ამის უფლებას კანონი მაძლევს. ჩემს მორიგ კანონიერ მოთხოვნაზე, დაესახელებინა ვინაობა, მან ფიზიკური შეურაცხყოფით, კერძოდ, ხელის კვრით მიპასუხა და განზე გადგომა მომთხოვა. ამასობაში ნათესავი, ქალბატონი, რომლის სანახავადაც ვიყავით მისული, თანხმლებ პირთან ერთად მანქანით მოვიდა. ისიც დაინტერესდა თუ რა ხდებოდა. პატრულმა მას ვინაობა გამოჰკითხა. ქალბატონის პასუხზე, რომ დეიდა იყო, პოლიციელმა მას უხეშად, შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ხოდა, წადი, შვილს მიხედე, აქ რა გინდა, ბიჭები არიან, შარვლები აცვიათ და მიხედავენ თავს!" - ხოლო მეორე ქალბატონს მოსთხოვა: "მანქანით ქუჩაში ნუ დგახარ, გაიარე დროზე!" ეს ყველაფერი მისი ხელების ქნევის და ყვირილის ფონზე ხდებოდა. მე ჯიუტად ვითხოვდი მის სახელსა და გვარს, რის პასუხადაც დამცინავი პასუხი მივიღე: "წადი რძე დალიე, ვინ ხარ ვაფშე!", ხოლო კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლება, პასუხად ვიღებდი: "მაქვს!" ამის შემდეგ ის მანქანისკენ გაემართა და ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ვინაობა მანამ არ გაამხილა, ვიდრე მისმა მეწყვილემ, რომელიც ამ დრომდე მანქანში მშვიდად აკვირდებოდა პოლიციელის მიერ მოქალაქის შეურაცხყოფის ფაქტს, არ მოუწოდა ჩვენთვის ვინაობა გაემჟღავნებინა. გაბრაზებულმა პატრულის თანამშრომელმა სახელი მოგვაძახა და წავიდა. სამართალდამცავთა წასვლის შემდეგ მე ჯერ 112-ს, ხოლო შემდეგ გენინსპექციას მივმართე. მათ შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩაიწერეს და რამდენიმე დღე ითხოვეს გამოძიებისთვის. ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, ეს და სხვა მრავალი შემთხვევა მარწმუნებს, რომ პოლიციელის მხრიდან მოქალაქის შეურაცხყოფა ხშირად დაუსჯელი რჩება. ამის გამო იძულებული ვარ პირდაპირი კითხვებით მოგმართოთ: თქვენი ბრძანებით ტარდება ასეთი რეიდები? ეს ხომ უკანონოა,? ან, საერთოდ რეიდები დანაშაულის კლებას იწვევს? განა უპრიანია პოლიციელები ადამიანებს მიეჭრან, ხელი კრან და შეურაცხყოფა მიაყენონ? ნუთუ პოლიცია გილახავთ სახელს და აღარ გემორჩილებიან? პოლიცია დამნაშავეებს უნდა ეძებდეს თუ ჩემნაირ კანონმორჩილ ადამიანებს უნდა უქმნიდეს პრობლემებს? მოვითხოვ სათანადოდ, კანონის ფარგლებში დაისაჯოს ჩემი და სხვისი უფლებების დამრღვევი პოლიციელი სოსო ჯორბენაძე," - წერს დიზაინერი სოციალურ ქსელში.

 

ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ტელე-წამყვანმა თამუნა მუსერიძემ თავისი ძმის ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, რომ მუსერიძის ძმა ნაცემია. ტელე-წამყვანი, რომელიც უნდა აღინიშნოს, დავით ნარმანიას საარჩევნო კამპანიაში იღებდა მონაწილებას, წერს, რომ მისი ძმა პოლიციელებმა სცემეს. „ძალიან ლამაზად სცემა ჩემი ძმა პატრულმა დიდუბეში იმის გამო, რომ ხმაურობდა და თან სცემა დრინით!!! დრინით!!! თქვენ ხო არ აფრენთ, ბიჭო ? აზრზე მოდით!,“ - წერს მუსერიძე.

...ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში, რეიდების დროს საპატრულო პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა ან/და დააჯარიმა. დაკავების ან დაჯარიმების ფაქტი, ძირითადად პოლიციისთვის წინააღემდეგობის გაწევის გამო მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ პატრულის ეკიპაჟმა ახალგაზრდები ქუჩაში ალკოჰოლის მიღებისათვის დააკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ არაყი, რომელსაც აღნიშნული პირები სვამდნენ, ახლომდებარე მაღაზიიდან იყო მოპარული და შესაბამისად, საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ახალგაზრდა რეიდის გადაღების გამოც დააკავა. შემთხვევა 7 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მოხდა. „დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის მეგობრებთან ერთად გამოვდიოდი სუპერმარკეტ „სმარტიდან“ რუსთაველზე. დავინახე, რომ პატრული ჩხრეკდა ახალგაზრდებს, გადავწყვიტეთ გადაღება, მეც და ჩემმა ერთმა ნაცნობმაც. ამ დროს მოვიდა პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და პირადობა და კადრების წაშლა მომთხოვა. მე არ ვშლიდი, ვუთხარი, რომ მქონდა გადაღების უფლება, ვიყავი ჟურნალისტი, ესეც რომ არა, ყველა მოქალაქეს აქვს საჯარო ადგილებში გადაღების უფლება-მეთქი, - ყვება ინციდენტის დეტალებს ნატა ძველიშვილი, - თუ არ წაშლი, დაგაკავებთო, დამემუქრნენ. რადგან მნიშვნელოვანი კადრი არ მქონდა, გადავწყვიტე წამეშალა. მეც და ჩემმა ნაცნობმაც წავშალეთ.“

ჟურნალისტის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი სახელები და გვარები არ გაამხილეს, ჩამორთმეულ ტელეფონში სხვა ფოტოების დათვალიერება დაიწყეს, რაზედაც ახალგაზრდამ მიუთითა, რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის ნახვაც პოლიციელებს კონკრეტულ ვითარებაში არ ჰქონდათ. მოულოდნელად, ყვება ნატა ძველიშვილი, ერთ-ერთმა პოლიციელებმა, სავარაუდოდ ხელმძღვანელმა, ნატა ძველიშვილის თანმხლების დაკავების ბრძანება გასცა. პოლიციელებმა ინცინდენტის დროს უპასუხოდ დატოვეს ჟურნალისტის კითხვა, თუ სს კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე აკავებდნენ მის თანმხლებს, თუმცა, მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ დაკავებულს ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

5 სექტემბერს დაწყებულ მასობრივ რეიდებს უარყოფითად აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის აზრით, ასეთი ტიპის რეიდები პრობლემას არა კრიმინალს, არამედ პატიოსან მოქალაქეებს უქმნის.

"ხელისუფლება, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ კრიმინალი მართლა გაიზარდა და მათაც აღარ სჯერათ იმ სტატისტიკის, რომელსაც თავადვე უფრიალებენ საქართველოს, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დააყაჩაღეს ან დაზარალდნენ. ეს არის ჩვეულებრივი რეიდები, როგორი ტიპის რეიდებიც ყოველდღიურად იყო შევარდნაძის დროს. ეს რეიდები პრობლემას არა კრიმინალს, არამედ პატიოსან მოქალაქეებს უქმნის, რომელთა უფლებებიც ირღვევა," - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.

 

 

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!